Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბებიები, ჩემი ბებიები

17 სექტემბერი 2016

მთიან სოფელში კი არა, ისეთ ადგილას, ზღვისპირა სოფელი რომ ჰქვია, მანდარინის ხეებისა და ნაჭაობარი ადგილების მლაშე სუნი რომ იგულისხმება ღია ფანჯრებიდან. მარლაგაკრული ფანჯრები - კოღოები ვერ შემოვლენ. მთვარის შუქი შემოვა - ისიც მორიდებული მეზობელივით, ყოველდღე ორი კოვზი შაქრის სასესხებლად რომ გსტუმრობს. შენი ძაღლი ცივად ყეფს. ყმუილშერევით. ბაყაყები ყიყინებენ თუ არა, აღარ მახსოვს. წესით კი, თან თუ წვიმას აპირებს. ამ სურათში მთავარი პირველის ათი წუთია. ამ დროს მატარებელი შემოივლის, ხუთი წუთით გაჩერდება, დაიკივლებს და გავა. არავინ იცის, ვინ ხვდება სადგურზე ან რატომ ხვდება. შეიძლება ლოთი კოტია და მესემიჩკე ირა. უფრო არავინ. ბათუმი-ოზურგეთი. შენ ლოგინში წევხარ, უკვე ორი საათია, იმ ხუთ წუთს უცდი და მერე დაიძინებენ. მატარებელი შემოივლის, გაჩერდება, დაიკივლებს და გავა. ზაფხულია. ცხელი ღამე. არაფერია ამ წუთებზე სევდიანი და ამაო. უმიზეზოდ სევდიანი და ამაო. ერთადერთი, რაც მაშინ გახარებს, დილით მოსალოდნელი ხმაა ბებიის: `ადე, ადე ფეხზე, ტატაურა მზათაა!~ ტატაურა, ანუ კეცის ხაჭაპური.

ბებიაჩემი ნათელა, ისე გარდაიცვალა, ავადმყოფობებს არ უჩიოდა ხოლმე. ერთი ეგ იყო, ადრეული ბავშვობიდან მახსოვს, უცებ ჩამოჯდებოდა და გაკვირვებული იტყოდა: „ნენა, რაია, აი?!“

ეს იყო მოხუცებულობა. მოხუცებულობით გაკვირვება. ადამიანი ვერასდროს ვერ გაიგებს ბებერ სხეულს, რადგან ახალგაზრდად არის დაბადებული. ასე დაინახა და ისწავლა საკუთარი თავი. ძალიან ცოტა დროა ბავშვობიდან ბოლომდე, რომ რამე მნიშვნელოვნად შეიცვალოს. სახეებს კი მხოლოდ ვალდებულება ასერიოზულებს. სიბერე სიკვდილის არსებობის გამართლებაა. სიცოცხლისგან დაღლა ამართლებს. ამიტომაც მიყვარს მოხუცები - მათი თვალები გულგრილია სიკვდილის მიმართ - ისე ელიან, როგორც მეოთხე კარაქიან პურს ყველაზე პუტკუნა ბავშვები ბაგაში სადილისას. ალბათ, არის წელიწადი, როცა შენ ამას გრძნობ. სამოცდახუთი? სამოცდაცამეტი? ოთხმოცდახუთი? არ ვიცი. არასდროს ვყოფილვარ ოთხმოცდახუთის.

   თოვლზე სულ ეს მაგონდება - ცალ თვალზე მისი შავად შენაღები, გახუნებული თავშალი მეფარებოდა და ცალით ქარისგან დახრილ ფიფქებს ვხედავდი. „ზაგოზერნოსკენ“ მივდიოდით. პური იმ დროს იქ იყიდებოდა. კაცი მეტსახელად ბუკაკიე გახლდათ, ამ საქმის გამგებელი. ჰოდა, მივდიოდით მე და ბებიაჩემი, „ზუკუტურით“ მივყავდი, ანუ ზურგზე მოკიდებული. ცალ თვალზე მისი შავად შენაღები, გახუნებული თავშალი მეფარებოდა და ცალით ქარისგან დახრილ ფიფქებს ვხედავდი. ზღაპარს ჰგავდა... მოყოლით არ გამოდის, რადგან ჩვეულებრივი ამბებია, რომელიც მხოლოდ შენთვისაა არაჩვეულებრივი... ის მნიშვნელოვანი ქალი იყო, ჩემზე მეტად ჯიუტი და იდეალისტი. უკვე ძალიან მოხუცი ავიდა სოფელ სურებში და ქალთა საბჭო დააარსა, განათლებისა და მსგავსი ამბებისთვის რომ მიეხედა. ჩემზე უფრო ჯიუტი და იდეალისტი. დონკიხოტობა ეგ არის, თუ არის; იცოდა, რომ შეიძლებოდა, განწირული ყოფილიყო ეს საქმე, მაგრამ მაინც ავიდა. დიდი იდეები ჰქონდა, მაგრამ არასოდეს ეთაკილებოდა წვრილმანი საქმეების კეთება. გერმანულსა და ქართულს ასწავლიდა სკოლაში. პენსიაზე გასვლის შემდეგ სახლში მუხლჩაუხრელად შრომობდა და ერთხელ, დიდი გაჭირვებისას, მზესუმზირის გაყიდვაც კი მოინდომა, მაგრამ ოჯახში დაუშალეს - „შემოდგომისაზნაურული“ ამპარტავნების ამბავში. მერე თეკლათის დედათა მონასტერში წავიდა გარდაცვლილი შვილისა და ქმრის, და ჩვენთვის, ცოცხლებისთვის, სალოცავად. რამდენიმე ხნის შემდეგ დაბრუნდა. ობოლი, სტუდენტი შვილიშვილების მოსავლელად გადავიდა თბილისში, სტუდქალაქში. დაუდგრომელი გახლდათ - ისტორიებისა და ფათერაკების ადამიანი.

სურებში ცხოვრობდა და ზაფხულობით, დასასვენებლად ასულს, ძილის წინ ფეხებს მითბილავდა ცხელი წყლით და „ვეფხისტყაოსანს“ მიყვებოდა მკვეთრი გურული დიალექტითა და აქცენტით. პირველი ლექსიც მან მასწავლა. უცნაური და არასაბავშვო - უოლტერ სკოტის „ლოხინვარ ჭაბუკი“: „და სიყვარული რომ სულვეის ტალღას ჰგავს, თქვენც მოგეხსენებათ. მასავით ბობოქრობს და თავაშვებული ნაპირებს აწყდება. მასავით ბობოქრობს და მერე ერთბაშად მასავით დაცხრება“. ეგრე გამოვიდა, რომ პირველი გოგოც მისი მოსწავლე მიყვარდა. სახელად თეონა. გვარი არ მახსოვს. უჩვეულო ამ ამბავში არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი პატარა უხერხულობა: მე ხუთი წლის ვიყავი, ის - მერვეკლასელი. ცხადია, თეონას ბებიაჩემმა უთხრა „ესე საქმე დამალული“. იმ თეონამ კი რატომ მოიგონა, არ ვიცი - ერთ-ერთი გაკვეთილის შემდეგ, რომელსაც ბებიაჩემის ამბავში ვესწრებოდი (სახლში ჩემი დამტოვებელი არ ჰყავდა), მითხრა, მე „შავი ბიჭები“ მომწონსო. ვიფიქრე, რომ „შავში“ დაუბანლობას გულისხმობდა და დაბანას მთელი კვირა ვაპროტესტებდი. ამდენის მოთმენა შეუძლებელი იყო. ლამის გამთოკეს და ისე დამბანეს. ჰოდა, ამ ძალად განბანის მერე ხმამაღლა ვყვიროდი, როგორც გამასუფთავეთ, ისე გამაშავეთ, თორემ წყალში გადავხტები-მეთქი. მერე ბუხრიდან გამოიღეს ნახშირი და წამისვეს. ეს ბებიაჩემის ერთ-ერთი საყვარელი მოსაყოლი ამბავი გახლდათ და, ამასთან, ჩემი პირველი ტრაგიკული სამიჯნურო საქმე.

ხოლო მეორე ბებია, დედაჩემის დედა, მედიკო, ბებიაჩემი, ასე მოიქცა. მამაჩემის პანაშვიდზე მოვიდა და უთხრა: ახალ წლამდე წამიყვანეო. მანამდე მეზობლებისთვის დაუბარებია: ზურიკელას რამე რომ მუუვიდეს, ვერ გადევიტანო. ჰოდა, მოვიდა და წაყვანა სთხოვა. იქვე გარდაიცვალა. ზურიკოს სიკვდილიდან მესამე დღეს. საღამოს ჩამეხუტა. „ახლა შენ ხარო“ - მხოლოდ ეს მითხრა, თითქოს ბუნდოვანი, მაგრამ ძალიან ზუსტი წინადადება. საერთოდაც ძალიან ზუსტი ქალი იყო. ნატანებში ცხოვრობდა. სანამ ოზურგეთში წამოვიდოდა, მამაჩემის დასატირებლად, სახლი დაულაგებია. რომ მივასვენეთ, ყველაფერი დაგვხვდა. სასტიკი, მაგრამ აუცილებელი დეტალებით: „ყბის ასაკონი“ ნაჭერი, გასაპატიოსნებელი ხელთათმანები, გამპატიოსნებელთა გვარ-სახელებით, გადასაფარებელი, საწვიმარი ბრეზენტი, საკუბოე ტანსაცმელი. ყველაფერი ლოგინზე ეწყო. ლამაზად. სკამზე მისი საუკეთესო ხალათი დაგვხვდა, გადაეფინა საგანგებოდ და „პორტმანით“ „დასასაფლავებელი“ ფული მიემაგრებინა.

ეს არის კიდევ ერთი ამბავი ბებიაჩემზე, მედიკოზე. მას მეუღლე 1969 წელს გარდაეცვალა. მას მერე შავი არ გაუხდია. არც არავის გვინახავს სხვა ფერის ტანსაცმელში - „საშინაოშიც“ კი. მკაცრი კოდექსის ქალი იყო, საკუთარი ინტერპრეტაციებით. ეს სურათიც ამგვარი ინტერპრეტაციაა - მედიკომ დისშვილი ვახტოიე გაზარდა და გამორჩევით უყვარდა. ორიოდ წლის წინ ვახტოიეს შვილი სკოლაში წავიდა და პირველ დღეს, მოულოდნელად, ნატანებიდან ბათუმში ჩავიდა მედიკო და შეეგება ასეთი ყელსახვევით - „თანამედროვე ბაღანაა, ვერ გეიგებს, მარტო მე რეიზე მხდებიენ შავებშიო.“ მე პირველად ამ სურათში ვნახე ბებიაჩემი ფერადით. დიდ ქალებში ეწერა მენდე-მედიკო.

ბებიები ხომ სულ სხვა პლანეტის ადამიანები არიან: მათ ვერასდროს მოატყუებ, უბრალოდ, ყველაზე ხშირად იტყუებენ თავს. აი, მაგალითად, ზეპირად ახსოვთ, რამდენი ჩურჩხელა გადამალეს და როცა ორ დღეში ერთხელ თითო აკლდება, სულ წრუწუნებისკენ იშვერენ ხელს. მერე რა, რომ შვილიშვილებს ყოველკვირა კბილის ექიმი მასპინძლობს. ბებიები. ჩემი და თქვენი ბებიები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^