ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 წლის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ EMC-ის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი მხოლოდ ადგილობრივი კერძო პირების მიმართ (რომლებიც თავს მართლმადიდებელ ეკლესიას მიაკუთვნებენ და ისლამოფობიური და თურქოფობიური არგუმენტების გამოყენებით ხელს უშლიან პანსიონატის საქმიანობას) დაადგინა.
სასამართლომ არ გაიზიარა EMC-ის მსჯელობები შსს-ს პასუხისმგებლობის ნაწილში. დავას EMC ზედა ინსტანციებში და საბოლოოდ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაგრძობს.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა, თამთა მიქელაძემ ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ლიბერალს“ ესაუბრა.
„დავა მუსლიმი თემის მიერ ქობულეთში გახსნილი პანსიონატის საქმიანობისთვის დისკრიმინაციულ და განგრძობად ხელშეშლის ფაქტებს შეეხებოდა. 2014 წლის 10 სექტემბრის შემდეგ ადგილობრივი დომინანტი რელიგიური ჯგუფის მხრიდან მომდინარე მუქარისა და დევნის ფაქტების გამო, მუსლიმი თემი ვერ ახერხებს საკუთრებისა და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებებით სარგებლობას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დომინანტი ჯგუფის მხრიდან პანსიონატის შენობასთან გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტები თავის დროზე არ აღკვეთა და შემდგომშიც უსაფრთხოების გარანტიები არ მისცა პანსიონატის ადმინისტრაციას სკოლის გახსნის მიზნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლო 2 წლის განმავლობაში იხილავდა საქმეს. მოსარჩელე მხარე სასამართლოსგან მოითხოვს, დაავალდებულოს კერძო პირები, შეწყვიტონ დისკრიმინაციული მოპყრობა და პანსიონის გახსნისთვის განგრძობადი ხელშეშლა. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კი მოსარჩელეები მოითხოვენ,პოზიტიური ვალდებულებების სათანადო შესრულებას და საკუთარი უფლების შეზღუდვისა და დევნის ეფექტიან პრევენციას, პანსიონის გახსნისა და საქმიანობის უზრუნველყოფას. დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ კერძო პირების ნაწილში დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების ტექსტი ჩვენთვის ამ დროისთვის ცნობილი არ არის, ვფიქრობთ, ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან მუსლიმი თემი თავისი უფლებებით სარგებლობას სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრიმინაციულად უმოქმედო პოლიტიკის გამო ვერ ახერხებს.“ - განუცხადა „ლიბერალს“ თამთა მიქელაძემ.
თამთა მიქელაძის თქმით, პოლიციამ, სხვა მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით, არ უზრუნველყო ადგილზე გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტების აღკვეთა და ეფექტიანი პრევენციული ზომების მიღება, მაშინ როდესაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა ხელშეშლისა და დევნის კონკრეტული ფაქტების შესახებ.
„სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიცია დემონსტრაციულად რეპრესიული იყო მუსლიმების მიმართ, მაგალითად, ჭელისა და მოხის ინციდენტების დროს, რაც აჩვენებს, შსს დისკრიმინაციულ პოლიტიკას და მიდგომას კონკრეტულად ამ საქმეში. მეტიც,შსს მიერ საქმეზე დაწყებული გამოძიება ამ დრომდე არაეფექტიანია და მუსლიმებს დაზარალებულის სტატუსიც კი არ აქვთ მინიჭებული, რაც მთლიანად გვართმევს გამოძიების პროგრესის კონტროლის შესაძლებლობას. არაეფექტიანი გამოძიების საკითხი ასევე მიუთითებს შსს-ს დისკრიმინაციულ პოლიტიკაზე.“ - განუცხადა „ლიბერალს“ თამთა მიქელაძემ.
ფოტო: netgazeti.ge