„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“ 2016 წლის აგვისტოს პროექტი - „გახდი სასამართლოს მეგობარი“ დაიწყო. სასამართლოს მეგობრის ინსიტიტუტის დანერგვა განპირობებულია იმ პოზიტიური შედეგის სურვილით, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა
სასამართლოს მეგობარი არის დაინტერესებული პირი, რომელიც არ წარმოადგენს მხარეს სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეში. იგი უფლებამოსილია, სასამართლოს საქმის არსებით განხილვამდე 5 დღით ადრე წარუდგინოს თავისი მოსაზრება
„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ მიერ წარმოდგენელი პროექტი - „გახდი სასამართლოს მეგობარი“ შედგება სამი ეტაპისაგან:
- პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები: საინფორმაციო შეხვედრები უნივერსიტეტებში. აღნიშნული პროექტის პირველ ეტაპზე - 2016 წლის სექტემბრიდან ოქტომბრის ჩათვლით ორგანიზაცია სხვადასხვა უნივერსიტეტის 20 იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეარჩევს, რომლებსაც ჩაუტარდებათ ტრენინგი სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის შესახებ. მათ ექნებათ 2 კვირა იმისათვის, რომ დაწერონ თავიანთი პოზიცია ორგანიზაციის მიერ შეთავაზებულ საქმეებთან დაკავშირებით. ყველაზე მაღალი ხარისხის ნაშრომების ავტორები გადავლენ პროექტის მეორე ეტაპზე. პროექტის მონაწილეებსა და კონკურსანტებს შეარჩევს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სხვადასხვა ორგანიზაციებისა და უწყებების წარმომადგენლებით.
- მეორე ეტაპისათვის 20 მონაწილიდან მხოლოდ 4-6 სტუდენტი შეირჩევა, რომლებსაც მიეცემათ 1 თვე, რათა ინდივიდუალურად იმუშაონ შერჩეულ საქმეებზე და მოამზადონ სასამართლო მეგობრის პოზიცია. ჟიური გამოავლენს 2 გამარჯვებულს, მომზადებული პოზიციების მიხედვით.
- გამარჯვებული 2 კანდიდატი 6 თვის განმავლობაში განაგრძობს მუშაობას სუპერვაიზერის მეთვალყურეობის ქვეშ, სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე, როგორც სასამართლოს მეგობრები (ორ ფინალისტს, რომლებიც მოამზადებენ 5-5 სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას, მიეცემათ ჰონორარი 500 აშშ დოლარის ოდენობით)
პროექტის მიზანია სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის გაძლიერება - პოპულარიზება, მართლმსაჯულების პროცესში საზოგადოების ჩართულობისა და სასამართლოსადმი ნდობის ზრდა და ასევე საზოგადოებაში სასამართლო მეგობრის ინსტიტუტისადმი ინფორმაციულობის დონის ამაღლება.
სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის არარსებობის გამო, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ პროექტის ფარგლებში აწარმოებს კვლევა-გამოკითხვას, რომლის შემდგომაც შეისწავლიან პროექტის დაწყებამდე და დასრულების შემდგომ სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის არსებულ მდგომარეობას საქართველოში. გამოიკითხებიან სასამართლოს თანამშრომლები და სასამართლოს მეგობრის თემასთან დაკავშირებული სხვა საჯარო პირები, რათა ნათლად აისახოს არსებული მდგომარეობა და პროექტის გავლენა აღნიშნული მიმართულებით.
„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს თბილისში არსებულ სხვადასხვა უნივერსიტეტებში გამართავს.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული აპრლიკაცია (ფორმა იხ. www.cci.ge-ზე). აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 31 ოქტომბერი.
პროექტი დააფინანსა: ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ“. პროექტის პარტნიორები არიან: თბილისის საქალაქო სასამართლო, ყოფილი მოსამართლე ზაზა მეიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი. მედიამხარდამჭერები არიან: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, ბეჭდური და ონლაინგამოცემა „ლიბერალი“ და ანალიტიკური/საინფორმაციო სააგენტო „მედიაკლუბი“.