პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნო პროგრამების წარდგენა აქტიურად დაიწყეს. პირველი რიგის საკითხი ყველასთვის ეკონომიკაა. განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე ნაკლებად საუბრობენ. რატომ ვერ გახდა პოლიტიკური პარტიებისთვის განათლება აქტუალური საკითხი და რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ პროგრამებში და წინაასარჩევნო კამპანიების დროს პარტიები ამ საკითხზე თითქმის არ საუბრობენ.
აქ ორი ურთიერთდამოკიდებული საკითხია. ერთი ის არის, რომ ჩვენი საზოგადოების დაკვეთა განათლებაზე ბოლომდე არაა ფორმირებული და, შესაბამისად, პარტიები მასზე ნაკლებ აქცენტს აკეთებენ. გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ განათლების საკითხები მოსახლეობისთვის ნაკლებად აქტუალურია. ეს იქიდანაც გამომდინარეობს, რომ თვითონ ელიტური პოლიტიკური ჯგუფები პროაქტიულად განათლების მნიშვნელობაზე არ საუბრობენ. რეალურად ყველა იმ პრობლემის მოგვარების გზა, რომელიც ყველა პოლიტიკური პარტიის ტოპ სამეულშია, განათლების მიმართულების განვითარებაა. სოციალური პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია განათლების მიმართულების განვითარების გარეშე.
პარტიები პროაქტიულად არ საუბრობენ განათლების საკითხებზე. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამის მიზეზი პარტიების შიგნით კვალიფიციური კადრების დეფიციტია? ანუ პარტიების შიგნით ცოტაა ისეთი ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით საქართველოში განათლების სისტემა, ხედავენ პრობლემებს და ნაფიქრი აქვთ ამ პრობლემების მოგვარების გზებზე.
ჩემი ზოგადი შეფასებით, შეიძლება ეს ცალკეულ პარტიებს არ ეხებოდეს, მაგრამ ზოგადად პარტიები მოკლევადიან ეფექტებზე ორიენტირებული არიან. მათი დაპირებები აგებულია პოპულიზმზე და არა გრძელვადიან განვითარებაზე. ხალხს ეუბნებიან, თუ დღეს 300 ლარი გაქვთ, ხვალ 500-ს მოგცემთ. ეს არ არის პრობლემის მოგვარება. პოლიტიკური პარტიები უნდა იძლეოდნენ იმის ხედვას, შენ თვითონ როგორ იშოვო ის 500 ლარი. განათლების რეფორმას ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაში მოაქვს. შესაბამისად, 4 წლით რომ მირჩევენ, შეიძლება ამ რეფორმამ მალევე შედეგი ვერ გამოიღოს. ამიტომ იგონებ ისეთ რამეებს, რომლებიც მყისიერი ეფექტის მომტანი იქნება. რაც შეეხება კვალიფიკაციას, ესეც პრობლემაა. ზოგადად განათლების ექსპერტიზა საქართველოში ჭირს, თუმცა 15 წლის წინ კიდე უარესი სიტუაცია იყო. დღეს განათლების მიმართულებით მეტი კომპეტენტური ადამიანია, მეტი სპეციალისტი გვყავს.
ჩემი აზრით, შეიძლება საარჩევნო პროგრამის ისე აწყობა, რომ სოციალური პრობლემებზე ისაუბრო, მაგრამ განათლება იყოს გამჭოლი საკითხი - ამ პრობლემების მოგვარების სტრატეგიული გზა იყოს განათლება. პარტიებს ძირითადად ფრაგმენტული და კონტექსტიდან ამოვარდნილი დაპირებები აქვთ.
თქვენს კოალიციას ჰქონდა მცდელობა განათლების საკითხებზე ერთი მაგიდის გარეშემო დაესვა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც განათლების მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმდებოდნენ. როგორ ჩაიარა ამ პროცესმა?
ამ პროცესმა აჩვენა, რომ ზოგადად განათლება არცერთი პარტიისთვის პრიორიტეტი არ არის. განათლების პოლიტიკა რთული, კომპლექსური საკითხია. ჩვენ ფუნდამენტურ საკითხებზე ამ პარტიებთან კონსენსუალურ გადაწყვეტილებამდე მისვლა გვინდოდა. დეცენტრალიზაცია, დაფინანსების გაზრდა განათლების სისტემაში, მასწავლებლებთან დაკავშირებული პოლიტიკა - გვინდოდა, ამ საკითხებზე ინტერპარტიული შეთანხმება მომხდარიყო. ეს იმისთვის, რომ განათლების რეფორმას უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონოდა, რადგან მიგვაჩნია, რომ სამინისტროს ტოპ მენეჯმენტი არ უნდა ცვლიდეს განათლების პოლიტიკას. ერთი ხელისუფლების დროს 5-ჯერ იცვლება სამინისტროს მენეჯმენტი. ასეთი რყევები სისტემისთვის ცუდია. ამ სისტემაში მისაღებია ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია, მაგრამ ძალიან მტკივნეულია მათი გატარება. ძალიან დიდი პრობლემაა მასწავლებელთა კვალიფიკაცია. გვინდოდა, რომ სანამ ესენი ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, ერთმანეთში შეთანხმებულიყვნენ იმაზე, რომ, ვთქვათ, თუ შენ მოხვალ ხელისუფლებაში, მე არ გამოვხტები და არ დავიწყებ ქულების დაწერას, რადგან მე შენ უკვე დაგეთანხმე. მაგრამ ამ პროცესს არავინ დასთანხმდა.
მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც, ვფიქრობ, რომ უნდა ასახულიყო პარტიათა პროგრამებში, არაა ასახული?
მაგალითად, ის რომ მასწავლებელს, რომლებიც ვერ ლახავენ ელემეტარული კომპეტენციის ზღვარს, დაემშვიდობებიან და ჩანაცვლების პოლიტიკაზე გადავლნენ; ისიც, თუ როგორ გააკეთებენ ამ ჩანაცვლებას - ეს ყველაფერი მე მაინტერესებს. პარტიების პროგრამებში ამაზე თითქმის არაფერი წერია.
რეალისტურია დაპირებები, რომლებიც პედაგოგთა ხელფასებს ეხება?
პოლიტიკური პარტია, რომელიც მეუბნება, რომ მასწავლებლის ხელფასი გაიზრდება და საშუალო ხელფასი იქნება 900 ლარი თუ 1000 ლარი, ჩემთვის მიუღებელია. მე არ ვემხრობი ყველა მასწავლებლისთვის ხელფასის გაზრდას. უნდა მითხრა, ვის გაუზრდის და რატომ? ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ჩემი ყოფილი სტუდენტი მუშაობს, რომელსაც ყველა გამოცდა აქვს ჩაბარებული. სადღაც 10 წელია სკოლაში ასწავლის. ძალიან მოთხოვნადი პედაგოგია. მის სკოლაში არასერტიფიცირებულ მასწავლებლებს 17-18 საათი აქვს, ამას კი - 10 საათი. ითხოვს, რომ 15 საათი გაუხადონ, რომ სერტიფიცირების დანამატი მაინც აიღოს. არავინ ამბობს, რომ ხალხს, ვინც კომპეტენცია დაადასტურა, წაახალისებენ. სკოლის გარეთ არიან სერტიფიცირებული ადამიანები, რომლებიც ვერ საქმდებიან. სახელმწიფოს უნდა ერჩვინოს, რომ ადამიანს, რომელიც ვერ აბარებს გამოცდას, ერთი წლის განმავლობაში სახლში გადაუხადოს ხელფასი და მის ნაცვლად სკოლაში გამოცდაჩაბარებული შეუშვას. მნიშვნელოვანია ამ ადმიანების პროფესიიდან ღირსეულად გასვლის პოლიტიკაც.
ჯგუფი, რომელსაც განათლება უნდა აწუხებდეს, ელექტორატულად თითქოს პატარაა არაა. ამის მიუხედავად, მოთხოვნა განათლების რეფორმაზე სუსტია. ხომ არ ფიქრობთ, რომ საზოგადოება ფუსტრირებულია, რადგან, რეფორმების მიუხედავად, მიაჩნიათ, რომ შედეგი, რომელიც განათლების უკეთეს ხარისხზე უნდა ასახულიყო, ვერ მიიღეს. შესაბამისად, ფიქრობენ, რომ თავისი შვილისთვის უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობაზე თავადვე უნდა იზრუნონ, რომ ამას სახელმწიფო ვერ შეძლებს.
სისტემის ბრალია. ჩვენთან ფიქრი იმის შესახებ, რომ შენი განათლება შენს მომავალს განსაზღვრავს, აბიტურიენტობის პერიოდში იწყება. შინაარსზე ნაკლებად ფიქრობენ, უფრო ფორმალურ მაჩვენებლებზე არიან ორიენტირებული, მაგ, ჰქონდეს ატესტატი და ა.შ. მშობლების მხრიდან მოთხოვნაც დაბალია, ანუ ნაკლები მოთხოვნები აქვთ სკოლის მიმართ. ყველა ფიქრობს, რომ განათლება უფასოა. არადა არაა უფასო. ხანდახან ვფიქრობ, რომ კარგი იქნება ხელში დააკავებინო ვაუჩერი, რომელსაც ეწერება „500 ლარი“ და შეიძლება უფრო მომთხოვნები გახდნენ სასკოლო სისტემის მიმართ.