„2 წლის წინ რუსთავის პოლიციაში დამიბარეს. არასრულწლოვანი, 14 წლის გოგო გაგიტაცებია და ახალი კანონის მიხედვით უნდა დაგაპატიმროთო. ბოლოს მითხრეს, მოიტანე 3 ათასი ლარი და შენი საქმე დავხუროთო. დაპატიმრებას ისევ ფულის გადახდა ვამჯობინე. ციხეში რომ წავსულიყავი, ოჯახს ვიღა მიხედავდა? ჩვილი ბავშვი მყავს! შემეშინდა, გარდა ამისა, 3000 ლარზე ნაკლები არც პატიმრობა დაჯდებოდა“, - ამბობს ზაური (სახელი შეცვლილია). ის რუსთავში ცხოვრობს და ეთნიკური აზერბაიჯანელია. ზაურს მის მიერ გატაცებულ 14 წლის გოგონასთან უკვე 1 წლის და 2 თვის ბავშვი ჰყავს.
საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელთა შორის გოგონების ადრეულ ასაკში გათხოვება და ქორწინების მიზნით მათი გატაცება ტრადიციაა. 13-14 წლის ასაკის გოგონების გათხოვებისა და გატაცების შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია ქვემო ქართლში.
კანონით ქორწინება 18 წლის ასაკიდან დაიშვება. ადრე მოქმედი წესი, რომლის თანახმადაც მშობლების თანხმობით 16 წელს მიღწეული პირების ქორწინება დასაშვებად ითვლებოდა, 2016 წლის 1 იანვრიდან გაუქმებულია. გამონაკლისის სახით, 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება. ამასთან, ეს საგამონაკლისო ნორმა მხოლოდ 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს.
16 წელს მიუღწეველ გოგოსთან სრულწლოვანი მამაკაცის სექსუალური ურთიერთობა, მათ შორის ქორწინების შემთხვევაშიც, სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 140-ე მუხლის თანახმად, 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ასევე ისჯება იძულებითი ქორწინება. ამ შემთხვევაში სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლი განსაზღვრავს, რომელიც 2016 წლის იანვარში შეიცვალა. ამ მუხლის თანახმად, პირებს, რომლებიც მცირეწლოვანს ქორწინებას აიძულებენ, 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, მცირეწლოვანთან ოჯახის შექმნაში ხელის შემწყობ პირებს კი 200-400-საათიანი საზოგადოებრივი შრომა ან 2-წლიანი პატიმრობა ელოდებათ.
ვრცელდება თუ არა 2016 წლის იანვარში კანონში შეტანილი ცვლილებები 2016 წლამდე მომხდარ შემთხვევებზე? უფლებადამცველი ლია მუხაშავრია განმარტავს: „კანონში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება წარსულში მომხდარ მოვლენებთან მიმართებაში ორ შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოყენებული: თუ პოლიცია რომელიმე კანონდარღვევის შესახებ ამ ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ შეიტყობს და სისხლის სამართლის საქმე ახალი გახსნილი აქვს ან სისხლის სამართლის საქმე ჯერ არ არის დახურული”.
ზაური ამბობს, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილება სინამდვილეში ბევრს არაფერს ცვლის და, თუ ადამიანს ფული აქვს, მას შეუძლია სასჯელს თავი მარტივად აარიდოს: „მარნეულში ჩემი ნათესავი ბიჭების მეუღლეთა უმეტესობას 17 წელი ჯერ არ შესრულებია. სოფელში მცხოვრებ ყველა ბიჭს ხომ არ დაიჭერენ? ვისაც ფული აქვს, არასრულწლოვნის ცოლად მოყვანის გამო საპროცესო გარიგებას აფორმებს და პრობლემაც მოგვარებულია“.
ფული და სამართალი
„ჩემი შვილის შეყვარებული გოგო სკოლის მოსწავლეა. თუ ის შეყვარებულის მოტაცებას გადაწყვეტს, წინააღმდეგი არ ვიქნები. აბა დაელოდოს, როდის გახდება 18 წლის? იქნებ მანამდე სხვამ მოიტაცოს ან თვითონ გოგოს სხვა შეუყვარდეს! ოღონდ ჩემმა შვილმა ცოლად ის მოიყვანოს, ვინც უყვარს და თანახმა ვარ, ფული გადავიხადო“, - აცხადებს მცხეთის რაიონის სოფელ მსხალდიდში მცხოვრები ნურიე ჯამალოვა.
ნურიეს თანასოფლელი, ელმირა ფარაჯოვა ამბობს, რომ მისი 16 წლის გოგონა რამდენიმე თვის წინ მოიტაცეს: „ბიჭის ოჯახთან ქორწილის წინ შევრიგდით. ჩემი შვილი ახლა ფეხმძიმედაა. მძახალს შევთავაზე, რომ მისთვის აბორტი გაგვეკეთებინა. რომ იმშობიარებს, პოლიცია გაიგებს და შარში გაეხვევიან. მაგრამ დედამთილი არ არის თანახმა. ამბობს, არ გვეშინია, ფულს გადავიხდითო“.
საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის თანახმად, 2015 წელს 16-დან 18 წლამდე ასაკის პირთა 600-ზე მეტი რეგისტრირებული ქორწინება დაფიქსირდა. ამავე წელს 1440-ზე მეტი არასრულწლოვანი გახდა მშობელი, 408 არასრულწლოვანმა კი ოჯახის შექმნის გამო სკოლა მიატოვა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს არ არის საქართველოში ადრეულ ასაკში ქორწინების ზუსტი რაოდენობა და ეს რიცხვები სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა სხვადასხვა უწყების ოფიციალური მონაცემებიდან შეაგროვა.
შსს-ს ინფორმაციით, 2015 წელს 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის 183 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 140 შემთხვევაში არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი სწორედ ოჯახის შექმნის მიზნით განხორციელდა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამ შემთხვევებიდან მხოლოდ ერთი ადამიანი დაისაჯა თავისუფლების აღკვეთით, მას 8 წელი მიუსაჯეს. ბრალდებული ამ შემთხვევაში 58 წლის იყო, დაზარალებული კი თორმეტის. პროკურატურის ინფორმაციით, 2015 წელს არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო საპროცესო გარიგება 52 პირთან გაფორმდა.
16 წელს მიუღწეველ გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეთა რაოდენობის მიხედვით ქვემო ქართლი ლიდერია - 2015 წელს, სსკ 140-ე მუხლით დევნა ამ რეგიონში 67 პირის მიმართ დაიწყო.
ქორწინების მიზნით არასრულწლოვნის მოტაცების (სსკ-ის 143-ე მუხლი) გამო სისხლის სამართლებრივი დევნა 2014 წელს 11, 2015 წელს კი 60 პირის მიმართ დაიწყო.
ორგანიზაცია “საფარის” დირექტორი, ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული კანონის აღსრულება ეფექტიანი არ არის: “ისეთ დანაშაულზე, როგორიცაა 16 წელს მიუღწეველ გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარება, ხშირად გამოძიება საერთოდ არ იწყება, ან მხოლოდ მას შემდეგ იწყება, როცა გოგონა სამშობიაროში შედის და იქ მისი ასაკი ფიქსირდება. ასეთ შემთხვევებში სამართალდამცველები ცდილობენ ხოლმე, რომ საქმე საპროცესო გარიგებით დასრულდეს. ეს დამახინჯებული პრაქტიკაა, რომელიც ნაადრევი ქორწინების შემთხვევების აღმოფხვრის ნაცვლად, პირიქით, ასეთი ფაქტების ზრდას უწყობს ხელს. იმისთვის, რომ ამ კანონს პრევენციის ძალა ჰქონდეს და რეალურად იმუშაოს, აუცილებელია, რომ ადამიანებმა, რომლებიც კანონს არღვევენ, პასუხი აგონ არა საპროცესო გარიგებით და გარკვეული თანხის გადახდით, არამედ თავისუფლების აღკვეთითაც. სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო ჯერჯერობით, ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული კანონის ეფექტიანი აღსრულებით ვერ დაიკვეხნის. ამ მხრივ კიდევ ბევრია სამუშაო, განსაკუთრებით პროკურატურის მხრიდან”.
150-ე პრიმა მუხლის (ქორწინების იძულება) არაეფექტიან აღსრულებაზე ამახვილებს ყურადღებას სახალხო დამცველის მოადგილე, ეკატერინე სხილაძეც: “ადრეულ ასაკში ქორწინება ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც მისი ჯანმრთელობის, განათლების, თანასწორობის, ძალადობისა და ექსპლუატაციისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლებას არღვევს. საქართველოში გავრცელებულია ქორწინების იძულების პრაქტიკა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქორწინების იძულება კანონით დასჯადი გახდა. თუმცა საქართველოს პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2015 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ არ დაწყებულა. 2016 წელს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის ექვს საქმეზე, საიდანაც 5 საქმე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო დასრულდა. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ არ ხდება ამ მუხლის ეფექტიანი განხორციელება: სამართალდამცველებს უჭირთ მტკიცებულებების მოპოვება, რადგან იძულებითი ქორწინების ინიციატორები ხშირ შემთხვევაში მშობლები ან ოჯახის სხვა წევრები არიან. ოჯახი კი საქართველოში დახურული სოციუმია და იქიდან ინფორმაციის გარეთ გამოტანა არ ხდება. ამ მხრივ ჩვენი მთავარი გამოწვევა საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონის ამაღლებაა. საზოგადოების დიდი ნაწილი ადრეულ ქორწინებას პრობლემად არ აღიქვამს. შესაბამისად, ასეთი ფაქტების შესახებ შეტყობინების და მათზე ადეკვატური რეაგირების რაოდენობაც ძალიან დაბალია”.
სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის თანახმად, 2014 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სკოლებიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან სააგენტოს არცერთი შეტყობინება არ მიუღია, 2015 წელს კი სააგენტოში ადრეულ ასაკში ქორწინების თაობაზე 47 შეტყობინება შევიდა.
გულნურ ქაზიმოვა
სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.