Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაკარგული მარწყვის მდელო

24 ივნისი 2012

 

დევნილების დასახლებამდე მისასვლელად მოასფალტებული გზატკეცილიდან უნდა გადაუხვიოთ და ქვა-ღორღითა და მტვრით დაფარულ გზას გაუყვეთ. ასე მიადგებით მოშიშვლებულ ადგილას წამომართულ ხუთიოდე სართულიან შენობას არასაცხოვრებლად გამიზნული სადა დიზაინით - ეს შიდა ქართლის სამხარეო პროკურატურის ნარკოლოგიური ცენტრის შენობაა, სადაც დღეს დევნილები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები არიან შესახლებულნი.

სადარბაზოსთან ბიჭები სხედან და მიდამოს გასცქერიან. 10 წელზე მეტის არცერთი არ იქნება. სპორტული შორტები და პეწდაკარგული, მოკლესახელოიანი მაისურები აცვიათ, საიდანაც ერთიანად გარუჯული, წვრილი მკლავები უჩანთ.  წინ სარეველა  ბალახებითა და პოლიეთილენის პარკებით დაფარული დიდი მინდორია, სადაც მხოლოდ ერთი საფეხბურთო კარი დგას.  მისი ძელებიც ისეა დაჟანგებულია, იფიქრებ ახლა წაიქცევაო. ,,ჯართის ჩაბარება“ - იუწება დიდი თეთრი ასოებით გაკეთებული წარწერა კორპუსის გვერდზე მდგარ შემოღობილ ობიექტზე. ეზოში საბჭოთა წარმოების ძველი ავტობუსი დგას, ალაგ-ალაგ აცლილი კრემისფერი საღებავით.

შენობის მეორე სართულზე ახლაც ნარკოლოგიური ცენტრია - დანარჩენი დევნილებს უკავიათ. ბოლო სართულებზე უსწორმასწოროდ გაჭიმულ სარეცხის თოკებს შორის საერთო საცხოვრებლის ბინადრები იხედებიან და კამერის დანახვაზე ისევ ფანჯრებს მიღმა იმალებიან - მომხადრზე საუბარს გაურბიან.

ორიოდე კვირის წინ ამ საცხოვრებლის მეხუთე სართულიდან 73 წლის დევნილი ქალი, ლილი ბერუაშვილი გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ლილი ბერუაშვილის თვითმკვლელობამდე სამი დღით ადრე კი მისი ძმა, ვახტანგ ბერუაშვილი გარდაიცვალა.

,,მეხუთე სართულზე ადით,  იქ იციან ყველაფერი და იქ გეტყვიან, ჩვენ არ ვიცით“ - მუებნებიან მესამე სართულზე მცხოვრები დევნილები. მეხუთე სართულის მცხოვრებები კამერას გაურბიან, იმიზეზებენ, რომ მეზობლის თვითმკვლელობას არ შესწრებიან, სხვაგან იყვნენ და არაფერი იციან, ან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ოფიციალურ ვერსიას იმოწმებენ,  რომ ბერუაშვილმა ძმის სიკვდილს ვერ გაუძლო და თავი მწუხარების გამო მოიკლა. ოჯახის წევრები ერთამენთს აფრთხილებენ და ჩემგან თავს შორს იჭერენ. თუმცა, ქმრის წინააღმდეგობის მიუხედავად,  იზო გელაშვილს კამერის დანახვა აშკარად ახარებს. ,,ჩვენ თუ არ ვთქვით, აბა, მკვდარი ხომ ვერ ილაპარაკებს?!“ - ეუბნება ქმარს და მეზობლებს, რომლებიც კომენტარისგან თავშეკავებას ურჩევენ.

როგორც აღმოჩნდა, ტელევიზია ,,თრიალეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დევნილების საყოფაცხოვრებო პრობლემებზე საუბრის გამო იზო  გელაშვილი უკვე აღმოჩნდა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან შანტაჟის მსხვერპლი. ანალოგიურის განმეორების შემთხვევაში კი მას მესამე სართულიდან გადაგდებით დაემუქრენ. ,,არსად აღარ მიხვიდეო, ჟურნალისტებს არ დაელაპარაკოო. ახლა ეს გოგო რო მოკვდა, მა როგორ არ უნდა ვთქვა, რო გაუჭირდა ადგა და გადახტა?!“ - ამბობს იზო.

[video:http://www.youtube.com/watch?v=pIO4OiB7hWs]

მისი მონაყოლიდან ირკვევა, რომ ლილი ბერუაშვილი და მისი ძმა პატარა ოთხაში ცხოვრობდნენ, არც სამზარეულო ჰქონდათ, არც აბააზანა. მათ არც საცხოვრებელი ფართის კომპენსაცია აუღიათ, თუმცა დევნილთა და განსახლების სამინისტროსგან რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდნენ კომპენსაციას. სხვა მეზობლები აკონკრეტებენ, რომ ბერუაშვილებს სამინისტროსგან 20 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაცია უნდა მიეღოთ, მაგრამ თანხის მიცემის სანაცვლოდ, 6 ათასი  ლარის მიტანა მოსთხოვეს.  8 წლით უმცროსი ძმის სიკვდილის შემდეგ ბერუაშვილი საუბრობდა, რომ ამ პირობებში ცხოვრების გაგრძელება აღარ შეეძლო, რამდენიმე დღეში კი თავი მოიკლა. იზო გელაშვილი ვახტანგ ბერუაშვილის სიკვდილის მიზეზადაც საყოფაცხოვრებო პირობებს მიიჩნევს: ,,ნერვიულობით გაუსკდა გული და ვეღარ გაიღვიძა.“

იზო დევნილების გაუსაძლის ყოფას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ თვითმკვლელობაზე სხვა მეზობლებიც საუბრობენ: ,,ერთი მოხუცებული კაცი არის მესამეზე, უსინათლო, ისიც იძახის, უნდა მოვიკლა თავი, უნდა გადავხტეო; ცოლი რომ მიდის სადმე, მეზობლებს უტოვებს სათვალყუროდ“. დევნილი ქალი იმ შემთხვევასაც იხსენებს, როცა ერთმა მეზობელმა თვითმკვლელობა სცადა და ფეხები დაიზიანა, ახლა კი ამბობს, რომ თვითმკვლელობის მცდელობა უნდა გაიმეოროს.

ეზოში შიფერითა და მუყაოთი სახელდახელოდ გამართულ ფანჩატურში შეკრებილი მამაკაცები ამბობენ, რომ ვახტანგ ბერუაშვილს გული აწუხებდა და ოპერაცია სჭირდებოდა. ,,დღე-დღეზე ელოდებოდა პოლისს,  მაგრამ არ მოუტანეს,  ისე გაუსკდა გული და გაიპარა ძილში“ - ამბობს ერთ-ერთი. ვინაობის გამჟღავნება არც მათ სურთ, თუმცა საკუთარ პრობლემებზე საუბარი უნდათ. ,,აქ უბედურება და განუკითხაობა ხდება, ლაპარაკიც საშიშია, ხალხი დაშინებულია. იტყვი რამეს და ეგრევე მოგადგებიან ზონდერები“- ამბობს ყავარჯნიანი მოხუცი. ,,72 წლის კაცი ვხდები და ასეთი ძალადობა არ გამიგონია... დიუმამ იმოგზაურა აქა და კავკასიაზე თქვა, მაგათზე და ბალკანებზე ველური ხალხი არ შემხვედრიაო და მართალი ყოფილა“ - აგრძელებს მეორე.

[video:http://www.youtube.com/watch?v=hEcTqblOmjI]

მოხუცებს საკუთარი ცხოვრება უფრო ასატანი ეჩვენებათ და ახალგაზრდები უფრო ეცოდებათ: ,,ჩვენ რა გვიჭირს, პენსიაზე ვართ და იოლად გამოვდივართ. საწყალმა, ახალგაზრდა ბიჭებმა რა ქნან, დღე-დღე რომ ეძებენ სამსახურს, ეგებ რამე იშოვონ, მარა ვერაფერს ნახულობენ - აქ თურქები ჩამოჰყავთ და იმათ ამუშავებენ. ესენი ხან ბლის კრეფაზე დადიან, ხან თოხნაზე...  ყველას თითო ოთახი გვაქვს - აბანოც ის არი, სამზარეულოც... ჩამოვალთ დილით და მანამ არ დაღამდება, აქა ვართ, მერე ქათმებივით შევიბუდებთ“ - ამბობენ მოხუცები.

ვიწრო, ნესტიან ოთახში ცხოვრობს პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილი ტერაშვილების ხუთსულიანი ოჯახიც. ოთახში მხოლოდ ერთი ლოგინი  და ერთი ტახტი დგას. ოჯახის წევრებს, რიგ-რიგობით  უწევთ იატაკზე დაძინება. უშანგი ტერაშვილი, რომელიც 20 წელია უსინათლოა, ომის შემდეგ ისე დაავადდა, გადაადგილება უჭირს და წევს. ნერვული პრობლემები აქვს მის ვაჟსაც, რომელიც აფხაზეთის ომის ვეტერანია. უშანგის ცოლი ჩივის, რომ მათ 12 წლის შვილიშვილს სამეცადინო ადგილიც არ აქვს, რომ გაკვეთილები მოამზადოს. ,,ტელევიზორში სააკაშვილი ლაპარაკობს ბავშვებზე სულ - სწალა სწავლა და სწავლა და სად ისწავლოს ბავშვმა?!“

დევნილები საერთო აბაზანითა და საპირფარეშოთი სარგებლობენ. ფეხსაცმელს, ცოცხებსა და იატაკის ჯოხებს, სათლებს, ქვაბებსა და ჩაიდნებსა თუ მუყაოს ყუთებში ჩალაგებულ სხვა ნივთებს ადგილის სივიწროვის გამო საერთო დერეფანში აწყობენ. ხშირად, აქვე აშრობენ საცვლებსა და ტანსაცმელსაც. ტალანები, რომელიც ამგვარ ფუნქციურ მრავალფეროვნებას ითავსებს, ჩაბნელებულია - ელექტროენერგია აქაც, აბანოებსა და საპირფარეშოებშიც  გათიშულია. დევნილები მხოლოდ საკუთარი ოთახების განათებას ახერხებენ. 2012 წლის მაისიდან,  მათ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან  გაზის საფასურის დაფინანსებაც შეუწყდათ და თუ აქამდე მისი გადახდა არ უწევდათ, ახლა ძველი დავალიანებების გადახდაც დაეკისრათ, ამისთვის კი მხოლოდ 10 დღე მიეცათ. ,,იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება  დავალიანების მქონე აბონენტების მიერ ჩამოთვლილი პირობების შესრულება, მიმდინარე წლის 10 მაისიდან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეუწყდებათ გაზის მიწოდება“ - წერია 2012 წლის 30 აპრილს გამოკრულ განცხადებაში.

დევნილები იხსენებენ, რომ სოფლებიდან ბომბებს გამოექცნენ, თორემ კონფლიქტურ რეგიონში 19 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მისი დატოვება არც უფუქრიათ. ახლა კი, როცა საკუთარი სახლებისა და მიწების გარეშე, ნესტიან ოთახებში შესახლებულები სამუშაოს გარეშე აღმოჩნდნენ, საარსებო ხარჯების დაფარვასაც ვერ ახერხებენ. მათ არც ადეკვატური საცხოვრებელი ფართი მიუღიათ და არც ფულადი კომპენსაცია: ,,ავადმყოფებად ვიქეცით ეს სოფლის ჩიტებივით ხალხი... იქ ყველაფერს ვახერხებდით. ორი კასრი ყველი დავტოვე სახლში, გული მიკვდება, რომ მახსენდება, აქ რო გავალ ბაზარში ყველი 6 ლარი ღირს. ვინ იყიდის მაგას?“ - ჩივის ერთ-ერთი.

დევნილები ცხოვრების გაუარესებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ და დახმარებასაც მისგან ელიან. თუმცა, იმასაც იხსენებენ, როგორ მოიშორა კობა სუბელიანმა თავიდან მათი საცხოვრებლის წარმომადგენლები მახლობლად დევნილებისთვის აშენებული ახალი კოტეჯების გახსნისას. ,,ჩვენი ქალები იყვნენ მისულები, ეგება დაველაპარაკოთო და იმან, ვინ არიან, მომაშორეთ ეს მშიერი ხალხიო, ასე უთქვამს“ - გულისტკივილით ყვებიან აქაურები.

ერთ-ერთი მეზობელი კი ამბობს: ,,ეს ომი ჩვენმა პრეზდენტმა იმიტომ დაიწყო, ვითომ ასე უფრო შევიდოდით ნატოში. ნატო, ნატოო... არ მინდოდა მაგისი ნატო, მე ჩემი მარწყვის მდელოში ვყოფილიყავი, ედემის ბაღს რომ ჰგავდა, ის მერჩია.  მაშინ მარწყვსა ვყიდდი კიდეც და რაც წამოვედი, გემოთიც არ მინახავს, როგორია. აღარ შეგვიძლია ასე ცხოვრება, ხალხი არ ვართ?!“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^