ლიტერატურული ნაწარმოები ხშირად იქცევა ხოლმე ხელოვნების სხვა დარგის წყაროდ: ტრანსფორმირდება, იდგმება სცენაზე, ან იღებენ ფილმს... წიგნისაგან განსხვავებით, აქ შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი, ან ისე გადაიღონ/დადგან, როგორც ავტორს უწერია. მოკლედ რომ ვთქვათ, ლიტერატურა შესანიშნავი წყაროა ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის, განსაკუთრებით კი კინოსთვის.
არსებობს ლიტერატურული ძეგლები, რომლებიც ამ მხრივ გამორჩეულად პოპულარულია: „ანა კარენინა“, „ომი და მშვიდობა“, ჯეინ ოსტინის რომანები, შარლოტა ბროტეს „ჯეინ ეარი“, ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილი“, დიკენსის, ჰიუგოს რომანები და ა. შ.
ვხვდებით სპეციფიკურ შემთხვევებსაც, ერთი მხრივ - ენტონი ბერჯესი და სტენლი კუბრიკი, მეორე მხრივ - კენ კიზი და მილოშ ფორმანი. ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ - ამ შესანიშნავი, ოსკაროსანი ფილმის უკან გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ფილმზე ბევრად ძლიერი ლიტერატურული ნაწარმოები - „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ დგას. ამ რომანის არსი ფილმში ასახული არ არის. ერთია, რაზე წერდა კენ კიზი, მეორე კი რაზე გადაიღო ფილმი მილოშ ფორმანმა.
არსებობს შემთხვევები, როდესაც ავტორები მათი ნაწარმოების ეკრანიზაციით უკმაყოფილონი რჩებიან. ასე იყო კენ კიზის შემთხვევაში, მაგრამ პირიქითაც ხდება - ენტონი ბერჯესი გააბედნიერა იმ ამბავმა, რომ სტენლი კუბრიკმა „მექანიკური ფორთოხალი“ გადაიღო.
ისეც ხდება, ქართულად რომ ვთქვათ, „ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია“, ანუ ავტორი ვერ ჩივის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საუკუნეების წიაღიდან ხმის ამოღების საშუალება არა აქვს. ასეთი რამ შესაძლებელი რომ ყოფილიყო, „ტროის“ გადაღების გამო, ჰომეროსი პასუხს მოსთხოვდა ჰოლივუდს. ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, რომ ჰომეროსის „ილიადიდან“, კაცობრიობის ისტორიის ამ ერთ-ერთი ყველაზე გენიალური პოემიდან, შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე უნიჭო ფილმი, სახელად „ტროა“. წარმოუდგენელია, ამ დონეზე ვერ გაიგო, რაზე წერდა და ლაპარაკობდა ჰომეროსი, გაათანამედროვო ადამიანებს შორის ურთიერთობა, აურიო პერსონაჟები და, ბოლოს და ბოლოს, მიიღო ისეთი საშინელება, რომელმაც ამდენი ხმლისა და შუბების ტრიალის, ცხენების აქეთ-იქით ჭენების მიუხედავად, ვერ მოიტანა ვერაფერი, მატერიალური თვალსაზრისითაც კი. არადა, სწორად გაგებული ჰომეროსი ნამდვილად კომერციული ავტორი იქნებოდა.
უამრავი ვერსია არსებობს „ოდისეასი“. ნაწილი ჰომეროსის მიხედვით არის გადაღებული, ზოგიერთი საკმაოდ თამამი ვერსია, ერთი-ორი, კი ისეთიც შეგხვდებათ, ჰომეროსთან ახლოსაც რომ არ ჩაუვლია - ეს აშკარად ეტყობა ფრანგულ ვერსიას, უფრო სწორად, ფრანგულ-ავსტრიულს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ზიგმუნდ ფროიდს პირადად არ გადაუღია, აშკარად მხოლოდ და მხოლოდ მისი თეორიებია გათვალისწინებული. აქ მკითხველი, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოემზადოს იმისათვის, რომ ოდისევსის მეუღლე, ერთგულების სიმბოლო პენელოპე, ერთი უბრალო კახპა ქალი აღმოჩნდება...
კადრი ფილმიდან „მექანიკური ფორთოხალი“
კლასიკის უამრავი ეკრანიზაცია არსებობს, რომელიც სერიოზულ გადასინჯვას საჭიროებს. მათ შორის არის ისეთი შედევრები, როგორებიცაა: პიერ პაოლო პაზოლინის „მედეა“ და „ოიდიპოსი“. საინტერესოა, რას იტყოდნენ სოფოკლე და ევრიპიდე, ეს ფილმები რომ ენახათ. ფაქტია, ძალზედ უცნაურ ინტერპრეტაციებთან გვაქვს საქმე - მედეას მითის კოლხური ნაწილი ჩრდილო აფრიკაშია გადაღებული, მუსიკაც ადგილობრივი გვხვდება და კოლხები იმ ველური ტომის წარმომადგენლებად არიან გამოყვანილები, რომელთაც ადამიანის მსხვერპლად შეწირვა ახასიათებთ. ამ ამბავს ქართველთა პროტესტი არ მოჰყოლია, ალბათ, იმიტომ, რომ პაზოლინის ეს ფილმი პოპულარული არ აღმოჩდა.
საინტერესოა ისიც, რომ არაერთხელ აკრძალულმა ავტორმა - ნიკოს კაზანძაკისმა ფილმების სამყაროში შეაღწია და დღეს „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების“ შესანიშნავი ეკრანიზაცია გვაქვს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ვერავინ მოახერხა ისე კარგად გადაეღო ანტიკური ნაწარმოებები, როგორც თავად ბერძნებმა. ვგულისხმობ მიხალის კაკოიანისის ტრილოგიას: „ელექტრა“, 1962 წელი, „ტროელი ქალები“, 1971 წელი და „იფიგენია“, 1977 წელი. სამი შედევრი, ბრწყინვალე ოსტატი, ბრწყინვალე შესრულება, მაგრამ, რა თქმა უნდა, მსოფლიო კინოს ისტორიაში მათ საკადრისი სახელი არ მოუპოვებიათ, ჩვენ ხომ ინტელექტუალურ ფილმებზე ვსაუბრობთ. ამავე კაცის გადაღებულია „ბერძენი ზორბა“, ამჯერად კაზანძაკისის მიხევით, სადაც ირენ პაპასი თამაშობს და ამ ფილმით მიხალის კაკოიანისი გაცილებით უფრო ცნობილი და პოპულარული გახდა.
ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, არსებობს ორი ლიტერატურული ძეგლი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მსოფლიო კინემატოგრაფიამ. უპირველეს ყოვლისა, ეკრანიზაციების თვალსაზრისით, მსოფლიო ჩემპიონია ლევ ტოლსტოის „ანა კარენინა“.
„ანა კარენინა“ პირველად გერმანელებმა გადაიღეს, 1910 წელს - მუნჯი ფილმი. ვისაც ნანახი გვაქვს, ძნელად ვიჯერებთ, რომ ეს ნამდვილად „ანა კარენინაა“, ყველა სიკეთესთან ერთად, რაც მთავარია, ანა კარენინა არ ჰგავს ანა კარენინას.
აქედან მოყოლებული, „ანა კარენინა“ სხვადასხვა ქვეყანაში უამრავჯერ გადაიღეს, მათ შორის, 1927 წელს, მუნჯი კინოს ეპოქის დასასრულისკენ ედმუნ გულდინგმა გადაიღო ფილმი სახელად, „სიყვარული“, სადაც ანას როლს გრეტა გარბო თამაშობდა და ეს იყო პირველი დიდი მსახიობი ანა კარენინას როლში. რამდენიმე წლის შემდეგ, ლევ ტოლსტოის რომანის ეკრანიზაცია გადაიღო კლარენს ბრაუნმა, მთავარ როლში კვლავ გრეტა გარბო, ფილმის კონსულტანტი კი გრაფი ანდრე ტოლსტოი, მწერლის პირდაპირი შთამომავალი. 1935 წელს ეს ფილმი იქცა პირველ საყოველთაოდ ცნობილ „ანა კარენინად“, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა.
1948 წელს ჟულიენ დუვივიეს ფილმში ანა კარენინას როლი მსოფლიოს კიდევ ერთმა დიდმა ვარსკვლავმა, ვივიენ ლიმ შეასრულა. 1953 წელს საბჭოთა კავშირში ანა ტარასოვამ გადაიღო, ფაქტობრივად, ძალიან ცნობილი სპექტაკლის, „ანა კარენინას“ ეკრანიზაცია, რომელიც არერთხელ დადგმულა „მხატ-ში“ (Московский Художественный Академический театр) და მას რამდენჯერმე საბჭოთა კავშირის ლიდერებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, ამხანაგი სტალინი - 1951-52 წლებში.
კადრი ფილმიდან „ანა კარენინა“
იმავე საბჭოთა კავშირში, 1967 წელს, ერთგვარი გარღვევა მოხდა და გადაიღეს „ანა კარენინა“, - ფილმი, რომელიც დღემდე რჩება საუკეთესოდ ამ რომანის მიხედვით გადაღებულ ეკრანიზაციებს შორის. ამ ფილმში ანას როლი სრულიად შეუდარებელმა რუსმა მსახიობმა, ტატიანა სამოილოვამ, შეასრულა.
1985 და 1997 წლებში „ანა კარენინა“ გადაიღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მთავარ როლზე კი ორივე შემთხვევაში ფრანგი მსახიობები მიიწვიეს: 85-ში ჟაკლინ ბისე, 97-ში კი - სოფი მარსო.
2012 წელს კირა ნაიტლის მონაწილეობით ჯო რაიტმა ბრიტანული ფილმი გადაიღო, 2013 წელს კი იტალიურ სერიალში ანა კარენინად ვიტორია პუჩინი, ძალიან ლამაზი მსახიობი ქალი მოგვევლინა.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ 2014, 2015, 2016 წლებში ამ შესანიშნავ ნაწარმოებზე მუშაობა მიმდინარეობდა და, ალბათ, ძალიან მალე ვნახავთ ახალ ამერიკულ სერიალს, ასევე - რუსების მიერ ხელახლა გადაღებულ „ანა კარენინას“.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვათ, თითოეული ეს ეკრანიზაცია, ისევე როგორც სხვადასხვა წელს „ანა კარენინას“ მიხედვით გადაღებული ფილმები, თავისთავად საინტერესო იყო, რამაც განაპირობა მომდევნო ეკრანიზაციების აუცილებლობა და პოპულარობაც, თუმცა მთავარი სულ სხვა რამაა - მიუხედავად იმისა, რომ ანას როლს ისეთი დიდი მსახიობები ასრულებდნენ, როგორებიც იყვნენ: გრეტა გარბო, ვივიენ ლი, ჟაკლინ ბისე, სოფი მარსო, კირა ნაითლი და ა.შ. თითოეული მათგანი საკმაოდ უსუსური ანა კარენინა გამოდგა.
რატომ მოხდა ასე? პასუხი მარტივია, ანა კარენინა ურთულესი სახეა, ლევ ტოლსტოიმ ჩაიფიქრა, მოეთხრო ისტორია ადამიანისა, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოა, ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი, ყველა დამნაშავედ მიიჩნევს. ანაც მართალია საზოგადოებასთან და საზოგადოებაც მართალია მასთან. ნაწარმოების მიხედვით ძალიან კარგად ვხედავთ, თუ ვის მიმართ არის სიმპათიით განწყობილი ლევ ტოლსტოი, მაგრამ, როგორც ჩანს, ის, რაც იოლია მწერლობაში, საკმაოდ რთული მოსახელთებელია სხვა სფეროში.
რა პრინციპული განსხვავებაა ლიტერატურასა და კინოს შორის:
ლიტერატურა ეს არის მწერალი და მკითხველი, შეიძლება ითქვას, ორი თანამზრახველი. ლიტერატურა ეს არის მშვენიერების ძარცვა, რომელშიც მწერალი და მკითხველი ერთდროულად მონაწილეობენ. მწერალი ამ მშვენიერების ძარცვის კონტურებს ხატავს და მას, რეალურად, მკითხველი ახორციელებს. მკითხველი ლიტერატურული ნაწარმოების შემსრულებელია, იგი ხედავს იმას, რაც მწერალმა იგულისხმა. მწერალი წერს ანა კარენინას; მკითხველი ხედავს ანა კარენინას. მწერალი ამბობს: ანამ თქვა; მკითხველი გრძნობს, როგორ თქვა, რა სიტყვებით თქვა, რა ინტონაციით თქვა; მწერალს ეს არ დაუკონკრეტებია; ეს ყველაფერი მკითხველის ხელშია. ფილმი ეს არის მაყურებლისა და ეკრანის ურთიერთობა, სადაც პირდაპირი შეფარდებაა - 1/1-ზე; ეკრანზე ჩანს, ვინც არის ანა კარენინა. როგორც არ უნდა წარმოიდგინო, რომ ანა შენი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ჰგავს, ეკრანზე აშკარად არის ნათქვამი, რომ ანა, ვთქვათ, კირა ნაიტლის ან გრეტა გარბოს ჰგავს.
ლევ ტოლსტოის მიხედვით, ანა კარენინამ გაბედა, ჩაეცვა შავი კაბა და რაც მთავარია, მოუხდა კიდეც. დღეს, როდესაც ნახევარ მსოფლიოს შავი კაბა აცვია, ეს არავის უკვირს, მაგრამ შავი კაბით ბალზე გამოჩენა წარმოუდგენელი ამბავი იყო - ბალისა და ქორწილისთვის ხომ თეთრი კაბა თქმულა! თეთრ კაბაში ყველაფერი იმალება, საღამოს შავი კაბა კი ძალზედ პრეტენზიული და საშიშია; ის ავლენს ყველაფერს, მოძრაობას, ნებისმიერ დეფექტს და ა.შ. მოგეხსენებათ, ანა კარენინა აღწერილი სამყაროს ძუ ლომი იყო, გამარჯვებული მანამ, სანამ სიყვარული დაამარცხებდა. შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი ფერადი ფილმი ანა კარენინას შესახებ, ვერავინ გაბედა, მისთვის შავი კაბა ჩაეცმია; ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსმა რეჟისორმა, ტატიანა სამოილოვამ შეძლო.
კადრი ფილმიდან „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“
ზოგადად, ავტორისადმი ერთგულება, მხატვრულ ნაწარმოებში აღწერილი სამყაროსადმი ერთგულება იშვიათია კინემატოგრაფიაში. კინოს თავისი სპეციფიკა აქვს. მაგალითად, ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკელები იღებენ, ინგლისელები თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, „ომსა და მშვიდობაში“ ანდრე ბალკონსკი აუცილებლად მაღალი და ლამაზი იქნება. არადა, ტოლსტოის საფუძვლიანად ჰყავს აღწერილი ბალკონსკი - საშუალო სიმაღლის კაცი. არც ერთი რეჟისორი ამას არ ითვალისწინებს, ძველი დროის ამბებით დაწყებული, BBჩ-ის ბოლოდროინდელი სერიალით დასრულებული, სადაც ბალკონსკი მაღალი და სიმპატიური ახალგაზრდაა.
თითქმის ასეთივე, „ანა კარენინასავით“, ბედი ეწია დიდ ფრანგულ რომანს - „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“. რომანი უამრავჯერ გადაიღეს; საკმაოდ რთულად შესასრულებელი როლი რამდენიმე დიდი მსახიობის ხელში აღმოჩნდა. ამ თვალსაზრისით, კლასიკურია 1956 წელს გადაღებული ფილმი, სადაც ესმერალდას როლს ჯინა ლოლობრიჯიდა ასრულებს. კინოს თვალსაზრისით, რომანი ორმაგი დატვირთვისაა - ერთი მხრივ, ეს არის ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოები, მეორე მხრივ კი - ძალიან ცნობილი ტაძარი. რეჟისორები ამ ორ ფენომენს შორის არიან მოქცეულები. „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, ეს არის ხელოვნების ძეგლი - ხელოვნების ძეგლზე, ხოლო კინორეჟისორებს უწევთ, გადაიღონ ხელოვნების ძეგლის შესახებ დაწერილი ხელოვნების ძეგლი. ამ თვალსაზრისით, რომანის ეკრანიზაციის უამრავი ვერსია არსებობს. განსაკუთრებულია ისიც, რომ ამ რომანის მიხედვით მულტიპლიკაციური ფილმიც კი გადაიღეს.
ამ ძეგლებმა ხელოვნების სხვა სფეროში გადატანასაც გაუძლეს. „ანა კარენინა“ და „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ ოპერაცაა და ბალეტიც (ამ უკანასკნელის ოპერის ლიბრეტო, სხვათა შორის, თავად ვიქტორ ჰიუგომ დაწერა, როგორი გამოუვიდა, ეს მეორე საკითხია).
XX საუკუნის დასასრულსა და XXI საუკუნის დასაწყისში, „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარმა“ სახალხო ოპერის, ანუ მიუზიკლის სახე მიიღო და მოვლენად იქცა საფრანგეთის ცხოვრებაში. მიუზიკლი იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ მისი ტექსტი იტალიურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ითარგმნა.
საბოლოო ჯამში, იმის თქმა მსურს, რომ ლიტერატურა ბრწყინვალე წყაროა კინოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ აჩენს კითხვას - რომელი ჯობს? თითოეული ფრაზა, რომ რომელიმე ფილმმა ლიტერატურულ ძეგლს აჯობა, ნიშნავს, რომ ან ლიტერატურული ძეგლი არ იყო ისეთი, როგორიც საჭიროა, ან ვიღაცამ რაღაც განსაკუთრებული გარღვევა მოახდინა. არის კიდევ ერთი ვარიანტი - შეიძლება თქვენი თანამოსაუბრე ხუმრობს, რადგან ნამდვილი ლიტერატურული ძეგლის ხელოვნების სხვა ენაზე სრულყოფილად ამეტყველება წარმოუდგენლად რთული წარმოსადგენია.