2017 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ აღმზრდელი-პედაგოგის შრომის ანაზღაურების საბაზისო ზღვრული ოდენობის განსაზღვრის მიზნით ნორმატიული აქტი უნდა მიიღოს. აღნიშნული ვალდებულება “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონშია გაწერილი, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წლის ივნისში დაამტკიცა.
დღესდღეობით კი ბაგა-ბაღების აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეების საბაზო ხელფასის ზღვრული ოდენობა განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, მათი ანაზღაურება დედაქალაქსა და რეგიონებში განსხვავებულია. რეგიონებში აღმზრდელებსა და მათ თანაშემწეებს გაცილებით დაბალი ხელფასები აქვთ, ვიდრე თბილისში.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დღესდღეობით სააგენტოში შემავალ ბაგა-ბაღებში აღმზრდელის ხელფასი (ხელზე ასაღები თანხა) ყოველთვიურად 528 ლარს შეადგენს, აღმზრდელის თანაშემწის - 440 ლარს. მაგალითისთვის, თელავის მუნიციპალიტეტში, ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღმზრდელის ყოველთვიური ხელფასი (ხელზე ასაღები თანხა) 250 ლარია, თანაშემწისა კი დაახლოებით 210 ლარი.
„ლიბერალი“ დაინტერესდა რა გეგმები და პრიორიტეტები აქვთ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პარტიებს სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი აღმზრდელ-პედაგოგების სახელფასო ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
აღმზრდელ-პედაგოგებისთვის ხელფასის გაზრდა, მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფა - ეს ის ძირითადი პრიორიტეტებია, რასაც სკოლამდელი განათლების მიმართულებით პოლიტიკურ პარტიები გეგმავენ.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
პარტიაში აცხადებენ, რომ აღმზრდელ-პედაგოგების მაღალი ხელფასით უზრუნველყოფა მათთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. როგორც სოფო კილაძემ „ლიბერალს“ უთხრა, ამ ეტაპზე კონკრეტულად, თუ რამდენი ლარით მოიმატებს ხელფასი, ვერ დაასახელებს, რადგან ეს საერთო კონსენსუსის შედეგად უნდა გადაწყდეს. თუმცა განმარტავს, რომ აღმზრდელი-პედაგოგის საშუალო ხელფასი იქნება იმდენი, რომ მათ ღირსეულად შეძლონ ოჯახის რჩენა.
კილაძის თქმით, პირველი დიდი ნაბიჯი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით გადადგა, არის ის, რომ ბაგა-ბაღები უფასო გახდა, რამაც გაზარდა ხელმისაწვდომობა.
პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში გაწერილია, რომ ადრეული და სკოლამდელი განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად ყველა საჯარო და კერძო ადრეულ და სკოლამდელ დაწესებულებაში 2017 წლიდან ამოქმედდება ერთიანი ხარისხის სტანდარტები, სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტები, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მაღალი სტანდარტები, კვებისა და ჰიგიენის ერთიანი სტანდარტი. ამოქმედდება აღმზრდელებისა და აღმზრდელ-პედაგოგების ახალი პროფესიული სტანდარტი. კილაძის თქმით, გაძლიერდება სტანდარტის შესრულების კონტროლი, რომელსაც არ ექნება ფორმალური ხასიათი.
„დიდი მნიშვნელობა აქვს ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ინფრასტრუქტურის კუთხით, ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვენთვის პრიორიტეტია, ძალიან ბევრგან აშენდა ბაღები, სადაც აქამდე არ ყოფილა, ან მოხდა შენობა-ნაგებობების განახლება. ახლაც მიმდინარეობს ახალი ბაღების მშენებლობა. „ქართული ოცნება“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მაღალმთიან სოფლებში ბაღების არსებობასა და შენარჩუნებას. მაღალმთიან სოფლებში არის მცირეკონტიგენტიანი ბაღები, მიუხედავად ამისა, სახელმწიფო დიდ სახსრებს იღებს იმისთვის, რომ ეს ბაღები არსებობდეს“, - თქვა მან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ პარტიის ხედვით სკოლამდელი განათლებაში ორი ეტაპი მოიაზრება - სკოლამდელი აღზრდა და წინარე სასკოლო მომზადება. ამ უკანასკნელის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა აიღოს, როგორც აღმზრდელი-პედაგოგებისთვის პროფესიული სტანდარტის შემუშავებაზე, ისე სწავლის ხარისხის გაკონტროლებაზე.
პარტიის წევრმა, მარიამ რამინაშვილმა „ლიბერალს“ უთხრა, რომ ვინაიდან ბაგა-ბაღის აღმზრდელს პედაგოგის სტატუსი მიენიჭება, მისი ხელფასიც ისეთივე უნდა იყოს, როგორც სკოლის პედაგოგის ხელფასი. პარტიის პროგრამის მიხედვით, პედაგოგის მინიმალური ხელფასი 650 ლარი უნდა იყოს.
თუმცა რამინაშვილის თქმით, მანამდე, სანამ აღმზრდელებს პედაგოგის სტატუსი მიენიჭებათ, რთული გზაა გასავლელი, რაც აღმზრდელების პროფესიულ განვითარებას გულისხმობს.
„ჯერ უნდა მოხდეს მათი გადამზადება, რომ მიიღონ შესაბამისი ცოდნა, მეთოდიკის თვალსაზრისითაც მათი დონე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო სისტემის შესაბამისი უნდა იყოს. დღესდღეობით აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეებისათვის მთავარი საქმიანობა სოციალური აქტივობის განხორციელებაა. სტანდარტისა და სპეციალური აქტივობების კარგად გააზრების გარეშე მათთვის უბრალოდ პედაგოგ-აღმზრდელის სტატუსის მინიჭება სისტემაში სრულ ქაოსს გამოიწვევს“.
„თავისუფალი დემოკრატები“
პარტიის წევრი ალუდა გოგლიჩიძე ამბობს, რომ დამოკიდებულება სკოლამდელი განათლების სისტემის მიმართ თვისებრივად უნდა შეიცვალოს. საზოგადოებაში უნდა შეიცვალოს სტერეოტიპი, რომ სკოლამდელი განათლება ეს არის მხოლოდ სოციალური ფუნქციის მატარებელი ინსტიტუტი, მისი თქმით, ეს პირველ რიგში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაა.
რაც შეეხება ხელფასებს, გოგლიჩიძე ამბობს, რომ აღმზრდელების ხელფასები აუცილებლად უნდა გაიზარდოს, თუმცა თავს იკავებს კონკრეტული ციფრების დასახელებისგან. მისი თქმით, დღევანდელი სკოლამდელი აღზრდის სისტემაში ბევრი გამოწვევაა - ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მაღალი ხარისხი, გადავსებული ჯგუფები, ცენტრალიზებული სისტემა.
ის ამბობს, რომ პარტიის დამოკიდებულება ახალი კანონის მიმართ კრიტიკულია. რადგან კანონში ნაკლებად არის გააზრებული ისეთი საკითხები, როგორიცაა დირექტორის ფუნქციები, მართვის სისტემა, დაწესებულების აკრედიტაციის წესი, კერძო სექტორის წახალისება.
„ეს „თავისუფალ დემოკრატებს“ საბოლოოდ გვიჩენს კითხვას - თუ როგორ მოხდება ხალმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა? დღევანდელი მოდელით, რომელიც მთავრობის მიერაა შემოთავაზებული, ფაქტორივად ადმინისტრირების რგოლი გამქრალია, აქცენტი მთლიანად საზოგადოების ჩართულობაზე კეთდება. მაგალითად მკაფიოდ არ არის გაწერილი ბაგა-ბაღის დირექტორის ფუნქციები, რომ ამ დაწესებულებაში ის უნდა იყოს ცენტრალური ფიგურა და წარმართოს ეს პროცესი. ამიტომ, ბუნებრივია, ისმის შეკითხვა, როგორ იქნება უზრუნველყოფილი ამით ბაღების დეცენტალიზაციის საკითხი?“ - ამბობს ის.
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“
პარტიაში ფიქრობენ, რომ აღმზრდელი-პედაგოგის როლი განსაკუთრებით დიდია ბავშვის სასკოლო მომზადებაში, ამიტომ ის, ერთი მხრივ, სათანადოდ კვალიფიცირებული უნდა იყოს, მეორე მხრივ კი, უნდა ჰქონდეს სათანადო ანაზღაურება. როგორც მათ პროგრამაშია გაწერილი ეს ანაზღაურება 1300 ლარს არ უნდა ჩამოუვარდებოდეს.
პარტიის წევრი, ნანა დევდარიანი ამბობს, რომ ვინაიდან ბაღის აღმზრდელს პედაგოგის საქმიანობაც ემატება, ის სკოლის პედაგოგისგან განსხვავებულ ხელფასს არ უნდა იღებდეს.
გარდა ამისა,მისი თქმით, პარტიისთვის პრიორიტეტული იქნება ბაღზე ხელმისაწვდომობის გაზრდა განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც დედაქალაქისგან განსხვავებით სკოლამდელ აღზრდაზე ხელმისაწვდომობა განსაკუთებით პრობლემურია.
„ჩვენს პროგრამაში ცალკე პუნქტი ეთმობა რაიონებში საბავშვო ბაღების აღდგენას. ჩვენთვის ყველა ბავშვი პრიორიტეტული იქნება. ვიღაც დათვლის კალკულატორზე და იტყვის, რომ სახელმწიფოს მცირეკონტიგენტიანი ბაღების შენახვა ძვირი უჯდება, თუმცა ჩვენთვის ეს მომავალში ჩადებული ინვესტიციაა. ამიტომ ვაპირებთ ყველა ბავშვის ინტერესის გათვალისწინებას“,- ამბობს ის.
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
პარტიაში მიიჩნევენ, რომ სკოლამდელი აღზრდის სფეროში არსებულ პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეებისათვის დაბალი ანაზღაურების საკითხია. პარტიის წევრის, გიორგი გუგავას თქმით, ბაღის აღმზრდელ-პედაგოგთა ხელფასი 500 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
„სკოლამდელი დაწესებულებები თვითმმართველობის მზრუნველობაში შედის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ სტრუქტურებში შექმნილია უამრავი ააიპ-ი და სსიპ-ი, რომლებიც რეალურად პარტიულ აქტივისტთა დასაქმების ადგილად იქცა, თუკი გაბერილი კადრების ხარჯზე თანხებს დავზოგავთ, აღმზრდელებისთვის ხელფასის მომატება არ იქნება რთული საქმე“, - ამბობს ის.
მისი თქმით, ვინაიდან დღესდღეობით არ არსებობს ერთიანი სტანდარტი, რომელიც ყველა თვითმმართველობისთვის აღმზრდელების ხელფასს განსაზღვრავდა, პირველ რიგში აუცილებელია მსგავსი სტანდარტის შემუშავება, რომლის მიხედვითაც საბაზო ხელფასი 500 ლარზე ნაკლები არ იქნება. რაც შეეხება დანამატს, მისი თქმით, ეს უკვე იმის მიხედვით განისაზღვრება, რის საშუალებაც ცალკეულ თვითმმართველობას ექნება.
„რესპუბლიკურ პარტიასა“ და ბლოკ „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ პარტიებს წინასაარჩევნო პროგრამაში უშუალოდ სკოლამდელ აღზრდასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმები გაწერილი არ აქვთ.
თუმცა ბლოკში შემავალი პარტია „გირჩის“ წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ მათი პარტიის ხედვით, სკოლამდელი აღზრდა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან რეგულირებული არ უნდა იყოს. ის მთლიანად ადგილობრივმა ხელისუფლებამ და კერძო სექტორმა უნდა დაარეგულიროს.
„ამიტომ რეგულაციები, რომლებიც ბაღებთან მიმართებაში შემოდის, მგონია, რომ აბსოლუტურად არასწორია, რადგან სკოლამდელ აღზრდას განათლების სისტემის ნაწილად არ განვიხილავთ. ჩვენ მას განვიხილავთ, როგორც სერვისს, რომელსაც არა აქვს პირდაპირი და უშუალო კავშირი განათლებასთან, სადაც სახელმწიფოს კონკრეტული ვალდებულება ექნება, რომ რაიმე გააკეთოს. ჩვენი ხედვით, სკოლამდელი აღზრდა უფრო მშობლებისთვის საქმიანობის საშუალების მიცემაა, ამიტომ მოსახლეობისთვის მსგავსი სერვისის შეთავაზება ან კერძო პირების უშუალო საქმეა ან ადგილობრივი თვითმმართველობის გადასაწყვეტი, შესაბამისად, აღმზრდელების ანაზღაურების საკითხიც მათ უნდა განსაზღვრონ “, - ამბობს ის.