საქართველოში, 2015 წლის მონაცემებით, სკოლამდელ აღზრდაში 3-5 წლის ბავშვების 62%-ია ჩართული. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წარმოებული კვლევის შედეგები აჩვენებს იმასაც, რომ სისტემა ხელმიუწვდომელია ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის: სიღარიბესა და სოფლად მცხოვრები, ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უმეტესობა სკოლამდელი აღზრდის მიღმა რჩება.
სკოლამდელი განათლების მიღმა
გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი ანა ჯანელიძე ამბობს, რომ ტენდენცია, ერთი შეხედვით, პოზიტიურია. ბოლო რვა წლის განმავლობაში სკოლამდელ აღზრდაზე ხელმისაწვდომობა ყოველწლიურად მატულობს, თუმცა მხოლოდ საშუალო მონაცემები ქვეყნის მასშტაბით მალავს იმ უთანასწორობას, რაც სისტემაში არსებობს, - „სისტემა ხელმიუწვდომელია განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისათვის, რომლებზეც სახელმწიფო პირველ რიგში უნდა ზრუნავდეს“.
ურბანულ და არაურბანულ დასახლებებში პრობლემას განსხვავებული მიზეზები აქვს. თუკი ქალაქში პრობლემას წარმოადგენს ბაღების მცირე რაოდენობა და არასაკმარისი სივრცე, ახალი ბაღების ასაშენებლად, სოფლად ხშირად ბაღის შენობა გაუქმებულია ან არც არასდროს ყოფილა.
ანა ჯანელიძის განმარტებით, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქალაქში მცხოვრები ბავშვების (რომლებიც სკოლამდელ განათლებაში არ არიან ჩართულები) 30% ბაღებში თავისუფალი ადგილების არარსებობის გამო რიგს ელოდება, ხოლო სოფელში მცხოვრები ბავშვების სკოლამდელ აღზრდაში ჩაურთველობის მიზეზი 60%-ის შემთხვევაში არის ის, რომ მათ ახლომახლო საბავშვო ბაღი არ არის.
ამ მიმართულებით ყველაზე დეტალური ინფორმაცია სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების შესახებ გვაქვს. 2013 წლის მონაცემებით, მთელ საქართველოში ბავშვების უღარიბეს 20%-ში სკოლამდელ აღზრდაში ჩართულობა თითქმის 45%-ს შეადგენდა, ხოლო ბავშვების უმდიდრესი 20%-სთვის ჩართულობის მაჩვენებელი თითქმის 76% იყო.
2011 წლიდან თბილისში სკოლამდელ აღზრდაში ჩასართავად მშობლები ბავშვებს წინასწარ არეგისტრირებენ. რეგისტრაცია ელექტრონულად საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ვებგვერდზე ორ ეტაპად ხორციელდება.
პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან 100 000-ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები; ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილიც სარგებლობს იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით; 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.
მეორე ეტაპზე კი ყველა სხვა ბავშვი რეგისტრირდება.
„თუმცა, მიუხედავად ამისა, განსაკუთრებულ სიღარიბეში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლოა, საერთოდ არ ჰქონდეს ინფორმაცია ამ სერვისის შესახებ. ამიტომ ის რამდენიმე დღე, როცა სოციალურად დაუცველებისთვის არის შესაძლებელი დარეგისტრირება, არასაკმარისია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, არსებობდეს სპეციალური პროგრამები, რომლის ფარგლებშიც მოხდება საზოგადოების ამ ფენის მობილიზება და სისტემაში ჩართვა“, - ამბობს „საქართველოს პორტიჯის ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნინო ცინცაძე.
ამის მაგალითად კი მოჰყავს ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება, სადაც სკოლამდელი განათლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი არ არის, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებია. ე.წ „ნაბიჯ-ნაბიჯ“ პროგრამა უზრუნველყოფს იმას, რომ სოციალური მუშაკები კარდაკარ დადიან, სისტემაში არჩევენ ბავშვებს და იმავდროულად მათ მშობლებთან მუშაობენ.
რაც შეეხება მონაცემებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან დაკავშირებით, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით წარმოებული უახლესი კვლევის - „საზოგადოებრივი მომსახურებებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევა“ (2015) - შედეგები აჩვენებს, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მუნიციპალური საბავშვო ბაღების ნაკლებობაა.
2013 და 2015 წლების კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტების უმრავლესობა (77%) აცხადებს, რომ მათ დასახლებაში/უბანში მოქმედებს მუნიციპალური ბაღი. ყოველი მეოთხე რესპონდენტი ასევე ამბობს, რომ მათ დასახლებაში ან უბანში ბაღი არ არის.
რეგიონის ჭრილში კი, ქვემო ქართლისა (62%) და სამცხე-ჯავახეთის (57%) დასახლებათა უმეტესობაში არ არის მუნიციპალური საბავშვო ბაღები. აღსანიშნავია, რომ ასეთ დასახლებათა 38%-ის შემთხვევაში უახლოესი მუნიციპალური საბავშვო ბაღი 5 კილომეტრზე უფრო შორ მანძილზე მდებარეობს. ამ მხრივ, არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა აღინიშნა რაჭა-ლეჩხუმში/ქვემო სვანეთსა (48%) და აჭარაშიც (39%).
აღსანიშნავია ისიც, რომ დასახლებებსა და უბნებში საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ვითარება 2013 წლის შემდგომ საგრძნობლად გაუარესდა ქვემო ქართლის რეგიონში (19 პროცენტული ერთეულით).
ანა ჯანელიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით სტატისტიკა არ არსებობს, ორგანიზაციის დაკვირვებით, მათ ასევე ნაკლებად მიუწვდებათ ხელი სკოლამდელ აღზრდაზე.
„მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არის შერჩეული ბაღები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელია ამ მიმართულებით მუშაობს, მაგრამ ამას არ აქვს ეროვნული სახე. ამას მოწმობს მოსახლეობის განწყობაც. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ, როცა რეგიონებში ფოკუსჯგუფებს ვატარებდით ,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სკოლამდელ აღზრდაში ჩართულობის თაობაზე, არ იყო დადებითი განწყობა, პირიქით აპროტესტებდნენ კიდეც“.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას თქმით, 2014 წლის ოქტომბრიდან დღემდე სკოლამდელ აღზრდაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 5 500-მდე აღსაზრდელისთვის შეიქმნა ხელმისაწვდომი სივრცე, რაც ახალი ბაღების მშენებლობითა და ჯგუფების დამატებით მოხერხდა. მისი თქმით, დღეს თბილისში 164 საჯარო ბაგა-ბაღი მოქმედებს. შემოდგომაზე 3 ბაღის გახსნა იგეგმება, მიმდინარე წელს კი 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაც დაიწყება.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად ასეულობით განაცხადი (ბაღში დარეგისტრირების თაობაზე), თავისუფალი ადგილების სიმცირის გამო, ვერ კმაყოფილდება.
თორდინავას თქმით, შარშან, სექტემბრის ბოლოს, 6 500-მდე იყო იმ აღსაზრდელთა რაოდენობა, რომელთა მშობლებმაც განცხადებებით მიმართეს საბავშვო ბაღებს, თუმცა ადგილების შეზღუდელი რაოდენობის გამო ვერ დაკმაყოფილდნენ.
თორდინავას თქმით, ამ მხრივ, 2016 წლის მონაცემები სექტემბრის ბოლოსათვის დაზუსტდება.
საყოველთაო თუ მიზნობრივი
ნინო ცინცაძე ყურადღებას სახელმწიფოს პოლიტიკაზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ერთიანი, ჩამოყალიბებული და მკაფიო ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს სკოლამდელი აღზრდის პოლიტიკა ქვეყანაში, არ აქვს.
„თუკი ქვეყანა ამბობს, რომ სკოლამდელი განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის, მაშინ უნდა თქვას, რა ვადაში მოხდება ეს. დღეს მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი ქვეყანა, სადაც 100%-ით უზრუნველყოფილია სკოლამდელ აღზრდაში ჩართულობა. ამას ბევრი რესურსი სჭირდება. საქართველო არ არის ეკონომიკურად იმდენად ძლიერი ქვეყანა, რომ ეს თქვას და შეასრულოს. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ ქვეყანაში ბაღი არის ყველასათვის და სახელმწიფო ხარჯავს კვების ფულს იმ ბავშვებისთვის რომელთა მშობლების შემოსავალი ყოველწლიურად ათასობით ლარია. მაშინ, როდესაც ისინი, რომელთაც რეალურად ყველაზე მეტად სჭირდებათ, სისტემის მიღმა არიან დარჩენილები“, - ამბობს ცინცაძე.
„საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას“ ხელმძღვანელი, გიორგი მესხიძე ალტერნატიული სკოლამდელი განათლების განვითარების შესაძლებლობებზე საუბრობს, რაც, მისი თქმით, სახელმწიფოს ნაკლები დანახარჯით უკეთესი შედეგის მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.
„მაგალითად სოფელში, სადაც 10-12 აღსაზრდელია, საჭირო არ არის ბაღის შენობის აშენება, რაც დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. ნუ მივუდგებით ამ პრობლემის გადაჭრას სტანდარტული გზებით, მრავალფეროვნება წავახალისოთ. მაგალითად, იმ ბავშვებიდან ერთ-ერთის მშობელი გადაამზადოს სახელმწიფომ, გადაუხადოს ხელფასიც და მან დღეში 2-3 საათი იმუშაოს ბავშვებთან. ნუ წარმოვიდგენთ, რომ სკოლამდელი განათლება ნიშნავს ორსართულიან შენობას, სადაც დილაობით აღმზრდელი ეგებება ბავშვს და დღეში სამჯერადი კვებაა. სკოლამდელი განათლება ეს არის იმ ქმედებებისა და მუშაობის ერთობლიობა, რომელიც ბავშვის განვითარებაზეა ორიენტირებული. საამისოდ დღეში 2-3-საათიანი მუშაობაც საკმარისია.“
გიორგი მესხიძე საჭიროდ მიიჩნევს, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს განათლება, განვითარება და სხვა სერვისები. მაგალითად პოლონეთის პრაქტიკის მიხედვით, სახელმწიფო სკოლამდელი აღზრდის 4 საათს აფინანსებს ყველა ბავშვისათვის, განურჩევლად მათი სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობისა, დანარჩენ მომსახურებას კი - პრიორიტეტის მიხედვით, მაგალითად, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს. მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელიც სოციალურად დაუცველი არ არის, მომსახურების დამატებითი საათების ხარჯს თავად ანაზღაურებს.
სკოლამდელ აღზრდას განსაკუთრებით დადებითი შედეგი აქვს იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, არახელსაყრელ პირობებში ვარდებიან, ხელი არ მიუწვდებათ საბავშვო ლიტერატურაზე, სათამაშოებზე, არ ხდება მათი განვითარების სტიმულირება, - ამბობს ანა ჯანელიძე. მისივე განმარტებით, სწორედ ამიტომ ბევრ ქვეყანაში პოლიტიკა ისეა აგებული, რომ პირველ რიგში აკმაყოფილებდეს სწორედ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ეს გარეგანი მხარდაჭერა.
თუმცა ჯანელიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ხელმისაწვდომობის გაზრდა ერთადერთი მიზანი არ არის, მთავარია ხარისხის გაუმჯობესება, რომელიც ხელმისაწვდომობისგან განსხვავებით, წლების განმავლობაში პოზიტიურისკენ არ შეცვლილა.
ხარისხიანი სკოლამდელი განათლება სპეციალისტების შეფასებით, ისეთ საკითხებთანაა დაკავშირებული, როგორებიცაა: ჯგუფებში აღმზრდელისა და ბავშვის თანაფარდობა, ასაკობრივად შესაბამისი კურიკულუმი, ენობრივად მდიდარი გარემო, გულისხმიერი ურთიერთობები ბავშვებსა და უფროსებს შორის, თავისუფალი თამაშისა და არჩევნის შესაძლებლობა და აღმზრდელების მაღალი კვალიფიკაცია.
სპეციალისტები აღნიშნავენ იმასაც, რომ თუკი აღმზრდელი პედაგოგი კვალიფიციურია, სხვა მიზნები უფრო ადვილად მიიღწევა.
თუმცა, როგორც კვლევები ცხადყოფს, აღმზრდელების დაბალი კვალიფიკაცია ქვეყანაში სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სწრაფად მოსაგვარებელი პრობლემაა.
გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წარმოებული კვლევის თანახმად, 2012 წელს სისტემაში დასაქმებული აღმზრდელების 31%-ს შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ან უმაღლესი განათლება არ ჰქონდათ.
კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონი“, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წლის ივნისში მიიღო, აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებას ითვალისწინებს.
კანონი ითვალისწინებს როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღებში სასკოლო მზაობის პროგრამას 5 წლის ბავშვებისათვის; ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის მექანიზმის შექმნას; განათლების, ჰიგიენისა და სანიტარიის, კვების, ფიზიკური გარემოს საერთო ეროვნული სტანდარტების შემუშავებას.
აქამდე არ არსებობდა ერთიანი სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ დაარეგულირებდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდის სფეროს. არსებობდა მხოლოდ ჩანაწერი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში (მე-16 მუხლი), რომლის თანახმად, „მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა“ მუნიციპალიტეტის ფუნქციაა.
ახალი კანონის იმპლემენტაცია რამდენიმე ეტაპად მოხდება, პირველი ფაზა კი 2017 წლის 1 აპრილს დასრულდება.
კანონით, მკაფიოდ იმიჯნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებები და საქართველოს მთავრობის, ცალკეული სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების კომპეტენციები.
კანონის თანახმად, დღემდე არსებულ სააღმზრდელო დაწესებულებებში განათლების კომპონენტი შედის. დეფინიცია „სკოლამდელი განათლება“ აქამდე არც ერთი კანონით არ ყოფილა განსაზღვრული.
შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეიმუშავებს სკოლამდელი განათლების პოლიტიკასა და სტრატეგიას, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს; ადგენს აღმზრდელი-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს; მოამზადებს საგანმანათლებლო და მეთოდოლოგიურ რესურსებს ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით და უზრუნველყოფს ამ რესურსების ხელმისაწვდომობას მუნიციპალიტეტებისთვის; სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტანდარტების განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავებს მონიტორინგის სისტემას; მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე კი შეიმუშავებს რეკომენდაციებს და წარუდგენს მინიციპალიტეტებსა და სკოლამდელ დაწესებულებებს.
სისტემაში მყოფი აღმზრდელები, რომლებსაც დაეკისრებათ საგანმანათლებლო აქტივობების წარმართვა, მიიღებენ აღმზრდელი-პედაგოგის სტატუსს.
„სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ასევე აღმზრდელი-პედაგოგის პროფესიული სტანდარტები გაეროს მოსახლეობის ფონდის დახმარებით უკვე მომზადდა. ამჟამად ეს დოკუმენტები გადამუშავების პროცესშია და ვიმედოვნებთ, სულ მალე დასამტკიცებლად იქნება წარდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ ვადა 2017 წლის აპრილამდე გვაქვს“, - ამბობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური.
აღმზრდელ-პედაგოგთა ტრენინგ მოდული ამჟამად იწერება. მოდულის დამტკიცების შემდგომ, პირველ რიგში, ამ ტრენინგს გაივლიან ბაღების სააგენტოებისა და დიდკონტინგენტიანი ბაღების მეთოდისტები, რომლებიც, თავიანთ მხრივ, ადგილებზე ყველა სხვა აღმზრდელ-პედაგოგს გადაამზადებენ.
„ჩვენი ხედვაა, რომ პროფესიული განვითარების პროგრამები იყოს პერმანენტული. მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი პრობლემებისა და საჭიროებების შესაბამისად, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი კონკრეტულ პედაგოგ-აღმზრდელების ჯგუფებთანაც იმუშავებს. ტრენინგებს დავიწყებთ საპილოტე რეჟიმში და შემდგომში უკვე სავალდებულო სახეს მიიღებს ყველა აღმზრდელი პედაგოგისა და მეთოდისტისათვის. საპილოტო ტრენინგებში მეთოდისტები სურვილის მიხედვით მიიღებენ მონაწილეობას. პირველ ეტაპზე 200 მეთოდისტის გადამზადებაა დაგეგმილი“, - ამბობს ლია გიგაური.
ლია გიგაურის თქმით, მომავალში კვალიფიციური აღმზრდელი-პედაგოგებისა და აღმზრდელების მომზადების მიზნით დაგეგმილია, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე შეიქმნას შესაბამისი სასწავლო კურსები და მოდულები. ამ საკითხზე სამინისტროში ახლა მუშაობენ, კონკრეტული ვადები ჯერ ცნობილი არ არის.
მიღებული კანონის მიმართ სპეციალისტები სკეპტიკურად არიან განწყობილნი.
„სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი, კონკრეტული გეგმა და ამ გეგმის შესაბამისი კონკრეტული დაფინანსება. ამის გარეშე, რაც უნდა კანონები ვწეროთ, არაფერი არ შეიცვლება. თავის მხრივ, ცუდი არ არის აღმზრდელი-პედაგოგებისთვის ტრენინგების გამართვა, მაგრამ რა შედეგს მოგვცემს ეს? თუ სახელმწიფომ არ დადო მათი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც სახელფასო დაინტერესებაზე იქნება მიბმული, ეს ტრენინგები არაფერს არ შეცვლის, ხანგრძლივ პერსპექტივაში შედეგის მომტანი არ იქნება“, - ამბობს ნინო ცინცაძე.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ხელმისაწვდომობის გაზრდა, ხარისხის გაზრდის პარალელურად უნდა მოხდეს. სახელმწიფოს პოლიტიკა კი სკოლამდელ აღზრდასთან დაკავშირებით კონკრეტული და მიზანმიმართული უნდა იყოს, რათა ის მოწყვლადი ჯგუფები, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, კვლავ სისტემის მიღმა არ აღმოჩნდნენ.