Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფრანცისკე - #ShepardOne

29 სექტემბერი 2016

“არ დაგავიწყდეთ, ილოცეთ ჩემთვის!” - რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს ეს სიტყვები მსოფლიოს არაერთ მოედანზე, ტაძარსა თუ სალოცავთან შეკრებილი მრევლისთვის უთქვამს. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური, ეს ფრაზა შარშან ნიუ-იორკში გამოდგა, როდესაც პაპმა მედისონ სქუეარ გარდენზე მის მოსასმენად მისულ 20 ათასზე მეტ ადამიანს მიმართა.

ფრანცისკეს გამოჩენა დარბაზში, სადაც ტრადიციულად როკკონცერტები და სპორტული ღონისძიებები იმართება, ერთი  შეხედვით უჩვეულო იყო, მიუხედავად ამისა 79 წლის, კომუნიკაბელურობით გამორჩეულ არგენტინელ პაპს როგორც ყოველთვის პუბლიკისგან ოვაციების მიღება არ გასჭირვებია. 741 წლის შემდეგ ხორხე მარიო ბერგოლიო პირველი პონტიფიკოსია, რომლის წინაპრების ძვლები ბებერ კონტინენტზე არ ასვენია. მისი მიზანი წმინდა საყდრის რეფორმირებაა და ეს ბუენოს აირესის ყოფილმა არქიეპისკოპოსმა სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლის ამოსვლის შემდეგ, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებთან პირველივე გამოჩენისას დაამტკიცა.

“ღარიბი ეკლესია ღარიბებისთვის” - ასე ხედავს პირველი იეზუიტი პაპი რომის კათოლიკური ეკლესიის მომავალს. პონტიფიკოსმა სახელიც შესაბამისი შეირჩია - ფრანცისკე - კათოლიკე წმინდანი, რომელიც ღარიბებთან ცხოვრობდა და ავადმყოფებს კურნავდა. ასიზელი მქადაგებლის პოპულარობას იმ პერიოდში ფუფუნებას მიჩვეულმა ეკლესიამ ვერაფერი მოუხერხა.

წლების შემდეგ ახალარჩეული პაპის მორიდებულმა განცხადებებმა და ქცევამ, რამაც ლამის მთელი მსოფლიო აალაპარაკა, არაერთი კარდინალი კვლავ გააოცა. ფრანცისკემ პირველივე დღეებში მიიქცია მედიის ყურადღება. მან უარი თქვა ფეშენებელურ ლიმუზინზე, პაპის რეზიდენციაში სტუმრებისთვის გამოყოფილ ოთახში ცხოვრობს და პორტფელს თავად ატარებს.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურის გამოსვლებში “ველური კაპიტალიზმის“ კრიტიკა ხშირად ისმის, რაც მთელ მსოფლიოში არაერთხელ იქცა სენსაციად. “კათოლიკათა მწყემსი”, რომელიც ღარიბებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, პატიმრებს ხშირად სტუმრობს, ღვთისმსახურებს მოუწოდებს, ხშირად შეხვდნენ სამწყსოს ყველაზე სუსტ წევრებს და პირადად გაეცნონ მათ პრობლემებს. ფრანცისკე ამბობს, რომ “ყველზე დიდი რევოლუციონერი იესო ქრისტე იყო და ქრისტიანები რევოლუციური ცვლილებებისთვის მზად უნდა იყვნენ”. როგორც აღმოჩნდა ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ვატიკანი დღეს ისეთი აღარ არის, როგორც ფრანცისკემდე იყო.

266-ე პონტიფიკოსი რომის კურიასთან დაახლოებული ისედაც არასდროს ყოფილა. “ლა სტამპასთან” ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში ფრანცისკემ წმინდა საყდრის მთავარ პრობლემად სულიერების ნაკლებობა და კურიის წევრთა კარიერული ამბიციები დაასახელა. ბიუროკრატიასთან გაბედული ბრძოლისა და რეფორმატორობის გამო პაპმა ბევრი მტერი შეიძინა. პონტიფიკოსად კურთხევიდან 9 თვეში ჟურნალმა TIME-მა ფრანცისკე წლის ადამიანად დაასახელა. პაპის ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად ვატიკანის ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობაზე მკაცრი ზედამხედველობის დაწესება ითვლება. სასულიერო პირების მიერ ფულის გათეთრების, სოლიდური თანხების არამიზნობრივი ხარჯვისა და არაერთი აგორებული სკანდალის გამო კათოლიკური ეკლესიის შელახული რეპუტაციის აღდგენა რთული აღმოჩნდა. 2015 წლის დეკემბერში პაპის განკარგულებით წმინდა საყდარში დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიაც კი შევიდა.

კიდევ ერთი მძიმე ტვირთი, რომლის ტარებაც ფრანცისკეს მემკვიდრეობით უწევს კათოლიკურ ეკლესიაში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებია. რომის პაპმა პირველივე გამოსვლებში განაცხადა, რომ მოძალადეების მიმართ “ნულოვანი ტოლერნატობის” პოლიტიკას გაატარებს. ფრანცისკეს ინიციატივით შეიქმნა კომისია, რომლის წევრებიც პაპს საჭირო რეფორმის გატარებაში ეხმარებიან. კომისიის შემადგენლობაში არიან უფლებადამცველები, იურისტები, ფსიქოლოგები და ის ადამიანებიც, ვინც თავად იყო ძალადობის მსხვერპლი.

ეკლესიაში სექსუალური ძალადობის საქმეთა გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნაც იყო დაგეგმილი, თუმცა ამ იდეის ხორცშესხმა იურიდიული და ბიუროკრატიული ბარიერების გამო დღემდე ვერ მოხერხდა. 2016 წლის ივნისში პონტიფიკოსმა ახალი განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც ვატიკანი მზადაა დაიწყოს იმ სასულიერო პირთა საქმეების შიდა გამოძიება, რომლებსაც ძალადობაში ადანაშაულებენ. ეს ეხება არა მხოლოდ მღვდლებს, არამედ იმ ეპისკოპოსებსაც, რომლებიც დამნაშავეებს ხშირად ხელს აფარებენ. თუმცა როგორც ძალადობის მსხვერპლთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, ეს არ არის საკმარისი, რადგან იმის ნაცვლად, რომ ეჭვმიტანილი სასულიერო პირები ეკლესიიდან მოეკვეთათ და მათი საქმეების გამოძიება სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის გადაეცათ, ვატიკანში გადაწყვიტეს, რომ ეს პროცესი წმინდა საყდრის კედლებს არ უნდა გასცდეს.

ფრანცისკეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეკლესიაში ქალების როლის გაზრდას უკავშირდებოდა. აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც დაადგენს, შეიძლება თუ არა ქალი გახდეს დიაკვანი. კათოლიკურ ეკლესიაში დიაკვანს შეუძლია იქადაგოს, ჩაატაროს ნათლობისა და ჯვრისწერის რიტუალი. დღეს მოქმედი წესებით ამის უფლება მხოლოდ მამაკაცებს აქვთ. მანამდე ასევე ფრანცისკეს გადაწყვეტილებით გაუქმდა წესი, რომელიც ქალებს ფეხთბანის რიტუალში მონაწილეობას უკრძალავდა. კონსერვატორები, რომლებიც ვატიკანში მრავლად არიან, პაპის ამ განკარგულებით კმაყოფილები არ დარჩენილან. მათ გულისწყრომას იწვევს პაპის ისეთი ხმაურიანი განცხადებებიც, რომელშიც კათოლიკური ეკლესიის მეთაური ამბობს, რომ ქრისტიანებმა ბოდიში უნდა მოუხადონ იმ ჯგუფებს, რომელთა მარგინალიზაციაში ბრალი ეკლესიასაც მიუძღვის, მათ შორის გეებსაც. “თუ ასეთ ადამიანები ღმერთისკენ ისწრაფვიან, ვინ ვართ ჩვენ, რომ ისინი განვსაჯოთ?” - ამბობს რომის პაპი.

უმცირესობების გარდა, ფრანცისკე პატივისცემით ეპყრობა სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებს და მათთან ერთად ხშირად ატარებს ღვთისმსახურებას. მისი აზრით, “განსხვავებული მრწამსის მიმდევართა ურთიერთობა კონფლიქტების გადაჭრის გასაღებია”.

დიდი დაკვირვება არც იმას სჭირდება, რომ რომის პაპი პოლიტიკაშიც აქტიურია. ფრანცისკე არის პირველი პაპი, რომელიც აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოვიდა. სწორედ მისი მეთაურობით აღიარა წმინდა საყდარმა პალესტინა სახელმწიფოდ, რამაც ისრაელის უკმაყოფილება გამოიწვია. სხვადასხვა ცნობებით ფრანცისკემ დიდი წვლილი შეიტანა აშშ-ისა და კუბის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაში. სირიაში სამოქალაქო ომის დასრულების მიზნით, დახურულ კარს მიღმა აქტიურად მოუწოდებდა აშშ-ს, ირანსა და რუსეთს თანამშრომლობისკენ, იყენებდა ყველა ბერკეტს, რათა ირანთან ბირთვული პროგრამის გარშემო დავა დასრულებულიყო. ფრანცისკესგან ხშირად მოისმენთ ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკასაც, განსაკუთრებით მათ კრიტიკას, ვინც მიგრანტების მიმართ “სათანადო გულისმიხმიერებას” არ იჩენს. ივნისში ერევანში ვიზიტის დროს კი პაპმა ოსმალეთის იმპერიის მმართველების დროს სომეხთა მკვლელობას გენოციდი უწოდა, რასაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ანკარის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

კათოლიკური ეკლესიის მეთაური ასევე ბუნების აქტიური დამცველიცაა. ეკოლოგიის საკითხებს მან საგანგებოდ ენციკლიკაც (საჯარო წერილი, რომელითაც პაპი მთელ ეკლესიას მიმართავს) კი მიუძღვნა, სადაც კლიმატური ცვლილებების გამომწვევ მიზეზებსა და ამ პრობლემის დაძლევის გზებზე ვრცლად ისაუბრა. საინტერესოა, რომ ამ წერილში ფრანცისკე არა მხოლოდ კათოლიკეებს ან თუნდაც მხოლოდ ქრისტიანებს, არამედ პლანეტაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს მიმართავს. შეძლებს თუ არა “ხალხის პაპად” წოდებული ფრანცისკე დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანის გულის მოგებას? “ტვიტერსა” და “ინსტაგრამზე” მისი პირადი გვერდის მიმდევართა რაოდენობა ადასტურებს, რომ ის ამას ნამდვილად ცდილობს.

3 წლის მანძილზე რომის პაპმა არაერთი ქვეყანა მოინახულა. მესა აღავლინა კოპაკაბანას პლაჟზე, ჰავანას რევოლუციის მოედანსა და  კონფლიქტით მოცულ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქშიც კი.  სიტყვით გამოვიდა გაერო-ის გენერალურ ასამბლეაზე, ევროპარლამენტში და აშშ-ის კონგრესში. ილოცა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და აუშვიცის ბანაკში.

პაპომობილში მჯდომი ფრანცისკე  ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ლათინულ ამერიკაშიც უნახავთ. ვიზიტების დროს ის ყოველთვის ცდილობს მათ მონახულებას, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს.

1 ოქტომბერს კი პაპის ფრაზას - "არ დაგავიწყდეთ, ილოცეთ ჩემთვის!" - უკვე თბილისში მოისმენენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^