ქართულ ტელესაკომუნიკაციო სივრცეში ახალი კომპანია “Black Sea Sat”გამოჩნდა. კომპანიამ 1 ივნისს მახათას მთაზე კავკასიის რეგიონში პირველი თანამგზავრული გადამცემი სადგური, იგივე ტელეპორტი გახსნა. „ბლექსისატის“ პროექტით, აბონენტებს 28 ქართული არხის სიგნალის მიღება თურქული სახელმწიფოთანამგზავრის “თურქსატის” მეშვეობით შეეძლებათ.
“გლობალTV”-ის მარკეტინგის დირექტორი ზურაბ ბაზლიძე ამბობს, რომ “ბლექსისატის” შექმნა ხელისუფლების მხრიდან „გლობალისთვის“ გავრცელება-განვითარების შეზღუდვის კიდევ ერთი მცდელობაა.
„გლობალTV“ აქამდე ერთადერთი საკაბელო კომპანია იყო, რომელმაც სამაუწყებლო ბადეში „მეცხრე არხი“ ჩასვა. კომპანია 2004 წელს დარეგისტრირდა და მისი 66%ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს ეკუთვნის.
ვინ ფლობს “ბლექსისატს”?
“ბლექსისატი” იგივე შპს. “მედიაქეიშენი” 2011 წლის მარტში დარეგისტრირდა. 2011 წლის ივლისის მონაცემებით, “მედიაქეიშენის” 70%-იან წილი შპს. “ბლექსიგრუპს” ეკუთვნის. “ბლექსიგრუპის” 75 %-სკი შპს.“ბლექსიროუდი” ფლობს.
“ბლექსიროუდი” 2005 წელს დარეგისტრირებული კომპანიაა, რომლის თანაბარ წილებს გიორგი კალანდაძედა კომპანიის გენერალური დირექტორიამირან მამუჭაძე ფლობენ.
“ბლექსიროუდი” საქართველოში, ძირითადად, საგზაო სამუშაოებს ახორციელებს. თავად კომპანიის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, რომ 2005 წლიდან“ბლექსიგრუპის” მსხვილ დამკვეთებს შორის არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საავტომობილო დეპარტამენტი, მერიის კეთილმოწყობის სამსახური, მუნიციპალური განვითარების ფონდი. კომპანია საქმიანობს სხვა სფეროებშიც, “ბლექსივაინის”ეგიდით უშვებს “საფერავისა” და „წინანდლის“ სამარკო ღვინოებს, მონაწილეობს კახეთის ინფრასტრუქტურის მშენებლობაშიც. “ბლექსიგრუპს” აქვს 3 მობილური საწარმოო-ტექნოლოგიური ბაზა, 3 ასფალტის ქარხანა,ბეტონისა და ბეტონკონსტრუქციების ქარხანა, ქვაფენილისა და ბორდიურების საამქრო და სხვა საწარმო-დანადგარები.
ტელეპორტის საზეიმო გახსნას „თურქსატის“ პირველი პირები და თურქეთისა და საქართველოს ვიცე-პრემიერები ესწრებოდნენ. გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თანამგზავრზე გასვლის უფლება ყველა არხს ექნება.„ბლექსისატის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ცქიტიშვილმა კი აღნიშნა, რომ ისინი „მე-9 არხის“ გადაცემების ტრანსლირებისთვის მზად არიან. თუმცა, როგორც „მეცხრე არხის“, ისე „გლობალTV“-ის ხელმძღვანელებს ამ შეთავაზების მიღება გაუმართლებლად მიაჩნიათ, რადგან ეს “ბლექსისატს” სატელიტური მაუწყებლობის მონოპოლისტად აქცევს.
მონოპოლიის საფრთხე
ბაზლიძის თქმით, “ბლექსისატს” სურს საქართველოში “თურქსატის” ერთადერთი პარტნიორი გახდეს. ამ შემთხვევაში ნებისმიერი ქართული არხი, რომელსაც სატელიტური მაუწყებლობა დასჭირდება, იძულებული გახდება მოლაპარაკებები პირდაპირ „თურქსატთან“ კი არ აწარმოოს, არამედ ჯერ “ბლექსისატს” მიმართოს. ის კი თავისი სურვილისამებრ გადაწყვეტს, ჩართოს თუ არა ეს არხი თავისი მომსახურების პაკეტში.” შესაბამისად, თუ “ბლექსისატი” მომხმარებელს ყველა ქართული არხისგან შემდგარ პაკეტს შესთავაზებს, ის “გლობალთან” ერთად სხვა საკაბელო ოპერატორებსაც შეავიწროვებს.
„ხელისუფლებას ცდილობს მისი ფრთის ქვეშ არსებულმა კომპანიამ ყველა ის საშუალება აკონტროლოს, რომლითაც ინფორმაციის გავცელებაა შესაძლებელი. ესენია სარელეო ანძები და ხაზები, სატელიტური და საკაბელო მაუწყებლობა. ამის შემდეგ აღარ შეეშინდებათ, რომ ოპოზიციური ტელევიზიები მათგან დამოუკიდებლად ჩაერთვებიან სადმე.“ - ამბობს ბაზლიძე.
"ბლექსისატის" გენერალური დირექტორი მამუკა ცქიტიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში არ გამორიცხავდა იმ შესაძლებლობას, რომ "თურქსატმა" არხების გაერთიანებული ტრანსლირება მოითხოვოს. თუმცა, აცხადებდა, რომ ერთიანი სიგნალის მიწოდება ქვეყნისთვისაც და "თურქსატისთვისაც" სასარგებლო იქნება, რადგან ამით არხების ჩვენების ხარისხი აიწევს.
“თურქსატმა” ქართულ არხებს, „მაესტროს“, „კავკასიასა“ და „მეცხრე არხს“ უკვე შესთავაზა, რომ მასთან პირდაპირი ხელშეკრულების მოქმედება შეაჩერონ და მაუწყებლობის უფლებისთვის “ბლექსისატს” მიმართონ. “თურქსატი” მზად იყო “მეცხრე არხისგან” 3 თვის განმავლობაში გადახდილი თანხა, როგორც პირგასამტეხლო, უკან დაებრუნებინა. თუმცა, “მეცხრე არხი” თანამგზავრზე ჯერჯერობით კვლავ ინდივიდუალურ კონტრაქტორად რჩება. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ კი “თურქსატს” მათი სიგნალის გათიშვა და მაუწყებლობის გარეშე დატოვება თავისუფლად შეეძლება.
კახა ბექაური ამბობს, რომ „ბლექსისატი“ ჯერ კიდევ აპრილში ცდილობდა “მეცხრე არხის” გავრცელებისთვის ხელის შეშლას: „მათ „თურქსატს“ წერილი მისწერეს, რომ უარი ეთქვა „მეცხრე არხის“ მომსახურებაზე და მაუწყებლობის “ბლექსისატით” განხორციელებსა შეეთავაზებინა. შემდეგ ჩვენ ჩავედით თურქეთში და კომპანიას განვუცხადეთ, რომ სწორედ მასთან გვსურდა კონტრაქტის გაგრძელება. ასევე ვთხოვეთ, არ შეეწყო ხელი საქართველოში კიდევ ერთი მონოპოლისტის შექმნისთვის,“ - აცხადებს ბექაური.
„ბლექსისატმა“ ივნისიდან რისივერებისა და პაკეტების გაყიდვა უკვე დაიწყო.
რატომ “თურქსატი?”
“გლობალTV”-ში განმარტავენ, რომ “თურსატი” ქართული ბაზრისთვის ოპტიმალური არჩევანია, რადგან უკვე არსებული მიმღები თეფშების დაახლოებით 90%სწორედ მისკენაა მიმართული. ქართული არხების უმეტესობა კი თითქმის 10 წელია, სწორედ „თურქსატის“ მეშვეობით მაუწყებლობს. „თურქსატზე“ ახალი არხის გაჩენისას მისი ნახვა მაყურებელს მარტივი ტექნიკური ოპერაციის განხორციელებით შეუძლია, მაგრამ თუ მისთვის საინტერესო არხი სხვა თანამგზავრზე იქნება, მას ახალი თეფშის დამონტაჟება და დამატებითი ხარჯები დასჭირდება.
„გლობალTV”-ის პრობლემები
„გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ გაზაფხულზე საკუთარი სიგნალებს ტრანსლირების შეწყვეტა 5-მა ქართულმა არხმა “რუსთავი 2-მა” „იმედმა“, „საქართველომ“, „მზემ“ და„ახალმა არხმა“ მოსთხოვა. ამასთან, „რუსთავმა“ და „იმედმა“ აპრილში სასამართლოს მიმართეს, რომ „გლობალს“ მათი სატელიტური სიგნალების პასიური მიღებაც შეეწყვიტა.
ტელეკომპანია „იმედის“ მიერ “გლობალისთვის” გაგზავნილ წერილში განმარტებულია, რომ “იმედის” მფლობელი კომპანია “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ახალი საკაბელო ტელევიზიის „ბლექსისატის“ შექმნაში მონაწილეობდა და ტელეკომპანიას „მიზანშეწონილად მიაჩნია მისი რეტრანსლაცია მოხდეს პარტნიორი და არა კონკურენტი საკაბელო ტელევიზიის მეშვეობით.“ აღსანიშნავია, რომ სხვა კონკურენტ საკაბელო კომპანიებთან “იმედს” ურთიერთობა არ გაუწყვეტია და მისი რეტრანსლირება ჩვეულებრივ გრძელდება „სილქTV“-ისა და “სუპერTV“-ის მეშვეობით.
პრობლემები შეექმნა „გლობალის“ 17%-ის ამერიკელ მფლობელ ალექსანდრ რონჟესსაც. ის 14 ივნისს თბილისის აეროპორტიდან გამგზავრებისას, რეგისტრაციის გავლის შემდეგ დააკავეს და მისი დაკითხვა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, რონჟესი უკანონო შემოსავლების ლეგალიზების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით მოწმის სახით დაიკითხა. მოგვიანებით რონჟესი გაათავისუფლეს, მან საქართველო დატოვა.
18 მაისს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ “გლობალTV”-ის 12 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მიზეზად კომპანიის პარტნიორთა შორის წილის გასხვისება გახდა, რაც კომისიისთვის არ შეუტყობინებიათ. თუმცა, “გლობალში” ამბობდნენ, რომ გასხვისებული წილის ოდენობა 5%-ს არ აღემატებოდა და ამიტომ შეტყობინების ვალდებულება არ ჰქონდათ.
28 მაისს კი კომისიამ “გლობალი” 5 ათასი ლარით დააჯარიმა და ტაბახმელადან მახათას მთამდე სადავო სიხშირის გამოყენება აუკრძალა. კომპანიამ სანქცია გაასაჩივრა, თუმცა, სასამართლომ არც მათი სარჩელი დააკმაყოფილა და არც ჯარიმა გააუქმა.
„გლობალTV“-იმ აბონენტებს საკუთარი სატელიტური თეფშები და რისივერები განვადებით შესთავაზა და მათი მონტაჟი რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობდა.თუმცა, 21 ივნისს პროკურატურამ სასამართლოს “გლობალTV”-ის დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაღადაღების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. „კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად ცალკეული პირები კვლავ აგრძელებდნენ ამომრჩევლებისთვის პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით სატელევიზიო ანტენების გადაცემას,“ - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში. იმავე დღეს,სასამართლოს გადაწყვეტილებით, „გლობალის“ დაახლოებით 100 000-მდე თეფში და მაუწყებლობისთვის საჭირო ტექნიკა დააყადაღეს. კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ზურაბ ბაზლიძისთვის გაუგებარია, თუ არა პოლიტიკური მოტივი, რატომ უნდა მომხდარიყო ტექნიკის დაყადაღება: „ჩვენ გავითვალისწინეთ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს რეკომენდაციები, რომელმაც ჩვენი ბიზნესგეგმა არაკომერციულად მიიჩნია. მომსახურების პაკეტის ფასი გავზარდეთ, განვადების პერიოდი კი შევამცირეთ. კომპანიას არ აქვს პოლიტიკური ინტერესები, ჩვენ მხოლოდ კომერციული საქმიანობის განხორციელება გვსურს“- ამბობს ბაზლიძე.
ბრძოლა პოტენციური მომხმარებლისთვის
„გლობალTV“ ზარალს ნახულობს იმით, რომ ტექნიკის რეალიზაციის საშუალება არ აქვს. ამავე დროს კარგავს პოტენციურ „თავისუფალ მომხმარებელსაც“. როცა ამ მიმართულებით “გლობალTV”, ფაქტობრივად, გაჩერებულია, ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს სხვა კომპანიები დააკმაყოფილებენ.
იგივე მდგომარეობაა GMG-ისთან დაკავშირებითაც. „გლობალი“ თითქმის მთელი წლის განმავლობაში ავრცელებდა ამ არხებს. იმ პირობებში კი, როცა მას საკმაოდ არასტაბილური მდგომარეობა აქვს, GMG-ის შეუძლია „ბლექსისატის“ გავრცელების რეგიონით ისარგებლოს.
აღსანიშნავია, ისიც, რომ ე.წ. Must Carry-ის პრინციპი, რომლის დანერგვის პირობაც საარჩევნო პერიოდში ხელისუფლებამ დადო, “ბლექსისატს” ყველა ნაციონალური არხის გადაცემას არ დაავალდებულებს, რადგან „მასთ ქერი“ საკაბელო ოპერატორებს ეხება, “ბლექსისატი” კი სატელიტური მაუწყებელია.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის 2011 წლის მედიაკვლევის თანახმად, ქართული ოჯახების დაახლოებით 43% სატელევიზიო სიგნალს საკაბელო პროვაიდერი სატელიტური თეფშის მეშვეობით იღებს. “მაესტროს” და “კავკასიაTV” ის გადაცემების ნახვა მოსახლეობის 1/3-ს შეუძლია.“მეცხრე არხის” გადაცემების მიღება მოსახლეობას მხოლოდ ონლაინ ლაივსტრიმის, სატელიტ “თურქსატისა” და „გლობალTV“-ის მეშვეობით გადაიცემა. „გლობალს“ 18 ათასამდე აბონენტი ჰყავს. რაც შეეხება თეფშებს, კომპანიას დაახლოებით 60 000 ანტენა ჰქონდა უკვე დამონტაჟებული. ანტენების დაყადაღების გადაწყვეტილება "გლობალTV"-იმ სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.