მედიის წარმომადგენლებმა პოლიტიკური პარტიებისთვის წინასაარჩევნო პროგრამების შესახებ კითხვების დასმა წინაასარჩევნო პერიოდის გამოცხადებიდანვე დავიწყეთ, თუმცა მსხვილმა პარტიებმა პროგრამები მხოლოდ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოამზადეს. თქვენ როგორ აფასებთ ამ პროცესს. შეხვდნენ თუ არა 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდს პარტიები უფრო მომზადებული?
ის, რომ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე არ ჰქონდათ საარჩევნო პროგრამები, ეს, ერთი მხრივ, შესაძლებლობების პრობლემაა. არსებობს მთელი რიგი საკითხები/თემები, სადაც პარტიების ორგანიზაციული კომპოტენციები სუსტია. არიან პარტიები, რომლებსაც კარგი შესაძლებლობები აქვთ, მაგალითად, ადამიანის უფლებებზე სამუშაოდ. მაგრამ ძალიან იშვიათად გხვდება პარტიები, რომლებსაც შეუძლიათ ეფექტურად და კომპეტენტურად იმუშაონ იმ საკითხების ერთობლიობაზე, რომლებიც ქვეყანას აწუხებს. მეორე მიზეზი პოლიტიკური დინამიკაა, რომელიც წინაასარჩევნოდაა შექმნილი. ამაში იგულისხმება გადაჯგუფება - ახალი ბლოკებისა და გაერთიანებების შექმნა/ვერშექმნა, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უშლის პარტიების მიერ საერთო პოზიციის ჩამოყალიბებას. ძირითადად ეს ორი ფაქტორია: კომპეტენციები, ორგანიზაციული შესაძლებლობები და პოლიტიკური დინამიკა.
ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს იმითაც არის განპირობებული, რომ თავად პარტიები პროგრამებს დიდი მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ფიქრობენ, რომ ამომრჩეველს ის არ აინტერესებს, არ კითხულობს. შესაბამისად, ნაკლებ ძალისხმევას უთმობენ პროგრამებზე მუშაობას.
დღეს ძალიან იშვიათია პოლიტიკური პარტია, რომელიც ამბობს, რომ პროგრამას მნიშვნელობა არ აქვს. ბოლო პერიოდში იმდენი საინტერესო რამ არის წასაკითხი, რომ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა დახარჯონ მეტი ენერგია, უნდა დახვეწონ საკუთარი კომუნიკაციის ფორმები, იმისათვის, რომ საკუთარი პოლიტიკური ხედვები მიაწოდონ საზოგადოებას. არც მე მგონია, ბევრი იყოს ისეთი ამომრჩეველი, რომელიც 100-გვერდიან პროგრამას წაიკითხავდა. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა. მაგრამ მნიშვნელოვანი აქ სხვა რამაა - შემდეგში როგორ მოხდება ამ პროგრამის სწორი კომუნიკაცია.
ის, რომ ამომრჩეველს პროგრამა არ აინტერესებს, არასწორია. ამომრჩეველს არ აინტერესებს გრძელი მოსაწყენი ტექსტების კითხვა. ამომრჩეველს აინტერესებს, რას ფიქრობს პოლიტიკური სპექტრი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად: ჯანდაცვის რეფორმა, განათლება, ბიუჯეტი, ეკონომიკა; რას ფიქრობენ გარემოს დაცვით საკითხებზე. ეს აინტერესებს და არა სქელტანიანი ტომების კითხვა.
როგორც აღნიშნეთ, შესაძლოა ამომრჩევლები არ კითხულობდნენ 100-გვერდიან პროგრამებს, თუმცა მნიშვნელოვანია ამ დაპირებების ამომრჩევლებამდე სწორად მიტანა. როგორ აფასებთ პოლიტიკური სუბიექტების შესაძლებლობებს კომუნიკაციის ნაწილში?
მთლიანობაში ამ შესაძლებლობებს ვაფასებ, როგორც სუსტს, მაგრამ ეს სუსტი იმაზე უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცები მისაღწევია. ერთ-ერთი დიდი სისუსტე ქართული პოლიტიკური პარტიების ისიც არის, რომ ზოგ მათგანს არ აინტერესებს, ზოგიერთს არ შეუძლია პროგრამის ამომრჩევლამდე მიტანა, მიზეზები სხვადასხვაა. მათ უჭირთ და არ ახორციელებენ ამომრჩეველთან სათანადო კავშირსა და ურთიერთობას არჩევნებიდან არჩევნებამდე. ეს, ერთი მხრივ, იწვევს იმედგაცრუებას, მეორეს მხრივ კი, ასუსტებს პოლიტიკური პარტიებს, რადგან ისინი კარგავენ კავშირს იმ ინტერესებთან, რომელიც საზოგადოებას გააჩნია და ვეღარ ახერხებენ დროულად ამ ინტერესების პოლიტიკურ ენაზე გადათარგმნას. ამის მიზეზი ბევრი ობიექტური პრობლემაა, მაგალითად, დაფინანსების საკითხი - ამ ყველაფერს ხარჯები სჭირდება. საქართველოში არჩევნები საკმაოდ ძვირი ჯდება ხოლმე. ეს ქართული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი დიდი პრობლემაა - არჩევნები ძვირია და ძალისხმევაა გასაწევი, რომ ხარჯები შემცირდეს.
პროგრამების შექმნის თვალსაზრისით პროგრესზეც მქონდა საუბარი. ერთ-ერთი პროგრესული ინდიკატორი, არის ის, რომ ბევრმა პარტიამ დაიწყო მუშაობა პარტიაში ისეთი ექსპერტების მოსაყვანად, რომლებიც დაწერენ პროგრამებს. ეს არის - ერთი ნაბიჯი წინ იმ მდგომარეობიდან, სადაც აქამდე ვიყავით. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მთავარი პროგრამის დაწერა არ არის. მთავარი ისაა, რომ პარტიას ქალაქებში, უბნებში, სოფლებში შესაბამისი ინსტიტუციური, ორგანიზაციული პროცესები უნდა ჰქონდეს ჩაშვებული. ის იქ უნდა აგროვებდეს და ამუშავებდეს იმ განწყობებს, რომლებიც კონკრეტული პარტიის ელექტორატს გააჩნია და შემდეგ საკუთარ ექსპერტებს უნდა იყენებდეს ამ განწყობების პოლიტიკურ პროგრამაში გადასათარგმნად. ეს იქნებოდა ნამდვილი დემოკრატული, პარტიული პროცესი, სადაც ქვევიდან ზევით ხდება პოლიტიკური პროგრამების ფორმირება. დღეისთვის მაინც სხვა მდგომარეობაა - პარტიული ელიტა მუშაობს პროგრამებზე, ან ცალკეული ექსპერტები წერენ მას. ეს მაინც კარგია.
- ახსენეთ კონსესუსურ საკითხებზე მრავალპარტიული შეთანხმებების მიღწევის ხელშეწყობა. პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის თემაზე ვიცით, რომ ამ ორგანიზაციამ გარკვეული ძალისხმევა გაწია. როგორ დასრულდა პროცესი?
ბევრი შრე შეიძლება გამოვყოთ. ჩვენ ვცდილობთ პარტიებს დავეხმაროთ, რათა მეტი ქალი ჰყავდეთ პოლიტიკურ პროცესში ჩართული. ერთ-ერთი მიღწევა, რომელიც შემიძლია გავიხსენო, ეს იყო გარკვეული ცვლილებები - წამახალისებელი მექანიზმები კანონში. ამ არჩევნების წინ მოვახერხეთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს კარგი დეკლარაცია შეექმნათ იმისთვის, რომ წინაასარჩევნო პერიოდში ქალთა მონაწილეობის საკითხი გაეთვალისწინებინათ. ძალიან ბევრი სამუშაო გავწიეთ ეროვნულ უმცირესობებთან პოლიტიკური პარტიების კავშირების გასაუმჯობესებლად და რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტიც განვახორციელეთ. რა თქმა უნდა, ის შეთანხმებები და პირობები, რომლებსაც ჩვენი ან სხვისი მხარდაჭერით პარტიები აღწევენ ხოლმე, არ სრულდება. მაგრამ ვფიქრობ, რომ ესეც პროცესის ნაწილია და თუ ავიღებთ დისკუსიებს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის თაობაზე, ეს დებატები ვერ შეედრება 5 წლის წინანდელ დებატებს. დღევანდელი დებატები ამ თემაზე ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო ადრე. 10 წლის წინ ამბობდნენ, რომ პოლიტიკა ქალების საქმე არაა; 5 წლის წინ ამბობდნენ, რომ ეს პრობლემა არ დგას; დღეს ამბობენ, რომ ეს პრობლემა არსებობს.
- არის თუ არა ამ პროგრამებში გამოტოვებული ან არასათანადოდ ასახული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც, თქვენი აზრით, ყურადღებას იმსახურებდა; იგივე უმცირესობები, ქალთა უფლებები...
ბევრი ასეთი თემაა. მე მგონია, რომ არის მთელი რიგი თემები, რომლებიც წინასაარჩევნოდ სათანადოდ დაფარული არაა. აქაც ისევ იქ მივდივართ, რომ არსებობს კომპეტენციების პრობლემაც, შიდაპარტიული პროცესების პრობლემაც და ასევე პოპულიზმის პრობლემაც. სუსტად არის წარმოდგენილი გარემოსთან დაკავშირებული თემები, პოლიტიკურ პარტიებს სჭირდებათ მეტი ყურადღება ისეთი საკითხების მიმართ, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ადამიანთა ცხოვრებას; ეკონომიკური საკითხები, სადაც ვხედავთ, რომ მთლიანად პოლიტიკურ სპექტრში შესაძლებლობების აშკარა დეფიციტია; მოწყვლადი ჯგუფების საკითხი, რომლებიც მიიჩნევა, რომ ეს არის ერთგვარი ხარკის გადახდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა ვალდებულებების მიმართ, რომ რაღაც ჩანაწერი უნდა გაკეთდეს და არა ის, რომ ისინი შენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ და მათი ინტერესებიც უნდა წარმოადგინო.