2016 წლის ზაფხულში გამართულ მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე ყველაზე დაბალი შედეგი დაწყებითი კლასების (I-IV) პედაგოგებმა აჩვენეს. უფრო კონკრეტულად კი გამოცდაზე სულ 3941 პედაგოგი დარეგისტრირდა, მათგან 3024 გამოცხადდა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი 31-მა მათგანმა გადალახა, რაც გამოცდაზე გასულთა 1% შეადგინა.
აქვთ თუ არა ყველაზე დაბალი შედეგი დაწყებითების პედაგოგებს და რამდენად რთულია ტესტი, რომელსაც ისინი საგნის გამოცდისას აბარებენ.
პირველად დაწყებითი კლასების (I-IV) პედაგოგების საგნის გამოცდა 2011 წლის ივლისში ჩატარდა. ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2011-დან 2016 წლის ჩათვლით დაწყებითების გამოცდაზე გასული პედაგოგებიდან ბარიერი 2833-მა გადალახა. ანუ დაწყებითი კლასების მოქმედი პედაგოგების დაახლოებით 12%-ს საგნის გამოცდა ჩაბარებული აქვს. მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით I-IV კლასის მასწავლებელთა რაოდენობა 23684-ია.
(მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით სულ 59742 პედაგოგია. წყარო: განათების მართვის საინფორმაციო სისტემა).
დაწყებითი კლასების პედაგოგების სტანდარტი მოითხოვს ქართულის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების ცოდნას და ტესტიც შესაბამისად არის კონსტრუირებული.
განათლების სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვინაიდან ტესტში სამი დისციპლინაა გაერთიანებული, ამიტომ ტესტი შესაძლოა პედაგოგებისთვის რთულად დასაძლევი იყოს და ამის გამო აჩვენეს ამგვარი შედეგი.
„დაწყებითების გამოცდაში შედის სხვადასხვა დისციპლინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საგნები ელემენტარულ დონეზეა შედგენილი, შესაძლოა ამიტომ ვერ ახერხებენ სამივე დისციპლინის დაძლევას. შესაძლოა პედაგოგს ჰქონდეს ფილოლოგის განათლება, მაგრამ არ იყოს მათემატიკოსი ან ბიოლოგი. ერთი დისციპლინის ცოდნით ვერ ახერხებენ სამივე დისციპლინის დაძლევას“, - ამბობს განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა.
პედაგოგების დაბალ პროფესიულ მომზადებაზე ამახვილებს ყურადღებას განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია:
„დაწყებითი მასწავლებლების მომზადება წარსულში საკმაოდ ცუდად ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთის აზრით, საბჭოთა კავშირში განათლება მაღალ დონეზე იყო. ბევრი გვყავს ისეთი პედაგოგი, რომლებსაც შინაარსი ძალიან ცუდად აქვთ ნასწავლი და ისე ასწავლიან სკოლაში; ან მომზადების მხოლოდ რამდენიმეთვიანი კურსების გავლის შემდეგ შევიდნენ პროფესიაში. მასწავლებლების რაღაც ნაწილი სისტემამ სკოლაში ცუდად მომზადებული შეუშვა. ახლა კი სისტემა ამბობს, რომ თუკი გამოცდებით დადასტურდება, რომ არასათანადოდ არიან მომზადებული, თურმე დადასტურების მექანიზმი არ ვარგა“, - ამბობს ის.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივი და კვლევის დეპარტამენტის უფროსმა, ია კუტალაძემ „ლიბერალს“ უთხრა, რომ სტანდარტის მოთხოვნები დაწყებითი კლასების მასწავლებლების მიმართ მაღალია.
„რა თქმა უნდა, ეს არ არის ადვილად დასაძლევი ტესტი, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაწყებითი კლასების მასწავლებლები ყველაზე მნიშვნელოვან მისიას ასრულებენ - ისინი ფუნდამენტს უყრიან სწავლა-სწავლების პროცესს სკოლაში, მათ კვალიფიკაციაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. დაწყებით კლასებში არაადეკვატურად წარმართული სასწავლო პროცესი აზარალებს არა მხოლოდ მოსწავლის განათლების, არამედ მისი პიროვნული განვითარების პროცესსაც. ჩვენ გასული წლების მსგავსად წელსაც ვაპირებთ საგამოცდო ტესტების კრიტიკულად გაანალიზებას. როგორც ყოველთვის, ახლაც ღია ვართ ტესტებთან დაკავშირებული კონკრეტული, საგნობრივი მსჯელობისა და ანალიზისათვის“,- ამბობს ის.
შედარებისთვის, სხვადასხვა საგანში, ერთი მხრივ, მოქმედი მასწავლებლების რაოდენობა და, მეორე მხრივ, იმ პედაგოგთა რაოდენობა, რომლებმაც გამოცდა ჩააბარეს და ბარიერი გადალახეს, ასე გამოიყურება:
საგნის გამოცდა პროცენტულად ყველაზე მეტ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს (VII-XII კლასები) აქვთ ჩაბარებული (61%). იმ საგნების ჩამონათვალი, სადაც მოქმედი პედაგოგების ნახევარზე მეტს ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა, ასე გამოიყურება: ინგლისური ენა 55%, გერმანული ენა 53%, ფრანგული ენა 51%, ისტორია 50%.
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ამჟამად მუსიკისა (3%) და სპორტის (2%) მასწავლებლებს აქვთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ საგნებში გამოცდა მიმდინარე წლის ზაფხულში პირველად ჩატარდა.
უფრო დეტალური მონაცემები, თუ რამდენი მოქმედი პედაგოგის რამდენ პროცენტს აქვს ჩაბარებული გამოცდა საგნების მიხედვით, ასეთია:
აღნიშნული მონაცემები რომ შევაჯამოთ, მოქმედი პედაგოგების დაახლოებით 40%-ს საგნის გამოცდა ჩაბარებული აქვს. თუმცა აღსანიშნავია, რომ თითოეული საგნის შემთხვევაში პროცენტული დაანგარიშება მიახლოებითია, რადგან მათ შორის, ვინც (2011-2016 წლებში) საგნის გამოცდაზე ბარიერი გადალახა (26096 მასწავლებელი), 876 მასწავლებლობის მსურველი იყო და არა მოქმედი პედაგოგი. გარდა ამისა, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2015 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში 1330 სერტიფიცირებული პედაგოგი იყო, რომლებმაც ძველი სქემის ფარგლებში საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა ჩააბარეს, მაგრამ დასაქმებულები არ იყვნენ.