ბოლო სამი წლის განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა 115 ათას კრედიტორს სახლი გაუყიდეს. 2011 წელს 500 მილიონი ლარის უძრავი ქონება ბანკების და მიკრო საფინანსო ორგანიზაციების მფლობელობაში გადავიდა.
ქუთაისში მცხოვრებმა ჯამაძეების ექვსულიანმა ოჯახმა 1500 დოლარის სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 2011 წლის 10 იანვარს აიღო.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფმა ოჯახმა თვეების შემდეგ ყოველთვიური 83 დოლარის გადახდა ვეღარ შეძლო, რის გამოც საფინანსო ორგანიზაცია მათ სახლს აუქციონის წესით ყიდის.
ჯამაძეების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად ახალგაზრდებმა 24 ივნისს გუდიაშვილის მოედანზე საქველმოქმედო აქცია გამართეს.
“ბანკები კრედიტს გასცემენ ოჯახებზე, რომელიც გადახდისუუნაროები არიან და შემდეგ ართმევენ ბინებს. უნდა არსებობდეს სოციალური პოლიტიკა საქართველოში და ასეთი პრობლემები აღარ იქნებოდა” - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბექა კუნდალინი.
ეს ოჯახი ერთადერთი არაა. ბანკებისთვის კრედიტის გადაუხდელობის გამო ქონებას სულ უფრო და უფრო მეტი ოჯახი კარგავს.
კრედიტის გადაუხდელობის გამო ქობულეთში მცხოვრები 300-მდე ოჯახის გამოსახლება ეტაპობრივად ახლაც მიმდინარეობს.
ქობულეთის მოსახლეობამ კრედიტები ტურიზმის განვითარების გეგმის ფარგლებში, მცირე ტიპის საოჯახო სასტუმროებისთვის 2008 წელს აიღეს. სეზონის ჩავარდნის გამო კომერციული ბანკებიდან აღებული სესხის პროცენტებს კი წლებია, იხდიან. ოჯახებს, რომლებსაც თანხის გადაუხდელობის გამო საცხოვრებლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე დახმარებას დაჰპირდა. მინისტრი ქობულეთის მოსახლეობას 28 აპრილს შეხვდა, მას შემდეგ ორი თვე გავიდა, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი კი ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეცვლილა.
“ამ ადამიანების საქმეზე მუშაობა მიმდინარეობს და როგორც კი რაიმე ოფიციალური პასუხი გვექნება ამას მაშინვე გაცნობებთ”- გვითხრა სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა თეა ბეგიაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელის სოფიო ბეროშვილის თქმით, ქობულეთში ოჯახები დამოუკიდებლად, ან არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით ცდილობენ პრობლემის მოგვარებას.
ბანკის კრედიტის გადაუხდელობის გამო უსახლაკოდ დარჩენილი ოჯახების მდგომარეობას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები გამოეხმაურნენ.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის გახსნაზე გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა ბანკირები საზოგადოებაში ანტისაბანკო განწყობების შესახებ გააფრთხილა.
“მე ძალიან ბევრს დავდივარ და უამრავ ადამიანს ვხვდები, რომელსაც ერთოთახიანი ბინა ან ოროთახიანი ბინა ჰქონდა, მაგრამ ბანკებმა წაართვეს და ხალხი ქუჩაში დარჩა. ბანკებს მინდა ვუთხრა, რომ ფრთხილად იყვნენ, რადგან ჩვენ ბანკების მიერ გაღატაკებულ მოქალაქეებს ვიღებთ, რომლებიც განადგურების პირას არიან მისული და ნუ ვიტყვით, რომ ეს არჩევანი მათ თავად გააკეთეს.” - თქვა პრეზიდენტმა.
პოლიტიკური პარტიები მთვარობას პრობლემის მოგვარების ალტერნატიულ გზებს სთავაზობენ. “ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ მედიის წარმომადგენელებს გეგმა გააცნო. ბაღათურიას ინიციატივით სახელმწიფომ ბიუჯეტიდან კრედიტორების სესხის დასაფარად თანხა უნდა გამოყოს. ბანკებმა კი თავის მხრივ, სოფლის მეურნეობა იაფი კრედიტით უნდა დააზღვიონ. “სოფლის მეურნეობის განვითარების შედეგად ბიუჯეტს, გაცილებით მეტი თანხა დაუბრუნდება”- თქვა ბაღათურიამ. მისივე ინფორმაციით, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 408 მილიონ ლარს შეადგენს.
მაღალი საპროცენტო განაკვეთი
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძის ამბობს, რომ საქართველოში საბანკო პროცენტის განაკვეთები სესხებზე და დეპოზიტებზე საკმაოდ მაღალია, ერთ-ერთი მაღალი მთელს მსოფლიოში. ამის ერთ-ერთი მიზეზი მისივეთქმით არასტაბილურობის და მაღალი რისკის განცდაა.
“ბიზნესს, ნებისმიერ სფეროში და მათ შორის საბანკო სფეროში სტაბილურობის განცდა სჭირდება. ის ყოველგვარი გაუთვალისწინებელი გარემობებისგან დაცული უნდა იყოს, როდესაც ამისაგან დაზღვეული არ არის, გარკვეულ მომენტებში მოვლენების ნეგატიური განვითარებისაგან დაცვას ცდილობს. ამიტომაც საბანკო სექტორი მაღალი საპროცენტო განაკვეთით მეტნაკლებად თავს იზღვევს.”
არჩვაძის თქმით, სახელმწიფოს შეუძლია კერძო სტრუქტურებს და ფიზიკურ პირებს თავდებში ჩაუდგეს და დავალიანება თავის თავზე აიღოს,ან დროში გაწერით უზრუნველჰყოს ამ ბანკების სესხების დაფარვა.
“ჩვენ ნაკლებად ვიყენებთ საგადასახადო სისტემაში რეგულირების ისეთ ბერკეტებს, როგორიცაა განსხვავებული საპროცენტო განაკვეთები სხვადასხვა საქმიანობაზე. მნიშვნელოვანია პროგრესული საგადასახადო სისტემის შემოღება, რომ ბანკები დაინტერესდნენ არა მხოლოდ მოგების მიღებით არამედ ინვესტირებით და კლიენტთან პარტნიორული ურთიერთობებით. “ - გვითხრა არჩვაძემ.
სახლის გარეშე დარჩენილი ოჯახები
არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის” ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა 115 ათას კრედიტორს სახლი გაუყიდეს. ეს ის ადამიანები არიან, რომელთა ქონებაც ლომბარდების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ბანკების და კერძო მევახშეების ხელში გადავიდა.
ამავე ორგანიზაციამ აღსრულების ეროვნული ბიუროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით კვლევა ჩაატარა.
“115 ათასი აღსრულებული საქმიდან რამდენი მოდის უძრავ ქონებაზე არ გვითხრეს, ინფორმაცია ალტერნატიული წყაროდან მოვიპოვეთ. მხოლოდ 2011 წელს 500 მილიონი ლარის უძრავი ქონებაა გადასული ბანკების და მიკრო საფინანსო ორგანიზაციების მფლობელობაში. ეს ძალიან დიდი მონაცემებია”- ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოფიო ბეროშვილი.
მისივე თქმით, არ არსებობს უბინაოთა ბაზა, სადაც ბინადაკარგულ ადამიანთა რაოდენობა და მონაცემები იქნება აღრიცხული. ასეთ ბაზას ორგანიზაცია თავად აწარმოებს, სადაც უკვე 2 ათასამდე ბინადაკარგული ოჯახია რეგისტრირებული.
“არსად ფიგურირებენ ადამიანები, რომლებმაც ვალის გამო თვითონ გაყიდეს სახლი. არსებობს ინფორმაცია, რომ 500 მილიონი ლარი აღსრულების წესით გადავიდა 2011 წლის განმავლობაში იპოთეკარების და მიკროსაფნანსო ორგანიზაციების ხელში, მაგრამ ის ადამიანები რომლებმაც თავად გაყიდეს ბინები ვალის,ან მძიმე სოციალური პირობების გამო არსად არ არის დაფიქსირებული. ამ კუთხით მდგომარეობა მძიმეა, რადგან უამრავი ადამიანი არის ღია ცის ქვეშ დარჩენილი. ქირის გადახდის საშუალება არ აქვთ, ხშირად იცვლიან საცხოვრებელს და სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდანაც ვარდებიან.”
ბეროშვილის თქმით, როცა საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადადის დასაქმის იძულებითი აღსრულება იწყება, სიტუაციის მოგვარება რთულია, მისივეთქმით იძულებითი აღსრულების დაწყება არსებული კანონმდებლობით გამარტივებულია და ამიტომ კანონმდებლობა უნდა გადაიხედოს.
“თანხის ამოღება და იძულებითი აღსრულების დაწყება ძალიან გამარტივებულია. კაბალური ხელშეკრულება იდება, სადაც მეორე მხარე გათვალისწინებული არ არის. კანომდებლობის ეს სეგმენტი გადახედვას საჭიროებს”- გვითხრა სოფო ბეროშვილმა.