“აზერბაიჯანულენოვან სკოლებში ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის და სხვა საგნების კვალიფიციური, ახალგაზრდა პედაგოგები აღარ არიან. ახლახან ჩვენს სკოლაში მშობლების გამოკითხვა ჩატარდა. მათი უმეტესობა სკოლაში მიღებული განათლების ხარისხით უკმაყოფილოა. თუ შვილებისთვის საბაზისო განათლების მისაცემად მასწავლებლები უნდა დავიქირავოთ, მაშინ რა საჭიროა 12 წლის განმავლობაში ბავშვების სკოლაში ტარება, ან სკოლის მასწავლებლებს რისთვის ვუხდით ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან?,” - კითხულობს მარნეულში მცხოვრები საბინა თალიბოვა. მისი შვილები მარნეულის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობენ.
კვალიფიციური, ახალგაზრდა პედაგოგების ნაკლებობა, რაც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის უკვე დიდი ხნის პრობლემაა, განსაკუთრებით მკვეთრად ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში იგრძნობა. ქვემო ქართლში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური აზერბაიჯანელია, 1153 მასწავლებელი 61 წელს გადაცილებულია. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის 2015 წლის ანგარიშის თანახმად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში დასაქმებულ მასწავლებელთა 58,6% 50 წელზე მეტი ხნისაა, 16,5% - 35 წლამდე ასაკის, 30% კი პენსიონერია. არაქართულენოვან სკოლებში ამჟამად დასაქმებული 36 მასწავლებელი 1923-1930 წლებშია დაბადებული. მათგან 31 ქვემო ქართლში მუშაობს.
“მასწავლებლობით ფულს ვერ იშოვი...”
საქართველოში ჯერ კიდევ არიან ახალგაზრდები, რომელთაც მასწავლებლობა სურთ. თუმცა, ახლობლები და ოჯახის წევრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათ არჩევანი შეაცვლევინონ. ასე მოხდა შაჰრი აბბასოვას შემთხვევაშიც: მას პედაგოგობა უნდოდა, თუმცა ახლა მედიცინას სწავლობს. „ბიოლოგიის მასწავლებლობა მინდოდა. მშობლებმა პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარების უფლება არ მომცეს. მითხრეს, მასწავლებლობით ფულს ვერ იშოვი, მაგრამ კარგი ექიმი თუ გამოხვალ, შემოსავალიც კარგი გექნებაო,“ - ამბობს შაჰრი.
ბოლნისის რაიონის სოფელ ფახრალის პირველი საშუალო სკოლის დირექტორი, ჯუმშუდ გულმამმადოვი აცხადებს, რომ სკოლას ახალგაზრდა კადრები სჭირდება - ისინი, ვისაც თანამედროვე ცოდნა აქვს და სკოლაში სიახლე შეაქვს, მაგრამ მასწავლებლობა დაბალი ანაზღაურების და მძიმე შრომის გამო ახლა აღარ ფასობს და ახალი თაობაც საკუთარ პროფესიად პედაგოგობას სულ უფრო ნაკლებად ირჩევს.
„საშუალო ასაკის მასწავლებლების უმეტესობამ ქართული ენა არ იცის, რადგან საბჭოთა პერიოდში რუსული ენის ცოდნას ითხოვდნენ. ახალგაზრდები ახლა ქართულ ენას სწავლობენ. კარგი იქნება, თუ ისინი პროფესიად პედაგოგობას აირჩევენ და ახალ თაობას ახალი ცოდნით აღზრდიან. ამაზე პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს და მასწავლებლის პროფესიას პრესტიჟი დაუბრუნოს, “ - ამბობს ჯუმშუდ გულმამმადოვი.
მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოს პირველ საშუალო სკოლაში საკმარისი მასწავლებლები არ ჰყავთ. სადახლო აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მდებარე სოფელია, სადაც უმეტესად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. სკოლის მასწავლებელი, თამამ შერიფოვა ამბობს, რომ ტერიტორიული სიშორის გამო მათ სკოლაში სამუშაოდ სხვა სოფლებიდან და რაიონებიდან მასწავლებლები არ მიდიან: „სკოლაში მასწავლებლებად ჩვენს სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები მუშაობენ. მათი უმეტესობა განათლებით პედაგოგი არ არის და ეტყობათ, რომ ეს პროფესია არც აინტერესებთ. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ახალგაზრდა კადრებში ამ სპეციალობის მიმართ ინტერესს გააღვივებს. პენსიაზე გასული მასწავლებლების ადგილების შესავსებად საგნების სერტიფიცირებული მასწავლებლები გვჭირდება.“
“სახელმწიფომ განათლების სფეროში ახალი კადრების მოზიდვის მექანიზმზე უნდა იფიქროს”
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ: „სკოლებში ახალგაზრდა კადრების დეფიციტს პედაგოგის პროფესიის არაპრესტიჟულობასთან ერთად ხელფასის დაბალი დონე და ამ სფეროში არსებული როტაციის მოუქნელი მექანიზმი იწვევს.“
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამინისტრო ქვემო ქართლში პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების და განათლების სფეროში ახალი კადრების მოზიდვის მიზნით სპეციალურ პროგრამებს ახორციელებს. კერძოდ, 2016 წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ეთნიკური უმცირესობების სკოლების პედაგოგებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, ქვემო ქართლში 61 კონსულტანტ-მასწავლებელი, 82 დამხმარე მასწავლებელი და 9 ორენოვანი მასწავლებელი გაიგზავნა. კონსულტანტ-მასწავლებლები ადგილობრივ მასწავლებლებს ქართული ენის უკეთ შესწავლაში ეხმარებიან. გარდა ამისა, 2016-2017 სასწავლო წელს უმაღლეს სასწავლებლებში მასწავლებელთა მოსამზადებელი პროგრამები შეიცვლება და ისინი კიდევ უფრო დაიხვეწება. პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლების მიზნით სამინისტრო მასწავლებლის ხელფასის გაზრდასაც გეგმავს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წლის 1 იანვრიდან პედაგოგთა საშუალო ხელფასი 800 ლარი გახდება.
ექსპერტთა აზრით, სკოლებში ახალი კადრების მიზიდვისა და მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლების მიზნით ხელისუფლების მიერ დღემდე განხორციელებული ქმედებები არასაკმარისია.
“ვერც უმაღლესი განათლების სისტემამ და ვერც საქართველოს ხელისუფლებამ ახალგაზრდა თაობაში პედაგოგის პროფესიისადმი ინტერესი ვერ გაზარდა. მასწავლებლობა ყველაზე ნაკლებ შემოსავლიან და არაპრესტიჟულ სპეციალობად ითვლება,” - ამბობს შალვა ტაბატაძე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრის თავმჯდომარე, - “სახელმწიფომ განათლების სფეროში ახალი კადრების მოზიდვის ეფექეტიან მექანიზმზე უნდა იფიქროს. მაგალითად, შეიძლება სტუდენტები, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან, გადასახადებისგან გაათავისუფლონ.”
ქვემო ქართლის სკოლების დირექტორთა და მასწავლებელთა აზრით, თუ ხელისუფლება არაქართულენოვანი სკოლების ახალი საკადრო რესურსით შევსებაზე დროულად არ იფიქრებს, 20 წლის შემდეგ ამ სკოლებში მასწავლებლების დიდი დეფიციტი იქნება, რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი კი უმაღლესი განათლების მისაღებად თურქეთში ან აზერბაიჯანში წავა და ქართულ საზოგადოებაში მათი ინტეგრაცია კიდევ უფრო გართულდება.
ნურანა მამმადი
სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.