ცესკოს სპიკერის განცხადებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
„კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეათე დღისა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებები არ შედის გარდა ერთეული გამონაკლისი შემთხვევებისა. ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 513 884 ამომრჩეველი. ამომრჩეველთა დაბეჭდილი სიები მიეწოდება საოლქო-საარჩევნო კომისიებს”. - განაცხადა ანა მიქელაძემ.
ანა მიქელაძემ ე.წ. "სპეციალურ უბნებზეც" ისაუბრა.
"საარჩევნო კანონმდებლობა არ იცნობს ტერმინს ”სპეციალური უბანი”. კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნები არსებობს. 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის შექმნილია 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. კანონმდებლობაში დეტალურად არის გაწერილი იმ პირთა სია, ვინც გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ უბანზე ხმას აძლევს. მასში შედიან როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე შსს-ს, დაცვის, სპეცსამსახურის წარმომადგენლები და სხვა პირები. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბნიდან უმრავლესობა, 10 მათგანი გაიხსნება სასჯელაღსრულების სამინისტროს კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულებში, ხოლო ერთი უბანი გაიხსნება ხონის სამკურნალო დაწესებულებაში."- თქვა ანა მიქელაძემ.