Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩემი არჩევანი, ჩემი ხმა

05 ოქტომბერი 2016

საქართველოში ხუთი კვირის წინ ჩამოვედი. ნელ-ნელა ვეცნობი ამ უნიკალურ ქვეყანას. ერთ-ერთი პირველი დადებითი მუხტი იმ არაჩვეულებრივი სტუდენტებისგან მივიღე, რომლებიც ჩვენი მხარდაჭერით დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად გაემგზავრნენ. რა თქმა უნდა, გემო გავუსინჯე უგემრიელეს თანამედროვე კერძებს, რომლებიც დასაბამს უძველესი დროიდან იღებენ. შემოდგომის მზის ჩასვლა ვნახე კახეთში. კი, საცობებშიც, უკვე დიდი დრო გავატარე, მაგალითად, ჭავჭავაძის გამზირზე. პატარა ნაბიჯებით ნელ-ნელა წინ მივიწევ.

გამიმართლა, რომ მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ჩამოვედი. შეიძლება ითქვას, ქართული პოლიტიკის  „დაჩქარებული შესწავლის კურსს“ გავდივარ. მეგობრებთან, კოლეგებთან და სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებთან საუბრები მეხმარება, უკეთ გავიგო, რა საკითხებია მნიშვნელოვანი ქართველი ამომრჩევლისთვის.

საკმაოდ ბევრ საკითხში ქართველი და ბრიტანელი ამომრჩეველის აზრი ემთხვევა. მაგალითად,  სამუშაო ადგილები, განათლება, ჯანდაცვა და ეკონომიკური მდგომარეობა უმეტესობა ბრიტანელისთვისაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ქართველებისთვის. სხვა საკითხები საქართველოს უახლოეს ისტორიასა და გამოცდილებას უფრო უკავშირდება.

არჩევნები ურთულესი ლოგისტიკური გამოწვევაა. დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები 300 წელიწადზე მეტია იმართება და ახლაც სულ ვცდილობთ, სისტემა კიდევ უფრო დავხვეწოთ. თუ გაეცნობით დიდი ბრიტანეთის საარჩევნო კომისიის 2015 წლის არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულ ანგარიშს, ნახავთ, რომ ის შეიცავს 13 რეკომენდაციას, თუ რა და როგორ უნდა შეიცვალოს შემდეგ არჩევნებზე. დემოკრატია ცოცხალი ორგანიზმია. თანამედროვე ტექნოლოგიები კი სულ უფრო ახალ რაღაცებს გვთავაზობენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ მითხრა, რომ ამ არჩევნებზე რამდენიმე სიახლის დანერგვა იგეგმება. ჩვენ ერთმანეთის სისტემებიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია.

თითქმის ყველა, ვისაც ვხვდები, მეუბნება, რომ პოლიტიკური პროცესებისა და პოლიტიკოსების მიმართ უნდობლობის ხარისხი თანდათან იზრდება. ეს, თითქოს კავშირის დაკარგვის განცდა, ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია. მე გამიმართლა, რომ საშუალება მაქვს, ხმა მივცე. ჩემთვის ეს ემოციური მომენტიც არის და რაციონალურიც. კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ წინა თაობებმა - მათ შორის ჩემმა ბაბუამ და ბებიამ - ბევრი იბრძოლეს იმისთვის, რომ მე დღეს ეს არჩევანი მქონოდა და  ეს ძალიან ძლიერი მოტივატორია. თუმცა მესმის, რომ არჩევანი ყოველთვის მკაფიო არ არის. ჩემს ერთ-ერთ წარსულ პოზიციაზე ყოფნისას მახსოვს, გაოცებული დავრჩი, როდესაც ჩემმა ახლო მეგობარმა მითხრა, რომ ის არჩევნებზე არ დადის. მისი ქვეყნის პოლიტიკური არჩევანი ისეთი იყო, რომ უბრალოდ არავინ იყო ისეთი, ვისთვისაც ის საკუთარი ხმის მიცემას გადაწყვეტდა.

მე არასოდეს ვყოფილვარ ჩემი მეგობრის მდგომარეობაში. მაგრამ, რომც ვყოფილიყავი, ალბათ მაინც წავიდოდი არჩევნებზე. არჩევნებზე არმისვლა და ხმის არმიცემა საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი თავისუფალი არჩევნის არსებობის საკითხს. ხშირად შესაძლოა, ის მთავრობა არ მივიღოთ, რომელიც გვინდა, მაგრამ ჩვენ ამ უფლების გამოყენებით ჩართული ვართ ცოცხალ, დემოკრატიულ პროცესში, რომელიც საშუალებას მოგვცემს სხვა ლიდერები ავირჩიოთ, თუნდაც შემდეგ ჯერზე. პატივისცემას იმსახურებს პრეზიდენტ მარგველაშვილის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც მან საქართველო შემოიარა, რათა ახალგაზრდები დაერწმუნებინა, რომ არჩევნებზე მისვლა მნიშვნელოვანია.

მაინტერესებს, ხალხში ამ კავშირის დაკარგვის განცდის მიზეზი პოლიტიკაა თუ პოლიტიკური პროცესები? მაგალითად, ბრიტანეთში ორ უახლეს პერიოდში გამართულ რეფერენდუმში აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. ამ წლის ივნისში საარჩევნო ყუთებთან ამომრჩევლის 72% მივიდა, რომ ხმა მიეცათ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის წევრობისთვის. ხოლო 2014 წელს შოტლანდიის რეფერენდუმში ამომრჩეველთა 85%-იანი აქტივობა დაფიქსირდა. როგორ შეგვიძლია, რომ ამ ტიპის აქტივობა გავხადოთ ნორმა და არა გამონაკლისი? როგორ ავაშენოთ ახალი, 21-ე საუკუნის პოლიტიკა? ამ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად ვმუშაობთ ბრიტანეთშიც და საქართველოშიც. მანამდე კი ყველამ მხოლოდ ერთი რამ უნდა გავაკეთოთ - წავიდეთ არჩევნებზე და მივცეთ ხმა.      

ჯასტინ მაქენზი სმიტი

დიდი ბრიტანეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.

ჯასტინ მაქენზი სმიტი დაიბადა შოტლანდიაში 1969  წელს. სწავლობდა ოქსფორდისა და ედინბურგის უნივერსიტეტებში.

1994 წლიდან შეურთდა დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურ სამსახურს და მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში, მათ შორის მექსიკაში, ნიუ იორკში, რუსეთში.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩად საქმიანობას იგი 2016 წლის სექტმებრიდან შეუდგა. 

ჯასტინი საუბრობს ესპანურ და რუსულ ენებზე და ამ ჩამონათვალს ახლა ქართულიც შეემატა.

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^