Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"მწვანე ალტერნატივა": "პოლიტიკური პარტიები ენერგეტიკაზე პრაქტიკულად არ საუბრობენ”

07 ოქტომბერი 2016
ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას” ინიციატივით გასულ კვირას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამის ენერგეტიკული ნაწილის შესახებ ისაუბრეს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, მათ წინასაარჩევნო პერიოდში ენერგოსექტორის განვითარების გეგმებზე დისკუსიის ხელშეწყობა სურდათ.

პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების უმეტესობაში ენერგეტიკას ცალკე თავი არ ეთმობა. ენერგეტიკის მიმართულება (როგორც ეკონომიკის ქვესექტორი) გამოყოფილია “ქართული ოცნების”, “თავისუფალი დემოკრატების”, “რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო პროგრამებში. თუმცა პარტიების ნაწილის საარჩევნო პროგრამა ხელმისაწვდომი ჯერაც არ არის.

დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა ძირითადი პოლიტიკური სუბიექტების („ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“, „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკური პარტია”, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“, „ეროვნული ფორუმი“ და ბლოკი “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“) წარმომადგენლები გასულ კვირას უკვე მეორედ მოიწვიეს. პირველი შეხვედრა ივლისში გაიმართა. თუმცა, როგორც ასოციაციის წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი ამბობს, მაშინ პარტიების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საარჩევნო პროგრამა ჯერ კიდევ მუშავდებოდა და არ შეეძლოთ დეტალებზე საუბარი.

შეხვედრაზე ენერგეტიკული გეგმების შესახებ პრეზენტაცია“რესპუბლიკური პარტიის”, “თავისუფალი დემოკრატებისა” და “პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა წარმოადგინეს. შეხვედრაზე ასევე მოვიდა ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი, თუმცა მას შეხვედრაზე პრეზენტაცია არ წარმოუდგენია. არც ახლანდელ და არც წინა მსგავს შეხვედრას არ ესწრებოდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები.

როგორც ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი ამბობს, “ოცნებაში” გაგზავნილ მოწვევაზე საპასუხოდ ისინი ენერგეტიკის სამინისტროში გადაამისამართეს. თუმცა, მათი აზრით, სამინისტრო ამ შემთხვევაში არ იყო შესაფერისი მოპასუხე. მიუხედავად რამდენიმე განმეორებითი წერილობითი თუ პირადი მცდელობისა, პარტია “ქართული ოცნების” პროგრამაზე სასაუბროდ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოწყობილ შეხვედრებზე არავინ მისულა.  

შეხვედრებს არ ესწრებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც. აქაც, ჭიპაშვილის თქმით, ძნელად მოიძებნა ადამიანი, რომელიც დათანხმდებოდა ენერგეტიკულ გეგმებზე საუბარს, თუმცა საბოლოოდ გაუგებარი მიზეზით მანაც უარი თქვა.

პაატა ბურჭულაძის პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” წარმომადგენლებმა შეხვედრაზე უარი “კოალიციაში ყოფნის მიზეზით” ახსნეს და თქვეს, რომ დანარჩენ წევრებთან შეუთანხმებლად ისინი ენერგეტიკულ პროგრამაზე ვერ ისაუბრებდნენ.  

“თუმცა კოალიციაში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო პროგრამა არ არსებობდეს და თუ ეს ასეა, ეს ცალკე პრობლემაა”, - ამბობს ჭიპაშვილი.

კითხვაზე რამდენად მიმდინარეობს დებატები ენერგეტიკის საკითხებზე წინასაარჩევნო პროცესში, დათო ჭიპაშვილი პასუხობს, რომ ენერგეტიკაზე არათუ ცალკე მიმართულებაზე, არამედ როგორც ეკონომიკის ნაწილზეც არ საუბრობენ. 

“სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკურ საკითხებზე ტელევიზიებში მიმდინარე დებატებშიც ენერგეტიკულ საკითხებს არც პოლიტიკოსები და არც ჟურნალისტები პრაქტიკულად არ ახსენებენ. ცალკე საკითხია, როგორ მიაღწევენ ეკონომიკურ განვითარებას ეს პოლიტიკური სუბიექტები ენერგეტიკული საკითხების გათვლის გარეშე. მაგრამ ფაქტია, რომ ენერგეტიკაზე საუბარიც მხოლოდ ელექტროენერგეტიკით, უფრო მეტიც, ჰიდროელექტროენერგეტიკით შემოიფარგლება. კითხვები და პასუხები მხოლოდ ჰესების აშენება-არაშენებას შეეხება, რაც ცხადია არ ნიშნავს ენერგეტიკულ პროგრამას”, - მიიჩნევს დათო ჭიპაშვილი. 

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი ამბობს, რომ ენერგეტიკის სექტორის გაუმჭვირვალობა დღემდე მთავარ პრობლემად რჩება. 

“ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჰესების წინააღმდეგი ვართ, მაგრამ ვამბობთ, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ენერგეტიკული სექტორის განვითარების სტრატეგია სადაც ნათლად იქნება ჩამოყალიბებული ამა თუ იმ კონკრეტული ჰესის ადგილი ენერგოსისტემაში”, - ამბობს ჭიპაშვილი და მაგალითად გორში ახალაშენებულ ქარის ელექტროსადგურს იხსენებს. მისი თქმით, ეს ვერ ჩაითვლება ცალსახად დადებით მოვლენად, რადგან თუ ხელშეკრულებაში ჩავიხედავთ, გავიგებთ, რომ სახელმწიფომ ამ სადგურის მიერ წარმოებული ენერგიის თითოეულ კილოვატსაათში 7 ცენტი უნდა გადაიხადოს." 

ჭიპაშვილის თქმით, გაუგებარია როგორ დადგინდა ეს ტარიფი მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში ქარის ელექტროენერგიის ფასი 3 ცენტს არ აჭარბებს? გვაქვს ეჭვი, რომ ეს თანხა ხელოვნურადაა გაბერილი”, - ამბობს ჭიპაშვილი. 

ტარიფების დადგენის გამჭვირვალობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ენერგოპოლიტიკაში. 

“როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ამბობდა ის, ინვესტორი და ბუღალტერი “ერთად გადიან” ამ საკითხს და ტარიფი ისე დგინდება. ამ ყველაფრის მონიტორინგის არანაირი მექანიზმი არ არსებობს. როგორ არ უნდა გვქონდეს ეჭვი, რომ თუ თქვენ მეტად ხართ დაახლოებული ენერგეტიკის სამინისტროსთან ვიდრე მე, თქვენ უფრო კარგ პირობებს მიიღებთ, ვიდრე მე? ტარიფის დამდგენი არის დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია, რომელსაც უნდა ჰქონდეს შემუშავებული შესაბამისი მეთოდოლოგია, რომლითაც დაითვლება ტარიფი თითოეული ჰესისთვის თუ ენერგიის სხვა წყაროსთვის, ეს მეთოდოლოგია იქნება გამჭვირვალე და ტარიფებიც ერთმანეთისგან ასე რადიკალურად და უჩვეულოდ განსხვავებული აღარ იქნებოდა” - ამბობს ჭიპაშვილი. 

ენერგოთანამეგობრობა და კანონმდებლობა 

“ჩვენ ერთი მხრივ თითქოს მივდივართ ევროკავშირისკენ, მაგრამ ამავე დროს ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამ გზას კიდევ უფრო გვაშორებს. 2014 წლის შემდეგ, რაც ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი 80-ზე მეტი მემორანდუმია გაფორმებული ენერგოპროექტებზე, მათგან ლამის 99 % ჰიდროელექტროსადგურებზე." - ამბობს დათო ჭიპაშვილი. 

ჯერ კიდევ 2014 წელს საქართველომ მიიღო მოწვევა ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანების შესახებ. ეს პროცესი ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელისმოწერიდან 2 წლის განმავლობაში უნდა დაწყებულიყო. 

“თუმცა ენერგეტიკის სამინისტრომ პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პერიოდი როგორც შეეძლო, მაქსიმალურად გაეწელათ. ამბობენ, რომ ენერგოთანამეგობრობაში წელს, ოქტომბერში უნდა გავწევრიანდეთ. სამწუხაროა, რომ ევროკავშირის და ენერგოთანამეგობრობის მოთხოვნების საწინააღმდეგო მიმართულებით სვლა საქართველომ 2006 წელს დაიწყო და 2014 წლიდან კიდევ უფრო გაააქტიურა”, - ამბობს ჭიპაშვილი.

ენერგოთანამეგობრობის წევრი ქვეყნის მიერ შესასრულებელ მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა სწორედ ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიაა. ამასთან სახელმწიფოსა და კერძო ინვესტორებს შორის ენერგოპროექტებზე დადებული ხელშეკრულებების ღიაობა და გამჭვირვალობა. 

თუმცა დათო ჭიპაშვილი ამბობს, რომ ენერგოპროექტებზე გაფორმებულ მემორანდუმებში ბევრი საეჭვო და საფრთხის შემცველი პუნქტიც კია ჩადებული. 

“ყველაზე ცუდი ამ მემორანდუმებში ის პუნქტებია, რომელთა მიხედვითაც, თუ ქვეყანაში კანონმდებლობა შეიცვლება და ამას კომპანიის საქმიანობაზე უარყოფითი მატერიალური ეფექტი ექნება, კომპანიას შეუძლია ეს ყველაფერი ტარიფში ასახოს და შესაბამისად ცხადია - გააძვიროს”. 

ამ პრინციპის ასახსნელად ჭიპაშვილს წყლის ჩარჩო დირექტივის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ მას მერე, რაც საქართველო ამ დირექტივას მიიღებს, შესაბამისად დაადგენს მაღალი ეკოლოგიური ღირებულების მდინარეებს ან მათ ნაწილებს, შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ ამ კონკრეტულ მდინარეზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე მემორანდუმია უკვე გაფორმებული - გამოვა, რომ კომპანია საერთოდ ვერ შეძლებს ამ პროექტის განხორციელებას. შესაბამისად შეძლებს საერთაშორისო არბიტრაჟით მიიღოს ზარალის ანაზღაურება. 

“2014 წლიდან 80-ზე მეტ ენერგოპროექტზეა გაფორმებული მემორანდუმი. მაგრამ ვხედავთ, რომ მათგან სულ რამდენიმეზე თუა მუშაობა დაწყებული. რას ელოდებიან ამ პროექტების განმახორციელებლები? იქნებ სწორედ იმას, რომ “დაზარალებულები” აღმოჩნდნენ?” - ამბობს ჭიპაშვილი. 

პარტიების ენერგეტიკული პროგრამა შეისწავლა ასევე ორგანიზაციამ - “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის”. ორგანიზაციის შეფასებით, პარტიების წინადადებები ენერგეტიკული უსაფრთხოების მთავარი გამოწვევების, ასევე ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და დივერსიფიკაციის შესახებ მწირი და ზოგადია:

“ამ მიმართულებით პარტიების წინადადებები მწირია და, ძირითადად, დეკლარაციულ ხასიათს ატარებს. პარტიების ნაწილი საერთოდ არ განიხილავს ენერგეტიკული უსაფრთხოების კონკრეტულ მიმართულებებს. ნაკლები ყურადღება აქვს დათმობილი ენერგიის მიწოდების დივერსიფიკაციას და ამისთვის ახალი სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარებას. სახელისუფლებო პარტიის პროგრამაში ენერგეტიკული უსაფრთხოების მიღწევა პრიორიტეტად არის აღიარებული, თუმცა პროგრამის ენერგეტიკული თავის დიდი ნაწილი წინა მთავრობის დროს განხორციელებულ პროექტებთან შედარებას ეთმობა. ის ნაკლებად მოიცავს კონკრეტულ გეგმებს სექტორში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ”, - განმარტავენ ორგანიზაციაში.  

ორგანიზაციის “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ წინა არჩევნებთან შედარებით წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ პარტიების ნაწილი უკვე თავს იკავებს ტარიფების შემცირების მოწოდებისკენ და ამ საკითხის მინდობას დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიისთვის აპირებს.

თუმცა ორგანიზაციის წარმომადგენლის,  გიორგი მუხიგულაშვილის აზრით, გაუგებარია ამ მხრივ რესპუბლიკური პარტიის ხედვა, რომლის მიხედვითაც: „ტარიფების შესამცირებლად ხელი უნდა შეეწყოს საქართველოში მიკრო და მცირე მასშტაბის ელექტროსადგურების მშენებლობას”, - მუხიგულაშვილის აზრით, ეს ძნელი დასასაბუთებელია, რადგან მცირე ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ენერგიის ერთეულის თვითღირებულება, როგორც წესი, აჭარბებს დიდი სადგურებისას და მნიშვნელოვნად აღემატება დღეს მოქმედი ელექტროსადგურების ტარიფებს.

რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსს”, ისინი გაზის ტარიფის შემცირებაზე საუბრისას დანაკარგების შემცირების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს, რაც დღეს ზოგიერთ ადგილას 20%-საც აღწევს. თუმცა, ექსპერტთა აზრით, პროგრამაში დანაკარგების შემცირების ტარიფში ასახვის კონკრეტული გეგმა მოცემული არაა და მასზე გაწეული ხარჯების მიხედვით ეს შეიძლება ტარიფის უცვლელად დატოვების, შემცირების ან ზრდის მიზეზიც კი გახდეს.

ლეიბორისტული პარტია კი ორგანიზაციის შეფასებით, ამომრჩეველს ტრადიციულად სთავაზობს ტარიფის დაწევას ელექტროენერგიაზე, გაზზე და წყალზე, “რაც შესაბამისი არგუმენტაციის გარეშე პოპულისტური ხასიათის მატარებელია”.

კვლევის თანახმად, პროგრამებში ნაკლებადაა მკაფიო გზავნილები საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისა და სექტორში სტრატეგიული ინვესტორების მოზიდვის აუცილებლობაზე: ზოგიერთი პარტია მოითხოვს მეტ გამჭვირვალობას და ამით საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. სხვები სახელმწიფოს ჩარევას და კონტროლს ანიჭებენ უპირატესობას.

“გარემოსა და სოციალურ საკითხებს ნაკლები ყურადღება ეთმობა. მხოლოდ "თავისუფალი დემოკრატების" პროგრამაში არის ნათქვამი, რომ ინფრასქტრუქტურული პროექტების განხორციელებისას უნდა მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა და სოციალური თვალსაზრისით ყველაზე მისაღები ალტერნატივის განხილვა. პროგრამებში არ არის საუბარი, კონკრეტულად როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხების დაბალანსება. რაც, იმის გათვალისწინებით, რომ ჰესებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა ყველაზე სენსიტიურ თემას წარმოადგენს რეგიონის მოსახლეობისთვის, მეტ ყურადღებას იმსახურებს”, - ნათქვამია პროგრამების ანალიზში.

პარტიებს განსხვავებული ხედვები აქვთ ენერგეტიკის სექტორის მართვასთან დაკავშირებითაც. პარტიების მხოლოდ ნაწილი აღნიშნავს ამ თვალსაზრისით გაუმჯობესების საჭიროებას და მეტ-ნაკლებად აღიარებს რეფორმის, გამჭვირვალობის, სემეკის მეტი დამოუკიდებლობისა და საპარლამენტო კონტროლის აუცილებლობას.

“თავისუფალი დემოკრატები” ხაზს უსვამენ განვითარების ერთიანი ხედვისა და სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობას, ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებას და რეფორმების გატარების დაჩქარებასა და ეფექტური საპარლამენტო კონტროლის დაწესებას.

ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლებიან პარტიები განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის განვითარების შესახებ საუბრისასაც. უმეტესად აღიარებენ ამ მიმართულებების განვითარების აუცილებლობას, მაგრამ კონკრეტულ გზებსა და მექანიზმებზე არ საუბრობენ.

“არ არის ცხადი, რამდენად მზად იქნებიან ისინი, რომ სწორად დაგეგმონ და განახორციელონ სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებები განვითარებული ქვეყნების გამოცდილების შესაბამისად. ასევე სათანადოდ არ არის გათვალისწინებული კლიმატის ცვლილების ფაქტორი მისი შერბილებისა და მასთან შეგუების საერთაშორისო პროცესებთან კავშირი” - განმარტავენ ორგანიზაციაში "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის". 

ორგანიზაციაში აშნიშნავენ, რომ საჭიროა მეტი არგუმენტაცია და განხორციელების გზებზე მეტი დისკუსია, არა მხოლოდ წინასაარჩევნო დებატებში, არამედ შემდგომაც, ახალ საპარლამენტო მუშაობაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^