Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ არ მართლდება წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგები?

07 ოქტომბერი 2016

საქართველოში ექვსი ოქტომბრის დილის რვა საათიდან საარჩევნო უბნების დახურვამდე დუმილის პერიოდია. დროის ამ შუალედში, კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება იკრძალება[1]. ზუსტად ერთი დღით ადრე, ტელეკომპანია „იმედმა“ საკუთარი დაკვეთით ჩატარებული მასობრივი გამოკითხვის ანგარიში გამოაქვეყნა[2], რომელიც მრავალმა პოლიტიკოსმა, ექსპერტმა თუ ჟურნალისტმა არჩევნების შედეგების წინასწარმეტყველებად მიიღო. ამ წერილში აღვწერ, თუ რატომ არ ემთხვევა (და არ უნდა ემთხვეოდეს) გამოკითხვის ნედლი შედეგები არჩევნებისას და მიმოვიხილავ მეთოდებს, რომლებიც ხმის მიცემის შედეგების პროგნოზისთვის გამოიყენება.

კვლევის მეთოდების ნებისმიერ სახელმძღვანელოში ამოიკითხავთ, რომ მასობრივი გამოკითხვა სამიზნე პოპულაციის (ანუ იმ ადამიანთა ერთობლიობის, რომლებზეც შედეგები განზოგადდება) შეხედულებებს მხოლოდ ველის მიმდინარეობის პერიოდში წარმოადგენს. ცხადია, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩატარებული კვლევა არჩევნების შედეგების გამოსაცნობად არ გამოდგება, თუმცა ამგვარი მაგალითები ჩვენში ხშირია. კვლევის შედეგების არასწორი ინტერპრეტაციის მაგალითს არაერთგზის გაკრიტიკებული და ყბადაღებული, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტისთვის ჩატარებული გამოკითხვებია, რომლებსაც არჩევნების პროგნოზის პრეტენზია ისედაც არ გააჩნდათ. აღმოჩნდა, რომ პოლიტიკოსები და ექსპერტები 2012 წლის აგვისტოში ჩატარებული საველე სამუშაოების საფუძველზე, ოქტომბერში გასამართი არჩევნების წინასწარმეტყველებას მოითხოვდნენ. კვლევამ სრულიად სამართლიანად აჩვენა, რომ მოქალაქეთა უდიდეს ნაწილს გადაწყვეტილება არ ქონდა მიღებული, ან - გაურკეველ მდგომარეობაში იყო.

მასობრივი გამოკითხვებისადმი საზოგადოების გადაჭარბებული მოლოდინის  მიზეზი ამ მეთოდის არსის რბილად რომ ვთქვათ, არასწორი გაგებაა, რასაც სამწუხაროდ, ხელს სფეროს ბევრი ექსპერტი უწყობს. გამოკითხვის ნედლი შედეგებისგან არჩევნების ზუსტ პროგნოზს რომ არ უნდა ველოდეთ, ცნობილმა სტატისტიკოსებმა, ენდრიუ გელმანმა (კალიფორნიის უნივერსიტეტი - ბერკლი[3]) და გერი კინგმა (ჰარვარდის უნივერსიტეტი) ჯერ კიდევ 1993 წელს აჩვენეს. ავტორებმა 1988 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდში ჩატარებული ხუთ ათეულამდე სხვადასხვა გამოკითხვის 67 ათასი გამოპასუხება გააანალიზეს[4] და სხვა დასკვნებთან ერთად მიუთითეს, რომ წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური სუბიექტების მიმართ დამოკიდებულება ძალიან დიდ შუალედში მერყეობს.

განხილული ქრესტომათიული მაგალითი კარგად აჩვენებს, რატომაა მცდარი არჩევნების პროგნოზისთვის გამოკითხვის ნედლ შედეგებზე დაყრდნობა - ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, სადაც ამომრჩევლის სოციოდემოგრაფიული პროფილი მის სავარაუდო პოლიტიკურ პრეფერენციებზე გარკვეულ წარმოდგენას იძლევა, ხოლო პარტიებს ჩამოყალიბებული ელექტორატი გააჩნია. საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებს თითქმის არ გააჩნიათ მხარდაჭერისთვის იდეოლოგიური საფუძვლები, ხოლო ამომრჩეველთა დიდი ნაწილი იმედგაცრუებულია. შესაბამისად, არჩევნების პროგნოზის საკითხი კიდევ უფრო რთულდება.

რა ფორმით ქვეყნდება მასობრივი გამოკითხვის შედეგები საქართველოში? უკანასკნელ პერიოდში გასაჯაროებულ კვლევებში, პასუხის ვარიანტების სიხშირეებია წარმოდგენილი - მოცემულია,თუ თითოეულ შესაძლო პასუხს რესპონდენთა რა პროცენტულმა წილმა უპასუხა. უკეთეს შემთხვევაში, მონაცემები შეწონილია, ანუ გამოკითხვის შედეგების ანალიზისას მხედველობაში მიღებულია მოსახლეობის დემოგრაფიული და გეოგრაფიული პროფილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პარტიული კუთვნილების ან ხმის მიცემის შესახებ კითხვების წარდგენისას გარკვევით ითქვას, თუ რესპონდენტთა რა ჯგუფის აზრს წარმოადგენს მოტანილი რიცხვები - გადაწყვეტილი ამომრჩევლების, გადაუწყვეტელი ამომრჩევლების თუ - ყველა რესპონდენტის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაცემებით მანიპულირებასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები ჩნდება.

ცალკე საკითხს კვლევის გამჭვირვალობა წარმოადგენს. უკანასკნელ პერიოდში, საზოგადოებისთვის წარდგენილი კვლევის შედეგებს ამ მხრივ პრობლემები აშკარად გააჩნდა. დეტალურად არასოდესაა აღწერილი რესპონდენტის ამორჩევის მეთოდი - მაგალითად, ახსენებენ შემთხვევით შერჩევას და არ აზუსტებენ როგორი შემთხვევითი შერჩევაა - კლასტერული, სტრატიფიცირებული თუ მარტივი; გამოყენებული იყო თუ არა დემოგრაფიული კვოტები ან არის თუ არა მონაცემები შეწონილი. თუ რომელიმე დასახელებული მიდგომა იქნა გამოყენებული, მაშინ - ნათლად უნდა იყოს აღწერილი მონაცემთა შესწორების პრინციპები.

რამდენად შესაძლებელია არჩევნების შედეგების პროგნოზი? რომელ მეთოდებს გააჩნიათ ხმის მიცემის ზუსტ წინასწარმეტყველებაზე პრეტენზია? სტატისიკოსებს, პოლიტიკის მკვლევრებს და ეკონომისტებს არსენალში ბევრი მიდგომა აქვთ, რომელთა უმრავლესობა სპეციალურ მათემატიკურ მოდელებს ეფუძნება. ქვემოთ რამდენიმე მეთოდს დეტალურად მიმოვიხილავ[5].

რა თქმა უნდა, პროგნოზებისთვის წინასაარჩევნო გამოკითხვებიც გამოიყენება, ოღონდ როგორც წესი, მონაცემების მარტივი სიხშირეების ფორმით წარმოდგენა საკმარისი არ არის. პარტიული კუთვნილების და განსაკუთრებით, არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილების პროგნოზი რეგრესიული მოდელებით ხორციელდება, ანუ ჩვენთვის საინტერესო ცვლადის წინასწარმეტყველებისას, მხედველობაში მიიღებარესპონდენტების მიერ სხვა კითხვებზე გაცემული პასუხები. ეს მიდგომა არ უნდა აგვერიოს ე. წ. „ალოკაციაში“, რომლის დროსაცგადაუწყვეტელ ამომრჩევლებს, რესპონდენტის მიერ საბაზო კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვითამა თუ იმ პარტიულ ჯგუფის მხარდამჭერებს აკუთვნებენ.

ეგზიტპოლი მასობრივი გამოკითხვის სახეობაა და როგორც ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს[6], არჩევნების საკმაოდ აკურატული პროგნოზის საშუალებას იძლევა. გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს ნედლი მონაცემების შესწორება წინა არჩევნების შედეგების, რესპონდენტის დემოგრაფიული მონაცემების და შეხედულებების მიხედვით ხდება.

არჩევნების შედეგების წინასწარმეტყველების სპეციფიურ ტიპს ე.წ. პრედიკატული ბაზარი (prediction market) წარმოადგენს. პირველი მეთოდი დაახლოებით საბირჟო თამაშების პრინციპს ეფუძნება, სადაც მონაწილეები აფასებენ, თუ გამარჯვების რა შანსები გააჩნია ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს და შესაბამის ფსონს ჩამოდიან. კვლევები ამტკიცებენ, რომ პრედიკატული ბაზრები არჩევნების შედეგებს რიგ სტატისტიკურ მოდელებზე უფრო ზუსტად წინასწარმეტყველებენ[7].

რაც შეეხება ექსპერტულ გამოკითხვებს, ამ შემთხვევაში,არჩევნების სპეციალისტები საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე, პროგნოზებს აკეთებენ. მსგავსი ტიპის გამოკითხვა საქართველოშიც ჩატარდა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ,ამ ბმულზე გაეცნონ[8].

კიდევ უფრო ფართო გამოყენება ეკონომიკურ და სინთეზურ მეთოდებს გააჩნიათ[9]. ამ შემთხვევაში, არჩევნების შედეგების პროგნოზულ მოდელში ეკონომიკური მაჩვენებლებია გათვალისწინებული. მაგალითად, თუკი ამომრჩევლებისთვის პრიორიტეტული ეკონომიკური განვითარებაა და ამასთან, მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება, დიდი შანსია, არსებული პოლიტიკური გუნდი ხელისუფლებაში დარჩეს და ა.შ. ეკონომიკური და სინთეზური მოდელები მხედველობაში წინა არჩევნების შედეგებს და სხვა მსგავს ცვლადებს იღებენ.

საზოგადოებრივი აზრის კვლევების გასაშუალოებული შედეგები (ე. წ. Polling average) არჩევნების ზუსტად წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა. ეს მიდგომა ყველაზე ცნობილი ალბათ ნეით სილვერის[10], Huffington Post-ის[11], New York Times-ის[12] და დრიუ ლინზერის[13]მიერ გაკეთებული ზუსტი პროგნოზების წყალობითაა. ჩამოთვლილ მაგალითებს ისიც აერთიანებს, რომ ამ დროს მკვლევრები გამოთვლებისთვის ბაიესის პრინციპს იყენებენ[14]. ბაიესის სტატისტიკის ამოსავალი პრინციპი ის გახლავთ, რომ რაიმე მოვლენის ან ჰიპოთეზისმოხდენის ალბათობა (ე.წ. აპოსტერიორული ალბათობა) შეგვიძლია, გამოვიცნოთ ამ მოვლენის მოხდენის შესახებ არსებული წინასწარი მოლოდინების (ე.წ. აპრიორული ალბათობის) მეშვეობით. არჩევნების პროგნოზირების დროს, მკვლევრები სტატისტიკური მოდელების მეშვეობით, შედეგების წინასწარი მოლოდინის (გამოკითხვის გასაშუალოებული შედეგების) მიხედვით არჩევნების შემდგომ პოლიტიკური სუბიექტის გამარჯვების ალბათობას აფასებენ. ამგვარი მიდგომა სკურპულოზურ და ინტენსიურ გამოთვლებს მოითხოვს. ამასთან, აპრიორული ალბათობის დასადგენად, ბევრი გამოკითხვის აგრეგირებაა საჭირო.

როგორც ვხედავთ, არჩევნების პროგნოზსა და წინასაარჩევნო გამოკითხვების ნედლ შედეგებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა არასწორია. მეორეს მხრივ, პროგნოზის ბევრი მეთოდის, მაგალითად - გასაშუალოებული გამოკითხვების გამოყენება საქართველოს პირობებში რთულია, რადგან წინასაარჩევნოდ საკმარისი რაოდენობის ავტორიტეტული კვლევა არ ტარდება. სამწუხაროდ, საქართველოში მედიას, მკვლევრებს, პოლიტიკოსებს და ექსპერტული საზოგადოების წარმომადგენლებს ხშირად წარმოდგენა არ აქვთ, რომ ხმის მიცემის წინასწარმეტყველებისთვის რთული მათემატიკური მოდელები გამოიყენება და საზოგადოებას მასობრივი გამოკითხვის შედეგებს აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე პრეტენზიის მქონედ წარუდგენენ. მსგავსი არასწორი და არაინფორმირებული იდეების ტირაჟირებით კი არამხოლოდ საზოგადოებრივი აზრის, არამედ სოციალური კვლევის ნებისმიერი დისციპლინის რეპუტაცია ზარალდება.

 

[1] https://matsne.gov.ge/ka/document/view/1557168

[2]http://imedi.ge/index.php?pg=nws&id=77447&l=1

[3]ამჟამად გელმანი კოლუმბიის უნივერსიტეტში მოღვაწეობს

[4] https://www.rochester.edu/College/faculty/mperess/ada2007/Gelman_King.pdf

[5]მეთოდების უფრო დეტალური აღწერა შეგიძლიათ, აქ იხილოთ: http://researchdmr.com/HummelRothschild_FundamentalModel.pdf

[6]http://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0014292115000483

[7]http://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0169207008000320

[8]http://expertpolls.ge/

[10]http://projects.fivethirtyeight.com/2016-election-forecast/

[11]http://elections.huffingtonpost.com/2016/forecast/president

[12]http://www.nytimes.com/interactive/2016/upshot/presidential-polls-forecast.html

[13]http://votamatic.org/

[14]http://dictionary.css.ge/content/bayes-formula

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^