Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გოგი ხოშტარია: მიშას და არა ბაგრატის ტაძარი

03 ივლისი 2012

 

იუნესკოს წინასწარი დასკვნის შემდეგ ბაგრატის ტაძრის ირგვლივ მთელი თვის განმავლობაში საუბარი არ წყდებოდა,  ვრცელდებოდა საპატრიარქოს განცხადებებიც. საბოლოოდ გადაიხედა და სარესტავრაციო გეგმიდან ამოიღეს ტაძრის დასავლეთ ფრთაში მუზეუმისა და შუშის კონსტრუქციები. ხელოვნებათმცოდნეების აზრით, ტაძრის ავთენტურობა, მიუხედავად ამ პროცესებისა, უკვე შელახულია. ბაგრატის ტაძრის და ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის შესახებ "ლიბერალი" ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიას ესაუბრა.

 

არსებობს თუ არა ქვეყანაში გამოკვეთილი და განსაზღვრული პოლიტიკა კულტურული მემკვიდრეობის მიმართ?

ერთი მხრივ, არ შეიძლება ითქვას, რომ კულტურულ პოლიტიკას საერთოდ არ ექცევა ყურადღება, მაგრამ მე ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ კულტურული პოლიტიკა მხოლოდ ტურისტულ კონტექსტში ესმით, და არა, როგორც ერის სულიერი საგანძური და მისი სახე. ტურიზმის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს - გარეჯიც და ბაგრატიც ჩემი და მსოფლიოს საგანძურია. კულტურულ პოლიტიკას იგივე მანკიერებები ახასიათებს, რაც მთლიანად ქვეყნის მმართველობას - დახურულობა. ყველაფერს გვიან ვიგებთ, მაგალითად, ბაგრატზეც მაშინ გავიგეთ რაღაცები, როდესაც ძეგლი უკვე, ფაქტობრივად, დაღუპულია. არც იუნესკოს აზრი გაითვალისწინეს, არც ქართველი ექსპერტების. სამწუხაროდ, ზოგიერთ ჩემს კოლეგას სამოქალაქო გამბედაობაც არ ჰყოფნის, რომ წინ აღუდგნენ უსამართლობას, იყვნენ ძეგლის და არა მთავრობის მხარეს.

 

თქვენი აზრით, კულტურული მემკვიდრეობის ხდება თუ არა ჩვენთან ძეგლები პოლიტიკური და რელიგიური სპეკულაციის ობიექტები?

არის ხოლმე ეგრეც, მაგრამ პრობლემა უფრო ისაა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ჭეშმარიტი არსი არ ესმით.  როდესაც იძახი, რომ თავიდან უნდა ააშენო ე.ი. არ გესმის კულტურული მემკვიდრეობის არსი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფუნქციები იცვლება. დღეს რატომ მოგვწონს კოლიზეუმი? იმიტომ, რომ იქ გრადიატორები ჩხუბობენ? არა, იმიტომ, რომ ის გენიალური ნაწარმოებია. ახლა კოლიზეუმი რომ აღვადგინო, გლადიატორებმა ისევ უნდა იბრძოლონ?

ბაგრატის ტაძარზე იგივეს ამბობდნენ, უნდა აღდგეს, როგორც ტაძარი და დაიბრუნოს ღვთისმსახურების ფუნქცია..

 

ძეგლის ფუნქციები იცვლება...

და რამდენად ხდება ჩვენთან კულტურული მემკვიდრეოდრეობის ძეგლების ფუნქციების გადაფასება?

 

ზოგიერთისთვის კულტურული ძეგლი მხოლოდ რელიგიური ობიექტია, რაც, ჩემი აზრით, არასწორია, თუმცა საკრალური ფუნქცია სულ რომ გამოვაცალოთ არც ესაა სწორი. საკულტო ნაგებობა თავის თავში შეიცავს ესთეტიკურისა და რელიგიურ-საკრალურის ერთიანობას. ჯვარი, სვეტიცხოველი, როგორც რელიგიური სიწმინდებია, ისევე კულტურული ძეგლებიცაა. თავისუფლების მოედანზე რომ რაღაც დგას, ის არც კულტურული ძეგლი და არც რელიგიური, სპილენძის ჩაიდანს მაგონებს და არა წმინდა გიორგის.

რამდენად მოხდა ჩვენთან რელიგიური ძეგლების დესაკრალიზება?

ბოლო საუკუნეებმა ამაზე დიდი გავლენა მოახდინა. განმანათლებლობამ, ოკუპაციამ, ბოლშევიზმა რელიგიას დიდი დარტყმა მიაყენა, თუმცა მოტრიალება მაინც სწრაფად მოხდა და ამაში პატრიარქმა დიდი როლი ითამაშა. უნდა ვთქვა, ყველაფერი, რაც საპატრიარქოში ხდება არ მომწონს, განსაკუთრებით კულტურულ ძეგლთან მიმართებაში.

მესმის, რომ ძეგლმა უნდა იფუნქციონოროს, მაგრამ ამას არ მისი ისტორიული ავთენტურობა არ უნდა შეეწიროს, ეს ისტორია აღარ მეორდება. თითოეული ხელოვნების ნაწარმოები თავისი ეპოქის შვილია და როდესაც ამ ძეგლს შლი, იმ ეპოქის არომატსაც კარგავ. ბაგრატის ტაძრის შემთხვევაში ასეც მოხდა, ბაგრატის ტაძარი აღარ არსებობს. მისი ახალი ქსოვილი ზომით სამჯერ თუ ოთხჯერ აღემატება ძველს. მშვენიერი გადაწყვეტილება იყო გვერდით აეშენებინათ მსგავსი ტიპის ტაძარი. საპატრიარქოს კომისიაში შემავალმა ერთმა არასასულიერო პირმა მითხრა, რომ გუმბათის ცდომილება შეიძლება მხოლოდ ერთი მეტრი იყოსო, ამ დროს ერთ სანტიმეტრსაც მნიშვნელობა აქვს, ეს ძეგლის ხასიათს ცვლის.

 

ბაგრატის ტაძრის ავთენტურობის შელახვაში თანაბრად პასუხისმგებელია ხელისუფლებაც და საპატრიარქოც?

 

უპირველესად,, ხელისუფლება და შემდეგ საპატრიარქოს კომისია, არ ვამბობ, რომ მთლიანად საპატრიარქო. კომისიის მთავარი შეცდომა ძეგლის აღდგენა იყო, მისი გამაგრების ნაცვლად. შესანიშნავმა რესტავრატორმა და ხუროთმოძღვარმა ვახტანგ ცინცაძემ ისე აღადგინა ბაგრატი, როგორც უნდა აღდგენილიყო. იმდენით უნდა ააშენო, რაც მისი გადარჩენისთვისაა საჭირო. ამბობენ, რომ გუმბათი რომ არ დაგვედგა, ეს ძეგლი ვერ გადარჩებოდაო - ტყუილია. რკინა-ბეტონის და ახალი მასალის გამოყენებაზე ინჟინრებს უნდა ესმჯელათ, შეიძლება გამოეყენებინათ, თუმცა - სასურველია არ ეხმარათ. ამ საკითხზე მსჯელობაში დიდი დრო წავიდოდა, ჩვენს პრეზიდენტს კიდევ მოსწრება უნდოდა, საბოლოოდ კი გამოვიდა, მიშას და არა ბაგრატის ტაძარი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^