Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მომდევნო 4 წელიწადი

11 ოქტომბერი 2016

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, თითქოს ბევრი არაფერი შეცვლილა. „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ამავე დროს, „ნაციონალური მოძრაობაც“ ინარჩუნებს მთავარი ოპოზიციური პარტიის ნიშას. ერთი შეხედვით, სურათი უცვლელი რჩება და შეჩვეული ჭირის პრინციპით მომდევნო წლები კარდინალურად განსხვავებული არ უნდა იყოს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. რეალურად კი ვითარება შეიძლება ბევრად უფრო მძიმე იყოს, თუ მომდევნო 4 წლის განმავლობაში მოვლენები შემდეგი სცენარით განვითარდება:

1) ბიძინა ივანიშვილი დარჩება არაფორმალურ მმართველად, რაც თანამედროვე ქართული დემოკრატიისთვის დღეს უდავოდ უმთავრესი გამოწვევაა. ერთი კაცის პირადი ბიზნესინტერესებისა და გავლენის შედეგი იქნება არაერთი საყდრისი თუ პანორამა თბილისი. შუშის სასახლე ისევ შეასრულებს მთავრობის კანცელარიის როლს, სადაც დროგამოშვებით არაფორმალური მმართველი მიიღებს გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ მინისტრის მომავალზე. შედეგად, მინისტრთა კაბინეტი კვლავ გააგრძელებს მარიონეტულ რეჟიმში ფუნქციონირებას და რაც ყველაზე პრობლემურია, ბიძინა ივანიშვილს ამ ყველაფერზე 0 პასუხისმგებლობა დაეკისრება;

2) „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში სახელმწიფოსთვის ბევრად უფრო საფრთხის შემცველ პოლიტიკურ ძალად იქცევა. იმის მიუხედავად, ვინ რას ფიქრობს „რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემორკატებზე“, წინა მოწვევის პარლამენტი შედარებით უფრო ჭრელი და დაბალანსებული იყო. უსუფაშვილის და ალასანიას გუნდი აღარ იქნებიან წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტში. ასევე  რთული წარმოსადგენია, თუ ვინ შეასრულებს შემაკავებელი ძალის როლს იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც პარტიის კონსერვატიული ფრთის წიაღში შეიძლება ინიცირდეს. ცალსახად გაიზრდება იმის ალბათობაც, რომ მივიღოთ პარტიის ღირებულებებს მორგებული კონსტიტუცია, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს;

3) მომდევნო ოთხი წელი ისევ განვაგრძობთ გაურკვეველ ჰიბრიდულ საგარეო პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც წარმატებით შევინარჩუნებთ ბალანსს დეკლარირებულ პროდასავლურობასა და რუსეთთან ურთიერთობის დათბობას შორის. გაიზრდება ანტიდასავლური სენტიმენტები და მომძლავრდება რუსეთთან სიახლოვის შეგრძნება. თუმცა “ომი ხომ სააკაშვილმა დაიწყო. მანვე არ დაკარგა ტერიტორიების 20 პროცენტი? რუსეთი რა შუაშია?!” - მსგავსი რიტორიკა პოლიტიკური დისკურსის კიდევ უფრო ჩვეულებრივი ნაწილი გახდება. მარტივად მიეცემა დავიწყებას აფხაზეთიც, დაბომბილი გორიც და 300 ათასი დევნილიც;

4) სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს მართლმადიდებელი ეკლესიის საბიუჯეტო დაფინანსებას. ყოველწლიური 25 მილიონი ლარის გარდა, აქტიურად მოხდება ეკლესიისთვის უძრავი ქონების გადაცემა და სეკულარული პრინციპების პერიოდული უგულვებელყოფა. ამბიონიდან კვლავ იქადაგებენ სიძულვილს, ისევ დაირაზმებიან უმცირესობების ჩასაქოლად და სამართალდამცავი ორგანოები ისევ თვალს დახუჭავენ სიძულვილის დანაშაულზე;

5) სამართალდამცავი ორგანოები ისევ მოგვისმენენ და საჭიროების შემთხვევაში აქტიურად გამოიყენებენ ჩანაწერებს პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის. იგივე სამართალდამცავი ორგანოები კიდევ უფრო გაზრდიან გამოუძიებელი საქმეების რაოდენობას და საეჭვო ვითარებაში მანქანის აფეთქებები, ბანკების გატანა თუ პატიოსანი მოქალაქეების უმიზეზო ჩახოცვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა;

6) სამართალდამცავი ორგანოები ისევ დაიჭერენ მოქალაქეებს 0.002 გრამი მსუბუქი ნარკოტიკისთვის. პოლიცია ისევ შეინარჩუნებს შარდის შემგროვებლის ფუნქციას და  სახელმწიფო ისევ მოკლავს დემურ სტურუას. აქტიურად მოხდება დაშინებისა და ტერორის მეთოდების გამოყენება მოქალაქეების წინააღმდეგ. არავის შეაწუხებს ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა მოქალაქეებს ცხოვრება და მომავალი ენგრევათ. მთავარია, ბიუჯეტის შესავსებად ნარკომომხმარებლებისგან საკმარისი რაოდენობის თანხები ამოიღონ;

7) „ქართულ ოცნებას“ ახლა უკვე ექნება სრული ბერკეტი იმისთვის, რომ აასრულოს წინასაარჩევნო დაპირება კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის თაობაზე. მერე რა რომ ლგბტ მოქალაქეები სხვებივით იხდიან გადასახადებს; მერე რა რომ ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას ყველა მოქალაქე, ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად; მერე რა, რომ ეს ჯგუფი ისედაც ყველაზე ჩაგრულია და სისტემური ძალადობის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ადამიანის უფლებათა ყოფილ დამცველ თამარ ჩუგოშვილს სინდისი არ შეაწუხებს, როცა ხმას მისცემს აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებას და, მისი აზრით, ამით ბოლოს მოუღებს ჰომოფობიურ სენტიმენტებს საქართველოში;

8) მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემებად დარჩება სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა და პენსიები. ამუშავებულ ქარხნებს თუ მილიონ ხეს დაემატება ახალი შეუსრულებელი დაპირებები. ინფლაცია და ეკონომიკური დაღმასვლა ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოგონილია, თორემ სინამდვილეში მოსახლეობის 70% სიღარიბეში კი არ ცხოვრობს.

ცხადია, წარმოდგენილი სურათი სრულად ვერ ასახავს იმ გამოწვევებს, რის წინაშეც სახელმწიფო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დადგება. სტაგნაციის ოთხი წელი კი ისეთი ახალგაზრდა დემოკრატიისთვის, როგორიც საქართველოა, ცოტა ნამდვილად არ არის. ამიტომ აუცილებელია, რომ ბრძოლა ყველა ფრონტზე გავაგრძელოთ პარლამენტში წარმოდგენილმა თუ მის გარეთ დარჩენილმა ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, სტუდენტებმა თუ ცალკეულმა აქტივისტებმა. გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ 4 წელი დაკარგოს. არც მე, რიგით მოქალაქეს, არ შემიძლია შევეგუო, როგორ ლახავს ჩემს უფლებებს მზაკვრული საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში ამომრჩევლის 51 პროცენტის გარკვეული ნაწილის მიერ არჩეული ხელისუფლება. 

გიორგი თაბაგარი - სამოქალაქო აქტივისტი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^