Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბოლნისში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების საარჩევნო დღე

12 ოქტომბერი 2016

„აგიტატორი ვარ. 600 ადამიანის ტრანსპორტირება უზრუნველვყავით. მანქანებით "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დაგვეხმარნენ. მოსახლეობას ვკრებ, რომ "ქართული ოცნების" ღირსეულ კანდიდატურას მისცენ ხმა,“ - ამბობს ფერჰად ალიევი, რომელიც ბოლნისის რაიონის სოფელ ძველი ქვეშის მე-20 საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" მიერ დანიშნულ მეთვალყურედ  გაგვეცნო. ფერიდე ამავე დროს მის ხელთ არსებულ  სიაში მყოფ ამომრჩეველთა არჩევნების პროცესზე მისვლის პროცესსაც აკონტროლებს.

ასეთ მეთვალყურეს ბოლნისის ბევრ საარჩევნო უბანზე ნახავდით. ამომრჩეველთა დიდი ნაწილი  სწორედ ასეთი „აგიტატორის“ მიერ მითითებულ პარტიას და მის კანდიდატს უჭერს მხარს.

როგორც გაირკვა, ქალ ამომრჩევლთა ნაწილი არჩევნების დროს ქმრის რეკომენდაციას და მითითებას ითვალისწინებს. „წინა არჩევნებზეც ვიყავი და ახლაც მოვედი. მეუღლემ ვისზეც მითხრა, ის შემოვხაზე.  წყალი არ გვაქვს და გვპირდებიან წყალს  გამოგიყვანთო,“ - აცხადებს ალიდა ჯაბბაროვა. ალიდას მსგავსად ბევრი ამომრჩეველი ქალი ამბობს, რომ ხმას მეუღლის მიერ მითითებულ პარტიას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს აძლევს.

ძველ ქვეშში მცხოვრები 36 წლის ხალიდა ბაირამოვა აცხადებს, რომ ის და მისი თანასოფლელები ყოველთვის სახელისუფლებო კანდიდატებს აძლევენ ხმას და გამონაკლისი არც წლევანდელი არჩევნებია: „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ვისზეც გვითხრეს, ხმაც იმათ მივეცით. ვინც პენსიას გვაძლევს და პირობებს გვიქმნის, ჩვენი უფროსიც ისაა. სხვა რომ მოვიდეს, ის სხვა რას გააკეთებს, ვიცით?"

ბოლნისის საარჩევნო უბნებზე მყოფი დამკვირვებლები  არჩევნების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობენ.  დამკვირვებელი  ივანე კალიძე აცხადებს, რომ რამდენიმე ადამიანმა ხმა პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე მისცა: „ადამიანები ამომრჩეველთა სიიდან  ქაღალდზე ამოწერილი ნომრებით მოდიოდნენ და ხმას აძლევდნენ. სამმა ადამიანმა მისცა ხმა პირადობის  მოწმობის გარეშე. ეს დარღვევა რომ  გავაპროტესტეთ,  უბნის ხელმძღვანელს რეაქციაც კი არ ჰქონდა.“

ამავე უბანზე ერთ კაბინაში ერთად ორი ადამიანი შევიდა.  მათ მიერ ხმის მიცემის პროცესს არც  საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა და არც მეთვალყურეებმა ხელი არ შეუშალეს. დარღვევების თაობაზე დამკვირვებელთა  განცხადებებს მე-20 საარჩევნო უბნის კომისიის ხელმძღვანელმა, ბაჰადდინ ბაირამოვმა ცილისწამება უწოდა: „სრულიად გამჭვირვალე არჩევნებს ვატარებთ. უბანზე სულ 1356 ამომრჩეველია. აქედან  1100 ადამიანი მოვიდა არჩევნებზე  და ამავე რაოდენობის ბიულეტენია გაცემული. აქ რაიმე დარღვევაზე შეუძლებელია საუბარი.“

ბოლნისის რაიონის სოფელ სენების  მე-18 საარჩევნო უბანზე მყოფი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი, თურქან გულაჰმადოვა კი ზეწოლაზე საუბრობს: „გადასატანი ყუთს, წესით, დამკვირვებლებიდან ვინმე უნდა გაჰყოლოდა. მე მინდოდა წავსულიყავი, მაგრამ ამის  უფლება  არ მომცეს. გავაპროტესტე და ცესკო-ს ცხელ ხაზზე დავრეკე. საარჩევნო კომისიის წევრები დამემუქრნენ, რომ არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, პრობლემები შემექმნას.“

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბოლნისში, სამირა ისმაილოვაც საარჩევნო უბნებში დაფიქსირებულ დარღვევებზე საიბრობს: „თუ დამკვირვებლები რაიმე დარღვევას აფიქსირებდნენ და ამას ღიად აცხადებდენ, ისინი გაჰყავდათ უბნიდან. კომისიის წევრები  ამომრჩევლებს  აძლევდნენ მითითებას, რომ "ქართული ოცნებისთვის" და მათი კანდიდატისთვის მიეცათ ხმა."  

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს  საქართველოს 4 რეგიონში აკვირდებოდა, მათ შორის ქვემო ქართლში და კონკრეტულად ბოლნისის რაიონშიც. ცენტრის კოორდინატორი, ნესტან ნებიერიძე  ყურადღებას რამდენიმე დარღვევაზე ამახვილებს: „ბოლნისის რაიონის სოფელ ძველი ქვეშის მე-20  საარჩევნო უბანზე სადილის დროს საარჩევნო კომისიის წევრებმა ოთახის კარი ჩაკეტეს და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში შიგნით არავის უშვებდნენ. კანონით ასეთი ქმედება  დაუშვებელია. ეს დარღვევა ცესკო-ში გავასაჩივრეთ.  გარდა ამისა,  ხმის მისაცემად  ბევრ ამომრჩეველს ისე უშვებდნენ, რომ  ულტრაიისფერი  ფარნით  მათ ხელზე მარკირებას არ ამოწმებდნენ.“

ოფიციალური ინფორმაციით, არჩევნების პროცესში არსებული სხვადასხვა დარღვევების შესახებ  ცესკო-შ0 600-ზე მეტი საჩივარი შევიდა. აქედან 116 ბოლნისის რაიონიდან.  ცესკო-ში აცხადებენ, რომ თითოეულ დარღვევაზე გამოძიება მიმდინარეობს.

ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, პროპორციულ ნაწილში, ხმათა 48.6%–ით " ქართული ოცნება" ლიდერობს. ხმების 27,14%-ით მეორე ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრობა", 5%-ით მესამე ადგილზე კი საარჩევნო ბლოკი "პატრიოტთა ალიანსი".  

გულნურ ქაზიმოვა

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს  პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^