სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, სტუდენტური თვითმმართველობის არსებული მოდელის გაუქმებაა. მარტში უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არაერთი სამუშაო შეხვედრა მოჰყვა. მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტიც, თუმცა საქმე ახალი კანონპროექტის პარლამენტში ინიცირებამდე არ მისულა. როგორია სტუდენტური თვითმმართველობის არსებული მოდელი, რა პრობლემებს ხედავენ ამ მოდელში სტუდენტები და რა სახის ცვლილებებს ითხოვენ მათ გადასაჭრელად.
როგორია თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის არსებული მოდელი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში არსებობს ჩანაწერი სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ. კანონის მიხედვით, ფაკულტეტები (სულ 7 ფაკულტეტია) ჯერ ფაკულტეტზე ირჩევენ თვითმმართველობის წევრებს და ამ წევრების ერთობლიობას კი თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს, რომელსაც ჰყავს პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და სხვადასხვა რეგალიის მქონე სხვა წევრები.
საგულისხმოა, რომ სტუდენტური თვითმმართველობა დებულებას ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად შეიმუშავებს. ის თავისუფალია საკუთარი დებულების განსაზღვრისას.
დებულების შესაბამისად, თვითმმართველობა უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში; ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას; ირჩევს წარმომადგენლებს საფაკულტეტო საბჭოში; უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად; ახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას არ აქვს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევის უფლება.
კანონში უფლება-მოვალეობების ჩამონათვალში გვხვდება საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტების წარმომადგენლების არჩევის საკითხი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია და რომლის შეცვლაც „აუდიტორია 115-ის“ წევრთა ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა.
საფაკულტეტო საბჭო ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა და ის ფაკულტეტის დონეზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. მაგალითად, განსაზღვრავს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს, ირჩევს ფაკულტეტის დეკანს, შეიმუშავებს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს.
აღნიშნულ საბჭოებში შედიან ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, რომელთა რაოდენობაც არ შეიძლება საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები იყოს.
„აუდიტორია 115-ში“ მიაჩნიათ, რომ საფაკულტეტო საბჭოებში, რომელიც უნივერსიტეტის შიგნით აკადემიური და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის ბედს წყვეტს, სტუდენტების წარმომადგენლები პირდაპირი არჩევის წესით შერჩეული წევრები უნდა იყვნენ და ფაკულტეტის თვითმმართველობა არ უნდა წყვეტდეს, ვინ შევა ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტების სახელით.
აქვე შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტში აკადემიური და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის ბედს ფაკულტეტის დონეზე საფაკულტეტო საბჭო, ხოლო საერთო საუნივერსიტეტო დონეზე - აკადემიური საბჭო და წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) წყვეტს.
სენატში სტუდენტების არჩევა პირდაპირი წესით ხდება, ანუ იმისათვის, რომ სტუდენტი სენატის წევრი გახდეს, საჭირო არაა ის ჯერ სტუდენტური თვითმმართველობის წევრი იყოს. სწორედ ამავე პრინციპის დანერგვას ითხოვს „აუდიტორია 115“ საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტთა წარმომადგენელი წევრების შერჩევის დროს. სტუდენტები წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სრული შემადგენლობის 1/3 შეადგენენ. დღესდღეობით თსუ-ის სენატი 72 წევრისგან შედგება, რომელთაგან 24 სტუდენტია.
საფაკულტეტო საბჭოს წევრი თვითმმართველობის წარმომადგენელი სტუდენტები აკადემიური საბჭოს წევრების არჩევაშიც მონაწილეობენ.
ამჟამად, თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა დაახლოებით 700 წევრს აერთიანებს.
რას ითხოვს „აუდიტორია 115“
სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“ სტუდენტური თვითმმართველობის არსებული მოდელის შეცვლას ითხოვს.
ისინი „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ 45-ე მუხლის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის უფლებებს განსაზღვრავს.
გარდა ამისა, მოძრაობის წევრ სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა კანონში ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც საფაკულტეტო საბჭოებში, სენატის მსგავსად სტუდენტების არჩევა პირდაპირი წესით მოხდება. ვინაიდან არსებული მოდელი, დამოუკიდებელ დელეგატებსაც კი არ აძლევს შესაძლებლობას, რომ საფაკულტეტო საბჭოს წევრები გახდნენ და გავლენა იქონიონ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე, როგორიცაა, მაგალითად, ფაკულტეტის ბიუჯეტის დაგეგმვა.
სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ წევრ ლევან ლორთქიფანიძეს მაგალითად 2012 წელი მოაქვს, როცა რამდენიმე თანაკურსელთან ერთად, როგორც დამოუკიდებელი დელეგატები, ფაკულტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში აირჩიეს. თუმცა, მისი თქმით, მაღალი ლეგიტიმაციისა (რადგან არჩევნებში მაღალი უპირატესობით გაიმარჯვეს) და სურვილის მიუხედავად, ფაკულტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ საფაკულტეტო საბჭოს წევრებად არ აირჩიეს. “დანარჩენმა 16-მა წევრმა დაგვბლოკა და საბჭოს წევრობის საშუალება არ მოგვცა, რომ არ გვქონოდა რაიმე გავლენა ფაკულტეტის ბიუჯეტის დაგეგმვასა და თანამდებობის პირთა არჩევაზე ", - ამბობს ის.
მოძრაობის წევრ სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა უნდა დაერქვას, საფაკულტეტო საბჭოებსა და სენატში პირდაპირი წესით არჩეულ სტუდენტებს.
მოძრაობის წევრები მკაცრად განსაზღვრული სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემოღებასაც მოითხოვენ. დღეს უნივერსიტეტის ბიუჯეტის დაახლოებით 1%, წესდების მიხედვით სტუდენტური ხარჯებისთვისაა გამოყოფილი. თუმცა, როგორც „აუდიტორია 115-ის“ წევრები ამბობენ, ეს თანხა ძირითადად სტუდენტური თვითმმართველობის წევრების მიერ წარდგენილი პროექტების დაფინანსებაში იხარჯება.
„მხოლოდ ფორმალურად არსებობს შესაძლებლობა, რომ სტუდენტმა ინდივიდუალურად მიმართოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომ მისი პროექტი განიხილონ და დააფინანსონ. უნივერსიტეტის შიგნით არსებობს დაუწერელი წესი, რომ ამგვარ პროექტებს ადმინისტრაცია რეზოლუციის დასადებად სტუდენტურ თვითმმართველობასთან გადაამისამართებს. მხოლოდ ამის შემდგომ ხდება შესაძლებელი ამ პროექტის დაფინანსება. სწორედ ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, რომ უნივერსიტეტში დავადგინოთ იმგვარი წესები, რომელიც ყველა სტუდენტს პრივილეგიების გარეშე შესაძლებლობას მისცემს, თანაბარი წვდომა ჰქონდეს სტუდენტებისთვის გამოყოფილ თანხებზე“, - ამბობს მოძრაობის წევრი ლევან ლორთქიფანიძე.
სტუდენტების თქმით, საჭიროა წარმომადგენლობითმა საბჭომ (სენატმა) განსაზღვროს სტუდენტური ხარჯების პრიორიტეტები. შეიქმნას საგრანტო კომისია, რომელიც როგორც საფაკულტეტო, ისე საუნივერსიტეტო დონეზე სტუდენტური ინიციატივებს აღნიშნული პრიორიტეტების მიხედვით დააფინანსებს.
„მაგალითად, გიორგი ჯავახაძე, ჩვენ მიერ არჩეული სენატის წევრი, ჰუმანიტარული ფაკულტეტიდან უკვე 4 წელია ითხოვს დაფინანსებას ელექტრონული სასწავლო ბაზის შექმნისთვის, სადაც სასწავლო ლიტერატურა განთავსდება. ამას სჭირდება 500-600 ლარი. მან დაწერა პროექტი, მიმართა კანცლერს, თუმცა ეს პროექტი დღემდე არ არის დაფინანსებული. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. ჩვენი მოთხოვნაა, რომ თამაშის წესები უფრო ზუსტად განისაზღვროს, ეს არაფორმალური ტრადიციები გადაიდოს გვერდზე და დადგინდეს კონკრეტული წესი. მიზანი უნდა იყოს საყოველთაო ხელმისაწვდომობა, მიუხედავად იმისა, ხარ თვითმმართველობის წევრი თუ არ ხარ“, - ამბობს ლევან ლორთქიფანიძე.
რას ფიქრობენ სტუდენტური თვითმმართველობების პრეზიდენტები
თსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბახვა კვირიკაშვილი საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტების პირდაპირი წესით არჩევის წინააღმედგი არ არის, თუმცა როგორც ამბობს, მისთვის მიუღებელი არც დღეს არსებული წესია. მისი თქმით, როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ არჩევნებს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. არჩევნების მოდელი სტუდენტებმა ერთად უნდა დაადგინონ, თუმცა მისი თქმით, სტუდენტთა იმ ჯგუფმა, რომელიც დღეს პირდაპირი წესით არჩევნებს ითხოვს, მათთან დიალოგი არ ისურვა.
რაც შეეხება კანონის 45-ე მუხლის გაუქმებას, კვირიკაშვილი კანონმდებლობის შეცვლის საჭიროებას ვერ ხედავს და ამბობს, რომ სტუდენტთა ნაწილის მოთხოვნები დებულების შეცვლითაც შეიძლება შესრულდეს. ვინაიდან, მისი თქმით, კანონმდებლობით გაწერილი ჩარჩო შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, იმგვარი სტუდენტური თვითმმართველობის მოდელი აირჩიონ, როგორიც მათ მოსწონთ.
ბახვა კვირიკაშვილის თქმით, თვითმმართველობის რეზოლუციით სტუდენტურ პროექტებზე დაფინანსება აღარ გაიცემა. მისი თქმით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევებში ხდებოდა, როდესაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ერთდროულად ბევრი პროექტი შედიოდა. უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური ღონისძიებებისთვის გაწერილი თანხების ათვისება კი ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. როგორც კვირიკაშვილი ამბობს, პროექტების უმრავლესობა თუ თვითმმართველობის მიერ ხორციელდება, ეს არა პრივილეგიის, არამედ იმის ნიშანია, რომ ისინი მენეჯმენტში უკეთ მომზადებულნი არიან, პროექტების წერის მეტი გამოცდილება აქვთ.
თუკი „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებები შევა, ეს სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებზეც მოახდენს გავლენას. „ლიბერალი“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობების პრეზიდენტები, რამდენად მისაღებია მათთვის რეფორმა და რა პრობლემებს ხედავენ არსებულ მოდელში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ავთო ადეიშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა არსებული მოდელის რეფორმა, თუმცა ცვლილებები კანონის დონეზე მხოლოდ სტუდენტთა ერთი ჯგუფის მოთხოვნებს არ უნდა დაეყრდნოს. ცვლილებებზე მუშაობის პროცესში ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი უნდა იყოს ჩართული.
ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი თორნიკე ჩიქოვანი კი მიიჩნევს, რომ რეფორმა სტუდენტთა უფლებამოსილების გაზრდაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
„თვითმმართველობის წევრები ყველა უნივერსიტეტში მეტ-ნაკლებად საერთო პოზიციაზე ვდგავართ, თუ როგორ წარმოგვიდგენია თვითმმართველობა - მეტი უფლებამოსილება, რომ მეტად შეძლოს სტუდენტების უფლებების და ინტერესების დაცვა; მეტი პროექტის შესაძლებლობა, რაც გადის ფინანსებზე. თუ თსუ-ში იყო პრობლემა, რომ ვიღაცები წავიდნენ და არამიზნობრივად დახარჯეს ეს თანხები, სხვაგან ეს პრობლემა არ არსებობს, ამის კონტროლი შეგვიძლია. ზოგადად, არამიზნობრივი ხარჯვა ყველგან ხდება, შესაძლოა ცალკე საბჭო შეიქმნას, რომელიც მონიტორინგს გაუწევს, რომ თანხა არამიზნობრივად არ დაიხარჯოს“, - ამბობს თორნიკე ჩიქოვანი.
რას გეგმავს თსუ-ის რექტორი
თსუ-ის რექტორი, გიორგი შარვაშიძე იზიარებს სტუდენტთა ხედვას, რომ საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტები პირდაპირი წესით უნდა ირჩეოდნენ. მისი თქმით, ყველა სტუდენტს სურვილის შემთხვევაში თანაბრად უნდა მიუწვდებოდეს ხელი საფაკულტეტო საბჭოს წევრობაზე, მიუხედავად იმისა რომელიმე სტუდენტურ ჯგუფში არის თუ არა გაწევრებული.
რაც შეეხება „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ 45-ე მუხლის გაუქმებას, რექტორი საკანონმდებლო დონეზე აღნიშნული მუხლის გაუქმების საჭიროებას ვერ ხედავს.
„რაში გვიშლის ხელს კანონი? რატომ არის ეს მუხლი გასაუქმებელი? იმისთვის, რომ კარგად მოაწყო შენი თვითმმართველობა? კანონი ამბობს, რომ მოაწესრიგე ის ისე, რომ სტუდენტებმა თვითონ მართონ თავიანთი თავი. თუ მე პარლამენტი არ მომწონს, ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტარიზმი ცუდია; თუ მე თვითმმართველობა არ მომწონს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობაა ცუდი. თუ არ მომწონს მისი დაკომპლექტების წესი, ეს არ არის კანონის თემა, ეს არის უნივერსიტეტის წესდებით გადასაწყვეტი პრობლემა. თვითონ უნივერსიტეტმა უნდა გადაწყვიტოს და თქვას, თვითმმართველობის როგორი მოდელი სურს. ამისთვის არ არის საჭირო თემის კოსმოსში აწევა“, - ამბობს ის.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი უნივერსიტეტის წესდების დონეზეც ადვილად გადასაწყვეტია, მით უმეტეს, რომ სტუდენტურ თვითმმართველობასაც კარგად ესმის არსებული მოდელის რებრენდინგის საჭიროება.
რაც შეეხება უნივერსიტეტიდან სტუდენტური პროექტების დაფინანსებას, შარვაშიძე მიიჩნევს, რომ პროექტების თვითმმართველობაში გადამისამართება რეზოლუციის დასადებად მავნე პრაქტიკა იყო, რომელიც უნივერსიტეტში აღარ გაგრძელდება.
შარვაშიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ადმინისტრაცია „სცოდავდა“. უფრო მეტიც, მისი თქმით, თვითმმართველობის დემონიზაციაში ადმინისტრაციას „ლომის წვლილი მიუძღვის“, რადგან მარტივად ირიდებდა პასუხისმგებლობას და სტუდენტურ თვითმმართველობას გადააწერდა პროექტებს რეზოლუციის დასადებად, რაც მათი უფლება და საქმე არ იყო.
მისი თქმით, უნივერსიტეტში შეიქმნება კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება, როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლებით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით. აღნიშნული კომისია კი განიხილავს სტუდენტების განცხადებებს.
„ეს არის ნებისმიერ სივრცეში მიღებული პრაქტიკა და ძალიან მინდა, რომ ეს პრაქტიკა დაინერგოს და აუცილებლად დაინერგება. ის გადაბრალება აღარ იქნება, რომ სტუდენტებმა ერთმანეთში არკვიონ, უნდა დაეფინანსებინათ თუ არა პროექტი. ეს არ არის სტუდენტის საქმე. ყოველი თეთრი, რომელიც უნივერსიტეტში იხარჯება, ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა“, - ამბობს გიორგი შარვაშიძე.
რას ფიქრობენ სპეციალისტები
განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ სტუდენტური თვითმმართველობის არსებულ მოდელს კანონში გაწერისას ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა. ერთი მხრივ, ახალი მოდელი უფრო გამჭვირვალეს ხდიდა უნივერსიტეტის მართვით ორგანოებს, ანუ თუ იქამდე ეს ორგანოები ანგარიშვალდებული იყვნენ მხოლოდ საკუთარი თავის ან სახელმწიფოს წინაშე, გაჩნდა სტუდენტთა მიმართ ანგარიშვალდებულებაც, რაც, თავის მხრივ, სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართულობას გულისხმობდა. თუმცა არსებობს ნეგატიური პრაქტიკაც:
„დღეს არსებული მოდელი ითვალისწინებს ძველი სტუდენტური თვითმმართველობების პრაქტიკასაც, იმ თვალსაზრისით, რომ ხშირად თვითმმართველობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დანამატია. იმ შემთხვევაში, თუ ეს ადმინისტრაცია და პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთს უპირისპირდებიან, მაშინ თვითმმართველობის მართვაში პოლიტიკური ჯგუფებიც ერთვება. იყო პერიოდი, როცა უნივერსიტეტს გარედან თვითმმართველოების გავლით პოლიტიკური ელიტა აკონტროლებდა, თუმცა ეს სხვადასხვა უნივერსიტეტში სხვადასხვა დოზით ხდებოდა. ზოგ უნივერსიტეტში ამის უფლებას უნივერსიტეტების პროფესურა იძლეოდა, ზოგ უნივერსიტეტში კი მას მსგავსი გავლენა არ ჰქონია“, - ამბობს სიმონ ჯანაშია.
სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტების არჩევა პირდაპირი წესითაც რომ მოხდეს, საეჭვოა, არსებული ვითარების ამ გზით შეცვლა. მისი თქმით, თუკი დღეს არსებული „ორნაბიჯიანი წარმომადგენლობა““ერთნაბიჯიანი“ გახდება, სადაც ყოველთვის პირველ ნაბიჯს უმრევლესობა - სტუდენტური თვითმმართველობის წევრები იგებდნენ, საეჭვოა, რამდენად მოახერხებს სხვა სტუდენტები პირდაპირი არჩევნების გზით საბჭოს წევრებად გახდომას. ვინაიდან, სტუდენტები, რომლებიც ითხოვენ უფრო გამჭვირვალე და სამართლიან სისტემას, არიან უმცირესობაში. მოდელის შეცვლის შემთხვევაშიც ისინი უმცირესობაში დარჩებიან. მისი თქმით, მხოლოდ უფლებების გადაჯგუფებით რეალური შედეგის მიღება საეჭვო იქნება.
„ცხადია, პირდაპირი არჩევნები მეტ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს, რომელსაც არ უნდა რომელიმე ჯგუფის წევრობა, მაგრამ ეს ვერ იძლევა ვერანაირ გარანტიას საიმისოდ, რომ რაიმე შეიცვლება უნივერსიტეტის შიგნით პოლიტიკური ნების გარეშე - დემოკრატიულად ხდებოდეს მართვა“.
სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ გამოსავალი ამ შემთხვევაში თვითმმართველობის საქმიანობის მეტი კონტროლია. მეორე მხრივ, სტუდენტებს სხვადასხვა ინტერესების გარშემო გაერთიანების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. რაც უფრო მრავალფეროვანი გახდება ეს შესაძლებლობა, გაიზრდება იმის ალბათობაც, რომ სტუდენტები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან მართვით რგოლებში. მისი თქმით, სტუდენტთა გარკვეულ ნაწილს შეიძლება საერთოდ არ აინტერესებდეს „საერთო საუნივერსიტეტო დიდი საქმეები“ და მხოლოდ ვიწრო ინტერესთა სფერო გააჩნდეს, რომელთა დაკმაყოფილების საშუალებაც დღეს სტუდენტებს არ აქვთ, თვითორგანიზებული ჯგუფის შექმნის გარეშე.
„ერაზმუს+ საქართველოს“ ეროვნული პროგრამის კოორდინატორის ლიკა ღლონტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ თვითმმართველობის შესახებ ჩანაწერი ევროპული ქვეყნების პრაქტიკაზე დაყრდნობით მომზადდა, ქართულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ აღნიშნული სქემა ყველგან ერთნაირი წარმატებით არ მუშაობს.
„ პრაქტიკამ ისიც აჩვენა, რომ ადმინისტრაცია თუ პოლიტიკური პარტიები ყოველთვის ცდილობდნენ, გავლენის ქვეშ მოექციათ სტუდენტები სტუდენტური თვითმმართველობის მეშვეობით. შესაძლებელია, შეიცვალოს კანონი და მართვის მოდელი, მაგრამ ყოველთვის მოიძებნება საშუალება, რომ ეს კანონი დაარღვიონ ან ვინმეს სასარგებლოდ გამოიყენონ, - ამბობს ლიკა ღლონტი და განმარტავს, -საკანონმდებლო ცვლილება აკადემიური კულტურის გარეშე წარმატების მომტანი ვერ იქნება“.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ლიკა ღლონტი ყურადღებას ამახვილებს, არის ის, რომ სტუდენტების ძირითადი ნაწილი პასიურია, მოტივირებული სტუდენტი ცოტაა. მისი თქმით, დაახლოებით 70% სტუდენტებისა საერთოდ არ არის დაინტერესებული სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობით ან თავიანთი უფლებების დაცვის საკითხით და ძირითადად ვიწრო, პრაგმატული მიზნები აქვთ.
მასალა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.