„ჩემი მთავარი პრობლემა უფულობაა. საშუალება რომ მქონდეს, შევცვლიდი, რაც მინდა. ბევრი ვეცადე, მცირედი შემოსავალი მაინც მქონოდა, სად აღარ მივედი, თუმცა ყველგან ერთსა და იმავეს მეუბნებოდნენ - დაგირეკავთ, მოვიფიქრებთ...“
ლევანი, იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ბიოლოგიური სქესი და გენდერული იდენტობა ერთმანეთს არ შეესაბამება. გენდერული იდენტობა, სქესისგან განსხვავებით, თანდაყოლილი არ არის.
ლევანი ტრანსგენდერი მამაკაცია და ამბობს, რომ პოტენციური დამსაქმებლები მის მიმართ უარყოფითად განეწყობიან ხოლმე, როდესაც ანკეტაში მითითებულ სქესსა და მის გარეგნულ მახასიათებლებს შორის განსხვავებას ამჩნევენ. მას სამსახურის დაწყება და ფულის შეგროვება უნდა, რათა მასტექტომია (ძუძუს მოკვეთა) ჩაიტაროს. რადგან საქართველოში დამსაქმებლები უარს ეუბნებიან, სამუშაოდ გერმანიაში წასვლას გეგმავს.
„3 თვე ვსწავლობდი გერმანულ ენას, თუმცა სასერტიფიკატო გამოცდის 200 ლარს ვერ ვიხდი, ამიტომ ჩემი წასვლა დროებით გადაიდო“, - ამბობს ლევანი
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით სამართლებრივი სქესის შეცვლის შესაძლებლობა აღიარებულია, პრაქტიკაში ტრანსგენდერი ადამიანები აღნიშნული უფლებით ვერ სარგებლობენ, შესაბამისი პროცედურული წესის არარსებობის გამო.
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლგბტ პირთა, განსაკუთრებით კი ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებს.
„კვლავ გამოწვევას წარმოადგენს სამოქალაქო აქტებში ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის ჩანაწერის ცვლილების შესაძლებლობა. რაც, თავის მხრივ, ხელშემშლელი ფაქტორია განათლების მიღების, დასაქმებისა თუ სხვა პროცესებში. ევროკავშირში წარმოებული კვლევის ფარგლებში გამოკითხულ ტრანსგენდერ პირთა 73% მიიჩნევს, რომ გენდერის სამართლებრივი აღიარების გამარტივებული პროცედურები მათ უფრო კომფორტულ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.
იუსტიციის მინისტრს „ანტიდისკრიმინაციული კანონით“ მინიჭებული უფლებამოსილებით სახალხო დამცველმა მიმართა, რომ შემუშავებულიყო სპეციალური პროცედურული წესი, თუ რა საბუთები უნდა წარადგინოს პირმა სქესის ჩანაწერის ცვლილებისთვის და რა პროცედურების გავლაა საჭირო, თუმცა იუსტიციის სამინისტრო დღემდე არ იზიარებს სახალხო დამცველის რეკომენდაციას.
ქირურგიული გზით სქესის შეცვლა ერთადერთი გზაა, რის საფუძველზეც იურიდიულ დოკუმენტებში შესაძლებელია სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილება. სახალხო დამცველმა ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.
„ჩვენ წარვადგინეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, სადაც განვიხილეთ ევროსასამართლოს პრაქტიკა და, ერთი მხრივ, ვფიქრობთ, ქირურგიული ჩარევა არ შეიძლება იყოს გამართლებული ყველა შემთხვევაში. ეს შეიძლება იყოს პირის სურვილი, რომ თავს კომფორტულად გრძნობდეს. მეორე მხრივ, ასეთი ოპერაციის ღირებულება ძალიან ძვირია და შეგვიძლია ვთქვათ, ხელმიუწვდომელია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს უნდათ. ასევე, ეს შეიძლება სამედიცინო თვალსაზრისით გაუმართლებელი იყოს და საფრთხეს უქმნიდეს პირის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს. ამიტომ მყარად ვგდგავართ მოსაზრებაზე, რომ პირის გენდერული იდენტობა არის მისი აღქმა და თუ ის აღიქვამს, რომ მის დოკუმენტში ჩანაწერი არ შეესაბამება მის იდენტობას, ეს უნდა შეიცვალოს", - ამბობს ომუდსმენის მოადგილე, ეკა სხილაძე.
„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG)“ აღმასრულებელი დირექტორის, ნათია გვიანიშვილის თქმით, ის, რომ ყველა ტრანსგენდერ ადამიანს უნდა სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთება, ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპია.
„ტრანზიცია არის ძალიან ინდივიდულური, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანს თვითაღქმაც ინდივიდუალური აქვს. მაგალითად, მე იმისათვის, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიულად ვიგრძნო თავი, შესაძლოა, ისიც მყოფნიდეს, რომ შევიცვალო სიარულის მანერა, ჩაცმულობის სტილი, ქცევები და დავიწყო ჰორმონული თერაპია - ეს შეიძლება სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს ჩემთვის, რომ ჰარმონიულად და კარგად ვიგრძნო თავი საზოგადოებაში. ადამიანს შეიძლება, სურდეს მხოლოდ მკერდის მოშორება ან მკერდის გადიდება, მაგრამ არ სურდეს გენიტალური ოპერაციის გაკეთება“, - ამბობს ნათია გვიანიშვილი
ტრანსგენდერ ადამიანებს უწევთ არჩევანის გაკეთება - ან დაიწყონ ტრანზიციის პროცესი და მოირგონ გენდერული როლი, რომელიც შეესაბამება თვითაღქმას, ან უარი თქვან ტრანზიციის პროცესზე და შეინარჩუნონ სოციალური სტატუსი. როგორც ნათია გვიანიშვილი ამბობს, ხშირად ადამიანებს უჭირთ მუდმივი სტრესის ქვეშ სამსახურისა და სტაბილურობის შენარჩუნება. მისი თქმით, ტრანსგენდერი ქალები განსაკუთრებული აგრესიის ობიექტები ხდებიან, „რადგან პატრიარქალურ საზოგადოებაში ნებისმიერი ისეთი საქციელი ან იდენტობა რომელიც არ შეესაბამება „კაცობის“ შესახებ ჩვენს წარმოდგენას, ძალიან დიდ აგრესიას იწვევს. ამ შემთხვევაში, ტრანსგენდერი ქალები, ზუსტად იმიტომ, რომ ისინი არიან ბიოლოგიურად მამრობითი სქესით დაბადებულები“.
საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანებს არ ექმნებათ სირთულეები სახელის ან/და გვარის ცვლილებისას. მათ ყოველგვარი დამატებითი მოთხოვნის გარეშე შეუძლიათ, შეიცვალონ სახელი საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში. თუმცა ლევანი ამბობს, რომ სახელის შეცვლა არსებულ პირობებში უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის.
„სახელის შეცვლა მინდოდა 2-3 წლის წინ. აქტიურად ვფიქრობდი ამაზე. ჩემს რამდენიმე მეგობარს სახელი შეცვლილი აქვს, მაგრამ საბუთებში სქესი არ იცვლება. მამაკაცის სახელი და მდედრობითი სქესი უფრო არაბუნებრივი იქნება, ამიტომ გადავიფიქრე დოკუმენტებში სახელის შეცვლა, მეტი პრობლემა რომ არ შემექმნას“, ამბობს ლევანი.
არასამთავრობო ორგანიზაცია ჭIშG-მა სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ტრანსგენდერ ადამიანთან დაკავშირებით ორჯერ მიმართა სასამართლოს, თუმცა ორივე შემთხვევაში სასამართლოს პირველმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა მოთხოვნები:
„სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის გენდერული თვითშეგრძნება, იდენტობა არის მისი ფსიქოემოციური დამოკიდებულება გენდერულ კუთვნილებასთან დაკავშირებით, ხოლო სქესი - ობიექტურად არსებული ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ადამიანის შეგნებების მიღმა, დამოუკიდებლად, თავისთავად არსებობს.
ამრიგად ადამიანის თვითშეგრძნების უფლების სფეროში ჩარევას ადგილი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებას რაიმე ფორმით, ნებისმიერი მხრიდან ხელი შეეშლებოდა შეგრძნებებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს“
მეორე საქმე დაბადების სამოქალაქო აქტში სქესის ჩანაწერის შეცვლის მოთხოვნა იყო. სასამართლოს განმარტებით კი, თუ დაბადების რეგისტრაციისას დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში სქესი მიეთითება ბავშვის გარეგნული ანატომიური მახასიათებლების გათვალისწინებით, სქესის ჩანაწერის ცვლილებაც უკავშირდება მის ანატომიურად შეცვლას.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი ლიკა ჯალაღანია ამბობს, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებები ხელს უშლის ტრანსგენდერი ადამიანების არა ერთი უფლების რეალიზებას.
„სასამართლო ამბობს, რომ მე მის იდენტობაში არ ვერევი - ეს არასწორია, პირიქით, ერევა მისი იდენტობის არაღიარებით და მას სხვა სოციალურ, ეკონომიკურ თუ გამოხატვის თავისუფლებას რეალურად უზღუდავს“, - ამბობს ლიკა ჯალაღანია.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სტერილიზაცია, როგორც წინაპირობა გენდერის სამართლებრივი აღიარებისა, წამებასთან გაათანაბრა.
„2015 წლის ივლისში საქმეზე - „YY თურქეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ სტერილიზაცია, როგორც წინაპირობა გენდერის სამართლებრივი აღიარებისა, არის წამებასთან გათანაბრებული და რომ ეს ღირსების შემლახავია“.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 2048 (2015) სახელმწიფოებს მოუწოდებს, განავითარონ სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები პირად საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში ტრანსგენდერი ადამიანებისათვის სახელისა და სქესის შეცვლის ხელშეწყობის მიზნით. ამასთანავე, რეზოლუცია მოითხოვს სახელმწიფოებისაგან, რომ გააუქმონ ნებისმიერი საკანონმდებლო მოთხოვნა სტერილიზაციასა და სავალდებულო სამკურნალო პროცედურებზე, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზის არსებობაზე, როგორც პირის გენდერის სამართლებრივი აღიარების წინაპირობაზე.
გარდა ამისა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის მიხედვით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა საჯარო და კერძო სექტორში შრომითი ურთიერთობები თავისუფალი იყოს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციისაგან. მნიშვნელოვანია, რომ მინისტრთა კომიტეტი რეკომენდაციას უწევს სახელმწიფოებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ტრანსგენდერ ადამიანთა დასაქმების საკითხს. რეკომენდაციის მიხედვით, დასაქმების აპლიკაციების შევსებისას თავიდან უნდა იყოს აცილებული ტრანსგენდერთა გენდერული ისტორიის ან მათი წინა სახელის დამსაქმებლისა და სხვა დასაქმებულებისათვის რეალური საჭიროების გარეშე ხელმისაწვდომობა.
WISG-ის, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა“, და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოებული კვლევები, ასევე სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული პერიოდული ანგარიშები აჩვენებს, რომ განცხადებების დიდ ნაწილში დისკრიმინაციის სფეროდ სწორედ შრომითი საქმიანობაა. ნათია გვიანიშვილი ამბობს, რომ ამის გამო ტრანსგენდერი ქალები ხშირად არიან ჩართულები კომერციულ სექსსამუშაოში; ბანკში, საზღვრის კვეთისას და ან სხვა ისეთ დაწესებულებაში, სადაც პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენაა საჭირო, ტრანსგენდერი ადამიანები დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან.