„ზღვა მთელი ჩემი ცხოვრებაა, ისტორია ჩემი და ჩემი შვილების...“
სკოლაში ერთადერთი იყო, ვისაც ჯინსის შარვალი ეცვა. მეზღვაურმა ძმამ ესპანეთიდან ჩამოუტანა. ორნაირი, სხვადასხვა ფერის. თანატოლების შეცბუნებული სახეები ახლაც ახსოვს, ეს უცნაური ჩასაცმელი პირველად ნახეს. საბჭოთა კავშირში ადამიანებს ღრმად სჯეროდათ, რომ არ შეიძლებოდა სხვაგან ყოფილიყო საბჭოთა კავშირში წარმოებულ ნივთზე, ტანსაცმელზე, საჭმელზე უკეთესი. ეს ასე რომ არ იყო, მხოლოდ მეზღვაურებმა იცოდნენ. შორეული ნაოსნობიდან თვეებისა და წლების შემდეგ ბრუნდებოდნენ, ჩამოჰქონდათ ნივთები და ამბები სხვა მიწის.
მაშინ სკოლაში დადიოდა, ჯინსი ეცვა და მეზღვაური ძმის ჩამოტანილი ჯადოსნური ამბები დაჰქონდა. არც პორტში შემოსული გემების კივილი აფრთხობდა და არც აღელვებული ზღვის ხმაური.
ეს ბევრი წლის წინ იყო. ახლა ფოთში, ზღვასთან ახლოს, ერთ სახლში ცხოვრობს და მეზღვაურ შვილს ელოდება. კასპიის ზღვაშია გასული. მანამდე, წლების განმავლობაში, ქმარს ელოდებოდა, როდის დაბრუნდებოდა ხმელეთზე. ახლა ქმარი სახლშია.
ზღვაში პირველად 25 წლისა გავიდა. ცოლი და 2 წლის შვილი პირველად დატოვა. მეთევზეთა გემზე 75 ადამიანი იყო. დღეში 25 ტონამდე თევზს იჭერდნენ, ასუფთავებდნენ, ბუნკერებში ყრიდნენ და ხმელეთზე გადასატანად ამზადებდნენ. თვეობით წყალში ყოფნა რთული იყო, საქმე _ რუტინული. მატროსობიდან დაიწყო; ახლა ფოთში პატარა გემების კაპიტანია; შორს უკვე აღარ გადის.
წყალთან მუდმივი ბრძოლა, თვითგადარჩენა, შრომა, განსაცდელი _ რთულია თქვენთან ამაზე ლაპარაკი, სიტყვებით შეუძლებელია ამის აღწერა და ვერც გაიგებთო, გვეუბნება. არავინ არასოდეს არ ყოფილა სიკვდილთან ამდენჯერ და ასე ახლოს. ეს მეზღვაურების ცოდნაა, მაგრამ წყალს მაინც უცნაური ხიბლი აქვს, მუდმივად მასთან გაბრუნებსო. ამბობს, რომ კაპიტანი, რიგითი მეზღვაური, ეს ყველაფერი ფორმალობაა, რომელსაც მიწაზე აქვს მნიშვნელობა, წყალი ყველას ათანასწორებსო.
ეს მეზღვაურ ზურა წულაიას ამბავია. ადამიანის, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი წყალში გაატარა. ამბობს, ახლა ზღვა დასანახავად მეჯავრებაო. ალბათ, არავის სჯერა.
ხმელეთზე დარჩენილი ოჯახის ამბავი სხვანაირია.
ჩემი მეზღვაური შვილი უფრო მოლაპარაკეაო, ამბობს ლია, ფოტოებსაც იღებს და სხვა ქვეყნების ამბებსაც გვიყვებაო. ახლა რა მიჭირს, ყოველდღე შემიძლია მასთან ლაპარაკი, ეს მაშინ იყო ცუდი დრო, წყალში გასული კაცის ამბავს ვერ გაიგებდიო.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა დიდი წარმოებების მუშაობა შეწყდა, ფოთში პერიოდულად ჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც გამოცდილ მეზღვაურებს სამუშაოს სთავაზობდნენ. ცუდი დრო იყო, არეულობა, უფულობა, საჭმელიც არ იშოვებოდა, სამუშაო ყველას სჭირდებოდა, ამიტომ უცხო ადამიანებს ენდობოდნენ და ზღვაში მიჰყვებოდნენ.
ერთხელაც გემის გადაყვანა სჭირდებოდათ და კაპიტანს ეძებდნენ. უთხრეს, ორი-სამი თვის საქმეაო. ასე დაიკარგა ლიას ქმარი წყალში. წელიწადზე მეტი გავიდა, არაფერი ისმოდა. ახლობლები, ნათესავები ჩუმად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ დამქირავებელმა მოატყუა; შეიძლება, ცოცხალიც აღარ იყო, ან სხვაგან კარგი ცხოვრება ნახა და ოჯახი მიატოვა. ლია იმედს არ ჰკარგავდა. შვილები სკოლაში დადიოდნენ; თვითონაც სახლს და ქმრის მშობლებს უვლიდა.
შორეული ნათესავის წყალობით, დიდი ხნის შემდეგ, ისევ ლიას ძალისხმევით დაკავშირება მოახერხეს. დაბრუნდა. აღმოჩნდა, რომ დამქირავებელმა „გადააგდო“, არაფერი გადაუხადა. უკან დასაბრუნებელი გზა ძვირი იყო; სახლში ხელცარიელი დაბრუნებაც უჭირდა. ისევ ქართველი მეზღვაური დაეხმარა; სხვა გემზე გადავიდა, თავდაუზოგავად შრომობდა, რომ ცოტა ფული მაინც შეეგროვებინა სახლისთვის. ასე გავიდა წელიწად-ნახევარი. ლია ამბობს, რომ მაშინ ბევრი მეზღვაური აღმოჩნდა ამ დღეში. იმ პერიოდში ტელევიზიითაც მუდმივად აცხადებდნენ, რომ გემებს მეკობრეები ესხმოდნენ თავს. ოჯახი ამას უსმენდა და შიში უფრო მძაფრდებოდა. ჩვენ გაგვიმართლაო, ამბობს ლია.
მიწაზე მარტო დარჩენილს ორ შვილთან ერთად ძალიან უჭირდა.
„რთული ხვედრია ძალიან. ცხოვრება მაინც კი მიდის და გაგვაქვს როგორღაც თავი, მაგრამ ოჯახის წევრებს ერთმანეთი სჭირდებათ. ამ დროს ცხოვრებასთან გამკლავება უფრო ადვილია. არჩევანის საშუალება რომ მქონოდა, ვისურვებდი, ყველას მშვიდად გვევლო მიწაზე“.
შვილის მეზღვაურობა არ უნდოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, მასაც მამასავით გული წყლისკენ მიუწევდა. ლიასთვის განსაცდელისა და მუდმივი ლოდინის დრო თავიდან დაიწყო.
„ზღვა აქვეა, სულ მესმის მისი ხმა. როცა ყველანი სახლში ვართ, არ მაწუხებს. როცა მისი ღრიალი ისმის, ღელავს და ამ დროს ქმარი ზღვაშია გასული, საშინელი განცდაა. ქარიშხლის დროს ტალღებს ხშირად უზარმაზარი ლოდები დასახლებისკენაც გადმოუყრია. ფიქრიც არ მინდა, შტორმის დროს რა ხდება გემებზე. წლების განმავლობაში მესიზმრებოდა, სულ შიშით და ყვირილით წამოვხტებოდი _ ზღვა, ზღვა _ ასე ახლოსაა“.
* * *
უფროსი შვილი მამას ფოტოსურათებიდან იცნობდა. როცა პირველად ნახა, ზღვიდან დაბრუნებული, გამოაცხადა ეს მამა არ არისო. ყველას ეუბნებოდა, რომ მამამისი ფოტოში ცხოვრობდა. ახლა 11 წლისაა, მამას უფრო ხშირად ხედავს.
თეონას სამი შვილი ჰყავს. ქმარი მეორე შვილის დაბადებისას მასთან არ ყოფილა. ზღვაში იყო გასული. ვერ უკავშირდებოდნენ. იძულებულები გახდნენ, სხვა გემზე დაერეკათ. რაციით ერთი გემიდან მეორე გემზე, რომელსაც სანტა მარია ერქვა, თეონას ქმარს ახარეს, რომ გოგო შეეძინა _ მარია. მეზღვაურები ეხუმრებოდნენ, რომ შვილს გემის სახელი დაარქვა. გოგო სამი თვის იყო, როცა გაიცნო.
თეონას ქმარი 12 წელია, მეზღვაურია. გემის კაპიტნის პირველი თანაშემწეა. ბოლო ხანს ოთხ თვეში ერთხელ უწევს წყალში გასვლა. ადრე უფრო დიდი ხნით დადიოდა, ცხრა-ათი თვით, სხვადასხვა ქვეყანაში. ახლა მისი გემი, ძირითადად, მხოლოდ აფრიკაში დაცურავს.
ადრე წერილებს გზავნიდა, დარეკვა რთული იყო. ბათუმიდან თუ ვინმე წავიდოდა გემზე, წერილს ატანდნენ. ახლა კომუნიკაცია მარტივია. ტელეფონი, მეილი. ქმრის სახლში ყველა მეზღვაურია, ძმები, ბიძები. შვილს, ჯერჯერობით, სურვილი არ აქვს და უხარია. თეონა ამბობს, რომ მას მერე, რაც იცის, როგორია მეზღვაურის ცხოვრება, შეუძლებელია, შვილისთვის ეს უნდოდეს, მაგრამ მის გადაწყვეტილებას წინ ვერ აღუდგება.
„ხშირად, როცა ჩემი ქმარი გვწერს, რომ ამდენბალიანი შტორმია ზღვაში, ხმელეთიდან ამას იმდენად ვერ აღვიქვამთ, მაგრამ მერე ვიდეოებსაც გზავნის და ხვდები, რა რთულია სანახავადაც კი, როგორ ფარავს ნახევარ გემს წყალი. მერე უკვე ძალიან მეშინია“.
თეონა 29 წლისაა. სამედიცინო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და აჭარა-გურიის რეგიონში სამედიცინო წარმომადგენელია ბავშვთა კვების საკითხებში.
თავიდან რთული იყო, მაგრამ ნელ-ნელა ისწავლა ცხოვრება მუდმივ მოლოდინში. ამბობს, რომ მერე უკვე შვილებთან ერთად დროც მალე გადის, ბევრი საზრუნავია და საფიქრალადაც აღარ გცალია.
* * *
„დაბრუნდეს ერთი და აღარ გავუშვებ“ _ ყოველ ჯერზე ასე „იმუქრებოდა“. ამასობაში ოც წელზე მეტი გავიდა. ქმარი ახლაც ზღვაშია. შვილები დაოჯახდნენ. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მარინა კი უზარმაზარ სახლში მარტო ცხოვრობს და ისევ ზღვაში გასულ ქმარს ელოდება. 8 თვეა, არ უნახავს.
„მეზღვაურის ცოლობა ჩემი ოცნება იყო, წარმოშობით ქუთაისელი ვარ და ზღვასთან დაკავშირებული ამბები რომანტიკულად მეჩვენებოდა. რეალობა სულ სხვანაირია. რას იზამ, ასეთი ყოფილა ცხოვრება. შემრჩა მარტო ოცნებები.“
19 წლის იყო, როცა დაქორწინდა. ქმარს ადრე ხანგრძლივი და შორი ნაოსნობა ჰქონდა. ახლა მხოლოდ შავ ზღვაში დაცურავს. სულ ენატრება.
შვილმაც მეზღვაურობა გადაწყვიტა. საზღვაო აკადემია დაამთავრა და მამის კვალს გაჰყვა.
არ უყვარს, როცა მეზღვაური ქმრისა და შვილის შესახებ ეკითხებიან. სხვებისთვის მეზღვაურობა ზღვის პეიზაჟივით მიმზიდველი ჩანს. ვერავინ მიხვდება, ეს როგორი რთული და ტკივილიანი ცხოვრებაა. მუდმივი შიში წყლიდან ვერდაბრუნების არასდროს გადის. ზღვა მისი მტერია.
შავი ზღვიდან მოსული ყველა ამბავი აშფოთებს. წლების განმავლობაში სულ ესმოდა გემების ჩაძირვის, შტორმის, ქარიშხლებისა და წყალთან ბრძოლის დაუჯერებელი ამბები.
ზღვას სამაგიეროს იმით უხდის, რომ არასდროს ინტერესდება მისით. ეს ჩუმი და უცნაური ბრძოლაა. ერთხელაც წყალს აუცილებლად წაართმევს ქმარს.
* * *
ათი წლის წინ წყლიდან ამბავი მოუვიდა. ქმარი გულის შეტევით გემზე გარდაიცვალა. ატლანტიკის ოკეანეში მცურავი გემი იმ დროს გაფუჭებული იყო; ხმელეთზე დაბრუნება დროულად ვერ მოახერხეს; სიცხეში, გემზე მიცვალებულის შენახვა რთული იყო. აფრიკაში პირველივე შემხვედრ მიწაზე დაკრძალეს. მას შემდეგ წლები ცდილობდა ქმრის გადმოსვენებას, მაგრამ უშედეგოდ. წყალმა ქმარი ისე წაართვა, მისი დატირებაც ვერ შეძლო.
ეთერი ფოთში ცხოვრობს, ორი შვილი და შვილიშვილები ჰყავს.
ქმარი 1977 წლიდან ცურავდა. გემზე ელექტრიკოსად მუშაობდა. მეორე შვილი პირველად 6 თვის ნახა.
90-იან წლებში, როცა ომი იყო და ყველას უჭირდა, ფოთში თევზსაჭერი გემები ზღვაში გადიოდნენ, თევზს იჭერდნენ და ხალხს ეხმარებოდნენ. ამან გადაატანინა ადგილობრივებს გაჭირვება, ლობიომ და „ხამსამო“ _ ამბობს ეთერი.
მაშინაც და ახლაც ფოთში ოჯახიდან ერთი მაინც ზღვაშია გასული. ყველას თავისი თავგადასავალი აქვს. ეთერის მეუღლე მეკობრეებს არ გადაჰყრია. მაგრამ ჰყვება, რომ მისი მეზობელი რომელ გემზეც იყო, იმ გემს მეკობრეები დაესხნენ თავს. თვეების განმავლობაში მათგან არაფერი ისმოდა, მერე გამოსასყიდისთვის დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს. საბოლოოდ, როცა გემზე საჭმელი გამოილია, მეკობრეებმა გემი მიატოვეს და მეზღვაურებმაც თავის გადარჩენა შეძლეს.
ქმართან დაკავშირებას რადიოგადამცემით თვეში ერთხელ ახერხებდა.
თითქმის მარტომ გაზარდა შვილები. გოგოები არიან. უხარია, რომ არც ერთი არ გაჰყვა ცოლად მეზღვაურს.
სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ "ლიბერალის" 173-ე ნომერში