,,კარდაკარმა საარჩევნო სიაში დარღვევის ყველა სახე გამოავლინა: მიწერილი ამომრჩეველი, გარდაცვლილი ამომრჩეველი, დუბლირებული თუ გამორჩენილი ამომრჩეველი” - განაცხადა კარდაკარის პროექტის ხელმძღვანელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.
,,ქართული ოცნების” კარდაკარის პროგრამა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს მიზნად ისახავს არამხოლოდ საარჩევნო სიების დაზუსტებას, არამედ ამომრჩეველთა განწყობების, აქტივობისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლას, როგორიცაა მაგალითად რეგისტრაციის ადგილის ფაქტობრივ საცხოვრებელთან შედარება და ა.შ. ქუცნაშვილის თქმით, ამგვარი მიდგომით მმართველ პარტიას კოალიცია არჩევნების გაყალბებისა და სიტუაციით მანიპულირების საშუალებას ართმევს.
მეთორმეტე გრაფას ვეძახით კითხვას, რომელიც ამომრჩეველთა განწყობებს ზომავს - სულ სამი ვარიანტია მოცემული, საიდანაც მოქალაქემ ერთერთი უნდა აირჩიოს: გადაწყვეტილად ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი,გადაწყვეტილად ქართული ოცნების მხარდამჭერი და ჩამოუყალიბებელი -განმარტავს ქუცნაშვილი მხარდამჭერთა რაოდენობის გაზომვის პრინციპს.
პროგრამის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა მონაცემების შეგროვების პროცესში მიმდინარე წინააღმდეგობებზე, სოფელ კაჭრეთსა და დუისში კარდაკარის წევრებისა ოცნების მხარდამჭერების დაკავებაზე და თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე.
როგორც ქუცნაშვილი ამბობს, საველე სამუშაოების 85 პროცენტი უკვე დასრულებულია. მონაცემების შეგროვება დასრულდა რაჭა-ლეჩხუმში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთის 12-დან 11 საარჩევნო ოლქში. მონაცემების შეგროვება ჯერ კიდევ მიმდინარეობს თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე ჯავახეთში, კახეთსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
კარდაკარის საერთო შედეგები ცნობილი საველე სამუშაოების დასრულებისა და მონაცემთა ერთობლივი დამუშავების შემდგომ, 1 აგვისტოსთვის გახდება.