Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ადამიანებს სოციალური პრობლემატიკა უფრო აწუხებთ"

10 ივლისი 2012

 

 

ინტერვიუ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის დირექტორთან, იაგო კაჭკაჭიშვილთან.

კვლევის ფარგლებში 6299 რესპონდენტი გამოკითხეს და ხაზგასმული იყო, რომ წინა კვლევებთან შედარებით ეს ინტერვიუერთა დიდი რაოდენობაა. რატომ შეიძლება გახდეს საჭირო ასეთი რაოდენობის რესპონდენტის გამოკითხვა?

რესპონდენტთა რაოდენობის შეფასება იმის მიხედვით უნდა მოხდეს, დამკვეთის აზრით, რა ტერიტორიული ერთეულებისადმი უნდა იყოს კვლევა რეპრეზენტატული. თუ კვლევის მიზანი საქართველოს მასშტაბით კვლევის ჩატარებაა, 1200-1000 რესპონდენტი საკმარისია, მაგრამ თუ რეპრეზენტატიულობა სეგრეგირებული ტერიტორიული უბნების მიმართაა უზრუნველსაყოფი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოსაკითხ რესპონდენტთა რაოდენობა იზრდება. კვლევის ჩატარების მეთოდოლოგის შესახებ NDI-ის მითითებულ მწირ ინფორმაციაში მითითებულია, რომ კვლევას პრეტენზია აქვს უზრუნველყოს მიღებული შედეგების რეპრეზენტატულობა არა მარტო ქვეყნის, არამედ ცალკეული რეგიონის, ქალაქებისა თუ მაჟორიტარული ოლქის მიხედვით. ამ მიზნებიდან გამომდინარე, შერჩევითი ერთობლიობის მოცულობა ადეკვატურად გამოიყურება.

გამოყენებული მეთოდოლოგიის შესახებ ორგანიზაციის წარდგენილი ინფორმაცია თქვენ "მწირად" შეაფასეთ. ეს რაიმე კითხვებს აჩენს?

ამ კვლევის შედეგები უფრო ფართო აუდიტორიისთვისაა გამიზნული და არა ვთქვათ, სოციალური მეცნიერებების სპეციალისტებისთვის. ამ აუდიტორიისთვის ეს ინფორმაცია ალბათ საკმარისია, თუმცა, ჩემთვის, როგორც საქმეში ჩახედული ადამიანსთვის, მწირია. მოთხოვნილება მაქვს უფრო მეტად ვიცნობდე თუნდაც საველე სამუშაოების ჩატარების სპეციფიკას, შეკითხვების თანამიმდევრობას, მათი ღიაობისა თუ დახურულობის პრინციპს, რომ რაღაცები უფრო ნათელი გახდეს, ვიდრე ახლაა. ერთი სიტყვით, მთელი რიგი დეტალებია, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიღებას ვისურვებდი და რაც, როგორც წესი, მსგავსი ფართო ანალიტიკური ანგარიშების შემადგენელი ნაწილი არის ხოლმე.

 

კონტროლის პალატის შეფასების მიღმა დარჩენის შემდეგ აქტუალური გახდა კითხვების შერჩევის პრინციპი. როგორ უნდა შეირჩეს კითხვარში შესატანი კითხვები იმისთვის, რომ ამომწურავი იყოს?

შეკითხვების შერჩევა, რასაკვირველია, გამოკითხვის მომენტში ამა თუ იმ თემის რეზონანსულობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. გავიგე, რომ დაუსვამთ შეკითხვა, თუ რატომ იქნა გამოტოვებული კითხვარში კონტროლის პალატის თემა და ნავაროს პასუხი, რომ კითხვარი გაცილებით ადრე შეიქმნა და მათ არ შეცვალეს კითხვარის არსებული დიზაინი. ეს არგუმენტი არარაციონალურად და არადამაჯერებელად მეჩვენება. საველე სამუშაოები ივნისში ჩატარდა და ამ დროისთვის კონტროლის პალატას უკვე საკმარისი გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი და მის გარშემო არსებული პრობლემები საკმაოდ რეზონანსული იყო იმისთვის, რომ სოციოლოგებს ამომრჩევლის შეფასება მოესმინათ. კითხვარი არ არის შეუვალი სტრუქტურა, რომელიც ერთხელ იქმნება და შემდეგ მისი მოდიფიკაცია არ ხდება. სავსებით შესაძლებელი იყო ეს კითხვები სიტუაციის გათვალისწინებით მოხვედრილიყო კითხვარში, რადგან გარემო სადაც გამოკითხვა ჩატარდა, მკვლევარებს კონტროლის პალატის საკითხის რეზონანსულობიდან გამომდინარე, ფართო საზოგადოებრივ ინტერესს კარნახობდა.

ცოტა  მეეჭვება, რომ ფოკუსჯგუფი გამართულიყო და მის მონაწილეებს კონტროლის პალატის თემა გამორჩენოდათ. ეს საკითხები ძალიან აქტუალური იყო, ახალი ამბების ჩამონათვალში ერთ-ერთ პირველ ადგილს იჭერდა და ჩემთვის ნამდვილად გასაკვირი და მიუღებელია, რომ ეს საკითხები კითხვარში არ მოხვა.

შეიძლება თუ არა კითხვის ისე მოდიფიცირება, რომ პასუხები წინასწარანარაუდები იყოს?

რასაკვირველია.

 

მაგალითად, რა ინფორმაციის ამოღებას უნდა ელოდეს სოციოლოგი შემდეგი კითხვიდან, ,,27 მაისის გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა თქვა: ,,ჩემი პირველი განცხადებიდან 7 თვე გავიდა და გარწმუნებთ, რომ ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც ვგეგმავდი და გააზრებული მქონდა", რასაც მოსდევს რესპონდენტისადმი კითხვა: ,,იცით თუ არა ივანიშვილის გეგმის შესახებ?"

ამ კითხვის ფორმულირება ამ წუთას მოვისმინე. გულწრფელად რომ გიპასუხოთ, არ მომწონს ეს შეკითხვა. ერთია, რომ ცალკე ჰკითხო ამომრჩეველს, იცის თუ არა ივანიშვილის გეგმების შესახებ წინასაარჩევნოდ ან არჩევნების შემდეგ, რაც სრულიად ლეგიტიმური იქნებოდა. მაგრამ როდესაც ამ შეკითხვას სვამ ივანიშვილის გაკეთებული განცხადების კონტექსტში, მაშინ არაადეკვატურია. ამომრჩეველს უწევს შეაფასოს ივანიშვილის მიერ გარკვეული გეგმების პრეზენტაცია და რეალობა დაემთხვა თუ არა ერთმანეთს. ერთია ცოდნის დონე და მეორე - უკვე განხორციელებული გეგმების შესახებ რესპონდენთა წარმოდგენები. ეს ორი საკითხი თვისებრივად არ ებმის ერთმანეთს და ცოდნა და რეალობა ერთმანეთშია არეული.

ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებად დასახელდა სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და სიღარიბე - ძალიან მაღალი პრიორიტეტები დააგროვა ამ საკითხებმა მაშინ, როცა მედიის დამოუკიდებლობას მხოლოდ 1% მიიჩნევს პრიორიტეტულად, სასამარლთო სისტემას - 4%, ნატოში გაწევრიანებას - 8% და ა.შ. რაზე მეტყვეებს ეს მონაცემები?

 

უპირველესად იმაზე, რომ ადამიანებს სოციალური პრობლემატიკა უფრო აწუხებთ და უფრო პირველადია. ამ პრობლემატიკის გაცნობიერებისა და მისი აღიარების შემდეგ იწყებენ ისინი საუბარს საქართველოში არსებული ვითარების შეფასებაზე დემოკრატიის სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით. ეს მონაცემი მოულოდნელი არ ყოფილა და ტრადიციულად ასეა.

სხვათა შორის, ამ მონაცემებს ეხმიანება სხვა საკითხიც - სულ მცირე, ყოველი მეორე პასუხობს, რომ ქვეყანაში მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება, მაშინ, როდესაც ქვეყანაში დემოკრატიის არარსებობას 43% ეთანხება. ანუ, ადამიანები ერთი მხრივ აღიარებენ, რომ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარება დემოკრატიულობას არ გულისხმობს.

თუმცა, ეს შედეგი მხოლოდ სოციალური თემატიკის და დემოკრატიის შედარებითი ანალიზისთვის გამოდგება. ცალკე აღებული შეკითხვა რომ დაგვესვა რესპონდენტისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის მედიის თავისუფლება ან ადამიანის უფლებები, ბუნებრივია, უფრო მაღალ პროცენტულ მაჩვენებელს მივიღებდით. დემოკრატიასთან დაკავშირებული საკითხები ცხადია მნიშვნელოვანია, მაგრამ სოციალურ პრობლემები მათთან მიმართებით უპირატესობას ინარჩუნებს. ცნობილი პარადიგმაა, რომ გაჭირვებულ ქვეყნებში სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სიღარიბის ზღვარზეა და უმუშევრობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს, დემოკრატიაზე ზრუნვის ხარისხი იკლებს.

წინა თვეების მონაცემებთან შედარებით ივნისში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ იკლებს იმ ადამიანების რიცხვი, ვინც წინა თვეებში ფიქრობდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ა.შ იზრდება მათი როიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა დემოკრატიული არაა, სწორი გზით არ ვითარდება, და ა.შ.  ლუის ნავარომ ეს იმით ახსნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხი იყო და დემოკრატიის ნეგატიურად შეფასებაზე მისმა მოქალაქეობის საკითხმა იქონია გავლენა...

 

ლუის ნავაროს ინტერპრეტაცია სინამდვილისგან შორს არაა. მოსახლეობა ამ ყველაფერს მართლაც ნეგატიურად აფასებს და დემოკრატიული პროცესების ხარვეზად მიიჩნევს, მაგრამ, ვფიქრობ, მხოლოდ ეს არ არის მიზეზი. გამოკითხვაში ჩართული რომ ყოფილიყო კონტროლის პალატის ქმედებების შეფასება, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების თავისუფლებისა თუ მათზე ზეწოლის საკითხები, მაშინ დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის საკმაო ნაწილი კრიტიკულად განწყობილი იქნებოდა ამ პროცესების მიმართ. სამწუხაროდ, ეს კითხვები არ დასმულა, რამაც ნავაროს აფიქრებინა, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის არმინიჭება ასეთი განწყობის ძირითადი მიზეზია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^