კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, კახეთში პურის ფქვილის ფასმა 6 ლარით მოიმატა. პურის ფქვილის გაძვირებას“ საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციაშიც” ადასტურებენ. ასოციაციის წარმომადგნელები ამბობენ, რომ ქარხნებში პურის ფქვილი მხოლოდ ორი ლარით გაძვირდა. ასოციაციის ხელმძღვანელის დავით გალიგაშვილის თქმით, ხორბლის სეზონი დასრულდა, არსებული მარაგი ამოიწურა. იმ ქვეყნებში კი, საიდანაც ხორბალი შემოგვაქვს ახალი სეზონისთვის ემზადებიან.
“ფქვილის ფასი ქარხნებში ორი ლარით გაიზარდა. მაგრამ ბაზარზე და მაღალმთიან რაიონებში რა ხდება, არ ვიცი. იქიდან გამომდინარე, რომ ხორბლის ახალი მოსავლისთვის ემზადებიან, პურის ფქვილიs ფასის ცვლილება ბუნებრივია. ეს ყოველთვის ასე ხდება. ერთი ტომარა ფქვილი 33 ლარი ღირდა, ახლა კი 35 ლარი ღირს” - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი, დავით გალიგაშვილი.
ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში სოსო არჩვაძე ამბობს, რომ საქართველო მარცვლეულის საკუთარი რესურსის მხოლოდ 6-7%-ით არის უზრუნველყოფილი. დანარჩენი იმპორტზეა დამოკიდებული. ამიტომ, მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასების ცვლილება და ზოგადად, დინამიკა ქვეყნის ეკონომიკაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. მისივე თქმით, საქართველოს არ აქვს რესურსი, რომ ამ ცვლილებებისგან შიდა ბაზარი დაიცვას.
“პურის ფასის ცვლილება განსაკუთრებით მტკივნეულად იმ ქვეყნებში აღიქმება, სადაც ეკონომიკური ცხოვრების დონე და შემოსავლები დაბალია. ჩვენთან ორჯერ უფრო მაღალია პურის მოხმარება, ვიდრე სხვა ქვეყანში. ეს, რა თქმა უნდა, არ არის კარგი. ეს გვიჩვენებს, რომ საზოგადოების კეთილდღეობის დონე ძალიან დაბალია და პურს უჭირავს კვების რაციონში ყველაზე დიდი წილი.”
არჩვაძე აღნიშნავს, რომ პურის წარმოებაში მარცვლეული მთავარი, მაგრამ არა ერთადერთი კომპონენტია. პურის თვითღირებულებაში მარცვლეულის ფასი ნახევარზე ნაკლებია. ამიტომ მარტო პურის ფქვილის გაძვირება საბოლოო ფასზე გავლენას ვერ მოახდენს.