2016 წლის 8 ივნისს პარლამენტმა სააღმზრდელო საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო. ცვლილებების მიხედვით, ყველა დაწესებულებამ, რომლებიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე ზრუნავს, 2017 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზია უნდა მიიღოს. წინააღდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ 2017 წლის სექტემბრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 462-ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომა ამოქმედდება.
საგულისხმოა, რომ კანონში ცვლილებების მიხედვით, ლიცენზირებისგან თავისუფლდებიან განათლების სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლა-პანსიონები.
საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს დაწესებულებები, სადაც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე ზრუნავენ და ლიცენზირება გავლილი არ აქვთ. ასეთია რელიგიური კონფენსიების, ადგილობრივი მთავრობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო ფილანტროფობების მიერ დაფუძნებული და დაფინანსებული მომსახურებები; ასევე, განათლების სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლა-პანსიონები.
არასამთავრობო ორგანიზაციის"პარტნიორობა ბავშვებისთვის" წარმომადგენელი ანდრო დადიანი კანონში შესულ ცვლილებებს კრიტიკულად აფასებს და მიაჩნია, რომ ცვლილებები ხისტია და არალიცენზირებული სააღმზრდელო დაწესებულებები კანონით განსაზღვრულ პერიოდში 2017 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზირებისთვის მომზადებას ვერ შეძლებენ.
რადგან სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად მათ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და შინაარსობრივი ცვლილებები სჭირდებათ, რაც ფინანსებსა და დროს მოითხოვს.
მისივე თქმით, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ლიცენზირება შეეხოს განათლების სამინისტროს მიერ დაფუძნებულ სკოლა-პანსიონებს და ისინი საგამონაკლისო ჩამონათვალიდან ამოიღონ, რადგან ეს დაწესებულებები ბავშვზე ზრუნვის საბჭოთა ტრადიციას აგრძელებენ და მოქმედებენ, როგორც მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები. ისინი სხვა სააღმზრდელო დაწესებულებების მსგავსად საჭიროებენ ლიცენზირებას, რათა დაცული იყოს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები.
ანდრო დადიანის თქმით, რეგულირების მიღმა დარჩენილი დაწესებულებების მესვეურები ლიცენზირების საჭიროებას აღიარებენ, თუმცა აცხადებენ, რომ რეგულირების შემოღება გონივრულ ვადებში უნდა მოხდეს და სახელმწიფოსგან მატერიალური და მეთოდოლოგიური დახმარების მოლოდინი აქვთ.
არალიცენზირებული სააღმზრდელო დაწესებულებების მესვეურებს ანდრო დადიანი ერთ-ერთ კვლევაზე მუშაობის პროცესში შეხვდა. კვლევის მიზანი ყველა იმ დაწესებულების იდენტიფიცირება და აღწერა იყო, რომელიც ბავშვებს 24-საათიან ზრუნვას სთავაზობს.
აღნიშნული კვლევა საგულისხმო და გამორჩეული იმითაც არის, რომ ის პირველად იძლევა ინფორმაციას ყველა იმ დაწესებულებების შესახებ, რომლებიც ბავშვებს 24-საათიან ზრუნვას სთავაზობს.
საქართველოში არსებული არალიცენზირებული სააღმზრდელო დაწესებულებებისა და იქ მცხოვრები ბავშვების შესახებ ამ დრომდე მწირი ინფორმაცია არსებობდა. ამ დრომდე უცნობი იყო, რამდენი ბავშვი ცხოვრობდა განათლების სამინისტროს მიერ დაფუძნებულ სკოლა-პანსიონებში, ისლამურ პანსიონშები, ე.წ. მედრესეებში და საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ არალიცენზირებულ სკოლა-პანსიონებში.
2015 წელს ორგანიზაციის - „პატრნიორობა ბავშვებისთვის“ - მთავრობასთან შეთანხმებით და ჰოლანდიის მთავრობის ხელშეწყობით განხორციელდა ყველა იმ დაწესებულების იდენტიფიცირება და აღწერა, რომელიც ბავშვებს 24-საათიან ზრუნვას სთავაზობს.
განათლების სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლა-პანსიონები
ანდრო დადიანი კვლევის ერთ-ერთი ავტორია. მან პირადად მოინახულა ყველა ის დაწესებულება, რომლებიც ბავშვებზე 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ და რეგულირების მიღმა არიან დარჩენილი.
ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ დაწესებულებად ის განათლების სამინისტროს მიერ დაფუძნებულ სკოლა-პანსიონებს ასახლებს, რომლებიც თავის დროზე სამინისტრომ დააფუძნა, თუმცა დღეს უკვე ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯებით განაგრძნობენ ფუნქციონირებას.
ასეთი, მისი თქმით, სულ ხუთი დაწესებულებაა, რომლებიც წარსულში არსებული ბავშვთა სახლებივით ფუნქციონირებენ და რომელთა ლიცენზირებაც, მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ დაწესებულებებში მყოფი ბავშვები კვლავ რჩებიან ბავშვთა დაცვის სისტემისა და ზრუნვის სისტემების მიღმა. თუმცა 2016 წლის 8 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ აღნიშნული დაწესებულებები იმ გამონაკლისების ჩამონათვალშია, რომლებსაც ლიცენზირება არ შეეხებათ.
მისივე თქმით, 5 სკოლა-პანსიონიდან 4 აჭარაშია (ჩაისუბანი, მერისი, სალიბაური, შუახევი), ერთი კი - ხარაგაულის რაიონში (ბორის სკოლა). ხუთივე სკოლა-პანსიონში ჯამში - 475 ბავშვი ირიცხება.
„ამ ცვლილებებით ეს ხუთი დაწესებულება თავისუფლდება ლიცენზირებისგან. რეალურად ესენი მოქმედებენ, როგორც ბავშვთა სახლები. მიუხედავად მათი სიტყვებისა, რომ განათლების ხელმისაწვდომობას ემსახურებიან, ეს სიმართლე არ არის. იქ იმყოფებიან ბავშვები სოციალურად გაჭირვებული ოჯახებიდან; და ბავშვები, რომლებსაც სოციალურმა სამსახურმა პრობლემები ვერ მოუგვარა. საბჭოთა კავშირის დროინდელი სტალინისტური შენობები; ტრადიციული საბჭოთა ბავშვთა სახლები - ყველა რისკი იგივეა, რაც არსებობდა ბავშვთა სახლებში, ბულინგიდან დაწყებული სექსუალური ძალადობით დამთავრებული“, - ამბობს ანდრო დადიანი.
მისი თქმით, აუცილებელია, განათლების სამინისტროს მიერ დაფუძნებულ დაწესებულებებში დადგინდეს ბავშვთა ჩარიცხვის წესი. კონკრეტული სკოლა-პანსიონი უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში მდებარე სოფლებს და სკოლა-პანსიონში ჩარიცხვის აუცილებელი წინაპირობა სოციალური სამსახურის დასკვნა უნდა გახდეს, რომ გამოირიცხოს სკოლა-პანსიონში ბავშვის სიღარიბის, უგულვებელყოფის ან ოჯახში არსებული სხვა პრობლემის გამო მოხვედრა.
ისლამური პანსიონები - ე.წ. მედრესეები
ანდრო დადიანის თქმით, კვლევის დროს 31-მდე მედრესე მოინახულეს. მისივე თქმით, მედრესეები ერთმანეთისგან განსხვავდება. ისლამურ პანსიონებში შეიმჩნევა არაერთგვაროვანი მიდგომა, როგორც რელიგიური განათლების, ისე აღზრდის მეთოდოლოგიის კუთხით
ზოგი ზრუნავს მხოლოდ 18 წლამდე ასაკის პირებზე, ზოგი - მხოლოდ 18 წელს გადაცილებულ პირებზე და მათ, ე.წ. სტუდენტურ მედრესეებს ეძახიან. მისივე თქმით, 31 მედრესედან 24-ს რეგულირება სჭირდება.
ჯამში აქ 500-მდე ბავშვი ირიცხება. ისინი აქ 24 საათი ცხოვრობენ და მათი საცხოვრებელი პირობები ბავშვთა ზრუნვის სტანდარტებს არ შეესაბამება. კერძოდ, ანდრო დადიანის თქმით, ერთი ვიზიტის დროს ნახეს ოთხები, სადაც 25 ბავშვი ცხოვრობს; იყო საძინებლები, სადაც ერთად 50-მდე ბავშვსაც კი ეძინა. არის მედრესეები, სადაც 5 წლის ბავშვებიც კი ირიცხებიან.
მისივე თქმით, დღევანდელი სახით პანსიონებში ვერ ხერხდება აღზრდის ინდივიდუალური მიდგომა. აღნიშნულის საშუალებას არც პანსიონების ინფრასტრუქტურა და არც აღმზრდელთა რაოდენობა იძლევა.
მისივე თქმით, მედრესეებში ბავშვის მიყვანის სხვადასხვა მოტივაცია გამოიკვეთა: ძირითადად, აქ ბავშვები მშობლებს რელიგიური განათლების მისაღებად მიჰყავთ; თუმცა არიან მედრესეები, სადაც ბავშვები სოციალური შეჭირვებულობის გამო არიან ჩარიცხული.
2017 წლის სექტემბერიდან მედრესეებს, ისევე როგორც ყველა სხვა სააღმზრდელო დაწესებულებას, ლიცენზირების გავლა მოუწევს. თუმცა ანდრო დადიანი შიშობს, რომ აღნიშნული დაწესებულებები ლიცენზირებისთვის მომზადებას ვერ მოასწრებენ და დახურვის საფრთხის წინაშე დადგებიან.
შესაბამისად, მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ასეთი დაწესებულებების მიმართ დიფერენცირებული მიდგომა გამოიყენოს, რადგან მედრესეების დამფუძნებლები ლიცენზირების წინააღმდეგნი არ არიან. უბრალოდ გონივრულ ვადას ითხოვენ, რომ დაწესებულებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა შეძლონ.
ანდრო დადიანის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, კანონით დადგინდეს, ე.წ. რელიგიური საგანმანთლებლო დაწესებულებების ცნება. ასეთი პრაქტიკა არაერთ დასავლურ ქვეყანაშია.
„კანონით უნდა დადგინდეს რელიგიური საგანმანათლებლო დაწესებულების ცნება და ისლამური პანსიონები საგანმანთლებლო დაწესებულებებად უნდა ჩამოყალიბდნენ. ასეთ დაწესებულებებში მოხვედრა დასაშვები უნდა იყოს 15 წელს მიღწეული ბავშვისთვის. მასში განთავსების ერთ-ერთი წინაპირობა სოციალური მუშაკის დასკვნა უნდა იყოს, რომელიც დაადასტურებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის ოჯახის სოციალური მდგომარეობით გამოწვეული. ამ დაწესებულებებმა ბავშვები რელიგიური განათლების კურსის გავლის მიზნით უნდა მიიღონ“, - ამბობს ანდრო დადიანი.
საპატრიარქოს სკოლა - პანსიონები
2015 წელს საპატრიარქოს ორმა დაწესებულებამ, რომლებიც სააღმზრდელო დაწესებულებებად იქნა მიჩნეული, ლიცენზირების პროცესი გაირა და სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია მოიპოვა. ესენია: ფერიის წმ. მატათას სახელობის ბავშვთა სახლი და ნინოწმინდის ბავშვთა სახლი.
გარდა ამისა, საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია 4 სკოლა-პანსიონი: მარტვილის მუნიციპალიტეტი - სოფ. სალხინოს სკოლა-პანსიონი, საჩხერის მუნიციპალიტეტი - სოფ. საირხეს სკოლა-პანსიონი, თბილისის სკოლა-პანსიონი, ყაზბეგის სკოლა პანსიონი.
ანდრო დადიანის თქმით, ამ სკოლების ბენეფიციარი ბავშვების დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველი გაჭირვებული ოჯახებიდან არიან და სკოლა-პანსიონი ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებას უწევს.
მისივე თქმით, აღნიშნულ დაწესებულებებში, ისევე როგორც განათლების სამინისტროს მიერ დაფუძნებულ სკოლა-პანსიონში ჩარიცხვის წესი უნდა დადგინდეს. კერძოდ, ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს 15 წლამდე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, რომლებიც იმ სოფლებში ცხოვრობენ, სადაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, არ არსებობს საჯარო სკოლა.
ხოლო 15 წელს ზემოთ ასაკის ბავშვების ჩარიცხვა მათი სურვილის შესაბამისად უნდა ხდებოდეს.
ანდრო დადიანი ამბობს, რომ სპეციალურად სკოლა-პანსიონებისთვის უნდა შეიქმნას ცალკე სტანდარტი, რომელიც გაითვალისწინებს პასიონების თავისებურებებს, დაფუძნებული იქნება ინდივიდუალური ზრუნვისა და პოზიტიური აღზრდის ღირებულებებზე.