მოგვიყევით „გირჩის“ პოლიტიკური გეგმების შესახებ. გააგრძელებს თუ არა პოლიტიკურ ცხოვრებას თქვენ მიერ დაფუძნებული ცენტრი?
ჩვენ მუშაობის იმავე რეჟიმში გაგრძელებას ვაპირებთ, რა რეჟიმშიც აქამდე ვმუშაობდით. განსხვავებაა ისაა, რომ, სამწუხაროდ, არ გვეყოლება საპარლამენტო წარმომადგენლობა, რაც არ მოგვცემს საშუალებას ისეთი აქტიურები ვიყოთ, როგორებიც მანამდე ვიყავით. თუმცა სხვა მხრივ რის გაკეთებასაც მანამდე ვაპირებდით, იმასვე გავაკეთებთ. ჯერ ერთი ვაპირებთ, რომ რაღაცები ბოლომდე მივიყვანოთ იმ თემებთან მიმართებით, რომლებიც ჩვენი შექმნილია: ბიუროკრატიის შემცირება, გადასახადების დაწევა. მთავარი, რისი გაკეთებაც გვინდა, არის ის, რომ ჩაიდოს საკონსტიტუციო გარანტიები, რომ ქვეყნის ეკონომიკური გარემო სტაბილური და ლიბერალური გახდეს. ესაა ყველაზე დიდი იდეა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება, მიწების რეგისტრაციის პრობლემის მოგვარება, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია და მათ შორის, მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაცია - ეს ის თემებია, რომლებზეც ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით და ინიციატივებით გვქონდა პარლამენტში. ისევ ვაპირებთ ამ თემების ლობირებას. პარლამენტში ეს რთულად გამოგვივა, თუმცა გამოვიყენებთ ყველა მედიარესურსს, გამოვიყენებთ ფეისბუქს. სამწუხაროდ, არ გვაქვს იმდენი რესურსი, რომ პარტიული სტრუქტურები ავაწყოთ. ამაზე უარის თქმა მოგვიწევს. ესაა ის თემები, რომლებიც აქამდეც გვქონდა წამოწეული, თუმცა არის თემები, რომელთა წამოწევასაც ახლა ვაპირებთ - მე პირადად მინდა განათლების სისტემის რეფორმის წამოწევა, რომელიც პრინციპული საკითხია; გვინდა სოციალური დახმარების სისტემის რეფორმაზე მუშაობა - ეს ის ორი ძირითადი საკითხია, რაზეც გვსურს მუშაობა; ასევე მოსაწესრიგებელია ადგილობრივი თვიმმართველობა, თავდაცვა; ინდივიდუალურ თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, მაგალითად, პროსტიტუციის ლეგალიზაცია. ჩვენ წამოვწევთ ყველა არაპოპულარულ თემას და ვეცდებით ლობირებას.
გექნებათ თუ არა საკმარისი ფინანსური რესურსი ამ ყველაფრისთვის?
სერიოზული რესურსები, სამწუხაროდ, არ გვექნება. რაღაც რესურსების დახარჯვა, სამწუხაროდ, მოგვიწია, როცა ჩვენ ბლოკში გავერთიანდით. ამ მხრივ შეზღუდვები გვექნება. ვგეგმავთ „გირჩის“ რესტრუქტურიზაციასაც. ახლა იმაზე გვაქვს დისკუსია, რომ „გირჩის“ მთავარი პლატფორმა ფეისბუქი იქნება, მეტ აქცენტს სოციალურ ქსელებზე გავაკეთებთ. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა არაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ყველაფერი თავს მოიყრის ფეისბუქზე და კომუნიკაციის ძირითადი არხი იქნება ფეისბუქი, რადგან ყველაზე იაფი რესურსია. „გირჩის“ რესტრუქტურიზაცია გვინდა იმ თვალსაზრისითაც, რომ შიდა რესურსები დავხვეწოთ. გვინდა მაქსიმალურად გამჭირვალე იყოს პარტიული სტრუქტურა, რომ ადამიანს, რომელიც პარტიაში მოვა, თავიდანვე ნათლად ჰქონდეს დანახული, როგორ შეიძლება წინსვლა. ასევე მინდა გამჭირვალე გავხადო დაფინანსების ნაწილი, გადავიდეთ შემოწირულობებსა და საწევროებზე. მინდა გავზარდო მხარდამჭერი ადამიანების ჩართულობა, რომ მათ ერთი ან ხუთი ლარი შემოსწირონ. გვინდა დასავლური ტიპის პარტიის აწყობა. არ ვიცი, რამდენად მზადაა ქვეყანა ასეთი პარტიის მშენებლობისთვის. მაგრამ მინდა, რომ ამის საფუძველიც ჩავყაროთ; მინდა „გირჩი“ ამ მხრივაც იყოს ინოვატორი.
ოფისები ერთი თბილისში და ერთი შესაძლოა რეგიონშიც გვქონდეს. ეგეც რესურსებზეა დამოკიდებული. ძირითადად იქნება რამდენიმე ადამიანი, ვინც ცენტრალურ ოფისში იმუშავებს და თემების დამუშავებით იქნება დაკავებული. დანარჩენი გადავერთვებით აქტივისტებსა და ენთუზიასტებზე. ასეთი ახალგაზრდები რეგიონშიც გვყავს. გვყავს ადამიანების დიდი ჯგუფი, რომლებიც გამსჭვალული არიან ჩვენი იდეებითა და ხედვებით. მე პირადად ახალი წლიდან ლექციების კურსია აღებას ვაპირებ. მჭირდება შემოსავალი. რაღაც დროს ლექციებს დავუთმობ, დანარჩენს კი - „გირჩს“. ასეთი არაერთი ადამიანია „გირჩში“, ვინც პირადი საქმის გარდა, „გირჩსაც“ უთმობს დროს.
ემზადებით თუ არა თვითმმართველობის არჩევნებისთვის?
კი, ცხადია, ვემზადებით. „გირჩი“ არის პარტია და სხვა მიზნების გარდა, მისი მიზანი არჩევნებში მონაწილეობაცაა. გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ გვაქვს, ამ წუთში ვამუშავებთ იდეებს თვითმმართველობასთან დაკავშირებით - როგორი უნდა იყოს ქვეყნის თვითმმართველობა. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობაზე. დიდი ალბათობით, მივიღებთ მონაწილეობას.
ბურჭულაძის ბლოკში გაერთიანებით თქვენ დაკარგეთ მხარდამჭერები. ადვილი იქნება მათი ნდობის დაბრუნება?
ბევრი გულმხურვალე მხარდამჭერი გავანაწყენეთ. მაშინ ვფიქრობდით, რომ ორი-სამი ადამიანის გაყვანა „გირჩის“ სახელით კარგი იქნებოდა. ახლა მსგავსი რამ მიზნად აღარ უნდა დავისახოთ. მიზანი სწორი თემების წამოწევა უნდა იყოს. ამ ადამიანების დაბრუნება შესაძლებელია, რადგან ვერავინ იტყვის, რომ „გირჩმა“ რომელიმე ეტაპზე თავისი პრინციპებიდან გადაუხვია. ამ ადამიანების დაბრუნება რთული არ მგონია, თუ ისინი დაინახავენ, რომ იმავე პრინციპებსა და ღირებულებზე ვდგავართ, რომელზეც ვიდექით დასაწყისში.
თქვენი დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა. ბოლოს, როცა ღიად დაუჭირეთ მხარი ცეზარ ჩოჩელის კანდიდატურას მცხეთა-მთიანეთში, გამყარდა აზრი იმის შესახებ, რომ თქვენი მთავარი დამფინანსებელი ცეზარ ჩოჩელია. გაფინანსებთ თუ არა ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი?
ჯერ ზოგადად პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე ვიტყვი და შემდეგ ცეზარ ჩოჩელის შესახებ. პარტიების დაფინანსების გამჭირვალობის თვალსაზრისით ქვეყანაში პრობლემაა და ამაზე ყველა ხუჭავს თვალს. ყველა ცდილობს შემოწირულობების ისე გაფორმებას, რომ ის საკანონმდებლო ფარგლებში ჩაჯდეს და არ დაარღვიოს კანონი. თუმცა ეს არ იძლევა საშუალებას, რომ ის იყოს გამჭირვალე და ჩანდეს, ვინ დგას ამის უკან. მთავარი პრობლემაა ისიც, რომ არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე ბიზნესებს ეშინიათ პარტიების ღიად დაფინანსება. ჩვენ გვქონია ბიზნესმენებთან ურთიერთობა, რომლებსაც ჰქონიათ ჩვენი დაფინანსების სურვილი, მაგრამ მარტივი შიშის გამო უარს ამბობდნენ ამაზე. იყო შემთხვევები, როცა რამდენიმე ბიზნესმენს (არ ვიცი პირადად შეხვდნენ თუ შეუთვალეს) კომუნიკაცია ჰქონდათ ივანიშვილთან. შემდეგ კი ჩემთვის უთქვამთ, რომ ივანიშვილს არ აინტერესებს ოპოზიციის დაფინანსების თემა და თვლის, რომ ნაცმოძრაობის ერთ-ერთი მინუსი ის იყო, რომ ბიზნესს ოპოზიციის დაფინანსების საშუალებას არ აძლევდა. უთქვამს - ისე მოიქეცით, როგორც გსურთო. მიუხედავად ამისა, ამ ბიზნესმენებს ჩვენთან ფინანსური ურთიერთობა არ დაუჭერიათ, რადგან ამბობენ, რომ დღეს კი ასე ამბობს ივანიშვილი, მაგრამ ხვალ მის თავში რა გადატრიალდება, არ ვიცითო.
რაც შეეხება ცეზარ ჩოჩელს, ის პირადად არასოდეს ყოფილა შემომწირველი, მაგრამ ცეზარ ჩოჩელი, დიახ, არის „გირჩის“ მხარდამჭერი და ასე იყო პირველივე დღიდან.
მომავალშიც გააგრძელებს ის თქვენი პოლიტიკური ცენტრის მხარდაჭერას?
მაღალი ალბათობით კი. ჩვენც რესტრუქტურიზაციის პერიოდში ვართ. ხელახლა უნდა დავიწყოთ მუშაობა ფინანსების მოძიებაზე. ცეზარ ჩოჩელი ერთადერთი ბიზნესმენი არაა. სხვებთანაც გვაქვს ურთიერთობა.
სხვებს არ დაასახელებთ?
დასახელება ნიშნავს, რომ ის ადამიანი დარტყმის ქვეშ უნდა დავაყენო. თუ ექნებათ სურვილი, თვითონვე განაცხადებენ ამის შესახებ.