Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინკლუზიური განათლება სკოლაში - მიღწევები და გამოწვევები

22 ოქტომბერი 2016

ნიკა თენოშვილი 15 წლისაა. სკოლაში არასოდეს უვლია. დასთან და მამასთან ერთად ლაგოდეხის რაიონის სოფელ  ნინიგორში ცხოვრობს.  ნიკა ეტლით სარგებლობს. კითხვა სახლში დების დახმარებით ისწავლა. წერა უჭირს. ნინიგორის სკოლაში ნიკასთვის შესაბამისი პირობები არ იყო, ამიტომ სასკოლო განათლების მიღება ვერ შეძლო.

სამი წლის წინ ოჯახმა გაიგო, რომ წნორში დღის ცენტრი გაიხსნა. დებმა საბუთები შეაგროვეს და ნიკა ცენტრში ჩაირიცხა. ყოველდღე ნინიგორიდან წნორში დადის. ბევრი მეგობარი შეიძინა და წერა-კითხვის გარდა, სხვა საგნებიც ისწავლა. თუმცა, სკოლაში სიარულზე ოცნება არ შეუწყვეტია. ის ყოველდღე ითხოვს სკოლაში წაყვანას. მერი, ნიკას და, ამბობს, რომ ეს სურვილი მას შემდეგ უფრო გაუმძაფრდა, როცა დაინახა, რომ დღის ცენტრიდან მისი მეგობრები სკოლაში დადიან.  ნიკას ჩარიცხვა ვერც წნორის სკოლაში მოხერხდა, რადგან შენობა ჯერ კიდევ არ არის ადაპტირებული ეტლით მოსარგებლე მოსწავლეებისთვის.

წნორის დღის ცენტრი „თბილი კერა“ სამი წლის წინ დაარსდა. ის კახეთის სამ რაიონს, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონის ბავშვებს ემსახურება. ამჟამად ცენტრში 15 ბავშვი დადის. ტრანსპორტი დილით ჩამოუვლის ბავშვებს და ცენტრში მოჰყავს, მერე კი სკოლაში ანაწილებს. ცენტრში ნიკასთან ერთად რამდენიმე ბავშვი რჩება. დღის ცენტრის ბავშვები წნორთან ახლოს, სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში დადიან.

ნიკას დღის ცენტრში სიარული მოსწონს, სწავლაც უყვარს. განსაკუთრებით ისტორია.  მათემატიკის ამოცანებსაც კარგად ხსნის. დღის ცენტრის პედაგოგები ამბობენ, რომ ნიკა გამორჩეულად ნიჭიერი და მოწესრიგებული ბავშვია.

დედა ცოტა ხნის წინ გარდაეცვალათ. ნიკაზე მზრუნველობა საკუთარ თავზე უმცროსმა დამ - მერიმ - აიღო. ამის გამო მას სკოლის მიტოვება მოუხდა, მე-9 კლასიდან გამოვიდა.

ნიკას დებს ძალიან უნდათ, მათმა ძმამ სხვა ბავშვებივით საჯარო სკოლაში იაროს. გარდა განთლების მიღებისა, სოციალიზაციას, მეგობრების შეძენას შეძლებდა და მომავალში ნიკასთვის დამოუკიდებლად ცხოვრების  და პროფესიული განვითარების პერსპექტივა უფრო რეალური გახდებოდა. ახლა ცოტა რთულად წარმოუდგენიათ, როგორი შეიძლება იყოს ნიკას ცხოვრება მომავალში.

ალი ბაირამოვი ნიკას მეგობარია. ისიც წნორის დღის ცენტრით სარგებლობს და  სხვა ბავშვებთან ერთად საქობოს სკოლაში დადის. ალი 16 წლისაა. მეოთხე კლასში გადავიდა. მას დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია. წერა-კითხვა დღის ცენტრში ისწავლა. საჯარო სკოლაშიც ცენტრის პედაგოგების დახმარებით დაიწყო სიარული. 

ალი სკოლიდან ორ საათზე ბრუნდება, დღის ცენტრში სადილობს, გაკვეთილებს ამზადებს და საღამოს ცენტრის ტრანსპორტით სახლში ბრუნდება. ამბობს, რომ სკოლაც და დღის ცენტრიც ძალიან მოსწონს, მაგრამ სკოლაში უფრო ბევრი ბავშვია და უკეთესიაო.

წნორის დღის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა გელაშვილი ჯერ კიდევ 2000 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დასახმარებლად მუშაობს. დღის ცენტრის გახსნის იდეაც მას შემდეგ გაუჩნდა, რაც აღმოაჩინა, რომ  სიღნაღში  შშმ ბავშვები განათლების მიღებას საჯარო სკოლაში ვერ ახერხებდნენ, მათთვის არაშესაბამისი გარემოსა და ასეთივე სწავლების გამო. ამიტომ ალტერნატიული განათლების მიღების საშუალებებზე დაიწყო ფიქრი. თავიდან - საკუთარი დანაზოგით, მეგობრების მხარდაჭერით,  ენთუზიაზმით.  სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ ერთი წლის წინ მიიღო.

საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ნანა გელაშვილი ამბობს, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სკოლაში განათლების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარეშე  ფერხდება ბავშვების  როგორც სოციალური და საგანმანათლებლო,  ისე პიროვნული უნარების განვითარება. იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც დღის ცენტრის ბავშვებმა  საქობოს სკოლაში სიარული დაიწყეს, სხვა ბავშვების ქცევაც დადებითად შეიცვალა.  ისინი უფრო მეგობრულები გახდნენ, ისწავლეს ურთიერთობა, ყოველ დილით სიხარულით ხვდებიან მათ გამოჩენას, ეხმარებიან სწავლაში, გადაადგილებაში.

„უნდა მივცეთ  შშმ ბავშვებს საშუალება, ისწავლონ, შექმნან, მონაწილეობა მიიღონ. უმოქმედოდ, სახლში არ უნდა დავტოვოთ, ყველა პროცესში უნდა ჩავრთოთ“, - ამბობს ნანა გელაშვილი.

საქობოს საჯარო სკოლაში ორი სპეცპედაგოგი მუშაობს. სკოლაში მოწყობილი რესურსოთახით ყოველდღიურად სხვადასხვა საჭიროების მქონე 11 ბავშვი სარგებლობს. აქედან ოთხი ბავშვი საქობოდანაა, დანარჩენები წნორის დღის ცენტრიდან დადიან. რესურსოთახი ბავშვების მიერ შექმნილი ნახატებითა და ნივთებითაა მოწყობილი. იქ ორი მერხი და პედაგოგის მაგიდა დგას. ბავშვები ასაკის და შეფასების მიხედვით სხვადასხვა კლასში ირიცხებიან.

სპეცპედაგოგები პროფესიით დაწყებითი კლასის მასწავლებლები არიან. როგორც ამბობენ, სხვადსხვა დროს გაიარეს რამდენიმედღიანი ტრენინგი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის შესახებ.  სპეცპედაგოგი მაია ბეჟანიშვილი ამბობს, რომ უსინათლო ან   სმენის აბსოლუტურად არმქონე ბავშვი არ ჰყავთ, რომ მათთან  ჟესტური ენით სწავლება გახდეს საჭირო.  თუკი ბავშვი გაკვეთილზე დიდი ხნით ვერ ჩერდება, ის რესურსოთახში სპეცპედაგოგის მეთვალყურეობით აგრძელებს სწავლას, ან სპეცპედაგოგი ბავშვთან ინდივიდუალურად მუშაობს სხვადასხვა უნარის განვითარებაზე.

სკოლის შენობას პანდუსი არ აქვს. მართალია, ეტლით მოსარგებლე მოსწავლე სკოლაში დადის, მაგრამ ის შენობის უკანა მხრიდან სხვების დახმარებით შედის შენობაში. საქობოს სკოლის დირექტორი დოდო ჭყონია ამბობს, რომ პანდუსის გასაკეთებლად სკოლამ სამინისტროს მიმართა, ხარჯთაღრიცხვაც უკვე მზადაა და გაკეთდება. მაგრამ  პანდუსი შენობას უკნიდან, სპეციალური შემოსასვლელიდან გაუკეთდება. როგორც სკოლაში ამბობენ, პანდუსისთვის სპეციალური სტანდარტები არსებობს, რასაც შენობა ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ შენობის მთავარ შესასვლელს ის ვერ გაუკეთდება.

ადაპტირებული არ არის არც წნორის პირველი საჯარო სკოლა. სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე მაია ძმანაშვილი ამბობს, რომ  ეს საკითხი სკოლას აწუხებს, რადგან ეტლით მოსარგებლე მოსწავლე რომ მოვიდეს, მას პრობლემა შეექმნება. როგორც იხსენებს, პანდუსის გაკეთებაზე  საუბარი იყო, თუმცა, რატომღაც შეფერხდა: „შენობა ძველია. როცა რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მაშინ, ალბათ, არ გაითვალისწინეს. როგორც ჩანს, ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული, თავიდან არის დასაპროექტებელი“.

სკოლას ორი სპეცპედაგოგი ჰყავს. რესურსოთახით ათი ბავშვი სარგებლობს. სპეცპედაგოგი ეკა გუროშვილი ამბობს, რომ როცა ბავშვი გაკვეთილზე ვეღარ ჩერდება, ის რესურსოთახში მოდის, სადაც საკლასო ოთახისგან განსხვავებული გარემოა. იქ ისვენებს, ერთობა, მისთვის საინტერესო საქმით შეუძლია დაკავდეს - დახატოს, გამოძერწოს. როგორც პედაგოგი ამბობს, თამაშ-თამაშით გარკვეულ სასწავლო მიზნებს აღწევენ.

ორივე სპეცმასწავლებელს დაწყებითი საფეხურის პედაგოგის განათლება აქვს მიღებული. როგორც ამბობენ, ეტაპობრივად ტრენიგს გადიან, თუ როგორ უნდა იმუშაონ ბავშვებთან, რომელთაც სხვადასხვა ტიპის საჭიროებები აქვთ, ასევე იღებენ ინფორმაციას დაავადებების შესახებ და  ფსიქოლოგიის საფუძვლებს ეცნობიან.

როგორც სკოლის მასწავლებლებთან და სპეცპედაგოგებთან საუბარში იკვეთება, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების კუთხით  არაადაპტირებული გარემო და რესურსები კვლავ პრობლემაა. ასევე, რთულია სწავლების ხარისხის შეფასებაც. 

...

დედაქალაქში მშობლებს სკოლების შერჩევისას მეტი არჩევანი აქვთ. მარი კორკოტაძის აუტიზმის მქონე შვილი თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში დადის. მეორე კლასშია. სკოლაში ინდივიდუალური პედაგოგი ჰყავს  და, დედის თქმით, სწავლაში მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს. თუმცა, ამ შედეგის მიღება მარტივი არ იყო.  მარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი და აქტივისტია.

როგორც მარი ამბობს, იმისათვის, რომ შშმ ბავშვმა საჯარო სკოლაში იაროს, მშობელს საკმაოდ რთული გზის გავლა უწევს. ბევრი ამას ვერც ახერხებს. საკუთარ გამოცდილებას გვიყვება. სანამ მისი შვილი სკოლაში შევიდოდა, წინასწარ მოიძია ინფორმაცია, იყო თუ არა სკოლაში სპეცპედაგოგი და რესურსოთახი. შემდეგ განცხადებით მიმართა განათლების სამინისტროს და სკოლის ადმინისტრაციას, რომ სწავლის დაწყებამდე სპეცპედაგოგზე ვაკანსია გამოეცხადებინათ. ამბობს, რომ, როგორც წესი, როცა სკოლებში შშმ ბავშვი მიდის, მაშინ იწყებენ რესურსოთახის მოწყობს, პედაგოგის შერჩევას, რაზეც დიდი დრო იხარჯება და ბავშვი სწავლის დაწყებას აგვიანებს. მარის ძალისხმევითა და სკოლის ადმინისტრაციასთან ხშირი კომუნიკაციით ,მისი შვილისთვის ინდივიდუალური პედაგოგის აყვანა მოხერხდა.

„ჩემს შვილს გაკვეთილზე სჭირდება, სპეცპედაგოგი  გვერდით ეჯდეს.  როცა სკოლაში სხვა ბავშვიც მოვიდა, ბუნებრივია, პედაგოგი ორივესთან ვერ იქნებოდა. ამიტომ  ჩემს შვილს ერთი კვირა გაკვეთილებზე მე ვეჯექი. შემდეგ აიყვანეს კიდევ ერთი სპეცპედაგოგი. მეორე კლასში როცა გადადიოდა, ისევ მივმართე სკოლის დირექტორს განცხადებით, რომ ჩემს შვილთან ინდივიდუალური ასისტენტი ყოფილიყო. დირექტორმა სკოლის ხარჯებით კიდევ  ერთი პედაგოგი აიყვანა. ეს გამოიწვია იმან, რომ აქტიური მშობელი ვარ, მუდმივად განცხადებებს ვწერ და ჩემი  შვილის უფლებების დაცვას მოვითხოვ“.

მარი კორკოტაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი წინსვლაა ინკლუზიური განათლების დანერგვა. შშმ ბავშვებმა დაიწყეს სკოლაში სიარული, ეს სტიგმა უკვე მოიხსნა. ამიტომ უფრო მეტი ბავშვი გამოვა სახლიდან და სკოლაში შევა.ამას სკოლა მომზადებული უნდა დახვდეს: „ჩემი შვილი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შედეგებზე გავდივართ, ინდივიდუალური პედაგოგის დახმარებით. დარწმუნებული ვარ, ბევრს მიაღწევს,  პროფესია ექნება და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ძალიან გამოადგება ის გამოცდილება და განათლება, რასაც ახლა იღებს. ეს არის ჩვენი მიზანიც -  შშმ ადამიანები დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოემზადონ. ამისთვის მათ სკოლაში უნდა იარონ. თუ სკოლაში არ ვატარებთ  და განათლება არ იქნება ხარისხიანი, მაშინ რა აზრი აქვს ჩვენს ძალისხმევას. ის ფინანსური ვაუჩერიც, რაც ამ ბავშვებისთვისაა გამოყოფილი, გადაყრილი თანხა იქნება“, - ამბობს მარი კორკოტაძე.

ინკლუზიური განათლება სკოლაში - შედეგები და გამოწვევები

“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის” მიხედვით, შშმ პირებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინკლუზიური, ხარისხიანი და უფასო დაწყებითი და საშუალო განათლება მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ზოგადი განათლების საფეხურზე ქვეყანაში ინკლუზიური განათლების დანერგვა 2006 წლიდან დაიწყო.  დღეს საქართველოს მასშტაბით ინკლუზიურ განათლებაში 1000-ზემეტი სკოლაა ჩართული. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა  2015 წლის აგვისტოს მდგომარეობით 4,743-ს შეადგენს.

როგორია ინკლუზიური განათლების პრაქტიკა საქართველოში - ამის შესახებ ალტერნატიული ანგარიში მოამზადა სპეციალისტთა ჯგუფმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა. ალტერნატიული ანგარიში „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ მხარდაჭერით გამოიცა და შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციაში განათლების ნაწილის შესრულების შეფასებას წარმოადგენს. კვლევა ჩატარდა სამ რეგიონში. მათ შორის სამ ქალაქში - მარნეული, ამბროლაური და გორი.

როგორც მოკვლევამ აჩვენა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლებში ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა ქალაქში (თბილისის ჩათვლით) სოფელთან შედარებით ბევრად მეტია (62%).

რაც შეეხება ადაპტირებულ გარემოს, გამოკითხული სკოლების 67% არ არის ადაპტირებული, 20% პანდუსითაა უზრუნველყოფილი, 13% კი მარტივად ადაპტირებულია.

ამასთან ერთად, არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რაოდენობისა და მათი საჭიროებების შესახებ. სისტემა მხოლოდ სკოლაში ჩარიცხულ მოსწავლეებზე ფლობს ინფორმაციას და ვერ ხედავს მის მიღმა დარჩენილ ბავშვებს. ასევე მაღალია ბავშვების მიერ სკოლის მიტოვების შემთხვევათა რაოდენობა, თუმცა, მიზეზებზე განათლების სამინისტროს ინფორმაცია არ აქვს. გარდა ამისა, კვლევები აჩვენებს, რომ პრობლემაა საგანმანათლებლო რესურსების დეფიციტი.  სპეცმასწავლებლები და მშობლები საუბრობენ დამატებითი ადამიანური რესურსის საჭიროებაზეც.

2013-2015 წლებში ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვის ეფექტიანობისთვის სპეციალური პედაგოგები და სხვა დამხმარე სპეციალისტები ჩაერთვნენ. დღეს  თითქმის ყველა სკოლაში, არსებობს სპეცპედაგოგი, რომელიც სწავლის პროცესშისპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესუნდა დაეხმაროს. თუმცა სპეციალური პედაგოგების კომპეტენციასა და გადამზადების კუთხით რიგი კითხვები არსებობს.

სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი ირინე ობოლაძე ამბობს, რომ შშმ პირთა უფლებების სათანადოდ განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია სტატისტიკური და კვლევითი მონაცემების წარმოება. მაშინ, როცა არ არსებობს სრულყოფილი სტატისტიკა  და არ ხდება შშმ ბავშვების მიერ სკოლის მიტოვების მიზეზების სიღრმისეული კვლევა/ანალიზი, რთულია ინკლუზიური განათლების პროცესის სრული სურათის დანახვა და მისი შეფასება.

როგორც განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკატერინე დგებუაძე ამბობს,კონვენციის აღსრულების მიმართულებით , შეიქმნა სამოქმედო სამთავრობო გეგმა და ამ დოკუმენტის ფარგლებში, უშუალოდ ინკლუზიური განათლების კუთხით, დაიწყო რიგი ღონისძიებების გატარება, მათ შორის, სკოლამდელი და პროფესიული განათლების საფეხურზე. მისი თქმით, შემუშავდა მონიტორინგის ინსტრუმენტი და 2017 წელს უკვე სკოლებში და პროფესიული განათლების საფეხურზე სკოლებში არსებული მდგომარეობის შეფასებადაიწყება.  სამმართველოში ასევე ამბობენ, რომ მოწესრიგდება ელექტრონული ბაზა, რაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების, მათი საჭიროებების, ასევე სკოლიდან გასვლის მიზეზებისა თუ სხვადასხვა დარღვევის შესახებ ზუსტი სტატისტიკის წარმოებას ხელს შეუწყობს .

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^