ზაფხულის მიწურულს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით ფრინველების მასშტაბური მიგრაცია იწყება. აღმოსავლეთ ევროპიდან და ჩრდილო აზიიდან აფრიკის მიმართულებით ყოველწლიურად 35-მდე სახეობის მტაცებელი მიფრინავს, თუმცა, სანამ საბოლოო დანიშნულების პუნქტს მიაღწევენ, აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანი უნდა გაიარონ, რომელიც გადამფრენი მტაცებლების კონცენტრაციის თვალსაზრისით, მსოფლიოში მნიშვნელობით მესამეა. „თბილ ქვეყნებში“ მოსახვედრად ფრინველებმა გზად ბევრი დაბრკოლება უნდა გადალახონ და თუ მაგალითად მონადირის ტყვიას ან დატყვევებას გადაურჩნენ, აფრიკის რომელიმე ქვეყანაში გამოიზამთრებენ, გაზაფხულზე კი უკუმიგრაცია დაიწყება და აჭარის ცას კიდევ ერთხელ გადაუფრენენ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს შემოდგომაზე ასობით ეკოტურისტი სტუმრობს. ფოტოკამერებით, ბინოკლებითა და ტელესკოპებით შეიარაღებული მოხალისეები აქ ფრინველებზე დასაკვირვებლად ბოლო რამდენიმე წელია, ინტენსიურად მოდიან. რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების რამდენიმე პუნქტია. თუ ამინდში გაგიმართლა და მოწყობილობაც შესაბამისი გაქვს, შეგიძლია, ფრინველებს თვალი მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ადევნო.
ფრინველებზე დამკვირვებლების გარდა, ეს ტერიტორია მონადირეებსაც იზიდავს. მაშინ, როცა ეკოტურისტები სოფლის ყველაზე მაღალი პუნქტიდან მტაცებლებს ტელესკოპებით ითვლიან, მთის ძირში ცას ჩასაფრებული მონადირეები უყურებენ, ამიტომ სროლის ხმას აქ ხშირად გაიგონებთ. დაკვირვების პუნქტისკენ მიმავალი კი გზად ადგილობრივი მცხოვრებლების ეზოებში დაბმულ მტაცებლებსაც ნახავთ - ბაზიერები უკვე წლებია, ფრინველებს სანადიროდ იყენებენ.
უკანონო ნადირობა, ბაზიერობის დამახინჯებული ტრადიცია და არასრულფასოვანი კანონი, რომელიც მტაცებლებს ვერ იცავს - ის გამოწვევებია, რომლებიც მიგრანტ ფრინველებს საფრთხეს უქმნის და რომელთა აღმოსაფხვრელადაც აჭარის რეგიონში რამდენიმე ორგანიზაცია უკვე წლებია, მუშაობს.
რატომ ითვლიან ფრინველებს?
მექსიკისა და კოსტა რიკის შემდეგ, შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანი ფრინველების მასშტაბური გადაფრენის თვალსაზრისით, მსოფლიოში მნიშვნელობით მესამეა, რადგან ყოველწლიურად 1 200 000 ფრინველი სწორედ ამ დერეფნის გავლით მიფრინავს სამხრეთისკენ. ფრინველები ზღვის გადაკვეთას ერიდებიან, ურჩევნიათ, ხმელეთიდან წამოსულ თბილი ჰაერის მასებზე ილივლივონ, რადგან ასე ენერგიას ზოგავენ. გარდა ამისა, ხმელეთზე ისვენებენ, ნადირობენ და ღამეს ათევენ.
უკვე მეცხრე წელია, ორგანიზაცია Batumi Raptor Count (BRC) აჭარაში ფრინველთა მიგრაციას იკვლევს. ყოველი წლის 17 აგვისტოდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოხალისეები სახალვაშოში ჯგუფებად მოდიან. ფრინველებზე დასაკვირვებლად სოფელს სეზონურად 1000-მდე მოხალისე სტუმრობს, რამაც ადგილობრივი ეკოტურიზმის განვითარებას შეუწყო ხელი.
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების რამდენიმე ობიექტია. აქედან, სახალვაშოში ორი სადგურია. ბირდვოჩერები (Birdwatchers - ფრინველებზე დამკვირვებლები) ერთმანეთს რაციით უკავშირდებიან და, თუკი ცაზე ფრინველების გუნდი გამოჩნდება, ერთმანეთს ატყობინებენ. დაკვირვება მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ორი საათით ადრე დღის მონაკვეთში მიმდინარეობს.
დრის ანგლერი უკვე მეოთხე წელია, Batumi Raptor Count-ის პროექტის ფარგლებში ფრინველების დასათვლელად სახალვაშოში მოდის. მისთვის ეს ჰობიც არის და სამუშაოც. ამბობს, რომ მონაცემები ფრინველთა პოპულაციის მონიტორინგისთვის არის საჭირო.
„მტაცებლებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიაა მიგრაციისთვის. გასულ წელს იმდენი ფრინველი არ იყო, რამდენიც, მაგალითად, ორი წლის წინ. ცვლილებები ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგალითად, კლიმატის ცვლილებით, საკვების ნაკლებობით და ა.შ. ორი წლის წინ ერთ დღეში 250 000 ფრინველი დავთვალეთ“ - ამბობს დრისი.
თუმცა BRC-ში აღნიშნავენ, რომ მიგრაციის ტენდენციის გამოსავლენად 10-წლიანი მონაცემები საკმარისი არ არის. მათი განმარტებით, სულ მცირე, 20 წელია საჭირო იმისათვის, რომ ფრინველთა მიგრაციის ცვლილებების შესახებ დაკვირვებამ სარწმუნო შედეგები მოგვცეს.
გარდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა, ფრინველთა მიგრაციას გარემოს დაცვის სამინისტროც აკვირდება, თუმცა ნიშანდობლივია, რომ მათი კვლევა არა მხოლოდ კონსერვაციულ მიზნებს, არამედ ნადირობასაც უკავშირდება.
როგორც გაირკვა, სამინისტროს მხოლოდ 2 წლის მონაცემები აქვს. ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ სამინისტრო ტენდერს აცხადებს და კვლევას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს უკვეთს.
„რამდენადაც ვიცი, 2013-2014 წლებში ჩატარდა კვლევები. ამ მონაცემებით ფრინველთა კონსერვაციისთვის საჭირო ინფორმაციას ვიღებთ და ნადირობის სეზონზე მათი დღიური მოპოვების კვოტას ვადგენთ. გვაქვს მონაცემები ტერიტორიებისა და სახეობების მიხედვით“, - ამბობს გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების დაცვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნონა ხელაია.
ნადირობა მტაცებლებზე
დაკვირვების პუნქტიდან მომავალს გზად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გვხვდებიან. ველის არწივი იპოვეს, ფრთა აქვს მოტეხილი და დაჭრილია. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში დაშავებული ფრინველები ზედამხედველობის დეპარტამენტს ადგილობრივ ზოოპარკში მიჰყავს, თუმცა ამჯერად მას ორგანიზაცია SABUKO (საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის) მოუვლის. გაუმართლა, ჭრილობა სასიკვდილო არ არის. სანამ ცას დაუბრუნდება, ბაზიერთან დარჩება, რომელსაც მის გარდა, სხვა ბევრი მტაცებელიც ჰყავს.
SABUKO ნადირობის მონიტორინგს ეწევა. ასლან ბოლქვაძე და გიზო სასკურია დილიდან საღამომდე ტყეში საველე სამუშაოებზე დადიან. დაჭრილ ფრინველებთან ერთად მონადირეებსაც ხშირად აწყდებიან. ფრინველის სახეობა, სქესი და ასაკი - ეს ის მონაცემებია, რომლებსაც მონიტორინგის დროს აღრიცხავენ, რათა სახეობათა პოპულაციებზე ნადირობით გამოწვეული რისკი შეაფასონ.
ასლანი ამბობს, რომ ყველა მონადირე მეგობრული განწყობით არ ხვდება. ცდილობენ, მათ აუხსნან, რომ კვლევას სამეცნიერო დატვირთვა აქვს და ტყეში მათ დასაჯარიმებლად არ დადიან.
„თუკი მონადირე მეგობრულია, ვცდილობთ, ავუხსნათ, რომ ესა და ეს სახეობა იშვიათია და მასზე ნადირობა აკრძალულია. უმეტესად, მონადირეებმა იციან, რომ კონკრეტულ სახეობაზე ნადირობა არ შეიძლება, მაგრამ მაინც კლავენ, მაგალითად, ირაოს, მიმინოს და ა.შ. იყო შემთხვევა, როდესაც კონფლიქტი მომივიდა მონადირეებთან. მითხრეს, გავიგეთ, კარგ საქმეზე არ დადიხართო. ნახევრად ხუმრობით უთქვამთ, ჩემი საფანტი 70 მეტრზე აღწევსო“, - ამბობს ასლანი.
თუმცა, მისი თქმით, არიან ისეთი მონადირეებიც, რომლებმაც კარგად იციან, რომელ ფრინველზეა ნადირობა ნებადართული, თუმცა ასეთი 100-დან 2 თუ იქნება.
SABUKO-ს კვლევის თანახმად, რომელიც 2015 წლის 20 აგვისტოდან 7 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა, ველზე ყოფნის 480 საათის განმავლობაში მონადირეებმა დაახლოებით 7000-ჯერ გაისროლეს. საკვლევ პერიოდში მათ 211 მოკლული და 85 დაშავებული მტაცებელი ფრინველი აღმოაჩინეს.
რაც შეეხება ფრინველთა ნარჩენებს, ჯგუფმა 445 მტაცებელი აღრიცხა, რომელთაგან 53% კრაზანაჭამია, 11% ჩვეულებრივი მიმინო, ასევე 11% ჩვეულებრივი კაკაჩა იყო.
BRC-ის საბჭოს წევრმა, ანა სანდორმა სამაგისტრო კვლევის ფარგლებში ნადირობის მოტივაციის შესასწავლად 2015 წელს მონადირეებთან სიღრმისეული ინტერვიუები ჩაწერა.
კვლევით დადგინდა, რომ გამოკითხული მონადირეების მხოლოდ 22% ასხვავებს ფრინველთა სახეობებს. მისი განმარტებით, მათი უმეტესობა ამავდროულად ბაზიერია. 31%-მა სწორად დაასახელა ფრინველთა ტაქსონომია, მაგალითად, ფრინველი არწივი იყო თუ მიმინო, ხოლო 47%-მა მოკლული ფრინველის სწორად იდენტიფიცირება ვერ შეძლო.
შეკითხვაზე, თუ რა იყო ნადირობის მოტივაცია, გამოკითხულთა 62%-მა უპასუხა, რომ გასართობად, სპორტული ინტერესისთვის ნადირობს. 30%-მა აღნიშნა, რომ ხორცისთვის, ხოლო 8% ტრადიციის გამო ნადირობს.
SABUKO-ს ნადირობის მონიტორინგის კოორდინატორი ასლან ბოლქვაძე ამბობს, რომ ნადირობის სეზონის გახსნისას მონიტორინგის ფარგლებში, ძირითადად, მოკლულ ირაოს პოულობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში კირკიტებს, მცირე მყივან არწივებსა და მიმინოებსაც აწყდებიან.
„მონადირეები, ძირითადად, სიამოვნების მიღების მიზნით ნადირობენ. მოაქვთ არაყი, დასხდებიან, მიირთმევენ, სვამენ, თუ ფრინველს მოკლავენ - წვავენ. ხშირად, ჩამოგდებული ფრინველის მოძებნაც ეზარებათ. დაჭრილმა ფრინველმა ერთი კვირა უნდა იტანჯოს, ბოლოს ტურა მოვა და შეჭამს. ზოგჯერ მეკითხებიან, რატომ ნადირობენ მონადირეები, საჭმელი არ აქვთო? ერთი თორმეტკალიბრიანი ტყვია 80 თეთრი ღირს. მონადირეები დღეში საშუალოდ 100 ტყვიას მაინც ისვრიან. ანუ მონადირეს თუ 80 ლარი აქვს, მას ბაზარში ხორცის ყიდვის პრობლემაც არ ექნება. ძალიან ცოტა მონადირე მინახავს, რომელიც ამბობს, რომ ხორცს ვერ ყიდულობს და ამის გამო ნადირობს“, - ამბობს ასლანი.
ნადირობა ბათუმში - რა ემუქრება ჭოროხის დელტას
ჭოროხის დელტის დაჭაობებული ტერიტორია, რომელიც ფრინველებზე დაკვირვების ერთ-ერთი ობიექტია, ქალაქ ბათუმის ნაწილი 2011 წელს გახდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში ნადირობა აკრძალულია, ეს ფაქტი მონადირეებს ხელს სულაც არ უშლით, რომ ჭოროხზე სანადირო თოფებით გადაადგილდნენ და ფრინველებზე ინადირონ.
საწვიმრებში გახვეულ, მხარზე თოფშემოდებულ მონადირეებს უკან ძაღლები მოჰყვებიან. დღეს მწყერზე ინადირეს. მონადირე გვეუბნება, რომ თუ ძაღლი ფრინველზე არ დაიგეშება, მოკლავს _ ასე გვასწავლის ტრადიციაო, თუმცა ბოლოს ამატებს, რომ იხუმრა.
ნადირობა არ არის ერთადერთი საფრთხე, რომელიც ჭოროხის დელტაზე გადამფრენ ფრინველებს ემუქრება. საქართველოს მთავრობა გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, რომელიც ჭოროხის დელტასაც მოიცავს, დიდი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას გეგმავს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ინვესტორების მოზიდვა მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როგორ აითვისებენ ტერიტორიას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროში კი ამბობენ, რომ მთავრობამ ტერიტორიის პოტენციალის განსაზღვრის მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციას მისი განვითარების სტრატეგიის შექმნა დაუკვეთა.
„ამ მომენტისთვის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. როგორც კი დოკუმენტი საბოლოოდ იქნება მზად, გვეცოდინება, რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ეს ტერიტორია, მათ შორის - ჭოროხის დელტა“ - ამბობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში.
BRC-ის საბჭოს წევრი ანა სანდორი ამბობს, რომ პროექტი ფრინველებისთვის იმ შემთხვევაშია საშიში, თუკი ადგილზე ინდუსტრიული მშენებლობა დაიწყება. მეორე მხრივ, თუკი პროექტის ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას ითვალისწინებს, შესაძლოა, ეს ფრინველებისთვის სასარგებლოც იყოს.
„სასარგებლო იქნება იმ შემთხვევაში, თუკი იქ მონადირეები აღარ წავლენ. მიგრანტი ფრინველები დაღლილები არიან; ზოგიერთი სახეობა ღამით დაფრინავს, ამიტომ აქ მოსულს დასვენება უნდა. თუ ინდუსტრიული მშენებლობა სურთ, ეს ფრინველებისთვის კარგი არ იქნება, თუმცა, თუკი ბუნებრივ გარემოს შეინარჩუნებენ, მაშინ შესაძლოა, ეს სასარგებლოც იყოს“ - ამბობს ანა სანდორი.
ნადირობა, ბაზიერობის ტრადიცია და კანონმდებლობის გამოწვევები
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს 20 აგვისტოს დაიწყო. სამინისტრო ყოველწლიურად აქვეყნებს იმ სახეობათა ნუსხასა და ოდენობას, რომლებზეც ნადირობა გარკვეულ ტერიტორიაზე, გარკვეული წესით არის დაშვებული. მინისტრის მიერ 2016 წლის 17 აგვისტოს ხელმოწერილ #27-ე ბრძანებაში „ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ“, რომელიც სანადიროდ ნებადართულ სახეობათა ნუსხას ადგენს, მტაცებლები არ გვხვდება.
საქმე ის არის, რომ მინისტრის ბრძანება მხოლოდ იმ ნუხას ადგენს, რომლებზეც ნადირობა დაშვებულია, შესაბამისად, ყველა სხვა სახეობაზე ნადირობა აკრძალულია. თუმცა SABUKO-ში მიიჩნევენ, რომ ფრინველთა დაცვის სრულფასოვან მექანიზმს კანონი მაინც არ იძლევა, რამდენადაც არ არსებობს კონკრეტული ჩამონათვალი იმ სახეობებისა, რომლებზე ნადირობაც აკრძალულია.
SABUKO-ს აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე რუხაია ამბობს, რომ კანონმდებლობაში ფრინველებზე ნადირობის წესი ბუნდოვანია და დახვეწას საჭიროებს.
„კანონში არ არის ნათქვამი, რომელ ფრინველზე არ შეიძლება ნადირობა. კანონი ადგენს, რომელ ფრინველზეა დაშვებული ნადირობა. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ დანარჩენზე - არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, რთულია, იმაზე იმსჯელო, რა არის სწორი და რა - არა“ - ამბობს რუხაია.
კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც ფრინველებს საფრთხეს უქმნის, ბაზიერობის ტრადიციაა.
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ კანონში აღნიშნულია, რომ „ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გარეულ ცხოველთა დატყვევება და ტყვეობაში ყოლა დასაშვებია სამინისტროს ლიცენზიით კანონმდებლობით დადგენილი წესით“, თუ პირს მის შესანახად სათანადო პირობები აქვს, ან თუკი ფრინველი ქვეყანაში კანონიერად არის შემოყვანილი. ამავე კანონში აღნიშნულია, რომ იმ ცხოველთა ნუსხას, რომელთა დატყვევებაც აკრძალულია, სამინისტრო ბრძანებით ამტკიცებს. კანონის გარდამავალი დებულებებისადმი მიძღვნილ XI-ე თავში, ნათქვამია, რომ გარემოს დაცვის მინისტრმა უნდა გამოსცეს ბრძანება „გარეულ ცხოველთა ნუსხის შესახებ, რომელთა დატყვევება და ნახევრად თავისუფალ მდგომარეობაში და ტყვეობაში ყოლა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის აკრძალულია“, თუმცა მსგავსი ბრძანება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში არ იძებნება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი მაია ჩხობაძე ამბობს, რომ ასეთი ნუსხის არსებობის საჭიროება აღარ არსებობს, რადგან დღევანდელი კანონმდებლობა უფრო მკაცრია და ამბობს, რომ ფრინველის დატყვევება საერთოდ არ შეიძლება.
„ცხოველთა სამყაროს შესახებ კანონში ითქვა, რომ ასეთი ნუსხა უნდა დამტკიცებულიყო, რადგან მაშინ ის კანონი ითვალისწინებდა ნებართვის სახეს. ნებართვა უნდა გაეცა სამინისტროს. თუმცა დღევანდელი კანონმდებლობა ბევრად მკაცრია, რადგან ადგენს, რომ ფრინველის დატყვევება საერთოდ არ შეიძლება, რადგან ასეთი ნებართვა არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს საჭიროება ნუსხისა, რომელიც დაადგენს, რომელი სახეობის დატყვევება არ შეიძლება“ - ამბობს ჩხობაძე.
როგორც ალექსანდრე რუხაია განმარტავს, ბაზიერი სეზონის განმავლობაში, საშუალოდ, 30-მდე სხვადასხვა სახეობის ფრინველს იჭერს და აქედან 10-დან 20-მდე იტოვებს, რაც კანონით დაშვებული არ არის, თუმცა ასეთი ფაქტების კონტროლის მექანიზმები სუსტია. მისი განმარტებით, ბაზიერობის ტრადიცია საქართველოში ყოველთვის იყო, მაგრამ აჭარაში მას განსაკუთრებით ღრმა ფესვები აქვს, გეოგრაფიული ადგილმდებარეობით გამოწვეული მიგრაციული ნაკადების გამო.
„კარგმა ბაზიერმა, 30 ფრინველს რომ დაიჭერს დღეში, აქედან მხოლოდ ერთი უნდა დაიტოვოს. ერთი წელი ეყოლება, ინადირებს. ჩვენი ორგანიზაცია ნებისმიერ ფრინველზე ნადირობას ეწინააღმდეგება, ეს სასტიკად არაჰუმანურია, მაგრამ თუ მხოლოდ ერთს დაიტოვებს, მივესალმები, უარესი ფაქტებიც ხდება. ცუდი ბაზიერი რამდენიმე მტაცებელს იტოვებს. რომელიც არ მოეწონება, კლავს, არ უშვებს. არ უნდა, რომ ხორცში ფული გადაიხადოს, ამიტომ ერთი მტაცებლის ხორცს მეორეს აჭმევს. აჭარაში ეს ფართოდ გავრცელებულია. მეორე მიზეზი ის არის, რომ არ უნდა, მეორედ დაიჭიროს მტაცებელი, რომელიც არ მოეწონა. დაბოლოს, ზოგიერთ ბაზიერს ჰგონია, რომ „ცუდ“ მტაცებელს ასეთივე შთამომავლობა ეყოლება. რთულია იმის თქმა, ვინ არის კარგი და ვინ ცუდი ბაზიერი“ - ამბობს რუხაია.
გარემოს დაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აკონტროლებს ნადირობას და კონტროლის რამდენიმე მექანიზმი არსებობს:
„მიმდინარეობს 24-საათიანი პატრულირება. დიდი რეგიონებია და რამდენიმე ეკიპაჟი ვერ მოიცავს ყველა ადგილს, ყველა ბუჩქსა და მდინარეს. ჩვენ გვაქვს იდენტიფიცირებული ცხელი წერტილები საქართველოს მასშტაბით და ამ წერტილებზე ხდება გაძლიერებული პატრულირება. სამინისტროში არის დამატებითი პრევენციული სისტემაც - ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა დარეკოს, თუ ხედავს რომ მტაცებელ ფრინველს უკანონოდ ატყვევებენ“ - ამბობს მაია ჩხობაძე.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, საქართველომ გარეულ ფრინველთა კონსერვაციის დირექტივა 79/409/EEჩ-ის შესრულების ვალდებულება აიღო, რომელიც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნებისგან საემიგრაციო გზებზე ფრინველთა დაცვის მიზნით გადამფრენ ფრინველთა საკონსერვაციო ღონისძიებებს მოითხოვს.
ევროპარლამენტისა და საბჭოს გარეული ფრინველების კონსერვაციის შესახებ 2009 წლის 30 ნოემბრის 2009/147/Eჩ დირექტივის თანახმად, ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან 3 წლის ვადაში უნდა შეფასდეს ფრინველთა ის სახეობები, რომლებიც საჭიროებენ კონსერვაციის განსაკუთრებულ ზომებს, ასევე შესაფასებელია ფრინველთა რეგულარულად მიგრირებადი სახეობები; 5 წლის ვადაში კი ფრინველთა სახეობებისათვის დაცვის სპეციალური არეალები უნდა განისაზღვროს.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ძალაში სრულად 2016 წლის 1 ივლისს შევიდა, თუმცა ზემოაღნიშნული დირექტივის ვადების ათვლა 2014 წლის პირველი სექტემბრიდან დაიწყო.
გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების დაცვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნონა ხელაია ამბობს, რომ უკვე მომზადებულია ორი კანონპროექტი - ბიომრავალფეროვნებისა და ნადირობის შესახებ, რომლებშიც ფრინველებთან დაკავშირებულ დირექტივაში აღნიშნული ყველა მოთხოვნაა გათვალისწინებული.
„ახალ კანონში დაცვის ზომები უფრო სრულყოფილად გაიწერება. გარდა ამისა, ამ ახალი კანონით მოწესრიგდება ბაზიერობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საკითხს მოქმედი კანონმდებლობა გაკვრით ეხება და არ განსაზღვრავს ნადირობის მიზნით ფრინველთა მოპოვების შემთხვევებს“ - ამბობს ხელაია.
იგი „თეთრ ლაქებს“ უწოდებს კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზს, რომელთა თანახმადაც, საქართველოში მტაცებელი ფრინველის გამოყენებით ნადირობა დაშვებულია, თუმცა თავად ფრინველის დატყვევების კანონიერება არ არის განსაზღვრული.
„ცხოველთა სამყაროს შესახებ კანონი სხვადასხვა მიზნით დატყვევების შესაძლებლობას განიხილავს და ამისთვის ლიცენზიებია საჭირო. „ლიცენზიების შესახებ კანონის“ ამოქმედებამ სხვა კანონმდებლობა გადაფარა, რადგან იგი ადგენს ლიცენზიების სრულ ჩამონათვალს. მასში უკვე აღარ არის გაწერილი ფრინველის ამ მიზნებით დატყვევების შესაძლებლობა. შესაბამისად, კანონმდებლობაში „თეთრი ლაქები“ გაჩნდა. ამ ყველაფერს ახალი კანონმდებლობა მოაწესრიგებს“ - ამბობს ნონა ხელაია.
სანამ საკანონმდებლო ბაზა განახლდება, ფაქტია, რომ აჭარაში მონადირეები ნადირობას არ ერიდებიან. ამაზე მეტყველებს აჭარის ტყეებში ნაპოვნი დაჭრილ მტაცებლები. როგორც უკვე ვნახეთ, მონადირეები არც ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობისგან იკავებენ თავს. გაუმართავი კანონი კი თავისთავად აღსრულების არაეფექტიან მექანიზმს გულისხმობს.