Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოვალური კაბინეტი მსოფლიოს ფოკუსში

26 ოქტომბერი 2016

აშშ-ის საარჩევნო მარათონი დასასრულს მიუახლოვდა. 8 ნოემბერს აშშ-ში 45-ე პრეზიდენტს აირჩევენ. ვინ გაატარებს მომდევნო 4 წელიწადს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში? -ეს აშშ-ის მოქალაქეებთან ერთად მთელ მსოფლიოშიც აღელვებთ. საილუსტრაციოდ ის მონაცემებიც კმარა, რომელიც ამერიკულმა სოციოლოგიურმა კომპანია „ნილსენმა“ პრეზიდენტობის კანდიდატების პირველი დებატების შემდეგ გაავრცელა. ჰილარი კლინტონისა და დონალდ ტრამპის სატელევიზიო დუელი 80,9 მილიონმა მაყურებელმა იხილა. 1980 წელს ჯიმი კარტერისა და რონალდ რეიგანის დებატების შემდეგ ეს რეკორდული შედეგი აღმოჩნდა. ამას ემატება მილიონობით ადამიანი, რომელმაც დებატები ინტერნეტით ნახა.

ისევე, როგორც ყველა სხვა საჯარო გამოსვლისას, აშკარად გამოჩნდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს რადიკალურად განსხვავებული დაპირებები, მიდგომა და ხასიათი აქვთ, რაც 2016 წლის არჩევნებს ასე დაძაბულსა და საინტერესოს ხდის. აშშ-ის პრეზიდენტობის მსურველთა განცხადებებს სხვა სახელმწიფოების მთავრობის წევრები და დიპლომატები ყოველთვის ყურადღებით აკვირდებიან. დღეს ინტერესი გაორმაგებულია, რადგან მრავალი წლის განმავლობაში პირველად ერთ-ერთ კანდიდატს აშშ-ის ტრადიციული საგარეო პოლიტიკური კურსისგან სრულიად განსხვავებული ხედვა აქვს.

 საქართველო -ორივე პარტიის პროგრამაში

მილიარდერი ტრამპიც და ყოფილი სახელმწიფო მდივანი კლინტონიც -ორივე ნამყოფია საქართველოში. ცნობილი ბიზნესმენი ბათუმში 2012 წელს ჩამოვიდა, რამდენიმე თვეში კი შავი ზღვის სანაპირო უკვე აშშ-ის დიპლომატიური უწყების მეთაურმა მოინახულა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის მთავარი, თუმცა ერთ-ერთი გასათვალისწინებელი დეტალია. უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ საქართველო როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის მიერ ივლისში დამტკიცებულ წინასაარჩევნო პლატფორმაში მოხვდა. დემოკრატების შემთხვევაში საქართველო უკრაინასთან ერთად არის ნახსენები და დახასიათებულია სახელმწიფოდ, რომელიც NAთO-სა და ევროპასთან დაახლოებას ცდილობს და ამ გზაზე ვაშინგტონის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. რესპუბლიკელების პლატფორმაში კი საქართველოც და უკრაინაც მოხსენიებულია ქვეყნებად, რომლებსაც კრემლის რეპრესიული პოლიტიკა საფრთხეს უქმნის და ნათქვამია, რომ ძალის გამოყენებით ტერიტორიულ ცვლილებებს აშშ არ შეეგუება. ის, რომ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პარტიების წინასაარჩევნოდ შემუშავებულ ორ დოკუმენტში საქართველო ფიგურირებს, შეიძლება დიპლომატებისა და მთავრობის წარმატებად ჩაითვალოს, თუმცა აქვე ისიც თამამად უნდა ითქვას, რომ ორივე ჩანაწერი დიდწილად რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისა და შემდგომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე გააკეთეს. მთავარი მაინც შედეგია.

კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც კვლავ რუსეთთან არის დაკავშირებული და საქართველოს ეხება, აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტია. კომიტეტში ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი რუსეთის აგრესიის შეკავებისთვის ხარჯის გაოთხმაგებას ითვალისწინებს. 3.4-მილიარდდოლარიანი დაფინანსების დიდი ნაწილი აშშ-ის აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების თავდაცვითი პოტენციალის გაზრდაზეა გათვლილი, თუმცა პენტაგონის მიერ შემუშავებული ინიციატივა სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას ითვალისწინებს ისეთი ქვეყნებისთვისაც, როგორებიცაა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. აღსანიშნავია, რომ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც პროექტს ორივე -რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლებიც მხარს უჭერენ.

მიუხედავად ამისა, არჩევნების შემდეგ შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. განსაკუთრებით მაშინ, თუ აშშ-ის მოქალაქეები პრეზიდენტად დონალდ ტრამპს აირჩევენ.

ფინანსები და NATO

დონალდ ტრამპის მოსაზრებებს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე  წინასაარჩევნო კამპანიის დროს როგორც დემოკრატების, ისე გავლენიანი რესპუბლიკელების კრიტიკა არაერთხელ მოჰყვა. უმთავრესი თეზისი, რომელსაც ტრამპი ხშირად იმეორებს, არის - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. ის ხშირად ამბობს, რომ აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის განვითარებაში საკმარისზე მეტი თანხა აქვს დახარჯული, რომ პარტნიორები ვაშინგტონისაგან მხარდაჭერას მოითხოვენ და საზღაურს არ იხდიან, რომ NAთO-ს დაფინანსებას აზრი არ აქვს, რადგან ის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტიანი არ არის. „აშშ ვერ იქნება მსოფლიოში წესრიგის დამცველი პოლიციელი. ბოდიში, ჩვენ სამშობლოს უნდა მივხედოთ“ -აცხადებს ნიუ იორკელი მილიარდერი.

ყველა ასეთი განცხადება წინააღმდეგობაში მოდის იმ ვალდებულებებთან, რომელიც აშშ-ს წლების განმავლობაში არაერთი ქვეყნის წინაშე აქვს აღებული და თავდაყირა აყენებს ვაშინგტონის მიერ წლების განმავლობაში გატარებულ თანმიმდევრულ და პროგნოზირებად საგარეო პოლიტიკას. უკრაინასა და სირიაში მოსკოვის აგრესიული ნაბიჯების ფონზე, ტრამპისგან რუსეთის პრეზიდენტის ქება კი აშშ-ის ყველაზე ახლო ევროპელ მოკავშირეებთან ერთად საქართველოშიც არ სიამოვნებთ. უკრაინაში განსაკუთრებით შეშფოთებას ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით ტრამპის ორაზროვანი პოზიცია იწვევს.

ჰილარი კლინტონის შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით იოლი ჩანს. ყოფილ სახელმწიფო მდივანს მსოფლიოში კარგად იცნობენ და მისი ნაბიჯების პროგნოზი, წესით, უფრო ადვილი უნდა იყოს. მეტიც, ბევრი მიიჩნევს, რომ კლინტონი ბევრ სადავო საკითხზე მუშაობის დროს ბარაკ ობამაზე გაცილებით გაბედული და აქტიური იქნება. თუმცა დემოკრატების კანდიდატსაც აქვს სუსტი წერტილები. აშშ-ში დღემდე ყველას კარგად ახსოვს 2012 წელს ლიბიის ქალაქ ბენღაზიში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც აშშ-ის ელჩის კრისტოფერ სტივენსის სიცოცხლე შეეწირა. მართალია, კლინტონი ამ საქმიდან „მშრალი გამოვიდა“, მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ და სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის მოქალაქეთა სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლო. ეს „შავი ლაქა“ ჰილარი კლინტონის კარიერაში ერთადერთი არ ყოფილა.

30 ათასი ელექტრონული წერილი

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მიერ პირადი ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი ათასობით სამუშაო წერილის გამო, ჰილარი კლინტონს ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში დაკითხვაზე მისვლა და კონგრესმენების შეკითხვებზე პასუხის გაცემა არაერთხელ მოუწია. კანონით აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირი ასეთი მიმოწერისთვის სამსახურებრივ ფოსტას უნდა იყენებდეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის დროს კლინტონს ასეთი საერთოდ არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ გამოძიებამ გადაწყვიტა, ყოფილ პირველ ლედის ბრალი არ წაუყენოს, თუმცა აღნიშნა, რომ კლინტონი და მისი თანამშრომლები საიდუმლო ინფორმაციას გაუფრთხილებლად ექცეოდნენ.

საინტერესოა, რომ ელექტრონული მიმოწერის გარშემო აგორებულ სკანდალში ფიგურირებდა საქართველოც. კერძოდ, საუბარია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდზე, კონკრეტულად კი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და იმ დროს ოპოზიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წერილზე. 2015 წელს Gაწკერ რუმინელი ჰაკერის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ ივანიშვილის აღნიშნული გზავნილი თან ახლავს ვრცელ საინფორმაციო წერილს, რომელიც კლინტონს თანაშემწე სიდნი ბლუმენტალმა 2012 წლის სექტემბერში გაუგზავნა. ამ წერილში ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას აკრიტიკებს, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების უპირატესობაზე საუბრობს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. გამოცემა ასევე ამტკიცებდა, რომ კლინტონის თანაშემწე სიდნი ბლუმენტალი უკანონოდ ლობირებდა ივანიშვილის ინტერესებს, რაც აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევაა. აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდე, 2012 წლის ივნისში, ივანიშვილმა ღიად განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფ კლინტონთან შეხვედრა სურდა, თუმცა მოლაპარაკებები არ შედგა.

ყოფილი სახელმწიფო მდივნის მიერ პირადი ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილები აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, რის გამოც სატელევიზიო დებატების დროს „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატს ბოდიშის მოხდა კიდევ ერთხელ მოუწია. სავარაუდოდ, ამ საქმის განხილვა კვლავ გაგრძელდება, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იუსტიციის დეპარტამენტი კლინტონის წერილების გასაჯაროებას გადაწყვეტს.

საიმიგრაციო პოლიტიკის ორი მხარე

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების პროგრამის კიდევ ერთ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებსაც აწუხებთ, საიმიგრაციო პოლიტიკაა. ობამას ადმინისტრაცია დიდი ხნის წინ გამოვიდა გეგმით, რომელიც აშშ-ში არალეგალურად მცხოვრები მიგრანტების დიდი ნაწილისათვის ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. კერძოდ, საქმე ეხება იმ მიგრანტებს, რომლებიც აშშ-ში 5 წელიწადზე მეტი ხანია, ცხოვრობენ და შვილი ჰყავთ, თუმცა ეს ინიციატივა ჯერ სენატმა უარყო. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა კონგრესის წინააღმდეგობა დაძლია, რეფორმა დაბლოკა უზენაესმა სასამართლომ, სადაც აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება უბრალოდ ვერ მიიღეს. მოსამართლეთა ხმები ორად გაიყო და მილიონობით მიგრანტის ბედი ამ დრომდე არ გადაწყვეტილა.

ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, საიმიგრაციო რეფორმაზე მუშაობას აუცილებლად გააგრძელებს. შეძლებს თუ არა ის ობამას გეგმის რეალიზაციას, რთული სათქმელია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რეფორმას 26 შტატის ხელისუფლება ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მისი შეხედულებები მიგრანტებზე საყოველთაოდ ცნობილია. მისი იდეა, მექსიკის საზღვარზე კედელი ააშენოს, არაერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა და ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ გააკრიტიკა. მიუხედავად ამისა, მილიარდერი კვლავ აცხადებს, რომ ყველა არალეგალის დეპორტაციას აპირებს და ამისთვის სპეციალურ დანაყოფსაც კი შექმნის. ტრამპი ასევე გამოდის წინადადებით, გაუქმდეს წესი, რომლის მიხედვითაც აშშ-ში დაბადებული ბავშვი ავტომატურად ხდება მოქალაქე.

რესპუბლიკელი კანდიდატის გეგმებში შედის აშშ-ში ჩასვლის მსურველთა დამატებითი შემოწმების შემოღება, მისივე თქმით, ვინც ლიბერალურ ღირებულებებს არ ეთანხმება და „იდეოლოგიის ტესტს“ ვერ ჩააბარებს, აშშ-ში არ უნდა შეუშვან.

მართალია, აშშ-ის პოლიტიკური სისტემა და კანონმდებლობა არ აძლევს პრეზიდენტს უფლებას, გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად მიიღოს, მაგრამ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების გარდა, ხშირად ლიდერებზეა დამოკიდებული. ასე რომ, აშშ-ის მოქალაქეების არჩევანს 8 ნოემბერს მთელი მსოფლიო განსაკუთრებული ინტერესით დააკვირდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^