Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ძალადობის მსხვერპლი - “სასოწარკვეთილი ვიყავი, მშობლებმაც კი არ მიმიღეს”

26 ოქტომბერი 2016

სევილ ხალილოვას ( სახელი შეცვლილია) მეგობარი გოგონები გათხოვების შემდეგ მისი ცხოვრებიდან თანდათან ქრებოდნენ. ერთ-ერთ მათგანს მეუღლის გარეშე ეზოდან გარეთ გასვლის უფლება არ ჰქონდა, მეორეს კი მობილურ ტელეფონზე საუბარი მხოლოდ ქმრის თანდასწრებით შეეძლო. სევილისთვის ამაში უჩვეულო არაფერი იყო: ეთნიკურ აზერბაიჯანელ გოგონებს ბავშვობიდან ასწავლიან, რომ  გათხოვების  შემდეგ მეუღლის ყველა მოთხოვნა უპირობოდ უნდა შეასრულონ, ახალ ოჯახში არსებულ ნებისმიერ მდგომარეობას კი უდრტვინველად შეეგუონ. სევილი მარნეულის რაიონში ცხოვრობს. ის ახლა ორი შვილის დედაა. 29 წლის არის, თუმცა, ასაკთან შედარებით უფრო ხნიერად გამოიყურება. ამბობს, რომ გათხოვების შემდეგ მეგობრების მსგავსად ისიც სისტემატიური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რომელიც ხშირად ცემით მთავრდება, ხსნის გზას კი ვერ ხდავს: არ იცის საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმულ ძალადობის ამ მოჯადოებულ წრეს თავი როგორ უნდა დააღწიოს.

“უმცროსი ბავშვი გახდა ცუდად. ქმარი სახლში არ იყო. რა უნდა მექნა, მის მოსვლას არ დაველოდე და  ბავშვი საავადმყოფოში  მარტომ წავიყვანე. როცა სახლში დაბრუნდა, საშინლად მცემა,  უჩემოდ სახლიდან გასვლა როგორ გაბედეო. როცა მცემდა, ჩემი დედამთილი და ოჯახის სხვა წევრები სახლში იყვნენ. ჩემი ქმარი არავინ შეაჩერა: კაცია და მისი ოჯახის საქმეში ვერ ჩავერევითო. როცა ცემის გამო გრძნობა დავკარგე, საავადმყოფოში წამიყვანეს, იქ  კი პოლიციას შეატყობინეს. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ნაცემი ვიყავი: ჩემს ქმარს 5000 ლარი ჯარიმა გადაახდევინეს. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მშობლებთან ვცხოვრობდი. ცოტა ხნის შემდეგ მამამ მითხრა, რომ ისევ ქმრის ოჯახში უნდა დავბრუნებულიყავი. სასოწარკვეთილი ვიყავი -  მშობლებმაც კი არ მიმიღეს. დავბრუნდი ისევ მეუღლის ოჯახში, რადგან წასასვლელი სხვაგან არსად მქონდა,” - ამბობს სევილი.

შინაგან საქმეთა  სამინისტროს  მიერ  გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის დასაწყისიდან 19 სექტემბრამდე  საქართველოში  ოჯახური ძალადობის შედეგად13 ადამიანი დაიღუპა. ამავე პერიოდში ქვეყანაში ოჯახური ძალადობის 982 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 607 ფაქტზე დევნა დაიწყო.  სასამართლომ კი პოლიციის მიერ გამოცემული 1894 შემაკავებელი ორდერი დაამტკიცა. ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წელს მომხდარი ოჯახური ძალადობის 2 726 ფაქტი 5106 ადამიანს შეეხო, მსხვერპლთა 87% კი ქალი იყო. როგორც წესი, ძალადობის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალები მიეკუთვნებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის  - „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ წარმომადგენელი, სამირა ბაირამოვა

ამბობს, რომ ეთნიკურ აზერბაიჯანელთა შორის ქალზე ძალადობა  ოჯახური ძალადობის გავრცელებული ფორმაა,  თუმცა ფართო საზოგადოებას ამ დანაშაულის მასშტაბის შესახებ  რეალური ინფორმაცია არ აქვს: “არავინ იცის რამდენი ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალია ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ობიექტი. ქალებს მათზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ ინფორმაცია ოჯახის გარეთ არ გამოქვთ. მე ხშირად მომისმენია, როგორ ურჩევენ ქალები ერთმანეთს, რომ ქმარს ყველაფრის უფლება აქვს, მისგან ფიზიკური ძალადობაც უნდა აიტანონ და ქმარი თუ სცემთ, ამის შესახებ არავის არაფერი უთხრან. ასეთი რჩევა-დარიგებები გოგონებს ბავშვობიდან ესმით. შესაბამისად, ბევრი მათგანისთვის ქალზე ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენაა. გათხოვილი ქალი მშობლებთან ვერ დაბრუნდება - ის ქმრის ოჯახში ყველაფერს უნდა შეურიგდეს. ეს წესი ერთგვარ ტრადიციად იქცა.”

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ  2015 წელს გამოქვეყნებული  კვლევის - “ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები ქვემო ქართლის რეგიონში” თანახმად, ქვემო ქართლში მათ მიერ გამოკითხული რესპონდენტების  43,6% პოლიციას უნდობლობის გამო არ მიმართავდა,  38,3% კი მიიჩნევდა, რომ პრობლემები  პოლიციის ჩარევის გარეშე უნდა მოეგვარებინა. ამავე გამოკითხვის თანახმად, ეთნიკურ აზერბაიჯანელ ქალთა 47% მიიჩნევს, რომ ქმართან გაყრა მიუღებელია, მაშინც კი, თუ ის ცოლზე ძალადობს.

სამირა ბაირამოვა აცხადებს, რომ ეთნიკურ აზერბაიჯანელ ქალთა დიდმა  ნაწილმა საკუთარი უფლებების შესახებ არაფერი იცის. “ძალიან ცოტა ქალმა თუ იცის, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის საქართველოში თავშესაფრები არსებობს.”

“საქართველოს აქტიურ ქალთა ასოციაციის” ხელმძღვანელი, გულთექინ მუსტაფაევა ამბობს, რომ ეთნიკურ აზერბაიჯანელ ქალთა დიდმა  ნაწილმა საკუთარი უფლებების შესახებ არაფერი იცის. გარდა ამისა, მათ მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ისინი ფინანსურად ქმრებზე არიან დამოკიდებულები: “ეთნიკურ აზერბაიჯანელთა ოჯახებში, როგორც წესი,  ქალები მამაკაცებს ემსახურებიან. კაცებს მიაჩნიათ, რომ ქალის საქმე მხოლოდ შვილების გაზრდა და სამზარეულოში ტრიალია. ასეთი აზროვნებით ზრდიან მამები ბიჭებს. როცა ეს პატარა ბიჭები იზრდებიან, ისინი ფიქრობენ, რომ  ქალებმა მარტო ოჯახს უნდა მოუარონ და სხვა არაფრის უფლება აქვთ. ისინი ქალზე ძალადობას დანაშაულად არ აღიქვამენ. ფიქრობენ, რომ ეს ასეც უნდა იყოს. ეთნიკურ აზერბაიჯანელ ქალთა უმეტესობას სკოლაც კი არ აქვთ დამთავრებული. მათ არ აქვთ დასაქმების პერსპექტივა და ამის გამო ფინანსურად ქმრებზე არიან დამოკიდებულები. ქართული ენის არცოდნის გამო არ აქვთ ინფორმაცია არც საკუთარ უფლებებზე და არც ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებსა და მათთვის არსებულ დახმარების სხვა საშუალებებზე.”


ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის საქართველოში 4 თავშესაფარი არსებობს. ყველა მათგანს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი მართავს. თბილისსა და ქუთაისში თავშესაფარს ჩვიდმეტი ქალის მიღება შეუძლია, გორში  - ოცდაორის, სიღნაღში კი  - ათის. ასეთ თავშესაფრებში ქალებს სამედიცინო, სამართლებრივი და ფსიქოლოგიური დახმარებით უზრუნველყოფენ. იმისთვის, რომ ქალი თავშესაფარში დაბინავდეს, მსხვერპლის სტატუსია საჭირო. საქართველოში მსხვერპლის სტატუსის მიღების 3 გზა არსებობს: სტატუსს იძლევა  შსს-ში მოქმედი მუდმივმოქმედი საბჭო. გარდა ამისა, მისი მინიჭება ხდება შემაკავებელი და  დამცავი ორდერის დამტკიცების შემთხვევაშიც. ყველა ეს პროცედურა კი დროს მოითხოვს. ერთი თვის წინ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა გახსნა კრიზისული ცენტრი, სადაც მისვლისა და ცხოვრების უფლება იმ ქალებსაც აქვთ, რომლებსაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსი ჯერ არ მიუღიათ. ცენტრი 14 ბენეფიციარზეა გათვლილი და შშმ პირებისათვის სრულადაა ადაპტირებული.

კრიზისული ცენტრის სოციალური მუშაკი, ეკატერინე ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალები თავშესაფრების მომსახურებით იშვიათად სარგებლობენ: “ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების მომსახურებით მხოლოდ ორმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელმა ქალმა ისარგებლა. ერთი  მათგანი ადრეულ ასაკში იყო გათხოვილი. როცა თავშესაფარში მოვიდა, სასტიკად იყო ნაცემი და ჯანმრთელობის  სერიოზული დაზიანებები აღენიშნებოდა. ახლობლებიდან ჰყავდა მხოლოდ ბებია, რომელმაც მას ოჯახში დაბრუნებაზე  უარი უთხრა. ცენტრში მას ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინეთ, მისი ქმარი კი დააკავეს. მეორე ორშვილაინი დედა იყო. თავშესაფარში ის ბავშვებთან ერთად მოვიდა. ძალადობის მსხვერპლს აქვს უფლება თავშესაფარში ბავშვებიც მოიყვანოს. ამჟამად თავშესაფრებში არცერთი ეთნიკური აზერბაიჯანელი არ გვყავს. ზოგადად, ეთნიკური აზერბაიჯანელები ნაკლებად მოგვმართავენ. მიზეზი, სავარაუდოდ, თავშესაფრების შესახებ ინფორმაციის  არქონა და საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპია, რომ  ოჯახის ამბავი გარეთ არ უნდა გაიტანონ.”

ბოჭორიშვილის თქმით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლები ამჟამად საინფორმაციო შეხვედრებს  სკოლებში ატარებენ:  ძალადობის  და ძალადობის მსხვერპლათ დახმარების საშუალებების შესახებ  ინფორმაცია გოგონებს სასკოლო ასაკიდანვე ექნებათ.

სევილი  ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მისვლას არ აპირებს: იცის, რომ თავშესაფარში მას  მაქსიმუმ 1 წლით შეუძლია იცხოვროს, შემდეგ კი იმის გამო, რომ  სხვაგან წასასვლელი არსად აქვს, იძულებული იქნება ისევ მოძალადე ქმართან დაბრუნდეს.

ნურანა მამმადი

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური  მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ  სტატიაში  გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^