Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სანამ ევროპაში უვიზოდ წავალთ

28 ოქტომბერი 2016

იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ზონაში დღემდე უვიზოდ მოგზაურობენ, უახლოეს მომავალში ბარგის ჩალაგებამდე ონლაინრეგისტრაციის გავლა მოუწევთ. ანკეტის შევსება, სავარაუდოდ, ფასიანი იქნება და წინასწარი გათვლებით 13-დან 50 ევრომდე ეღირება.  

საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მოუთმენლად ელის ბრიუსელის გადაწყვეტილებას, რომელიც ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას მისცემს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ბოლო პერიდოში ერიდებიან კონკრეტული ვადებისა და თარიღების დასახელებას, ხოლო მათი ევროპელი კოლეგების განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ნათელი ხდება, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი სულ უფრო მეტად ემსგავსება ევროკავშირის შიგნით პოლიტიკური ვაჭრობის საგანს.

ეკონომიკური კრიზისის, ბრექსიტის, ულტრამემარჯვენე პარტიების მომძლავრებისა და დაუსრულებელი მიგრაციული კრიზისის ფონზე ევროკავშირის ინსტიტუტები სულ უფრო დისინტეგრირებულად გამოიყურებიან. სხვას ვერაფერს დავარქმევთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ ერთმანეთის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, რომელთა შინაარსიც თითქმის იდენტურია და საქართველოსთვის “ვიზალიბერალიზაციის” მინიჭებაზე მოლაპარაკებების დასრულებისკენ მოწოდებებს შეიცავს.

ბოლო ასეთი განცხადება 26 ოქტომბერს სტრასბურგში გააკეთეს. სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტის წევრები მიიჩნევენ, რომ უვიზო რეჟიმის მინიჭება “მეტად აღარ უნდა დაყოვნდეს”.

ევროკავშირის მუდმივ წარმომამდგენელთა კომიტეტის წვერთა მიერ ამავე საკითხზე ჯერ კიდევ 5 ოქტომბერს გავრცელებულ პრესრელიზში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თემა “მიბმულია” უვიზო რეჟიმის სწრაფი შეჩერების მექანიზმზე. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ “ვიზალიბერალიზაცია” ამ მექანიზმის ამოქმედებასთან ერთად უნდა მოხდეს. შარშან ევროკავშირის ქვეყნებში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მილიონამდე არალეგალი მიგრანტი ჩავიდა, რომელთა სამშობლოში დაბრუნების პროცესი დღემდე გრძელდება და ბრიუსელის ასეთი სიფრთხილე გასაკვირი სულაც არ არის. თუმცა საქართველოს შემთხვევაში, მსგავსი სიტუაციის წარმოდგენაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია. 

თუმცა ეს არ არის პირველი და, სავარაუდოდ, არც უკანასკნელი სიურპრიზი, რომელიც ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს ელის. ნოემბერში ევროკომისია აპირებს წარადგინოს ახალი წინადადება, რომელიც მგზავრთა რეგისტრაციის ახალი სისტემის გაშვებას ითვალისწინებს. კერძოდ საუბარია მგზავრთა საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემა ETIAS-ზე (European Travel and Information Authorisation System), რომელიც ამერიკული ESTA-ის (Electronic System for Travel Authorisation)  ევროპულ ანალოგს წარმოადგენს. თავად იდეა ახალი არ არის, თუმცა მისი ხორცშესხმა ხარჯების დაზოგვის მიზნით რამდენჯერმე გადაიდო. ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები მგზავრთა რეგისტრაციის ციფრული სისტემის ამუშავების აუცილებლობაზე პარიზში 2015 წლის ნოემბერში მომხდარი ტერაქტების შემდეგ ხელახლა ალაპარაკდნენ. მიგრაციული კრიზისის შემდეგ კი ევროკავშირში აღნიშნულ საკითხზე მუშაობას აქტიურად შეუდგნენ. საზღვრების კონტროლი ბრიუსელისთვის დღემდე პრიორიტეტად რჩება.

2016 წლის სექტემბერში ევროკომისიამ შესაბამისი სამუშაო გეგმა გამოაქვეყნა, რომელშიც ერთ-ერთ პუნქტად დასახელებულია ETIAS-ის სიტემის დანერგვა. უკვე ოქტომბერში ბულგარეთისა და თურქეთს საზღვარზე ევროკავშირის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სამსახურმა დაიწყო ფუნქციონირება. 25 ოქტომბერს კი ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრომოპულოსმა განაცხადა, რომ “შენგენის ზონაში” მოქმედი სასაზღვრო კონტროლი წლის ბოლომდე  გახანგრძლივდება. ავრომოპულოსი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ETIAS-ის ამოქმედებას უჭერს მხარს.

ახალი ელექტრონული სისტემის მთავარი მიზანი იმ მოქალაქეთა შესახებ ინფორმაციის შეგროვებაა, რომლებიც უვიზოდ ჩადიან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. მარტივად რომ ავხსნათ, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ზონაში დღემდე უვიზოდ მოგზაურობენ, უახლოეს მომავალში ბარგის ჩალაგებამდე ონლაინრეგისტრაციის გავლა მოუწევთ. ანკეტის შევსება, სავარაუდოდ, ფასიანი იქნება და წინასწარი გათვლებით 13-დან 50 ევრომდე ეღირება.  

როგორც ETIAS-ის საინფორმაციო გვერდზეა ნათქვამი, რომელიც ცოტა ხნის წინ ამუშავდა, ონლაინანკეტის შევსება 59 სახელმწიფოს მოქალაქეს მოუწევს. ჩამონათვალშია ყველა ის ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული. მათ შორის არის აშშ, იაპონია და კანადაც. სავარაუდოდ, რეგისტრაციას ბრიტანელებიც გაივლიან, მას შემდეგ რაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს დატოვებს. საქართველოს, უკრაინის, თურქეთის და კოსოვოს მოქალაქეებს კი  ETIAS მას შემდეგ  შეეხებათ, როდესაც ეს სახელმწიფოები “ვიზალიბერალიზაციას” მიიღებენ.

როგორც გერმანული “დოიჩე ველე” წერს, ინიციატივის ავტორთა გაანგარიშებით, ამ გზით ევროკავშირის ბიუჯეტი წელიწადში 390 მილიონიდან 1.5 მილიარდამდე ევროთი შეივსება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ გარკვეულ შემთხვევებში ევროკავშირი უფლებას იტოვებს, უარი უთხრას მგზავრს შენგენის ზონაში ჩასვლაზე. ETIAS გარკვეულწილად “ელექტორნული ვიზაა”, რომლის მიღება სავალდებულო იქნება.

ევროკომისიაში ადასტურებენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა, როგორი იქნება სისტემის სპეციფიკა და როდის დაიწყება მისი დანერგვა, ეს ნოემბრის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ETIAS-ის ამუშავების მიზნით რეკომენდაციას ევროკავშირის საბჭოშიც ელოდებიან. ამის შესახებ ნათქვამია 20-21 ოქტომბერს გამართული სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

სისტემის დროულად ამუშავების გეგმაზე საუბარია ევროკომისიის მიერ 26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ “2017 წლის სამუშაო გეგმაშიც”.

ასე რომ, როგორც ჩანს, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა მიეცემათ, სავარაუდოდ, ავტორიზაციის გარეშე მოგზაურობის პრივილეგიით სარგებლობას ისინი მხოლოდ დროის შეზღუდულ მონაკვეთში - ETIAS-ის ამუშავებამდე შეძლებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^