Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბაჩო ახალაია - ადამიანის უფლებათა ყოფილი დამცველი

17 ივლისი 2012

„ნებისმიერი ადამიანი წინააღმდეგობრივია - ვერც ბაჩო იქნება გამონაკლისი. როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი, კარგად მუშაობდა, მაგრამ ერთი მინუსი ჰქონდა, სიფიცხე" - ასე იწყებს ყოფილი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი, თავისივე ყოფილი მოადგილის, დღეს კი შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას დახასიათებას.

 

ამ  „წინააღმდეგობრივ და ფიცხ" ადამიანს დღეს რამდენიმე გახმაურებულ დანაშაულთან აკავშირებენ, მათ შორის, სანდრო გვირგვლიანის საქმესა და ციხეებში პატიმრების წამების ფაქტებთან, თუმცა ჯერ კიდევ ცხრა წლის წინ მასზე თითქმის არავის სმენოდა.

 

„ნებისმიერი ადამიანი წინააღმდეგობრივია - ვერც ბაჩო იქნება გამონაკლისი. როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი, კარგად მუშაობდა, მაგრამ ერთი მინუსი ჰქონდა, სიფიცხე" - ასე იწყებს ყოფილი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი, თავისივე ყოფილი მოადგილის, დღეს კი შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას დახასიათებას.

 

ამ  „წინააღმდეგობრივ და ფიცხ" ადამიანს დღეს რამდენიმე გახმაურებულ დანაშაულთან აკავშირებენ, მათ შორის, სანდრო გვირგვლიანის საქმესა და ციხეებში პატიმრების წამების ფაქტებთან, თუმცა ჯერ კიდევ ცხრა წლის წინ მასზე თითქმის არავის სმენოდა.

როდესაც ბაჩო ახალაია 2003 წელს „კმარას" რიგებში გამოჩნდა, 23 წლის იყო. „ვარდების რევოლუციამდე" მას უკვე ჰქონდა აქტივისტობის გამოცდილება. ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას, ახალაია, თეა თუთბერიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, აკაკი მინაშვილი და სხვები მაშინდელი რექტორის, როინ მეტრეველის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდნენ: „ჩვენ მაშინ არა მარტო რექტორს, არამედ, შევარდნაძის მთელ ხელისუფლებას ვუპირისპირდებოდით. ის პრობლემა, რომელიც მაშინ დავინახეთ, არამარტო უნივერსიტეტის, არამედ მთელი მაშინდელი სისტემის პრობლემა იყო" - იხსენებს თეა თუთბერიძე. ის ახალაიას ახასიათებს, როგორც ძალიან განათლებულ, პრინციპულ და სამართლიან ადამიანს, რომელიც მსჯელობისას ყოველთვის გამოირჩეოდა "ჭკვიანური იდეებით".

უნივერსიტეტიდან „კმარას" აქტივისტები მალევე ჩაერთნენ 2003 წლის ნოემბრის დემონსტრაციებში და „ვარდების რევოლუციის" ერთერთ მთავარ შემოქმედებადაც მიიჩნევიან, რის შემდეგაც სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე გადანაწილდნენ: აკაკი მინაშვილი 2004 წელს თავისუფლების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი გახდა, ხოლო 2007-ში  საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა; ჩიორა თაქთაქიშვილი ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი, და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გახდა; ხოლო ბაჩო ახალაია, 2004 წელს, ომბუდსმენის, სოზარ სუბარის მრჩევლად დაინიშნა. სწორედ ამ წელს დაიწყო მისი ოფიციალური კარიერა. მანამდე კი, როგორც მოძრაობა „დაიცავი საქართველოს" ლიდერი, ზუგდიდელი კახა მიქაია იხსენებს, სულ რამდენიმე ადამიანი თუ იცნობდა ზუგდიდშიც კი - პატარა ქალაქში, სადაც დაიბადა და გაიზარდა გამსახურდიას ქუჩაზე.

„როცა რევოლუცია მოხდა და პოლიციის განყოფილებებში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანის უფლება ირღვეოდა, ბაჩო ერთ-ერთი იყო, რომელიც ამის წინააღმდეგ ძალიან აქტურად იბრძოდა. როცა სახალხო დამცველის მოადგილე გახდა, ამ მიმართულებითაც საკმაოდ იაქტიურა" - ამბობს თეა თუთბერიძე.

სახალხო დამცველის 2004 წლის ანგარიშში აღწერილია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტები. მაგალითად მოყვანილია 23 აპრილს, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის დაპატიმრებისას პოლიციელების მიერ ძალადობა და სამსახურეობრივი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება. ასევე, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, დავით მირცხულავას დაპატიმრება, როდესაც, მიუხედავად დაპატიმრებისას გადატანილი ინფარქტისა და ტვინის ინსულტისა, იგი საპყრობილეში დატოვეს.

ამ და სხვა მსგავს ფაქტებზე, სახალხო დამცველის რეკომენდაციაში პირდაპირაა მითითებული: „სახელმწიფომ მოახდინოს გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის რატიფიცირება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოში პატიმრობის ადგილებზე შექმნილი ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის ორგანოს დამოუკიდებლობა"; „აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ სამართალდამცავის წინააღმდეგ, ვისაც უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული დაკავებულთა ცემა-წამებაში, ასევე სათანადოდ დაისაჯონ მათი უშუალო ხელმძღვანელები".

თუმცა, ამავე ანგარიშში, 2004 წელს მღვდელი ბასილ მკალავიშვილის ასაყვანად ეკლესიის დარბევის ფაქტი სულ ერთ აბზაცშია მოქცეული: „ხელისუფლებამ, მისი წინამორბედისაგან განსხვავებით, რელიგიური ექსტრემიზმის წახალისებასა და ფიზიკური ძალადობის ფაქტების იგნორირებაზე უარი განაცხადა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მკალავიშვილის დაპატიმრების ოპერაცია ძალის გადაჭარბებული გამოყენებით განხორციელდა..." არც მაშინ და არც შემდეგ ამ ამბავს გამოძიება არ მოჰყოლია. მედიით გავრცელებულ კადრებში კი კარგად ჩანდა, თუ როგორ ურტყამდა ეკლესიასთან შეკრებილ ადამიანებს ნიღბიან სპეცრაზმელებთან ერთად ბაჩო ახალაიას ძმა, დათა ახალაია.

ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელი, ადვოკატი, ლია მუხაშავრია იხსენებს, რომ ბაჩო ახალაიას პირველად და უკანასკნელად სწორედ სახალხო დამცველის მოადგილეობისას შეხვდა. მაშინ მუხაშავრია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მომხმარებელთა უფლებების დამცველი იყო. „ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ომბუდსმენის ოფისთან. მათ არ ჰყავდათ სპეციალისტი ამ სფეროში, ამიტომაც, საჩივრებს ჩვენ გვიგზავნიდნენ. სახალხო დამცველის ოფისში ყველას ვიცნობდი და მიცნობდნენ, ამიტომაც ძალიან გამიკვირდა, როდესაც ახალდანიშნულმა ბაჩო ახალაიამ ჯერ თავისთან დამიბარა, ხოლო როდესაც მივედი, ვერ მიხვდა, ვინ ვიყავი" - ყვება ადვოკატი - „უკაცრავად, ვინ ხარო, მკითხა. როდესაც ვუთხარი, ვინც ვიყავი, მაშინვე შეცვალა დამოკიდებულება - მობრძანდით, დაბრძანდითო. არ მომეწონა ცვლილება დამოკიდებულებაში. მაშინ მივხვდი, რომ ამ ადამიანს არც ჩემზე სმენოდა რამე და არც იმ სფეროზე, სადაც ვმუშაობდი. არადა სახალხო დამცველის მოადგილე იყო".

ლია მუხაშავრიას შეფასებით, სრულიად გამოუცდელი ბაჩო ახალაიას სოზარ სუბარის მოადგილედ დანიშვნა შეცდომა იყო. მისი თქმით, „არც სოზარ სუბარი იყო ამ საქმეში გამოცდილი, ამიტომაც კვალიფიციური მოადგილე მაინც უნდა ჰყოლოდა."

სოზარ სუბარისა და ბაჩო ახალაიას თანამშრომლობა სულ მალე დაპირისპირებაში გადაიზარდა. 2005 წელს ახალაია იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, რის შემდეგაც მან დაიწყო ის, რასაც მისი მომხრეები „კრიმინალისა და კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ბრძოლას", მოწინააღმდეგეები კი „ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას" უწოდებენ.

„ის, რომ კრიმინალურ სამყაროს დაუპირისპირდა, ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი იყო - ამის დაუნახავობა არ შეიძლება, თუმცა მაშინ ძალიან ხშირად ვკამათობდით" - ამბობს სოზარ სუბარი - „პრეზიდენტის ბრძანება იყო პირდაპირი - ქურდული სისტემა წელში უნდა გაწყვიტო, არანაირი უფლებების დაცვა არ მაინტერესებსო. ბაჩო ახალგაზრდა იყო და აქ სწორედ ამ მინუსმა იჩინა თავი. მან ისე ღრმად შეტოპა, რომ მას შემდეგ არათუ უკან არ მოუხედავს, არამედ თავი მოსწონს კიდეც".

სწორედ ახალაიას პერიოდს უკავშირდება 2007 წლის 27 მარტს, მე-5 საპყრობილეში, პატიმრების დარბევა, რომელიც სახალხო დამცველის იმავე წლის სპეციალურ ანგარიშშიც აისახა.

„როგორც არაერთმა პატიმარმა ჩვენთვის მოცემულ ახსნა-განმარტებებში განაცხადა, 27 მარტის ღამეს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ახალაია სპეცრაზმთან ერთად შესული იყო ციხეში, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რამდენიმე პატიმარს. სწორედ ამან გამოიწვია ამბოხი, რაც, მიუხედავად გარკვეული წინაპირობის არსებობისა, უკვე სპონტანურად მოხდა. ამას ადასტურებს არაერთი პატიმრის თითქმის იდენტური ჩვენება. უნდა ითქვას, რომ ამ პატიმრებს საშუალება არ ჰქონდათ, წინასწარ ერთმანეთთან შეეთანხმებინათ მათი ჩვენებები)." - ვკითხულობთ ანგარიშში.

ამ ფაქტს, რომელიც ოფიციალურ წყაროებში „ციხის ბუნტად" შეირაცხა, 7 პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. სახალხო დამცველის მიმართვის მიუხედავად, გენერალური პროკუტატურის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.

ამავე ანგარიშში ასახულია ზედამხედველების მიერ პატიმრების უფლებების დარღვევის ფაქტები ქუთაისის #2, რუსთავის #6 და ბათუმის #3 საპყრობილეებში.

გარდა ამისა, პატიმრები თავიანთ ჩვენებებში აღწერენ, თუ როგორ შედიოდა ახალაია სხვადასხვა დროს სხვადასხვა ციხეში შუაღამისას სპეცრაზმთან ერთად და მსჯავრდებულებს ფიზიკურად უსწორდებოდა. ადამიანები, რომლებსაც პირადად ჰქონდათ შეხება დღევანდელ შინაგან საქმეთა მინსიტრთან, აღნიშნავენ, რომ ბუნებით ფიცხი ახალაიასათვის აგრესიული ქცევა, განსაკუთრებით სიმთვრალეში, უცხო არ იყო: კახა მიქაიას მონაყოლის მიხედვით, „ზუგდიდში იყო შემთხვევები, როდესაც რესტორნიდან გვიან ღამით დაბრუნებული ახალაია მეზობლებს ხმაურით აღვიძებდა: ყვიროდა, ოპოზიცია არ არსებობს აქ მხოლოდ ჩვენ ვართო. შემდეგ ისევ გაუგრძელებია რესტორანში ქეიფი. იქაც ყველაფერს ამტვრევდა, თუმცა არავინ ამაზე არაფერს ეუბნებოდა".

სოზარ სუბარი 2004 წელს ჯარისკაცების გაფიცვას იხსენებს: „პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ აქცია მოაწყვეს. მე კონფერენციაზე ვიყავი და ბაჩოს ვთხოვე, სამხედრო ნაწილში გაჰყოლოდა ირაკლი სესიაშვილს (მაშინ სესიაშვილი სახალხო დამცველის ოფისში სამხედრო საქმეს კურირებდა), რომ ადგილზე დაეცვა გაფიცულთა უფლებები. ყველა დემონსტრანტზე შეიძლებოდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, რადგან მათ მანიფესტაციის ჩატარება ეკრძალებოდათ. როდესაც ბაჩომ სესიაშვილს ამის ახსნა დაუწყო, ის შეეკამათა. ამ დროს კი ახალაია აყვირდა, დეზერტირებს ვერ დავუწყებ წახალისებასო".

გარდა ციხის დარბევებთან დაკავშირებული საქმეებისა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსობის პერიოდში ბაჩო ახალაია კიდევ ერთ ბევრად ხმაურიან სკანდალში გაეხვა.

2006 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინონებთან შეკამათების შემდეგ მოკლული სანდრო გვირგვლიანის საქმე საჯარო განხილვის საგანი გახდა. მკვლელობის თანამონაწილეებად სწორედ ძმებ ახალაიებს მიიჩნევდნენ, თუმცა დანაშაულში მათი კვალის არსებობა გამოძიებამ უარჰყო. სამაგიეროდ, დააპატიმრეს შსს-ის ოთხი წარმომადგენელი, რომლებსაც მკვლელობაში დასდეს ბრალი, თუმცა 2009 წელს ოთხივე გაათავისუფლეს. ეს საქმე ევროპულ სასამართლოშიც გასაჩივრდა, რომელმაც დაადგინა, რომ გვირგვილიანის მკვლელობის გარემოებების გამოძიებას "აშკარად აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა" და გამოძიებას არ უცდია გარემოებათაგან ზოგიერთის გარკვევა.

ამ ამბებმა ბაჩო ახალაიას იმიჯი როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, საკმაოდ შეარყია: როდესაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი 2008 წელს ჯერ თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, ხოლო ერთი წლის შემდეგ თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, „ვიკილიქსმა" მიხეილ სააკაშვილისა და ვროპისა და აზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თინა ქეიდენაუს საუბარი გამოაქვეყნა:

„ქეიდენაუმ შეშფოთება გამოხატა თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალიას დანიშვნასთან დაკავშირებით, აღნიშნა რა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მისი ცუდი წარსული. სააკაშვილმა მაშინვე უთხრა, რომ მას არ ესმის, თუ რატომ არის მისი ამ საკადრო არჩევანის გამო საერთაშორისო კრიტიკა; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დროს, ახალაია პასუხისმგებელი იყო გამკლავებოდა მაფიას საქართველოში და შედეგად საქართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით უფრო მეტი წარმატება ქონდა, ვიდრე სხვა რომელიმე ყოფილ საბჭოთა ქვეყანას" - იუწყებოდა ვიკილიქსი. ამავე წყაროს მიხედვით, ქეიდენაუ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებდა, „გაეაზრებინა, თუ რა გავლენა იქონია ამ დანიშვნამ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციაზე და ხაზი გაუსვა მსგავსი ქმედებისგან მომავალში თავის შეკავების მნიშვნელობას", ხოლო მიხეილ სააკაშვილი მას არწმუნებდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში.

პრეზიდენტს თავისი პოზიცია ახალაიას თავდაცვის მინისტრობაზე არ შეუცვლია, ის ადამიანები კი, რომლებიც იმ პერიოდში ჯარში მსახურობდნენ, ამბობენ, რომ ის მეთოდები, რომლებსაც ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად მუშაობის დროს პატიმრების წინააღმდეგ იყენებდა, მან მინისტრობის დროს ჯარში გადმოიტანა.

ერთ-ერთი ყოფილი სამხედრო, რომელიც 2008-დან 2011 წლამდე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაქვემდებარების ქვეშ მყოფ ერთერთ დანაყოფში მსახურობდა, ვინაობის გამხელას თავს არიდებს, თუმცა ყვება, რომ ამ პერიოდში ჯარში ისეთი კანონები ამოქმედდა, რომლებიც არანაირ სამხედრო წესდებას არ შეესაბამებოდა: „პოლიციას განუსაზღვრელი უფლებები ჰქონდა. ოფიცერს არ შეეძლო, საჭიროების შემთხვევაში, პოლიციელი სერჟანტისათვის შენიშვნა მიეცა. ისინი კი განუწყვეტლივ აყენებდნენ შეურაცხყოფას ჯარისკაცებს". ამავე წყაროს თქმით, მათ დანაყოფთან ახლოს მე-4 ბრიგადა იყო, სადაც ჯარისკაცების ერთგვარი „სადამსჯელო ბანაკი" იყო მოწყობილი. „ჯარისკაცებს ბალახებს აწიწკნინებდნენ, მთელი დღის განმავლობაში აზიდვებს აკეთებინებდნენ, სცემდნენ, არბენინებდნენ, მთელს ჯარს მოაწყობდნენ და მის წინაშე შეურაცხყოფდნენ - ღირსებას ულახავდნენ".

თავდაცვის მინისტრად 3-წლიანი მუშაობის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ბაჩო ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენისას თქვა: „მას ჰყავს ძალიან ბევრი ერთგული მომხრე და მას ჰყავს ძალიან ბევრი მტერი. და ბევრი მტერი ჰყავს ძალიან კონკრეტული მიზეზების გამო".

თეა თუთბერიძე მას, როგორც ერთგულ მეგობარსა და კარგ პროფესიონალს აფასებს, რომელმაც ქურდული მენტალიტეტის წინააღმდეგ შედეგიანად იბრძოლა. გოგა ხაინდრავას თქმით, კრიმინალის დამარცხება, რასაც ახალაიას მთავარ მიღწევად მიიჩნევენ, სხვა არაფერია, თუ არა „ერთი ბოროტების მეორეთი ჩანაცვლება". სოზარ სუბარი, რომელიც ასევე არ უარყოფს ახალაიას რეფორმების მნიშვნელობას, მის საქმიანობას დანაშაულებრივად აფასებს. ის მიიჩნევს, რომ ახალაია  ულმობელი და მკაცრი  შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება და დღეს ,,მისი ადგილი ციხეშია".

სტატიაზე მუშაობდა ანი ჭანკოტაძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^