გუშინ გვიან ღამით ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი გაჩნდა, რის გამოც უნიკალური მხატვრობა ჭვარტლით ნაწილობრივ დაიფარა - ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, ტაძარში სასანთლე მაგიდა დაიწვა.
ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მე-12 საუკუნის ფრესკებია და მათ შორის ერთ-ერთია თამარ მეფის ფრესკა, რომელიც ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ჭვარტლით არის დაფარული. შეკითხვაზე, რამდენად მძიმეა დაზიანება, ნიკოლოზ ანთიძემ „ლიბერალს“ უპასუხა, რომ ამის დასადგენად დღეს ვარძიაში გაემგზავრა რესტავრატორების ჯგუფი, რომელიც შეფასებს დაზიანების სიმძიმეს და დაიწყებს მეთოდიკის შემუშავებაზე მუშაობას, თუ რა მეთოდით უნდა მოხდეს ფრესკების გაწმენდა.
„იმისთვის, რომ დავადგინოთ სიმძიმე, დღეს გავგზავნე რესატავრატორების ჯგუფი, რომელიც დაიწყებს მეთოდიკის შემუშავებას, გამოკვლევას, თუ რა დაზიანებაა, როგორ და ა.შ. ამ ყველაფრის შესახებ ზუსტი პასუხი მეცოდინება მაქსიმუმ ხვალ დღის ბოლოსთვის. სამწუხაროდ, ეს ის ადგილია, სადაც თამარ მეფის ფრესკაა. გუშინ სხვა ჯგუფი იყო ჩასული, რომლებმაც დაადასტურეს, რომ არ არის სახარბიელო მდგომარეობა და კვალიფიციური კვლევის შედეგები ხვალ დღის ბოლომდე გვექნება. ჭვარტლით არის დაფარული, ფრესკები, ჩანს, მაგრამ ისე აღარ, როგორც ჩანდა. მნიშვნელოვანია, რამხელა ფენა აქვს დადებული, რა შემცველობისაა ეს ჭვარტლი, რადგან, რაც იწვის, ყველაფერს თავისი შემადგენლობა აქვს, ჯგუფს უნდა ვაცადოთ, რომ ეს დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოს. ჩვენი ინფორმაციით, გუშინწინ საღამოს გაუჩნდა ცეცხლი მაგიდას, რაზეც ხატები და სანთელი აწყვია, მოხდა ლოკალიზაცია, მაგრამ რამდენ ხანში, ამაზე სამართალდამცავები მუშაობენ. ჯერ უნდა დადგინდეს, რა მოხდა და მერე გადაწყდება, რა სახის პასუხისმგებლობა დადგება.“ - განუცხადა „ლიბერალს“ ნიკოლოზ ანთიძემ.
საქართველოში თამარ მეფის ოთხი გამოსახულებაა შემორჩენილი: ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის.