Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შეცვლილი იერსახით და დაუსჯელი სასულიერო პირები

03 ნოემბერი 2016

სვეტიცხოველი, უშგულის ლამარია, წუღრუღაშენი, ყინწვისი, სამთავისი, სკალდის ტაძარი, ერკეთის ეკლესია - ეს იმ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლთა არასრული ჩამონათვალი, რომლთა იერსახეც სასულიერო პირების თვითნებუი ჩარევით შეიცვალა. უნებართვო სამუშაოები საფრთხეში აგდებს უნიკალურ არქიტექტურასა და უკარგავს მას ავთენტურ სახეს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტო უფლებამოსილი არაა, სასულიერო პირებს გაფრთხილება მისცეს  და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს დარღვევებზე.  

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლიდან დღემდე ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან (აქ არ იგულისხმება მხოლოდ ქრისტიანული საკულტო ძეგლები) დაკავშირებული სხვადასხვა დარღვევისთვის მხოლოდ 217 გაფრთხილება აქვს გაცემული. ამ გაფრთხილებებიდან მხოლოდ ორი გაიცა სასულიერო პირებზე.

  • სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული;
  •  ზემოაღნიშნულ ნაგებობათა დაცვის ზონები, მათი მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესები შესაბამისი სახელმწიფო სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობითა და ეკლესიასთან შეთანხმებით განისაზღვრება;
  • სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის.   

ესაა ნაწილი შეთანხმებისა, ე.წ. კონკორდატის, რომელიც 2002 წელს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას შორის დაიდო. კონკორდატმა საპატრიარქოს მთელი რიგი პრივილეგიები მიანიჭა, თუმცა პრივილეგიებთან ერთად საპატრიარქო ვალდებულია, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ითანამშრომლოს და კანონის ფარგლებში დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ამ შეთანხმების მიხედვით სახელმწიფო სტრუქტურები და საპატრიარქო ისტორიულ-კულტურული ფასეულობისთვის ერთობლივად უნდა ზრუნავდნენ და, შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც ისტორიული მნიშვნელობის ძეგლთან მიმართებაში იქნება მიღებული, იქნება ის არქიტექტურული თუ სხვა სახის, შეთანხმებული და ნებადართული უნდა იყოს ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ.   

თუ სასულიერო პირი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებს ნებართვის გარეშე აწარმოებს, მათზე ჯარიმა კანონით არ ვრცელდება. კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 30-ე მუხლი ამბობს, რომ ნებისმიერი უნებართვო ზემოქმედება ძეგლზე კანონდარღვევა და პასუხისმგებლობა, ძირითადად, ჯარიმაში გამოიხატება. სხვადასხვა შემთხვევა ჯარიმის სხვადასხვა ოდენობას ითვალისწინებს. თუმცა ამავე კანონის მიხედვით,  ეს მუხლი არ ვრცელდება სასულიერო პირებზე. „ეს მუხლი და ამ კანონის 32-ე მუხლი არ ვრცელდება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე“, - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში. შესაბამისად, სასულიერო პირების მხრიდან ამგვარ სამართალდარღვევაზე რეაგირება ვერ ხდება.

სასულიერო პირები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს იერსახეს უმეტესად ეკლესია-მონასტრებში უკეთესი პირობების შექმნის მიზნით უცვლიან (კონდიციონერები; გამათბობლები; კანონით დაცულ ტერიტორიებში მონასტრის ბერებისა და მონაზვნებისთვის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და ა.შ ).

#1. სვეტიცხოველი

სვეტიცხოველში, მაგალითად, დამონტაჟებულია კონდიციონერები და გაყვანილია მილები, რაც ძეგლის ფასადთან სრულიად შეუსაბამოა.

ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს სვეტიცხოველში განხორციელებული სამუშაოების გამო გაფრთხილება ოფიციალურად არ გაუცია, თუმცა სააგენტოსთვის ამ პრობლემის შესახებ ცნობილია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ:

„ათეული წლებია, რაც ეს კონდიციონერები სვეტიცხოველშია დამონტაჟებული. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და ბუნებრივია, ასეთი ქმედებები ზიანს აყენებს მის ვიზუალს, ეს მაინც ისეთ ქმედებადაა ჩათვლილი, რომელიც გამოსწორებას ექვემდებარება. ჩვენ საპატრიარქოსთან მუშაობა დაწყებული გვაქვს - ვგეგმავთ გათბობა-ვენტილაციის ისეთი სისტემის მოფიქრებას, რომელიც არ გამოიწვევს ძეგლის იერსახეში უხეშ ჩარევას. მაგრამ დღესდღეობით კონკრეტული გადაწყვეტილება, თუ როგორ მოხდება სამომავლოდ ყველა ეკლესია-მონასტერში ისეთი ტიპის გათბობისა და ვენტილაციის სისტემის მონტაჟი, რომელიც ძეგლზე ვიზუალურ ჩარევებს გამორიცხავს, მიღებული არ არის. თუმცა ამ კუთხით დაწყებულია მუშაობა - საპატრიარქოს  მივწერეთ და ვთხოვეთ, რომ შეგვატყობინონ ნებისმიერი ასეთი მოთხოვნის შესახებ და ჩვენი სპეციალისტები დაეხმარებიან მათ, რომ მსგავსი ქმედებები იყოს მინიმალური“. - განაცხადა თეა ონიანმა.

#2. წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარი

 2010 წელს ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საპატრიარქოს არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ალავერდის მიტროპოლიტ დავით მახარაძის წერილის საფუძველზე გასცა ნებართვა, რის მიხედვითაც წალენჯიხის X  საუკუნეების ტაძარში უნდა ჩაეტარებინათ მცირე რეაბილიტაცია, იატაკის მოწყობა. ამ მცირე რეაბილიტაციის შედეგად დაზიანდა XIV საუკუნის პალეოლოგოსური სტილის უნიკალური მხატვრობა.

ტაძარში ძველი კარი შეიცვალა ახლით, ჩაიდგა ახალი კანკელი. ორივე შემთხვევაში მასალა უშუალოდ მიბჯენილია მხატვრობაზე. ძეგლთა დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ სამუშაოებზე ნებართვა მათ გასცეს. 

#3. სკალდის მთავარნგელოზის სახელობის ეკლესია

2013 წლის ნოემბერში ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა ახლად აკურთხა, როგორც მამათა მონასტერი.  X-XI საუკუნეების ტაძარი განახლდა, შეთეთრდა, აშენდა ახალი სამრეკლო. ტაძარს მთლიანად შეუცვალეს ავთენტური სახე.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ სამუშაოებზე ნებართვა არ გაცემულა. ამ შემთხვევაშიც ოფიციალურად სააგენტოს მხრიდან კანონდარღვევაზე არ მომხდარა სამართლებრივი რეაგირება; დოკუმენტში, სადაც გაფრთხილებებია აღნუსხული, სკალდის შესახებ არაფერია ნათქვამი. 

#4. ერკეთის ეკლესია

გურიაში ერკეთის IX საუკუნის ტაძრის ეზოში, რომელიც ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მონასტერში მყოფი მონაზვნებისთვის სამსართულიანი შენობა აშენდა. ეკლესიას ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, რამაც კიდევ უფრო დააზიანა  ისედაც დაზიანებული კედლის მხატვრობა.

ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს არც ამ შემთხვევაში გაუცია ნებართვა სამუშაოების ჩატარებაზე და იქ მყოფ მონაზვნებს ასევე არანაირი გაფრთხილება არ მისვლიათ.

#5. გერგეთის ყოვლაწმინდა სამების ტაძარი

უკანონო მშენებლობა გერგეთის სამებაში - რაზეც ასევე არ გაცემულა ნებართვა და არც ოფიციალური გაფრთხილება ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოდან. მასშტაბური მშენებლობა აუსახურებს არქიტექტურისა და გარემოს იმ უნიკალურ  შერწყმას, რაც გერგეთის სამებას აქვს.

#6. ყინწვისის მონასტერი XII-XIII.

ყინწვისის მონასტრის ეზოში ახალი ტაძრის მშენებლობა 2006 წელს ყინწვისის მონასტრის ყოფილი წინამძღვრის, გარდაცვლილი არქიმანდრიტ შიო ხარძეიშვილის საფლავზე დაიწყეს. გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე ჩანს, რომ ეს სამუშაოებიც უნებართვო იყო. მშენებლობა საზოგადოების მხრიდან პროტესტის შედეგად შეჩერდა, თუმცა 2013 წლის მაისში ძეგლთა დაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ ყინწვისის მონასტრის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ტაძრის ტერიტორიის განვითარებისთვის მზადდებოდა საპროექტო დოკუმენტაცია. ძეგლთა დაცვის სააგენტომ ახალი ტაძრის მშენებლობისთვის ნებართვა მაინც გასცა. ყინწვისში მშენებლობა დასრულდა.

#7. უშგულის ლამარია

 IX-X საუკუნეების ძეგლი, სადაც 2011 წელს მამათა მონასტერი გაიხსნა. ამავე წელს დაიწყო სხვადასხვა უნებართვო სამუშაოები. აშენდა სამრეკლო, შუა საუკუნეების ძეგლს  მეტალოპლამასის კარ-ფანჯრები ჩაუსვეს, სვანურ კოშკს ხის აივანი მიაბეს და ა.შ.

რამდენიმე თვის წინ ამავე ტაძარში სასულიერო პირებმა ტაძრის ეკვდერში სამწირველო მოაწყვეს, ასევე მის იერსახეში არქიტექტურული ცვლილებები შეიტანეს - აამაღლეს იატაკი და ა.შ. სათემო ქვაბი კი, რომელიც ტაძარში იდგა, გარეთ გაიტანეს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით „ლიბერალმა" შეკითხვა  მესტია-ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონ ქიტიაშვილს დაუსვა. მისი თქმით, ტაძარში რაიმე არქიტექტურული ცვლილება არ მომხდარა და ამ თემით დაინტერესება ეკლესიის საქმეებში ჩარევაა.  

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსმა თეა ონიანმა „ლიბერალს“ განუცხადა, ამ ფაქტზე მოხდა რეაგირება. ადგილზე ჩავიდა ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე. მისი თქმით, ადგილობრივ სასულიერო პირებს მიეცათ მითითება, რომ სათემო ქვაბი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლი, დაცულ, დახურულ ადგილას გაიტანონ; ასევე, აღადგინონ ძველი კარი.

#8. მძოვრეთ-ორთუბნის ციხე-დარბაზი

 (XVI-XVIII სს.) - აქაც  სასულიერო პირების გადაწყვეტილებით ციხის გოდოლზე ახალი ეკლესია დაშენდა, ასევე აშენდა სხვა ფუნქციის შენობებიც, გადაკეთებულია XVIII საუკუნის სამრეკლოც.

ამ მშენებლობებზე არ გაცემულა ნებართვა და ოფიციალური გაფრთხილებაც არავის მისვლია.

ძეგლთა დაცვის იურიდიული სამსახურის უფროსის, თეა ონიანის თქმით, სასულიერო პირების მისამართით გაფრთხილებებს სააგენტო ხშირად არაოფიციალურად გასცემს და, შესაბამისად, ის გაფრთხილებების ოფიციალურ სიაში არ ფიქსირდება.

მისივე თქმით, გაფრთხილების შემდეგ, როგორც წესი, სააგენტო შეცდომის აღმოსაფხვრელად გასცემს მითითებს. იყო შემთხვევა, როცა სასულიერო პირებმა სააგენტოს მითითება არ გაითვალისწინეს. ეს შემთხვევა ბათუმში წმ. ბარბარეს ტაძარში მოხდა, როცა სასულიერო პირებმა, სააგენტოს მითითების მიუხედავად, სამუშაოები გააგრძელეს. თეა ონიანის თქმით, ამის შემდეგ დადგა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუმცა ეკლესიისთვის ჯარიმა არ დაუკისრებიათ.

 „გაფრთხილება კანონის ერთადერთ მუხლშია მოხსენებული და იქვე კონკრეტდება, რომ ამ მუხლის ქმედება არ ვრცელდება საქართველოს საპატრიარქოსა და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ ძეგლებზე. შესაბამისად, გაფრთხილება ვერ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ქმედებები ჩადენილია რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ ძეგლებთან მიმართებაში.

ვაღიარებთ, რომ ეს ნორმა არის დისკრიმინაციული და მისი ახლებური ინტერპრეტაცია კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ახალ კოდექსში ჩაიდება, რომელიც დამუშავების სტადიაშია. იქ საკუთრების ფორმის მიხედვით არ მოხდება ძეგლების რანჟირება.  რელიგიური კონფესიების თუ კერძო პირების საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ სამართალდარღვევაზე მოხდება სამართლებრივი რეაგირება.

დარღვევების შემთხვევაში ხდება სასულიერო პირებთან, მეუფეებთან შეხვედრა და მათი თანადგომით, ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწორებთ პრობლემას“, - განაცხადა თეა ონიანმა. 

როგორც თეა ონიანმა განმარტა, ამ საკითხზე მუშაობენ, თუმცა ფაქტია, რომ კონკორდატის ხელმოწერიდან დღემდე ამ ძეგლებზე ხდება თვითნებური ჩარევა, რაზეც, კანონის უსუსურობიდან გამომდინარე, ვერ ხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და გრძელდება ძეგლების თვითნებური ხელყოფა.

ფოტოები აღებულია ჯგუფიდან  „ხელოვნების ისტორიკოსები“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^