LINGUA FRANCA როგორც მოგეხსენებათ, ენათმეცნიერული ტერმინია და მოსაუბრეთათვის საერთო, მესამე ენას აღნიშნავს. მაგალითად, მე ვიცი ქართული, თქვენ რუსული, ერთმანეთს კი ლინგვა ფრანკაზე, ვთქვათ, ინგლისურად ველაპარაკებით.
სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეპოქაში, ლინგვა ფრანკა სხვადასხვაგვარი იყო. ხმელთაშუა ზღვის აუზში არსებობდა ლინგვა ფრანკა, რომელიც ფრანგულის, იტალიურის, ბერძნულის ელემენტებს შეიცავდა და ამ საერთო ენაზე ვაჭრობის ამბებში ჩართული ადამიანები საუბრობდნენ.
მანამდე, ცნობილია, რომ კოინე, ანუ ბერძნული ენის ის დიალექტი, რომელიც გამარტივებული ბერძნული იყო, საერთო გახდა ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის; კოინეზეა დაწერილი სახარებები.
დღეს ლინგვა ფრანკა ინგლისურია. იყო დრო, როდესაც ეს ადგილი ესპანურს, ფრანგულს, ჰინდის, პორტუგალიურს, საბჭოთა კავშირში - რუსულს, სხვაგან არაბულს, ჩინურს, სუაჰილის ეკავათ.
ტერმინს - ლინგუა ფრანკა, მეორე, სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს და ეს არის ენა, რომელიც სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებს აკავშირებს. აქ იგულისხმება ენა, არა როგორც ელემენტარული კომუნიკაცია, არამედ, როგორც ინფორმაციის გადაცემის საშუალება ხელოვნების ენით, მაგალითად, კინო, მუსიკა და, რაღა თქმა უნდა, ლიტერატურა.
ამბობენ, მუსიკა ლინგვა ფრანკაა, თანამედროვე ფილმები ლინგვა ფრანკაა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი მიგვითითებს იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს ის, რაც არის ზოგადი და საერთო მსოფლიოსთვის. ჩვენ კი იმას მივაქციოთ ყურადღება, თუ რატომ არის ლიტერატურა უნივერსალური ლინგვა ფრანკა.
გავიხსენოთ ერთი ადგილი შექსპირთან, კერძოდ, ეპიზოდი, როდესაც ჰამლეტი ასეთ რამეს ამბობს - ვინ არის ჩემთვის ჰეკაბე? (ჰამლეტმა შეიძლება ლათინური ფორმით თქვას - ჰეკუბა).
ჰეკაბე, მოგეხსენებათ, ჰექტორის დედაა; დედა, რომელიც განიცდის შვილის მომავალ სიკვდილს, ისედაც ხომ ყველაფერი ნათელია - ტროა განწირულია, ჰექტორი კი ტროის დამცველია და წინასწარაა ცნობილი, თუ რა ბედი ელის მას. ეს თავად ჰექტორმაც იცის, იცის მისმა ცოლმა, ანდრომაქემ და დედა, ჰეკაბე, ამას განიცდის, გრძნობს, რომ მოახლოვდა წამი, როდესაც ჰექტორიც მოკვდება, ტროაც დაეცემა, ეს ქალებიც დაიღუპებიან, ვაჟკაცებს ამოხოცავენ, ბავშვები ვერ გადარჩებიან...
აი, ამ მძიმე განსაცდელზე ტირის ჰეკაბე, ჰამლეტი კი, გაიხსენებს რა ამ ძველ ლიტერატურულ სახეს, კითხულობს - რატომ ტირის ჰეკაბეს გამო მკითხველი, მაყურებელი, მსმენელი? რატომ განვიცდით იმას, რაც ძველი წელთაღრიცხვის XIII საუკუნეში მოხდა? რატომ განვიცდით ასე მძაფრად ანდრომაქესა და ჰექტორის გამომშვიდობების სცენას? როგორ მოხდა, რომ ბერძენმა ავტორმა, რომელიც ამ ომში, რა თქმა უნდა, ბერძნებისკენ იყო, ასე ფაქიზად, სულიერად ასე ამაღლებულად და ასე თანაგრძნობით დაგვიხატა სახე ბერძნების მთავარი მოწინააღმდეგისა და მისი ოჯახისა?!
როგორია ამ ფენომენის ბუნება?
როგორ მოხდა, რომ როდესაც ესქილემ გენიალური „სპარსელები“ დადგა, ათენის მთელი მოსახლეობა აატირა სპარსელთა მარცხზე სწორედ ათენელებთან?! ესქილემ აჩვენა, თუ როგორ აღიქვეს სპარსეთში ამ მრავალმილიონიანი იმპერიის ერთ პატარა ქალაქთან დამარცხება, ქალაქთან, რომელიც შემდგომში მსოფლიო მნიშვნელობის გახდება, მაგრამ სპარსელებმა ეს ხომ არ იციან!
ესქილე გვაჩვენებს სპარსელთა განცდებს და ატირებს ბერძნებს! ამ ტრაგედიის განსაკუთრებული ირონია ის არის, რომ, როდესაც მიხვდები, რა დიდებული ადამიანები იყვნენ სპარსელები, რომლებიც დამარცხდნენ, მაშინ იმასაც მიხვდები, თუ რას ნიშნავდა მათზე შენი გამარჯვება.
საგულისხმოა, რომ როდესაც ესქილემ ავტოეპიტაფია დაწერა, მასში არ უხსენებია არც ერთი სიტყვით, რომ დრამატურგი იყო და არაერთი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. მან დაწერა ერთადერთი რამ, რომ ესქილე მარათონის ბრძოლაში მონაწილეობდა, სწორედ იმ ხალხთან ბრძოლაში, რაც ასე ტრაგიკულად აღწერა თავის „სპარსელებში“.
როდესაც ლიტერატურას ხელოვნების სხვა დარგებს ადარებენ, ზოგი უპირატესობას მხატვრობას ანიჭებს, ზოგიც მუსიკას, მავანნი ამბობენ, რომ სინთეტური ხელოვნება - ოპერა, ბალეტი და კინო ლიტერატურაზე მაღლა დგას. მათ ერთი რამ ავიწყდებათ - კი ბატონო, თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ლინგვა ფრანკაა, მაგრამ თითოეული გაუგებრად ლაპარაკობს, შეუძლებელია, გასაგები იყოს მუსიკის, ემოციის ენა. მუსიკაში მნიშვნელობა არ აქვს, სპარსელებზეა საუბარი, თუ ქართველებზე. ასევე, მაღალ პოეზიაში - არწივი ქართველი იქნება, დამარცხებული ჩინელი მხედართმთავარი, თუ სიყვარულში ხელმოცარული ბოლივიელი ბიჭი, არწივი არწივად დარჩება, ის სიმბოლოა. მაგრამ ლიტერატურას, როგორც ლინგვა ფრანკას, შეუძლია, აგვატიროს გერმანელ ფაშისტზე, რომელმაც ყველაფერი დაანგრია დედამიწის ზურგზე, ჩვენ კი მისმა ბედმა შეიძლება დაგვამწუხროს. ეს მოახერხა პირველ რიგში ლიტერატურამ, შემდეგ კი კინომ, ვგულისხმობ აბსოლუტურად გენიალურ ისტორიას, რომელსაც ჰქვია „პიანისტი“.
ლიტერატურას აქვს უნარი, იყოს ლინგვა ფრანკა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს გარკვეული სტერეოტიპები. ეს სტერეოტიპები ზოგიერთ შემთხვევაში 100%-იანი ამბავია - შშ - გერმანული სადამსჯელო რაზმები, საბჭოთა პოლკოვნიკები, რომლებიც რომელიმე გულაგში ადამიანთა დასჯას მეთაურობდნენ, სასტიკი და დაუნდობელი პერსონები იყვნენ. მიუხედავად ამისა, ლიტერატურას აქვს უნარი, მათშიც კი აღმოაჩინოს ადამიანი და რაც მთავარია, საერთაშორისო ენაზე, ლინგვა ფრანკაზე გადათარგმნოს, ისე დაგვიხატოს ეს ადამიანები, რომ ჩვენ რეალობების გარეშეც მივხვდეთ, ვინ ვინ არის.
ლიტერატურას ყოველთვის ჰქონდა უნარი, ყოფილიყო ლინგვა ფრანკა, ანუ მიეგნო იმ ერთეულისთვის, ადამიანებს შორის რომ იცვლება, მიუხედავად მათ შორის არსებული დიდი და სერიოზული განსხვავებებისა.
გავიხსენოთ ლიტერატურის ერთ-ერთი პირველი ძეგლი, სხვადასხვა დროს ჩაწერილი „გილგამეშიანი“. ეს ნაწარმოები ლინგვა ფრანკაა, ზუსტად ისე განვიცდით და ვღელავთ ენქიდუს სიკვდილის გამო, როგორც გილგამეში. ჩვენ ვღელავთ გილგამეშის გამოც, მან ხომ სიყმაწვილის ბალახი დაკარგა, სწორედ ის, რის გამოც სიღრმე იხილა. ყველაფერი ეს ლინგვა ფრანკაზეა დაწერილი. ეს ისე გვეხება ჩვენ, XXI საუკუნის ქართველებს, როგორც, მაგალითად, XX საუკუნის ფრანგებს, XIX საუკუნის ინგლისელებს, იმ წუთას, როგორც კი პირველად წაიკითხეს ეს ნაწარმოები (მოგეხსენებათ, ეს ძეგლი სწორედ XIX საუკუნეში აღმოაჩინეს).
შეიძლება არ გვესმოდეს ის სამყაროები, რაც ლიტერატურაშია აღწერილი, მაგალითად: ბალზაკის „ადამიანური კომედია“, რომელიც ჩვენთვის აშკარად უცხოა. აქ მთელი ფრანგული ცხოვრებაა ჩატეული, თავისი გლეხობით, არისტოკრატიით, ვაჭრებით, ბანკირებით, სამხედროებით, დამნაშავეებით, პოლიციით და ა. შ.
მეორე მხრივ, ერთი ადამიანის სამყარო, რომელიც ასევე მთელ საფრანგეთს მოიცავს, ოღონდ ავტორის მეხსიერებაში ასახულ საფრანგეთს (ვგულისხმობ მარსელ პრუსტის რომანს - „დაკარგული დროის ძიებაში“). აქ გვხვდება სამყარო - ადამიანი, მისი მოგონებები, ფიქრები, განცდები და, რა თქმა უნდა, ესეც ლინგვა ფრანკაა.
ორივე მათგანი ლინგვა ფრანკაა, თუმცა პრუსტის სამყარო გაცილებით უფრო ლინგვა ფრანკულია, ვინაიდან ბალზაკის სამყაროს დეტალებს დღეს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს - რა აზრი აქვს, რომელი ეტლით გადაადგილდება რასტინიაკი?! ბალზაკისთვის ამ დეტალებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა ლინგვა ფრანკაზე ისინი უმნიშვნელოა. ამ უნივერსალურ ენაზე მნიშვნელობას ისეთი პასაჟები იძენს, სადაც სულიერი სამყაროა აღწერილი.
შესაბამისად, არსებობენ უფრო ახლობელი და უფრო შორეული მწერლები. მაგალითად, დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს, თუ რატომ არის დოსტოევსკი მსოფლიოს უდიდესი მწერალი, რომელმაც მკითხველსა და სხვა მწერლებზეც უდიდესი გავლენა იქონია. პასუხი მარტივია - დოსტოევსკი პირდაპირ ლინგვა ფრანკაზე წერდა. კი ბატონო, ვიცით, რომ მისი ნაწარმოებები რუსულ ენაზე დაიწერა, ვიცით, რომ ამ ენას უფრო ოსტატურად სხვა მწერლები ფლობდნენ, ისიც ვიცით, რომ დოსტოევსკი სწრაფად ცდილობდა წერას, მაგრამ, რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი რომანები დიალოგები, აღსარებებია...
ამ რომანებში საერთოდ ვერ ვხედავთ ავტორს, XX საუკუნეში ავტორის სიკვდილს სპეციალური ნაშრომები მიეძღვნება, მაგრამ მანამდე დოსტოევსკიმ ეს პრაქტიკაში განახორციელა. ამ ამბებს ჰყვება მავანი კაცი, რომელიც პერსონაჟების დონისაც კი არ არის. სამაგიეროდ, ივანე კარამაზოვი ახერხებს, რომ თავისი პოემა, „დიდი ინკვიზიტორი“, ზუსტი ციტირების გარეშე აქციოს ნაწარმოების ნაწილად. ეს დოსტოევსკია, „დიდი ინკვიზიტორი“ კი ძმები კარამაზოვების უბრწყინვალესი ნაწილია, ნაწილი, რომელიც ქრისტიანული იდეის გახსნას ემსახურება - ქრისტე და მისი სიკეთე ერთია, მეორეა აღმსარებლობის ორგანიზებული მხარე, ვთქვათ, ეკლესია, მრევლი...
ეს საკითხი მშვენივრად გამოხატა და განმარტა კაცმა, პერსონაჟმა, ივანე კარამაზოვმა, რომლის მიმართ ჩვენ შესაძლოა არანაირი სიმპათია არ გვქონდეს. ეს ლინგვა ფრანკას კიდევ ერთი თავისებურებაა - სიმპათიით ვექცევით იმ იდეას, რომლის ავტორის მიმართაც არანაირი სიმპათია არ გაგვაჩნია.
ადრე ამბობდნენ, მწერალს უნდა უყვარდეს თავისი პერსონაჟებიო. გარკვეული გაგებით, რა თქმა უნდა, მათი პიროვნულობის მიუხედავად, შენი პერსონაჟები უნდა გიყვარდეს. ისინი ხომ შენი შვილები არიან - უშნოებიც და მიმზიდველებიც. ეს გასაგებია, თუმცა ვეჭვობ, ვეჭვობ, რომ რომელიმე მამა კარამაზოვი ისეთივე საყვარელი იყოს, როგორიც პირველ რომანში ალიოშა კარამაზოვია. ვეჭვობ და ბუნებრივია ვერც იქნება, მაგრამ, ავტორი წერს თავისებურ ლინგვა ფრანკაზე - სწორედ იმ პერსონაჟს, რომლის მიმართაც სიმპათია არ გაგვაჩნია, ისეთ ტექსტს მოუძებნის, მკითხველს ნდობა და სიმპათია რომ მოუპოვოს.
და კვლავ გაისმის ჰამლეტის კითხვა - ვინ არის ჩვენთვის ჰეკაბე? რატომ ვტირით მის გამო?
რატომ განვიცადეთ მკითხველებმა ასე მძიმედ იმ კაცის სიკვდილი, რომელიც, მის შვილებს თუ დავუჯერებთ, საერთოდ არ უნდა დაბადებულიყო. რატომ არის ცოცხალი მამა, რომლის შესახებაც შვილი, დიმიტრი კარამაზოვი, კითხულობს - Зачем живет такой человек?! რატომ ცოცხლობს კაცი, რომელზეც შუათანა შვილი ივანე კარამაზოვი ამბობს - „ვის არ უნდა მამის სიკვდილი, ბატონებო?“ ამ ფრაზის შემდეგ ყველა რწმუნდება, რომ ივანე კარამაზოვი გიჟია, ბუნებრივია, არავის უნდა სიმართლის ცოდნა, სიმართლის, რომელიც ლინგვა ფრანკა აღმოჩნდა.
და კიდევ ერთი; თავის დროზე ფროიდმა ყურადღება მიაქცია, რომ არსებობს სპექტაკლები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, ვინ დგამს, ვინ თამაშობს, ყოველთვის წარმატებულია. ყოველ შემთხვევაში, ფროიდმა ასე აღიქვა „ოიდიპოს მეფე“. მან დაინახა, რომ „ჰამლეტი“ ხან იქნება წარმატებული, ხან ვერა, „ოიდიპოს მეფის“ შემთხვევაში კი წარმატება თითქმის გარანტირებულია. ფროიდმა ეს შემთხვევით ამბად არ მიიჩნია და მის უკან ლინგვა ფრანკაზე დაწერილი ამბავი აღმოაჩინა, ამბავი ოიდიპოსის კომპლექსისა.
რა თქმა უნდა, ოიდიპოსის კომპლექსი უტყუარი ფაქტი არ არის, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ „ოიდიპოს მეფე“ ლინგვა ფრანკაზეა დაწერილი, ისევე, როგორც სხვა ნაწარმოებები, რომელთა გასაგებად არც ბერძნულის ცოდნაა საჭირო და არც მასალის ორიგინალში გაცნობა - ეს ნაწარმოებები ლინგვა ფრანკაზე იწერებოდა; ისინი გასაგებია მკითხველისთვის, ადამიანები ცნობენ თავიანთ თავს და ამიტომაც, ფანტასტიკურად კარგი გამოვიდა ყველაფერი, რაც ევროპული ლიტერატურიდან კინოდ აქცია აკირა კუროსავამ.