პატიმრების სიკვდილიანობის მიზეზი ყველაზე ხშირად ტუბერკულოზია
სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, ბოლო პერიოდში საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში ტუბერკულოზის გავრცელებამ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. პატიმართა უმრავლესობა სწორედ ამ დაავადებითაა ავად.
ოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოს ციხეებში მყოფი 24 ათასი პატიმრიდან 1579-ს, ანუ დაახლოებით 6,6%-ს ტუბერკულოზი აქვს. უფლებადამცველები კი აცხადებენ, რომ ეს მაჩვენებელი ხელოვნურადაა შემცირებული და სინამდვილეში, პატიმართა თითქმის ნახევარი ტუბერკულოზის მატარებელია.
აღიშნული დაავადება მით უფრო საყურადღებოა, რომ იგი ბოლო წლებში გარდაცვლილ პატიმართა სიკვდილიანობის ერთ-ერთ წამყვანი ფაქტორია.
შესაბამისად, ტუბერკულოზი ბოლო წლებში გარდაცვლილ პატიმართა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარი მიზეზია.
სახალხო დამცველის მონიტორინგის საფუძველზე ცნობილია, რომ 2010 წელს გარდაცვლილი 142 პატიმრიდან, 49.3% ტუბერკულოზით იყო ინფიცირებული. 2011 წელს კი 140 პატიმრიდან 31.5%-ს გარდაცვალების მიზეზი ასევე ტუბერკულოზი გახდა.
“დღესდღეობით ციხეებში ტუბერკულოზი ეპიდემიასავითაა მოდებული. ერთი საკანიც არ არსებობს, სადაც ამით დაავადებული პატიმარი არ ზის”- ამბობს ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის” ლიდერი ნანა კაკაბაძე.
ამ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლიც” ადასტურებს და მცდარი ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიზეზად სამედიცინო გამოკვლევების ხელმისაწვდომობის არარსებობას ასახელებს.
“ჩვენი ორგანიზაციისთვის ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არაა, რადგან პატიმრების დროული შემოწმება და დიაგნოზის დასმა არ ხდება”- ამბობს ორგანიზიაციის წარმომადგენელი, ელენა ფილაევა.
გამომწვევი მიზეზები და სამედიცინო მომსახურება
მსჯავრდებული გიორგი ნემსაძე მოთავსებულია ქსნის #19 ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა დაწესებულებაში. ის 2005 წლიდან ფილტვების ტუბერკულოზითაა დაავადებული. ბოლოს 2011 წელს განმეორებით ჩაერთო DOTS+ პროგრამაში. მონიტორინგის ფორმების ანალიზზე ჩანს, რომ გიორგი ნემსაძე ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებს არარეგულარულად, წყვეტილად იღებს. მედიკამენტები 2011 წლის სექტემბერში მხოლოდ 7 დღის განმავლობაში აქვს მიღებული, ოქტომბერში 7 დღე, ნოემბერში 23 დღე, დეკემბერში 2 დღე (25 დეკემბრის ჩათვლით). ამ პერიოდის განმავლობაში ნემსაძე არ იღებდა ყველა დანიშნულ პრეპარატს, ხოლო ზოგიერთს არასრული დოზით. შედაგად - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
საქართველოს კანონის "პაციენტის უფლებების შესახებ" 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, "სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირებისათვის სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით ხორციელდება".
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით „დაწესებულებათა უმრავლესობაში, ტუბერკულოზით დაავადებულები რომელიმე საკანში გადაჰყავთ იზოლაციის მიზნით, მაგრამ მხოლოდ დაწესებულებათა ნაწილს აქვს სამედიცინო ნაწილში ცალკე მოწყობილი ტუბერკულოზით დაავადებულთა სექცია (მაგალითად ქუთაისის N2 დაწესებულება, რუსთავის ქალთა N5 დაწესებულებას). რაც შეეხება N19, ანუ ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებას, აქ პაციენტები სამ კორპუსში არიან განთავსებულნი. დაწესებულების ლიმიტია 540 მსჯავრდებული. 2011 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით კი განთავსებული იყო 754 მსჯავრდებული“
„კონსტისტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლის, ელენა ფილიევას თქმით, საპატიმრობეში რთულია სამედიცინო მომსახურების მიღება, რადგან პატიმრები მხოლოდ იმ იშვიათ შემთხვევებში გადიან მკურნალობას, თუ მათი საქმე სტრასბურგის სასამართლოში განიხილება. უმეტესად, დიაგნოზის დასმაც კი არ ხდება, ჯანმრთელ და ავადმყოფ პატიმრებს ერთ საკანში უწევთ ყოფნა; საკნების გადატვირთულობა, არასათანადო კვებითი რაციონი და ვენტილაციის არარსებობა სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს (ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, ტუბერკულოზის გავრცელება ციხეებში ხშირად 10-100 ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ანალოგიური მაჩვენებელი იმავე ქვეყანაში).
გარდა ამისა, დახურულ დაწესებულებაში, ტუბერკულოზთან ბრძოლის სტრატეგია მეორეხარისხოვნად განიხილება. ტუბერკულოზით ინფიცირებული ან მკურნალობის ეტაპზე მყოფი პატიმრები, ხშირად გადაჰყავთ ისეთ ადგილზე, რომელიც დაავადების მართვის სტანდარტებისათვის შეუფერებელია.
”ამ პრობლემისადმი ციხის ადმინისტრაციის მიდგომა მსუბუქად რომ ვთქვათ, არასწორია, სხვა მხრივ - დანაშაულებრივი. მსჯავრდებულები სამედიცინო მომსახურებას ფორმალურად გადიან, შემდეგ კი მათ მოსამზადებელ საკანში ე.წ კარანტინში ათავსებენ. თავდაპირველად საჭიროა, დაავადებული პატიმრების სწორი სამედიცინო გამოკვლევა, კარანტინში კი მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განთავსდნენ, რადგან მსჯავრდებულების მდგომარეობა მოსამზადებელ საკნებში გაცილებით მძიმდება, იმატებს სისხლდენა და დაავადება მძიმე ფორმებში გადადის. რის შემდეგაც, ფაქტობრივად, მკურნალობას არანაირი აზრი აღარ აქვს”- აცხადებს ნანა კაკაბაძე.
მისი თქმით, ეს მდგომარეობა, ერთი მხრივ, მედპერსონალის გამოუცდელობას, სამედიცინო დაწესებულებების არასაკმარის რაოდენობასა და გამოკვლევების დროულად ჩატარების არარსებობას უკავშირდება, მთავარ მიზეზად კი ნანა კაკაბაძე საპატიმროებში გატარებულ პოლიტიკას მიიჩნევს.
კაკაბაძის თქმით, სასჯელაღსრულების სისტემაში 2004 წლიდან არ მოქმედებს საპატიმროების გამჭვირვალობის პოლიტიკა. შედეგად, მსჯავრდებულთა არაჰუმანური მოპყრობის შემთხვევები იზრდება.
„2004 წლიდან ციხეები ოფიციალურად დაიხურა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მკურნალობის არაადეკვატური და წამების ახალი მეთოდების შემოღება, ან საერთოდ უმოქმედობა“- ამბობს კაკაბაძე და იმასაც აღნიშნავს, რომ პატიმრების მიმართ ციხის ადინისტრაციის უგულისყურო და დანაშაულებრივმა ქმედებებმა სხვა პრობლემებთან ერთად ტუბერკულოზის ახალი ფორმების გაჩენაც გამოიწვია. 2-3 წლის წინ თუ იკურნებოდა ეს დაავადება, ახლა დაავადება პატიმრების სიკვდილიანობას იწვევს.
ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, როდესაც ამაზე ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ხმა ამოიღეს, სამედიცინო დასკვნებში ტუბერკულოზის ნაცვლად სხვადასხვა დაავადებებს წერენ, უფრო ხშირად კი, გულის იშემიაა ხოლმე მითითებული.
„როდესაც 21 წლის მიხეილ ბაზაზიანი გარდაიცვალა, ჩვენმა ორგანიზაციამ სამედიცინო დასკვნა მოითხოვა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გვიპასუხეს, რომ ბაზაზიანს არაფერი სჭირდა და გული გაუსკდა. ისმის შეკითხვა, რატომ უნდა გაუსკდეს გული 21 წლის ბიჭს მოულოდნელად, თუ იქამდე არანაირი დაავადება და სიკვდილის სხვა მიზეზები არ არსებობს? “-ამბობს კაკაბაძე.
მედიკამენტები
საპატიმრობეში კერძო აფთიაქები ფუნქციონირებს და პატიმრებს საკუთარი სახსრებით უწევთ წამლების შეძენა. ნანა კაკაბაძე აღნიშნავს, რომ აფთიაქებში ტუბერკულოზით დაავადებული მსჯავრდებულებისთვის სამკურნალო მედიკამენტები არასაკმარისი რაოდენობით იყიდება.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ ციხის აფთიაქებში უხარისხო მედეიკამენტები იყიდება. პატიმრებს ეწყებათ ხუთვა და თავბრუსხვევა. მაგრამ, მათ შეწინააღმდეგების შემთხვევაში ფიზიკურად უსწორდებიან. აბსოლუტური განუკითხაობაა, რადგან მსჯავრდებულს საკუთარი დაავადების და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბარი უჭირს“- ამბობს ის.
აღსანიშნავია, რომ უკვე ერთი წელია საპატიმროებში წითელი ჯვარი აღარ შედის, ეს საქმიანობა საქართველოს ჯანდაცვამ გადაიბარა. ნანა კაკაბაძის თქმით, ეს ქმედებაც სახელმწიფოს მართვის მექანიზმებს უკავშირდება და ეჭვობს, რომ გარკვეულ მაქინაციებთანაა კავშირში.
„საინტერესოა, რატომ თქვა „წითელმა ჯვარმა“ ასე მოულოდნელად უარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლაზე. ეჭვი მაქვს, რომ ეს სამედიცინო მაფიას ან წამლების ბიზნესს უკავშირდება“- აღნიშნავს კაკაბაძე.