„facebook-ზე ვიღაცას სწერდა, თავიდან არ მივაქციე ყურადღება, მეგონა მუშაობდა. ვის ეკონტაქტებოდა, არ მიკითხავს.. მითხრა, მთელი ღამე სამუშაო მაქვსო..დილით რომ ავდექი, ისევ კომპიუტერთან იჯდა. როცა ეს ყველაფერი რამდენიმე დღე გაგრძელდა, ეჭვი შემეპარა. ერთხელაც რამდენიმე წუთით ადგა და facebook ჩართული დატოვა, დავინტერესდი, გავხსენი და აღმოვაჩინე, რომ მთელი კვირა პროექტებზე მუშაობის ნაცვლად, ვიღაც ქალს შეხვედრას სთხოვდა“, - მაკა 32 წლისაა, გათხოვილი 15 წელი იყო, 2 შვილი ჰყავს და ახლა სასამართლო პროცესზე განქორწინების მიზეზს ჰყვება.
„რამე დაძაბულობა ან უთანხმოება ხომ არ გქონდათ“? - ეკითხება მოსამართლე.
„იმ პერიოდში არანაირი უთანხმოება არ გვქონია, არც კი გვიკამათია“,- პასუხობს მაკა.
ნიკას პროცესზე არაფერი განუმარტავს. მზიამ, მაკას დედამთილმა მოსამართლეს სთხოვა შვილისთვის მოსაფიქრებლად მაქსიმალური პერიოდი მიეცა. 6 თვის გასვლის შემდეგ ნიკა პროცესზე გამოცხადდა და მხარი ისევ განქორწინებას დაუჭირა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიანა ბერეკაშვილი, რომელიც განქორწინებების საქმეებს ხშირად განიხილავს, ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მაკას მსგავსი მიზეზით ბევრი წყვილის სასარჩელო განაცხადი იწყება. უბრალოდ გმირი ხან ქმარია, ხან ცოლი, facebook-ს კი ხან odnoklassniki ცვლის, ხან - Skype. სხვათაშორის, ამ განაცხადებში წყვილები გაცნობის ისტორიებსაც ჰყვებიან და უკანასკნელ წლებში ასეთი შეხვედრების ადგილად ხშირად ვირტუალურ სამყაროს - სოციალური ქსელებსა და ჩატებს ასახელებენ: „ეს ძირითადად ეხებათ 30 წლამდე წყვილებს, რომლებიც, როგორც წესი, ამბობენ, რომ ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს, ვიღაცამ odnoklassniki-ზე ფოტო 5-იანით შეუფასა, მერე შეტყობინება მისწერა, მერე რამდენჯერმე შეხვდნენ და დაქორწინდნენ. შეხვედრების რაოდენობა ორი ან სამია ხოლმე. საინტერესო ტენდენცია ის არის, რომ სოციალური ქსელები, როგორც წესი, სწორედ იმ წყვილების განქორწინების მიზეზი ხდება, რომლებმაც ერთმანეთი ვირტუალურ სამყაროში გაიცნეს“, - განმარტავს დიანა ბერეკაშვილი.
განქორწინებების სტატისტიკა საქართველოში მზარდია. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, 2010 წელს ქვეყანაში 4738 წყვილი განქორწინდა, 2011-ში - 5861, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში კი ამ რიცხვმა უკვე 3435-ს მიაღწია. მიზეზების კვლევა არ არსებობს, თუმცა facebook-ის გამო განქორწინების ტენდენცია ისევე როგორც საქართველოში, მთელს მსოფლიოშიც ძალიან აქტუალურია.
ორი თვის წინ ერთმა ინდოელმა მამაკაცმა სოციალურ ქსელში ქმარმა სტატუსი „თავისუფალი“ „დაქორწინებულით“ არ შეცვალა, რის გამოც მისმა 28 წლის ცოლმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და განქორწინება მოითხოვა. წყვილის ქორწინება სულ რაღაც 2 თვეს გრძელდებოდა, ქალი კი პირველი დღიდან ქმარს სტატუსის შეცვლას უშედეგოდ სთხოვდა. პროცესზე მამაკაცმა საკუთარი საქციელი გულმავიწყობით ახსნა და თქვა, რომ მზადაა დაუყოვნებლივ „დაქორწინდეს“ facebook-ზეც ან სულაც დახუროს პროფილი, შემდეგ კი მოსამართლეს სთხოვა გადაწყვეტილება ცოლის სასარგებლოდ არ მიეღო. ამ წყვილსაც მოსაფიქრებლად 6 თვე აქვთ, თუმცა ქალს ქორწინებაში ყოფნა არ სურს. ამბობს, რომ ქმარს აღარ ენდობა. წყვილის ისტორია ინდურმა და უცხოურმა მედიამ ერთ-ერთის ადვოკატის მონათხრობზე დაყრდნობით, ცოლ-ქმრის ვინაობის გამჟღავნების გარეშე გაავრცელა.
ინდოეთის სასამართლო პრაქტიკა წელს პირველად შეეჯახა საქმეს, სადაც გაყრის მიზეზად facebook-ია მითითებული, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში კი სოციალური ქსელების და გაჯეტების გამო განქორწინება აღარავის უკვირს. დუბაის სასამართლო დეპარტამენტის საოჯახო საკითხების განყოფილების ხელმძღვანელი აბდულ სალამ დარვიში ამბობს, რომ ბოლო დროს მეუღლის ერთგულება ვირტუალურ სივრცეში სულ უფრო მეტ ადამიანს აღელვებს: „კვირაში ორჯერ მაინც განვიხილავთ ასეთ შემთხვევებს. ზოგჯერ ქმარს არ მოსწონს, როცა მისი ცოლი სოციალურ ქსელში კაცებს ესაუბრება, ზოგჯერ კი მის უკმაყოფილებას მხოლოდ ის ფოტოებიც იწვევს, რომლებსაც მეუღლე facebook-ზე დებს. ხშირად ცოლებიც ითხოვენ განქორწინებას იმის გამო, რომ მათი ქმრები სხვა ქალებთან სოციალური ქსელებით, WhatsApp-ით ან რომელიმე მესინჯერით კონტაქტობენ. იყო შემთხვევები, როდესაც ისინი ქმრების iPhone-ის პაროლს ტეხავდნენ და მათი საყვარლების ფოტოებს ნახულობდნენ“,- ამბობს აბდულ სალამ დარვიში.
2011 წელს ბრიტანეთში განქორწინებების რიცხვმა იმატა და კომპანია Divorce-Online-მა ამ ფაქტის მიზეზების შესწავლა გადაწყვიტა. 5000 განაცხადის დამუშავების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყოველ მესამე განქორწინებაში მიზეზად სოციალური ქსელი, კერძოდ კი Facebook, ფიგურირებდა. კომპანიის სპეციალისტებმა ის ძირითადი ფაქტორებიც შეისწავლეს, რის გამოც მარკ ცუკერბერგის ქმნილება ბრიტანულ ოჯახებს „ანგრევდა“: ყველაზე ხშირად წყვილები ჩიოდნენ, რომ მათი ყოფილი მეუღლეები საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს ეფლირტავებოდნენ. გავრცელებული მიზეზი იყო ფოტოებიც, რომელზეც ცოლი ან ქმარი „იტაგებოდა“ და კომენტარები, რომელსაც ერთ-ერთი მათგანი წერდა. აღმოჩნდა, რომ ბრიტანელებს მეუღლის ამგვარი ქცევის შესახებ ვირტუალური მეგობრები ატყობინებდნენ. რაც შეეხება მეორე პოპულარულ სოციალურ ქსელ Twitter-ს, მისი ბრალეულობა გაცილებით მცირეა: 2011 წელს Twitter-ის გამო მხოლოდ 20 წყვილი განქორწინდა.
სხვათა შორის, იგივე კომპანიამ მსგავსი კვლევა 2009 წელსაც ჩაატარა. facebook მაშინაც დასახელდა განქორწინებების მიზეზად, თუმცა 3 წლის წინ ის მხოლოდ ყოველი მეხუთე ოჯახის დანგრევაში იყო „დამნაშავე“. Divorce-Online -ს დირექტორი მარკ კინანი აცხადებს, რომ facebook სულ უფრო მეტი ინტერნეტ-მომხმარებლისთვის ხდება ურთიერთობის მარტივი გზა. “სოციალური ქსელის დახმარებით ყველაზე ხშირად ადამიანები ყოფილ პარტნიორებს პოულობენ, გაგზავნილი შეტყობინებები თავდაპირველად თითქოს უწყინარია, თუმცა შემდგომში ის მეუღლესთან პრობლემებს მაინც ქმნის. დღესდღეობით მათთვის, ვისაც ფლირტი სურს, facebook ყველაზე ხელმისაწვდომი ადგილია“,-აღნიშნავს კინანი.
ოჯახური კრიზისის მიზეზი facebook იტალიაშიც ხშირად ხდება. ადგილობრივი ადვოკატთა ასოცაციის თავმჯდომარე განქორწინებების საკითხებში ჯან ეტორე გასნი ამბობს, რომ იტალიელებისთვის სოციალური ქსელები სასიყვარულო თავგადასავლების მოსაძებნად იდეალური ადგილია. იტალიური ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის კვლევით, ვირტუალური ურთიერთობების 70% რეალურ შეხვედრაში გადადის, 30% კი - ხანგრძლივ სასიყვარულო რომანებში.
facebook „ღალატის“ ყველაზე დიდი ბუმი კი ამერიკაშია. ამერიკელი ადვოკატების უმეტესობას განქორწინების პროცესი სოციალური ქსელების გარეშე უკვე ვეღარც კი წარმოუდგენია. ქვეყნის ყველაზე ცნობილი იურისტების 81% ამბობს, რომ სოციალურ ქსელებში მოპოვებულ სამხილებს ღალატის მტკიცებულებად რეგულარულად იყენებს: მათგან 66% facebook-ზე მოდის, 15% - Myspace-ზე, 5% კი - Twitter-ზე. განქორწინებების მიზეზთა სტატისტიკა შარშან ამერიკის ადვოკატთა აკადემიამაც გამოქვეყნა: ყოველი მეხუთე გაყრა facebook-ს „დაბრალდა“. ამ შემთხვევაშიც ძირითადად ერთ-ერთი მეუღლე სოციალურ ქსელს ფლირტისთვის ან რომანისთვის იყენებდა.
სწორედ ასე მოხდა 45 წლის ამერიკელი სტივენის შემთხვევაში, რომლის ისტორიაც გასულ წელს ინტერნეტში გავრცელდა. სტივენი ერთ-ერთ კალიფორნიულ ბანკში მუშაობდა და მარგარეტთან 25 წლიან თანაცხოვრებას სანიმუშოდ თვლიდა. „არასდროს ვაქცევდი განსაკუთრებულ ყურადღებას იმას, რომ ჩემი ცოლი ინტერნეტთან დიდ დროს ატარებდა. პირიქით, კმაყოფილიც ვიყავი, რომ გასართობი იპოვა, რადგან ვფიქრობდი, ცხოვრების დიდ ნაწილს სახლსა და შვილებზე ზრუნვას უთმობდა. ერთხელაც სამსახურიდან დროზე ადრე დავბრუნდი და სამზარეულოს მაგიდაზე ჩართული კომპიუტერი დავინახე. მონიტორს ინსტინქტურად შევხედე და facebook-ის შეტყობინებებს თვალი გადავავლე. აღმოჩნდა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მარგარეტი რამდენიმე კაცთან მღალატობდა“, ჰყვებოდა იგი. სტივენი და მარგარეტი განქორწინდნენ. ადვოკატს ღალატის დადასტურებაში სწორედ facebook-ის შეტყობინებები დაეხმარა.
ამერიკელი იურისტები ბოლო რამდენიმე წელია წყვილებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ: თუ რამის დამალვა გსურთ, გახსოვდეთ, რომ შეიძლება ის facebook-ის დახმარებით მარტივად გამჟღავნდეს და მტკიცებულებად იქცეს, შესაძლოა ზოგჯერ ღალატს ადგილი არც აქვს, ამიტომ ნუ მისცემთ პარტნიორს ეჭვიანობის საბაბს“,- ამბობენ ისინი. რენდალ კესლერი ამერიკული იურიდიულ კომპანია Kessler & Solomiany-ში მუშაობს და ამბობს, რომ კლიენტების მიამიტობით ხშირად გაოცებული რჩება: „ადამიანები ფიქრობენ, რომ არაფერი ემუქრებათ, როცა პირად თემებზე წერენ. მათ ჰგონიათ, რომ ინტერნეტი იმდენად დიდია, რომ მეუღლე მათ კომენტარებს ან ფოტოებს ვერასდროს ნახავს. არადა, გუშინ შესაძლოა ბარში ვინმეს შეხვდით, ვიღაცამ ფოტო გადაიღო, რომელზეც თქვენც მოხვდით და მერე სოციალურ ქსელზე ატვირთა. მორჩა, “ჩავარდით!“-ამბობს ის. საოჯახო ადვოკატების ამერიკული აკადემიის პრეზიდეტი კენ ალტსულიერი კი თვლის, რომ ბევრი ინტერნეტ-მომხმარებელი ვირტუალურ მეგობრებს ისევე დაწვრილებით უყვება პირადი ცხოვრების დეტალებს, როგორც რეალურ მეგობრებს: „ამ დროს უნდა გახსოვდეთ, რომ ის, რასაც თქვენს მეგობარს უყვებით, შეიძლება პირდაპირ თქვენს მეუღლეს გაეგზავნოს“,- ამბობს ის. ასე რომ, ყველაფერი, რასაც სოციალურ ქსელში ან ჩატებში დაწერთ, შესაძლოა, თქვენს წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე იყოს გამოყენებული. სწორედ ასე მოხდა ქართველი წყვილის დათოს და ლელას შემთხვევაშიც:
დათომ ახალმოყვანილი ცოლი Skype-ში თავად დაარეგისტრირა. 24 წლის ლელას ნათესავები ჰყავდა უცხოეთში. „მათთან ილაპარაკებო“, - უთხრა ქმარმა. ცოტა ხნის მერე დათომ შეამჩნია, რომ ლელა Skype-ს ძალიან მიეჯაჭვა, მთელ დროს კომპიუტრთან ატარებდა. „დავეჭვდი და გადაწყვიტე ჯაშუშური პროგრამა ჩამეწერა. მეორე დღესვე მივხვდი, რომ ჩემს ცოლს მთელი ეს პერიოდი ვიღაც უცნობთან ეროტიკული მიმოწერა ჰქონდა. შეიძლება მას არც არასდროს შეხვედრია, მაგრამ განქორწინება მაინც მინდა“,-ჰყვებოდა დათო, რომელმაც ჩატის ისტორია სასამართლო პროცესზე მტკიცებულების სახით წარადგინა. ლელას არაფერი უარუყვია..
დიანა ბერეკაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ წყვილები საბაბს ძირითადად მობილურ ტელეფონში ეძებდნენ, „საეჭვო“ SMS-ებს პოულობდნენ და უთანხმოებაც ამ ნიადაგზე იწყებოდა: „ეს დრო უკვე წავიდა..მობილური კავშირი ინტერნეტმა ჩაანაცვლა. ახლა ხსნიან მეუღლეების facebook-ის გვერდს, ნახულობენ ჩატებს და ეს ხდება განქორწინების მოთხოვნის მოტივიც. ვირტუალური სამყაროს გამო განქორწინებულების დინამიკა, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც მზარდია “,- აღნიშნავს იგი.
დღესდღეობით ფიებუქზე 995 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელია, მალე მათი რიცხვი მილიარდს მიუახლოვდება. ნახევარზე მეტი სოციალურ ქსელზე ყოველდღიურად შედის, თითოეულ მომხმარებელს საშუალოდ 130 მეგობარი ჰყავს. მომხმარებლების 48% კი ამტკიცებს, რომ რეგულარულად ათვალიერებს ყოფილი პარტნიორების თუ მეუღლეების პროფილს.
ამერიკული სოციოლოგიური სააგენტოს Gallup-ის პროგნოზით, სოციალური ქსელები, რომლებიც სულ უფრო აქტიურად იჭრებიან ადამიანების პირად ცხოვრებაში, 2020 წელს განქორწინებების მთავარ მიზეზად დასახელდებიან. ასე რომ, რამდენიმე წელში შესაძლოა, კიდევ უფრო ხშირად გავიგებთ დიალოგს:
-განვქორწინდით..
-რატომ?
-facebook-ის გამო…