Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩიტი მავთულზე (ლეონარდ კოენი - თერთმეტ ეპიზოდში მოქცეული არტისტის პორტრეტი)

13 ნოემბერი 2016

“გამარჯობა სიბნელევ, ჩემო ძველო მეგობარო!” – პოლ საიმონი

“დღეს სიკვდილს შევხვდი. ჭადრაკის თამაში დავიწყეთ!” 
–    რაინდი ანტონიუს ბლოკი. ინგმარ ბერგმანი “მეშვიდე ბეჭედი” 

“სიკვდილს ვერ დაჯაბნი, 
სიცოცხლეში თუ მოუგებ ზოგჯერ.” -
ჩარლზ ბუკოვსკი

1977 წელი. იმ საღამოს ოთახში ორნი ისხდნენ,  - იაპონელი ბუდისტი ბერი და კანადელი პოეტი-მომღერალი. კონიაკს წრუპავდნენ ბოლდის მთაზე შეყუჟული ბუდისტური მონასტრის ერთ-ერთ პავილიონში. წრუპავდნენ და ჭრიჭინებს უსმენდნენ.
-    მომისმინე, ჯიკან, - დაარღვია სიჩუმე ბერმა თავისი დამტვრეული ინგლისურით, - ჭრიჭინაზე უნდა დაწერო ლექსი.
-    უკვე დავწერე, როში, - უპასუხა მომღერალმა, - ორი წლის წინ, ამ ოთახში.
-    მართლა?
ჭრიჭინით გაზავებული დუმილი. ცოტა ხნის შემდეგ. 
-    და მაინც, - თქვა ბერმა, - ჭრიჭინაზე უნდა დაწერო რამე.
-    კარგი, შენი აზრით, როგორი უნდა იყოს ეს ლექსი?
-    ბნელ ღამეში/ჭრიჭინა მღერის./მისი სატრფო მის სიმღერას უსმენს.
-    ცუდი არაა – უპასუხა მომღერალმა. 
-    ან, აი, კიდევ: ბილიკს მივუყვები./ჭრიჭინის ხმამ იკითხა:/ სადაა ჩემი სატრფო?
-    ეს არ მომეწონა, როში!
-    ამაზე რას იტყვი, - ჭრიჭინავ! ჭრიჭინავ!/შენ ჩემი სატრფო ხარ./ბილიზე მარტო მივაბიჯებ,/მაგრამ შენთან ერთად თავს ეულად არ ვგრძნობ.
-    პირველი უფრო კარგი იყო, - უპასუხა პოეტმა.
-    მოკლედ, ჯიკან, - გაბრაზდა როში, - იმის თქმა მინდოდა, რომ კიდევ უფრო ნაღვლიანი სიმღერები უნდა წერო.

ამ ბოლო ხშირად ვფიქრობ ხოლმე ლეონარდ კოენზე და იმაზე, თუ როგორ გააცურა მან სიკვდილი. კი არ მოატყუა, - გააცურა! რომ მოგატყუებენ სავარაუდოა, რომ გაბრაზდები, მაგრამ შეიძლება გაგაცურონ და გაგეღიმოს. თუ ცრუპენტელას გაუღიმე, ეს იმას ნიშნავს, რომ აპატიე და სწორედ ამიტომ იღიმის ასე გულღიად ლეონარდ კოენი დღეს, სამოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში. მან იცის რომ სულგრძელად აპატიეს, ერთხელ და ორჯერ კი არა, ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ; თანაც, ვინ? მეტოქემ, ვინც არავის არასდროს არაფერს პატიობს! თუ ყველა ღიმილი გადამდებია, მაშინ კოენის ღიმილი მისივე მეტოქის ღიმილის ანარეკლია და პირიქით; ამ ორ ღიმილს შორის კი ისაა, რისი უფლებაც მან თავისი ნიჭით, შრომით და გაქნილობით მოიპოვა. ამიტომაც, როდესაც დღეს ის სცენაზე დგას ფეხზე წამომდგარი ათასობით მსმენელის წინაშე, თავშიშველი, მკერდზე მიდებული შლაპით ხელში, გულახდილი მადლიერების ნიშნად წელში ოდნავ მოხრილი, მომღიმარი სახელგანთქმული პოეტი, პოპ-ვარსკვლავი და ებრაელი ძენ-ბუდისტი ბერი, მე ვგრძნობ, რომ ის მადლობას მარტო მათ კი არ უხდის, არამედ იმასაც, ვინც მას იქ, იმ მომენტში, იმ წამში ყოფნის უფლება მისცა. “წყალში გაფურჩქნული ლოტოსი შეიძლება ცეცხლმა გაანადგუროს, მაგრამ სულ სხვაა ლოტოსი, რომელიც ცეცხლში იფურჩქნება!” რა გასაკვირია ხშირად რომ ვფიქრობ ხოლმე ლეონარდ კოენზე? 

პირველად სიკვდილს ჯერ კიდევ ბავშვობაში გადაეყარა მონრეალში, თავის მშობლიურ ქალაქში. მაშინ სიკვდილმა მამამისი, მუდამ კლასიკურ კოსტუმში გამოწყობილი კომერსანტი ნათან კოენი გაიყოლა თან. მისი გარდაცვალებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ მისმა შვილმა მოკლე ლექსი დაწერა, შემდეგ მამის ერთ-ერთი ჰალსტუხი გაჭრა, ფურცლის ნაგლეჯი ჰალსტუხში ჩაკუჭა და კოენების სახლის ეზოში მიწაში ჩაფლა. ის ჰალსტუხი შეიძლება დღესაც იქაა, თუმცა კოენი დღემდე უარს ამბობს იმის გამხელაზე, თუ რაზე იყო ის ლექსი. ყველა, ვინც ამ ლექსის შესახებ იცის, ეკითხება ხოლმე, მაგრამ ის სულ პასუხობს, რომ არ ახსოვს. “მხოლოდ ასე შემეძლო იმ საიდუმლოებით მოცული მოვლენის წინაშე პირისპირ დგომა, - თქვა მან ერთხელ,  - თუმცა მის სიკვდილს არ გავუნადგურებივარ; თითქოს ბუნებრივიც იყო რომ გარდაიცვალა. სიკვდილი ისეთი რამაა, რასაც ეჭვს ქვეშ ვერ დააყენებ, ვერც უარყოფ, ხოლო იმ ლექსს რაც შეეხება მის ჰალსტუხში რომ დავმალე, ის ალბათ ლოცვა იყო მის გასაცილებლად, ეხლა უკვე აღარ მახსოვს.” თუ არ ვცდები, სწორედ მამის გარდაცვალების შემდეგ გაქრა მისი ოთახიდან კომიქსების წიგნები. ამ დროისათვის, სინაგოგაში მოსმენილი ბიბილიური ისტორიებით მოხიბლული, ის სულ უფრო და უფრო მეტ დროს ატარებდა მათთან სტუმრად ჩამოსულ, ებრაულ სულიერებაში განსწავლულ ბაბუასთან ერთად დედის (მაშა კოენის, წარმოშობით რუსი, ბოჰემური ქალბატონის), მხრიდან. ესაია წინასწარმეტყველის წიგნმა ყველაზე დიდი გავლენა იქონია მასზე, - განთავისუფლდი ილუზიისგან, უარყავი უსამართლობა, გამორიცხე ტყუილი.         ესაია დღესაც ბევრია მის ლექსებში. როდესაც კოენზე ვფიქრობ, რატომღაც სულ მგონია, რომ სწორედ მაშინ ჩაისახა მასში ის განწყობა, რაც მან მოგვიანებით ლექსად აქცია, - “ბზარის გარეშე არაფერია. ასე შემოდის სინათლე ჩვენში.” სადღაც ევროპაში კი, ნათანის გარდაცვალების წელს, 19 აპრილს, ჰეინრიჰ ჰიმლერმა 2 000 ესესელი გააგზავნა ვარშავის გეტოს საბოლოოდ გასაწმენდად. იმ დროს ლეონარდ კოენი ცხრა წლის იყო.  

პირველად იყო ლორკა. მისმა ლექსებმა დაარწმუნეს კოენი, რომ მისი მოწოდება პოეზია იყო (მოგვიანებით, მადლიერების ნიშნად, კოენი თავის ქალიშვილს ლორკას დაარქმევს). რა თქმა უნდა, ამ დროისათვის, გასული საუკუნის ორმოცდაათიანებისათვის, ლექსების წერა უკვე დაწყებული ქონდა, მაგრამ სწორედ ლორკა დაეხმარა მას საკუთარი ხმის დაძებნაში. მერე კი იყო ერთი ახალგაზრდა ესპანელი გიტარისტი მონრეალის ერთ-ერთ სკვერში რომ უკრავდა ფლამენგოს გამვლელ-გამომვლელებისათვის. “გაკვეთილს თუ მომცემ?” – კითხა ერთხელ მის მოსასმენად შეჩერებულმა კოენმა. ის უკვე ცოტ-ცოტას უკრავდა გიტარაზე. თავისი ბენდიც კი ყავდა. აჟღარუნებდნენ ხოლმე. “რატომაც არა?” – უპასუხა გიტარისტმა. სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს კოენის სახლში. ამ სამი შეხვედრის განმავლობაში გიტარის სწორად აწყობა და ექვსი აკორდი ასწავლა იმ ესპანელმა, მერე კი, შემდეგი გაკვეთილის ჩასატარებლად, აღარ მოვიდა. კოენს მისი ტელეფონის ნომერი ქონდა ჩაწერილი. გადაურეკა და იკითხა გაკვეთილი რატომ გააცდინაო. ალბათ იმიტომ, რომ გუშინწინ თავი მოიკლაო, უპასუხეს. 2009 წელს, როდესაც ესპანეთის მეფემ ხუან-კარლოსმა საკუთარი ხელით გადასცა ლეონარდ კოენს პრინც ასტურიასის პრიზი, სამადლობელ სიტყვაში კოენმა თქვა ის, “რაც არასდროს არავისთვის უთქვამს,” – “არაფერი ვიცოდი იმ კაცზე. არ ვიცოდი ესპანეთის რომელი კუთხიდან იყო ის, რატომ ჩამოვიდა მონრეალში, რატომ უკრავდა იმ ბაღში და რატომ მოიკლა თავი, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, რომ ის ექვსი აკორდი, რაც მან მასწავლა ფუძეა ჩემი მუსიკის და ჩემი ყველა სიმღერის.” რა თქმა უნდა, იმ საღამოს კოენს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო, როდესაც სხვისმა სიკვდილმა რაღაც ღირებული დატოვა მასში, რაღაც ისეთი, რასაც ის დაეყრდნობოდა და განავითარებდა. ასეთ შანსს ხელიდან მხოლოდ ისინი უშვებენ, ვინც სიბნელის არსებობაზე არაფერი იციან. “წარმატება გადარჩენისთვის ბრძოლაა – წარმატება გადარჩენისთვის ბრძოლაა-წარმატება გადარჩენისთვის ბრძოლაა!” – იმეორებს ის დაუღალავად. დღემდე. 

“აი, ჩვენ დიდი და კეთილი გული გაჩუქეთ, მაგრამ ბევრ ღვინოს თუ შესვამ სამყაროს შეიძულებ. მთვარე შენი დაა, მაგრამ თუ ბევრ დასაძინებელ წამლებს მიიღებ, უბედური ქალებით იქნები გარშემორტყმული და ყოველთვის, როდესაც სიყვარულს ზედმეტად მიეძალები მეხსიერების თითო ფანტელს დაკარგავ!” როგორც კოენი ამბობს, ასე არიგებდნენ მშობლები და ნათესავები მას ახალგაზრდობაში. თითოეული ეს დარიგება სიბნელის შიშითაა გაჟღენთილი, მაგრამ ყველა ამ საფრთხეში შებიჯების აუცილებლობა თითქოს გარდაუვალი იყო მისთვის, საზრიანი, ლამაზი, ნიჭიერი, თავგადასავლებს მოწყურებული ახალგაზრდა კაცისთვის და ყველაფერი ეს, - რაც შეიძლება მეტი ქალი, რაც შეიძლება მეტი ახალი გემო და შეგრძნება, რაც შეიძლება მეტი მოგზაურობა, პოეზია, მუსიკა, ნიუ-იორკი, დილანი, ჯენის ჯოპლინი, ალენ გისნბერგი, ჯექ კერუაკი და ბითნიკები, ნარკოტიკები, სასიყვარულო ურთიერთობები მსოფლიოს ყველაზე სასურველ ქალებთან, ტაში, წარმატება, ღრმა დეპრესიის პერიოდები, - ამ ცდუნებებით თუ საშიშროებებით გადატვირთული მთელი ეს შვედური მაგიდა  სულ მალე დაიძრა კიდეც მისი მიმართულებით, როგორც ბირნემის ტყე მაკბეტისკენ. Mმანამდის კი იყო ის, რაც ყველა მისი ბიოგრაფიული მონაცემების საკუთრებაა დაწყებული “ვიკიპედიით” და დასრულებული “ბიო”-თი მის ინტერნეტ გვერდზე, - პირველი ფოლკ-ბენდი “ბაქსქინ ბოიზ,” პოეზიის კურსი კანადელ პოეტ ლუი დუდეკთან მაქგილის უნივერსიტეტში, ქოლამბიის უნივერსიტეტი ნიუ-იორკში, ისევ მონრეალი და ადგილობრივ პოეტურ წრეებში პირველი ლექსების კითხვა, მეგობრობის დასაწყისი ირვინ ლეიტონთან, კანადის ყველაზე მნიშვნელოვან პოეტთან (“ჯერ იყო ლეიტონი, მერე კი ყველა ჩვენ” – თქვა ერთხელ კოენმა ლეიტონზე, - მისი ჩახშობა ვერც ალცჰეიმერმა მოახერხა და ვერც სიკვდილმა!”), ლექსების პირველი კრებული, მერე მეორე კრებული, მერე კუნძული ჰიდრა საბერძნეთში და პირველი რომანი, მერე კი, 1967 წელს, უკვე ოცდათხუთმეტი წლის ასაკში, პირველი ალბომი, რომელმაც მოულოდნელი აღიარება მოუტანა მას. “კოენამდე იყო სიმღერა, - თქვა კოენისადმი მისასალმებელ სიტყვაში კანადის გენერალ-გუბერნატორმა ედრიანა კლარკსონმა 2006 წელს, - მისი მოსმენის შემდეგ კი არც ერთი სიმღერა არაა მისი სიმღერის მსგავსი. მან შეცვალა ყველა ჩვენთაგანის ცხოვრება თავისი სევდის სიღრმით და სიყვარულის მოცულობით. ის აღწევს შენს ტვინში, გულში, ფილტვებში და შენ მას იმახსოვრებ, შენ მას გრძნობ, შენ მას სუნთქავ!” როდესაც ამას უსმენ და უყურებ, შეუძლებელია არ გაიხსენო ის, რომ ადამიანს, ვისაც ამ სიტყვებით მიმართეს, არასდროს უფიქრია მუსიკის მეშვეობით სახელის მოხვეჭა. უბრალოდ, ერთხელ, როდესაც ის მიხვდა, რომ თავისი ლექსებით თავის შენახვა გაუჭირდებოდა და ნიუ-ორკში ყოფნისას საკუთარი თვალით ნახა თუ როგორ პატივისცემაში იყვნენ ბობ დილანი, ჯოან ბაეზი და სხვები, თავისი ლექსების ნაწილი სიმღერად აქცია და ერთ-ერთი მათგანი, ჯუდი კოლინზს, აგრეთვე არანაკლებ ცნობილ ფილკ-მომღერალს, ტელეფონში უმღერა. როდესაც კოენზე ვფიქრობ ხოლმე, ვხედავ მას თავის ოთახში, მონრეალში, ლოგინზე ჩამომჯდარს, ყურმილით ხელში, რომელშიც ნახევრად ღიღინით ნახევრად რეჩიტატივით, თითქმის ჩურჩულით მღერის აი ამას: “შუზანნე ტაკეს ყოუ დოწნ ტო ჰერ პლაცე ნეარ ტჰე რივერ/Yოუ ცან ჰეარ ტჰე ბოატს გო ბყ/Yოუ ცან სპენდ ტჰე ნიგჰტ ბესიდე ჰერ/Aნდ ყოუ კნოწ ტჰატ სჰე'ს ჰალფ ცრაზყ/Bუტ ტჰატ'ს წჰყ ყოუ წანტ ტო ბე ტჰერე...  “მე მინდა, რომ ეს სიმღერა ჩავწერო,” – დაუფიქრებლად მიახალა ჯუდი კოლინზმა. ამ სიტყვებმა ლეონარდ კოენი პოპ-კულტურის შუაგულში მოისროლეს, იქ, სადაც ციდან ოქროს მტვერი ცვივა, მაგრამ საიდანაც შეიძლება ცოცხალი ვეღარ დაბრუნდე. “დროდადრო ვგრძნობ ხოლმე სიკვდილის გემოს სიტკბოს” – ეწერა კოენის პირველივე ალბომის უკანა ყდაზე.  

“რომ ვიცოდე საიდან მოდიან კარგი სიმღერები, უფრო ხშირად შევეცდებოდი იმ ადგილზე მოხვედრას!” – ხშირად იმეორებს ხოლმე კოენი და ის არ თვალთმაქცობს. მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის მისი სიმღერები თვით ბობ დილან აქვს ნამღერი, ისევე როგორც ათეულობით ყველაზე სახელგანთქმულ ბენდს თუ მომღერალს დაწყებული ნიქ ქეივით და დასრულებული U2-თი, კოენის მუშაობის ტემპი ყოველთვის დაბალი იყო, პოეზიაშიც, პროზაშიც, მუსიკაშიც. “რამდენი ხანი მოანდომე “ალლელუიას” (კოენის ალბათ ყველაზე ცნობილი და ყველაზე შესრულებადი სიმღერა) დაწერას?”  - შეეკითხა ერთხელ ბობ დილანი კოენს. “ოთხი თუ ხუთი თვე!” – უპასუხა კოენმა. – “შენ რამდენი ხანი მოანდომე “მე და მე”-ს – კითხა კოენმა. “ოცი წუთი!” – მიუგო დილანმა. ასევე მუდამ დამფრთხალი იყო ის თავის ხმასთან მიმართებაში, რომელმაც წლების განმავლობაში უცნაური ცვლილება განიცადა, - რამოდენიმე რეგისტრით დაეშვა დაბლა. დღეს მისი “ოქროს ხმა” და სრულიად განუმეორებელი სიმღერის სტილი ისეთივე ადვილად საცნობია, როგორც “მერსედესის” ლოგო, მაგრამ ის ისევე ფრთხილად ექცევა მას, როგორც ადრე.K”ჩემი ხმა უკეთესი ხდება, როდესაც ის იმათ ხმებშია შეფუთული, ვინც სიმღერა იცის.” როგორც წესი “მაშველად” ქალის ხმებს იშველიებს ხოლმე. კიდევ ერთი მისი უცნაურობა თავისივე სიმღერებთან მიმართებაშია; მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსობა მხოლოდ ფინანსური მოსაზრების გამო გადაწყვიტა, ის იმდენად გულგრილი იყო თავის სიმღერებზე უფლებების მიმართ, რომ თვალსა და ხელს შუა ააწაპნეს იგივე “სიუზანზე” ყველა უფლება. კოენის რეაქცია? “მე ჩემივე სიმღერაზე უფლება წამართვეს – თქვა მან ერთ-ერთი კონცერტის დროს, სანამ “სიუზანის” სიმღერას დაიწყებდა, - და ძალიანაც კარგი ასე რომ მოხდა, რადგანაც უსამართლობა იქნებოდა ჩემივე დაწერილი სიმღერის მეშვეობით რომ გავმდიდრებულიყავი.” როდესაც მას სამოცდაათიანების დასაწყისში შეეკითხნენ მართლა აპირებდა თუ არა ის მუსიკისათვის თავის დანებებას, როგორც ამას ჭორები ავრცელებდნენ, მან მიუგო: “რას უნდა დავანებო თავი? რომელ მუსიკოსობაზეა ლაპარაკი?” გაუგებარია როდის თვალთმაქცობდა და როდის ამბობდა სიმართლეს კოენი, მაგრამ აი ეს, თითქოს დამფრთხალი კაცი, დაწყებული სამოციანებიდან, ბედავდა კუბაში წასვლას “ღორების ყურეში” კონფლიქტის დროს, ბედავდა ჯიმი ჰენდრიქსის შემდეგ სცენაზე გამოსვლას და დარბაზიდან კაციშვილი არ ადგამდა ფეხს, ის ბედავდა მიეხალა “ზიგ ჰაილ” გერმანელი მაყურებლისთვის, ის ბედავდა სცენაზე ცხენით შესვლას, ის ბედავდა ნიუ-იორკის მაგივრად ოსლოში, ნეშვილში და საბერძნეთში, კუნძულ ჰიდრაზე ცხოვრებას, ის ბედავდა სულიერებაზე ლაპარაკს ისე, არც ერთ როკ-ვარსკვლავს რომ არ დასიზმრებია, დილანის და ლენონის ჩათვლით, ის ბედავდა შუა კონცერტის დროს სცენის დატოვებას, მაგრამ მას რატომღაც პატიობდნენ ამას, ის ბედავდა ჰიპების, “შავი პანტერების” და ყველა სხვა დაჯგუფებების ათვალწუნებას, ის ბედავდა ადამიანის გულის ისეთ სიღრმეებში ჩასვლას, სადაც სინათლე ვერ აღწევდა, ის ბედავდა დაეწერა სიმღერა იმაზე, თუ როგორ ასიამოვნა ორალურად ჯანის ჯოპლინმა ოტელ “ჩელსის” ნომერში (ეს ერთAდერთია, რასაც კოენი დღემდე ნანობს), ის ბედავდა ყველაზე პოლიტიკურ სიტუაციებში პოლიტიკის უარყოფას, ის ბედავდა შვილების ყოლას ქალისგან, ვინც მისი ცოლი არ იყო, ის ბედავდა გრძელვადიან რომანებს ჯონი მიტჩელთან, ნიკოსთან და რებეკა დე მორნეისთან. “ლეონარდის გვერდზე ხვდები შენი, როგორც ქალის ძალას!” – თქვა მასზე ერთხელ ერთმა ქალმა.” ბევრად, ძალიან ბევრად გვიან ის ასე შეეცადა აეხსნა ყველაფერი: “ბჰაგავატგიტაში” “ერთი დიდებული ეპიზოდია– არჯუნა თავის ეტლში დგას და ბრძოლის ველს გადაყურებს. მისი ყველა ეტლი საბრძოლო მზადყოფნაში მოსული. მის პირდაპირ მოწინააღმდეგის ჯარია გაშლილი და ის ხედავს, რომ მათ რიგებში ყველა ის ადამიანია, ვინც მას უყვარს, არა მარტო მისი ბიძები და სხვა ნათესავები, არამედ მისი გურუც. მერე კი ის ხედავს კრიშნას, რომელიც მას ეუბნება, - “შენ ვერასდროს გაერკვევი იმაში, თუ რა გარემოებებმა მოგიყვანეს ამ წუთამდე; შენ მეომარი ხარ, ამიტომაც წადი და იბრძოლე. ისინი ყველანი მკვდრები არიან, ისევე როგორც შენ. ეს მხოლოდ თამაშია. ასეთია ჩემი ნება და შენ იმ რეალობაში არსებობ, რომელიც მე განვსაზღვრე შენთვის და რომელშიც თვითონვე არ შემოგიგდია შენივე თავი. ამიტომაც, მიდი მეომარო, შეხვდი შენ ბედს და შეასრულე შენი ვალი.”          
     
“მონრეალში Mმჭიდრო პოეტური წრე არსებობდა. ამ წრის უფროსი წევრები ირვინ ლეიტონი, ლუი დუდეკი და ფრენქ სქარი იყვნენ. ისინი ძალიან კარგად მექცეოდნენ. ჩვენ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს არაფორმალურ გარემოში, კაფეში ან ვიღაცის სახლში, სადმე, სადაც სასმელიც იყო და საჭმელიც, ერთმანეთს ლექსებს ვუკითხავდით, მერე კი დეტალურად ვარჩევდით  წაკითხულს. გვინდოდა კარგი მწერლები, კარგი პოეტები, დიდი პოეტები გამოვსულიყავით. გვეგონა რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა მსოფლიოში. შელის ნათქვამი აქვს, რომ პოეტები სამყაროს არაღიარებული დამკანონებლები არიანო. გულუბრყვილო განცხადებაა, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს ასეა. გვეგონა, რომ რასაც ვაკეთებდით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იქნებ იყო კიდეც, ვინ იცის?” თუ გაგიმართლა და საკუთარი ნიჭის დიაპაზონი ადრევე შეიგრძენი, ეს აღმოჩენა, და ამ ფაქტის სიღრმისეულად გააზრება, ბევრი უმიზნო ნაბიჯისგან გიხსნის. გიხსნის ქაოტური, არაეფექტური “ექსპერიმენტებისგან,” საკუთარი ეგოს შემოტევებისგან, უსაფუძვლო ილუზიებისგან. სწორედ ეს იყო რაც ლეონარდ კოენმა ისწავლა მასზე ბევრად უფროსი და გამოცდილი დუდეკისგან და ლეიტონისგან, ნამდვილი პოეტებისგან, კანადაში ცხოვრებისას. ის მიხვდა, რომ თუ შენში თუნდაც სულ უმნიშვნელო წყარო აღმოაჩინე, სხვაგან ახალი ადგილის ძებნას აზრი აღარ აქვს. ყველაზე მთავარი აი აქ, ამ ჯერ კიდევ სუსტ ნაკადულთან იწყება და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული რამდენად მძლავრი გახდება ის. შეიძლება სწორედ ამ მომძლავრებული ნაკადის ძალა იგრძნეს ალენ გინსბერგმა და ჯექ კერუაკმა მასში უკვე ნიუ-იორკში ჩასვლის შემდეგ, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ კოენი მათთვის “ზედმეტად ბურჟუა” იყო, პატივისცემა მათგან არ მოკლებია, ისევე, როგოც ჯიმი ჰენდრიქსისგან, ბობ დილანისგან, ჯონი მითჩელისგან, ენდი უორჰოლისგან და ყველა დანარჩენისგან. რა თქმა უნდა, მათ ადვილად შეეძლოთ კეონის მუსიკალური მონაცემების უგულველყოფა, - ინსტრუმენტალისტისთვის ზედმეტად შეზღუდული ვოკაბული, პოპ-ვარსკვლავისათვის, და საერთოდ, იმდროინდელი ნიუ-იორკისათვის, შეუფერებელი თავდაუჯერებლობა (ბოლოსდაბოლოს კოენი ხომ ის კაცი იყო, ვინც სცენიდან გაიქცა თავისი პირველივე კონცერტის დროს!),  - მაგრამ ვერავინ მოახერხებდა მისი სიტყვების პირისპირ გულგილად დგომას. “მსმენია კაცზე, ვინც ისე ლამაზად წარმოთქვამს სიტყვებს,/ რომ მხოლოდ სახელიც საკმარისა ყველა ქალი მისი რომ გახდეს./ სწორედ ამიტომ, მე თუ მუნჯივით ვწევარ შენს გვერდზე,/ სანამ დუმილი სიმსივნესავით ედება ჩვენს ტუჩებს,/ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მესმის, თუ როგორ ამოდის ის კაცი კიბეზე,/ მერე კი, ჩვენ კარს მიღმა მდგომი, ერთს ჩაახველებს./ ეს მისი პირველი ლექსების კრებულის პირველივე ლექსი იყო და კოენი სწორედ იმ ხმადქცეული უხილავი კაცივით, ვინც ასე ჩამოგავს დევიდ ლინჩის საიდუმლოებით მოცულ პერსონაჟებს, მიუახლოვად პოპ-კულტურის კარს. შესვლამდე მან ერთი ჩაახველა და მისი ლეგენდაც აქედან იწყება. დღეს, კუნძულ ჰიდრაზე, საბერძნეთში, სადაც კოენმა თავისი საუკეთესო წლები გაატარა ახალგაზრდობაში და სახლიც კი იყიდა იქ, უძრავი ქონების შესყიდვა-გაყიდვის აგენტები ასე იწყებენ საუბარს თავის კლიენტებთან: “გახდით ლეონარდ კოენის მეზობელი კუნძულ ჰიდრაზე!” “ის ნახევრად მგელია და ნახევრად ადამიანი!” – თქვა მასზე ანჟელიკა ჰიუსტონმა. 

სიტყვა “ჯიკანი” იაპონურიდან დუმილს ნიშნავს. ზოგი განმარტებით ის “უბრალო,” “ჩვეულებრივი” დუმილია, მაგრამ კიოსან ჯოშუ სასაკი ან როგორც ის თავისი მოწაფეებისათვისაა ცნობილი, როში, ლეონარდ კოენის მასწავლებელი ძენ-ბუდისტურ მონასტერში ბოლდის მთაზე, ჩვეულებრივ სიჩუმეს არ გულისხმობდა, როდესაც კოენს ბუდისტური სახელი ჯიკანი შეარქვა. “ორ აზრს შორის ჩამომდგარი სიჩუმე,” - აი ამ სიტყვის უფრო ზუსტი თარგმანი. როშიმ ინგლისური კარგად არ იცოდა, არც კოენზე იცოდა ბევრი რამ, მაგრამ თითქოს ინტუიციით მიხვდა, რომ მისი ახალი მოსწავლის ცხოვრებაში ორ სიცოცხლეს შორის ჩამომდგარი სიჩუმე იდგა. პირველზე ყველამ ყველაფერი იცოდა,  - ის სწავლობდა რელიგიურ ტექსტებს, საიენტოლოგიას, ქრისტიანობას, ინდუიზმს და ცეკვავდა კრიშნაიტებთან ერთად, რომ არაფერი ვთქვათ ყველაფერ დანარჩენზე, 9 ალბომზე, 2 რომანზე, 9 პოეტურ კრებულზე, უამრავ პრიზზე, უამრავ ქალზე, სასმელზე და ნარკოტიკზე. მიუხედავად ამისა მისი სიმღერები სულ უფრო და უფრო ცინიკური და სევდიანი ხდებოდა, მაგრამ მაინც იყიდებოდა იმ უცნაური, მოუხელთებელი სილამაზის გამო, რაც მის სიტყვებში ისმოდა. მისი ლექსები თითქოს საკუთარ თავთან შეხვედრის ადგილები იყო. Mმისი ბენდის წევრები ხუმრობით “კაპიტან მანდრაქსს,” ტრანკვილიზატორია ასეთი,  ეძახდნენ, ჟურნალისტები “პესიმიზმის პოეტ-ლაურეატს” უწოდებდნენ ირვინ ლეიტონი კი “თვითმოძულე ნარცისს,” კურტ კობეინმა თვითმკვლელობამდე რამოდენიმე ხნით ადრე ინატრა სიკვდილის შემდეგ მინდა, რომ მხოლოდ კოენის სიმღერებს ვუსმენდეო,  მისი პროდუსერი კი ხუმრობით ამბობდა ლეონარდის ყველა დისკს თითო სამართლებელი მაინც უნდა მოყვებოდესო. მთელი ეს სევდა კი, კოენს მხოლოდ მისთვის გახსნილი სიღრმეებიდან ამოქონდა, იქედან, სადაც როგორც მას ეგონა, კარს მიღმა სულ სხვა ვინმე იდგა. “ჩვენ დიდი გაუგებრობის ეპოქაში ვცხოვრობთ, - აღნიშნა მან ერთ-ერთ ინტერვიუში. – ვერც ლიტერატურა და ვერც მუსიკა ვერ მოახერხებს ამ კრიზისის სიღრმის წარმოდგენას. მგონია, რომ დამანგრეველი ბიბილიური წარღვნის მოწმე ვარ. ყველა საკუთარი თავის გადასარჩენად იღწვის... იმ მდინარეში, რომელიც სულ უფრო და უფრო დიდდება და რომელიც საბოლოოდ წყლით დაფარავს ყველა ჩვენ ორიენტირს და ყველაფერს, რაც გაგვაჩნია. ასეთ პირობებში ადამიანები მაინც ჯიუტად იმეორებენ, რომ “მემარცხენეები” ან “მემარჯვენეები” არიან. გულახდილად რომ გითრათ, ჩემთვის ყველანი ისინი შეშლილები არიან!” კოენმა როში ჯერ კიდევ 1973 წელს გაიცნო და რამოდენიმე ხნის შემდეგ პირველად ესტუმრა ბუდისტურ მონასტერს ბოლდის მთაზე, კალიფორნიაში, მაგრამ იქაურ მკაცრ შიდაგანაწესს ვერ გაუძლო, თანაც ზამთარი იყო, და იქაურობას გაეცალა. გაეცალა, თუმცა ჯოში თავიდან ვეღარ ამოიგდო. ასე დაიწყო ორი ადამიანის სამუდამო მეგობრობა. “იყო როშიში რაღაც ისეთი რაც გულში ჩამივარდა. – თქვა ერთხელ კოენმა, - ის რომ ჰეიდელბერგში ფიზიკის პროფესორი ყოფილიყო, გერმანულს ვისწავლიდი და ჰეიდელბერგში გადავსახლდებოდი მასთან, რადგანაც ვგრძნობდი, რომ როშის თითქოს რაღაცის თქმა თუ ჩვენება უნდოდა ჩემთვის... ჩვენი პირველი შეხვედრის დროს მან ეს მითხრა: “მე არ ვარ იაპონელი და შენ არ ხარ ებრაელი! როში არაა ძენ-ბუდისტი ბერი და ლეონარდი არაა მისი მოწაფე!” ასე გახდა ის ჩემი ცხოვრების ნაწილი და ძალიან კარგი მეგობარი, ვისაც კარგად ესმის რაა მეგობრობა და ვისაც სულაც არ აინტერესებს თუ ვინ ვიყავი მე. ბოლომდე დღესაც არ მესმის ის, თუ რაზე მმოძღვრავდა ის, მაგრამ დროდადრო რატომღაც ძაღლებთან ერთად დავიწყე ყეფა და ზამბახებთან ერთად წელში მოხრა.” ბოლდის მთაზე ის გადასაკარგავად კი არ ავიდა, არამედ თავის გადასარჩენად. “თვითმკვლელობა ჩემი სტილი არაა!” – უპასუხა მან ერთ სულელურ შეკითხვაზე ვიღაც ჟურნალისტს. 

საბოლოო გადაწყვეტილება ბუდისტურ მონასტერში დარჩენაზე კოენმა თავისი ყველაზე წარმატებული 1993 წლის ტურნეს შემდეგ მიიღო. ამ დროს მას უკვე ორი ზრდასრული შვილი ყავდა. “ყოველთვის მიზიდავდა სამხედროები, მონასტრები, რიტუალები, წესრიგი... სიტუაციები, სადაც ცხოვრება სტრუქტურულად გამჭვირვალე და მოწესრიგებულია, მაგალითად როგორს ეს ძენ-ბუდისტურ მონასტრებშია.”  6 500 მეტრის სიმაღლეზე ის ბევრი და მძიმე ბარგით ავიდა, - თავისი შიშებით, ეჭვებით, ზიზღით, ყველაფერი იმით, რაც მას სიბნელისაკენ ექაჩებოდა, ხოლო ის, რაც მას ზემოთ ექაჩებოდა მხოლოდ როში იყო. “ლეონარდ კოენი ვერ იარსებებს როში გარეშე, - თქვა მან. – როში ყველაფერს იღებს, რაც მასთან მიმაქვს, - ჩემ ეგოიზმს, სიბრაზეს, ამბიციებს, ცოდვებს.” ზოგჯერ მგონია, რომ მისთვის ეს იყო უკანასკნელი ბრძოლა საკუთარი თავის წინააღმდეგ, საკუთარი თავის დასაბრუნებლად, თუმცა თუ მას დავუჯერებთ ის ძალიან შორს იდგა ასეთი პათეტიური ხედვისგან. მას უბრალოდ ფოკუსის არსებობა ესაჭიროებოდა და ბუდისტური მონასტერი მართლაც რომ კარგი ადგილი იყო ამისთვის. “ჩინური ლესების კითხვა ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყე. ლი ბოს და დუ ფუს ლექსები ხშირადაა დასახლებული განდეგილი პერსონაჟებით, მაგრალითად მდინარის პირას ჩამომჯდარი ბერებით. ამ ლექსებში სიღრმისეულად ვგრძნობდი განმარტოების და პირადული ურთიერთობების ღრმა მნიშვნელობას; მეგობრობის, სიყვარულის, არა ქალსა და კაცს შორის გაჩენილი მგრძნობიარე ან ეროტიკული სიყვარულის, არამედ ლტოლვა იქეთკენ, რომ განგეცადა და შენთვის აგეხსნა მეგობრობა, ვინმეს დაკარგვის ფაქტი და განშორების შედეგები. Aამ ლექსებმა ნამდვილად ღრმად იმოქმედეს ჩემზე და ოცდაათი წლის შემდეგ სრულიად ბუნებრად აღვიქვი ის ფაქტი, რომ მანტიაში შევიმოსე, თავი გადავიპარსე და მედიტაციის დარბაზში ფეხმორთხმული დავჯექი.” მეორეს მხრივ, მას ძალიან კარგად ახსოვდა იქ ყოფნის პირველი გამოცდილება. მართალია, 1993 წლამდე ის პერიოდულად ადიოდა ბოლდის მთაზე როშის მოსანახულებლად და თითქოს ოდნავ მიეჩვია კიდეც იქაურობას, მაინც, დიდი ხნით იქ დარჩენა საკმაოდ რთული რამ იყო მისთვის. ბოლდის მთაზე დილის სამის ნახევარზე დგებიან და მთელი დღე შრომობენ, პლუს ძენდოში, სამედიტაციო პავილიონში გატარებული დრო. ძენდოში ბერები ერთად მედიტირებენ. მხოლოდ მთავარი ბერი დადის აქეთ-იქეთ და თუ ვინმეს ჩაეძინა ორივე მხარზე ბამბუკის ჯოხის ძლიერი დარტყმით აღვიძებს ჩაძინებულს. კოენმა ამ ხმას ზუსტად ექვსი წლის განმავლობაში უსმინამ 1999 წლამდე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის როშის პირადი ასისტენტი იყო, -  “ჯიკან, ჩანთა დამრჩა!” “ჯიკან, მანქანა გაამზადე, ლექციაზე მივდივართ!” “ჯიკან, სადილად რა გვაქვს?” მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული პოეტი და მუსიკოსი სხვის სამსახურში დგომას სწავლობდა და ამ მსახურებით უფრო მეტს სწავლობდა საკუთარ შესაძლებლობებზე. “მედიტაცია არ გეხმარება იმაში, რომ კარი ადამიანი გახდე, მაგრამ ის ჩემთვის ცნობილი ყველაზე ეფექტური გზაა იმ ადგილზე მისასვლელად, სადაც მე მინდოდა მისვლა.” – თქვა კოენმა. – მედიტაციაში ჯდომისას შენს თვალწინ ჩაივლის შენი ათი ყველაზე სასურველი სექსუალური ფანტაზია, პატივმოყვარული ფანტაზია,  გლობალური აღიარების ფანტაზია, შურისძიების ფანტაზია და თითოეულ მათგანში შერბიხარ მანამ, სანამ ყველაფერი ეს სიკვდილივით მოსაწყენი არ ხდება შენთვის. მერე კი ეს ყველაფერი ქრება და ხვდები, რომ ისინი შენი ძირითადი ინტერესიდან ყურადღების გადამტანი ქიმერები იყვნენ. ეს სწორედ ისაა, რასაც სოკრატე გულისხმობდა ფრაზაში, - “შეიცან თავი შენი!” 

სასაკი როში ჭკვიანი კაცია. ის თავიდანვე მიხვდა, რომ  მისი მეგობარი და მოწაფე ბოლდის მთაზე სამუდამოდ არ დარჩებოდა. ამისთვის ის ძალიან სახელგანთქმული და ძალიან მნიშვნელოვანი არტისტი იყო. არც კოენს უთქვამს როდესმე რამე იქ დარჩენაზე; უბრალოდ ავიდა, რამოდენიმე წლით დარჩა მონასტერში და არაფრით განსხვავდებოდა დანარჩენი ბერებისაგან თუ არ ჩავთვლით პერიოდულად მასთან სასაუბროდ ასულ ჟურნალისტებს (“იჯექი წყნარად და უფლება მიეცი გაგსინჯონ! – ხუმრობდა ის) და ერთ, მხოლოდ მისთვის დაშვებულ გამონაკლისს, - როშიმ კოენს კელიაში სინთეზატორის დატოვების უფლება მისცა, რათა მას სიმღერებზე მუშაობის საშუალება ქონოდა. სხვა მხრივ, მონასტრის განრიგი ზუსტად ისე ეხებოდა მას, როგორც სხვებს, ის ყველასთან ერთად მუშაობდა ბოსტანში თუ ბაღში და სხვების მსგავსად იღებდა მტკივნეულ დარტყმებს მხარზე იმ შემთხვევაში, თუ მედიტაციის დროს ჩაეძინებოდა. კოენი ყოველ დილით, ექვსი წლის განმავლობაში, ხატავდა საკუთარ ავტოპორტრეტს; ის არც ერთ მათგანზე არ იღიმება. მთელი ამ ხნის განმავლობაში კოენმა უამრავი ბლოკნოტი გაავსო ჩანაწერებით, ერთ დღეს კი, როდესაც როშიმ უბრალო თავის დაკვრით მიახვედრა შენი სწავლების პერიოდი დასრულდაო, კოენმა ბოლდის მთა დატოვა. “მე მთიდან ჩამოვედი მრავალი წლის სწავლების და მკაცრი ვარჯიშის შემდეგ. ჩემი მანტია იმ ხუხულაში დავტოვე, სადაც ასე დიდხანს ვიჯექი და ასე ცოტა მეძინა. ბოლოს და ბოლოს მე მივხვდი იმას, რომ სულიერებაში უნიჭო ვარ. “გმადლობთ საყვარელო!” – მომესმა ჩემივე გულის ხმა, როდესაც მანქანების ნაკადში შევაბიჯე სანტა-მონიკაში. ვიღაც-ვიღაცეები ბრაზიანად მეკითხებიან მარადიულ რეალობაზე. ვფიქრობ, მათ არ მოწონთ ბებერი ჯიკანი სიგარეტს რომ ეწევა.”  მერე კი, აი ამ ლექსით შეაჯამა თავისი ექვსწლიანი გამოცდილება: გზა გრძელია./ცა უსაზღვრო./ჩემი გული,/როგორც იქნა/უსახლკარო. მისმა დაბრუნებამ მთელი მუსიკის სამყარო დააყენა ფეხზე. ეს ინტერესი კიდევ უფრო გაღრმავდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ კოენის მენეჯერმა ცხრა მილიონი მოპარა ბუდისტურ მონასტერში წასულ მუსიკოსს, მთელი მისი ქონება. კოენმა ისეთი გრაციოზულობით გადაიტანა ეს დარტყმა, რომ მისდამი ისედაც დიდი პატივისცემა კიდევ უფრო გაღრმავდა. ახალი მილენიუმის დაწყებიდან დღემდე კოენმა ლექსების კიდევ ორი კრებული და სამი ალბომი ჩაწერა, მოგვიანებით კი სამოცდაათს გადაცილებულმა,   ფულის დასაბრუნებელ ტურნეში წავიდა და ისეთი ღირსებით გაიარა 200 კონცერტიანი მარათონი, რომ  როდესაც ერთხელ სევილიაში სცენაზე გული წაუვიდა ბრიტანულმა გაზეთმა შურით აღნიშნა ამ კაცს გულიც ეშხიანად მისდისო. “ლეონარდს მინდა მივმართო./ ის სპორტსმენია და მწყემსი;/ნაბიჭვარია ზარმაცი,/კოსტუმსაც აღარ იხდის!/ - ამ სიტყვებით იხსნება მისი ბოლო ალბომი “ძველი იდეები,” რომელიც 2012 წლის იანვარში გამოვიდა და სავარაუდოდ წლის საუკეთესო ალბომების რიცხვში მოხვდება. ამავე ალბომში არის სიმღერა, - “სიბნელე,” – რომელიც ასე იწყება: “სიბნელეს ჩავავლე,/შენი ჭიქიდან რომ სვამდა./”გადამდებია?” – ვიკითხე./უბრალოდ მითხრა, “დაცალე!/ სულ რამოდენიმე ხნით ადრე ის ბოლდის მთაზე დაბრუნდა მეგობრის და მასწავლებლის მოსანახულებლად. ოთახში ისევ ორნი ისხდნენ და კონიაკს წრუპავდნენ, ბუდისტი ბერი და კანადელი პოეტი-მომღერალი. რაღაც მომენტში ბერმა ჭიქა ჭიქაზე მიუჯახუნა პოეტს და უთხრა: “მაპატიე აქამდე რომ ცოცხალი ვარ!” “მეც მაპატიე!” – უპასუხა პოეტმა. კიოსან ჯოშუ სასაკი როში 102 წლისაა. ლეონარდ კოენს წელს 78 შეუსრულდება.   

ლონდონი. 2008 წელი. O2 არენა. ლეონარდ კოენი თავის ბენდთან ერთად სცენაზე დგას. ლამის ყოველი სიმღერის შემდეგ, ყველა ფეხზე დგება. ვიღაც-ვიღაცეები თვალცრემლიანი უკრავენ ტაშს. ყოველი სიმღერის შემდეგ კოენი შლაპას იხდის თავიდა, მკერდზე იდებს და ოდნავ იხრება წელში. ის 74 წლისაა და საოცრად კარგად გამოიყურება.  “მეგობრებო, - ამბობს ის ერთ-ერთი სიმღერის ფინალში, სანამ მისი სამი ბექ-ვოკალისტი ქალი ხმადაბლა კრუტუნებს განმეორებად შუბი-დუბი-დუ, შუბი-დუბი-დუ – დღეს, სანამ თქვენთვის ვმღეროდი, ძალიან მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ საიდუმლოს ჩავწვდი და ისეთ მნიშვნელოვან პასუხს გადავაწყდი, რომ არ შემიძლია თქვენ რომ დაგიმალოთ ჩემი აღმოჩენა. გინდათ ეს პასუხი რომ მოისმინოთ?” – დარბაზი ლამის ინგრევა გუგუნით. შუბი-დუბი-დუ, შუბი-დუბი-დუ. – აგრძელებენ ქალები. “ნამდვილად ძალიან გინდათ ამ პასუხის მოსმენა?” –კიდევ ერთხელ ეკითხება ის იქ შეკრებილებს. დარბაზი კიდევ უფრო ხმამაღალი გუგუნით პასუხობს. – “ვხვდები, რომ თქვენ სწორედ ის ადამიანები ხართ, ვინც ამ პასუხს იმსახურებს!” – აგრძელებს ის. – მაშ ასე, ჩემი პასუხი მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ საიდუმლოზე აი ესაა, - და მერე წყნარად, ძალიან წყნარად ამბობს თავისი დაბალი, ღრმა,  ბარიტონით - “შუბი-დუბი-დუ, შუბი-დუბი-დუ!” 

(C) "ცხელი შოკოლადი"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^