სტატია 24 ივლისს გამოქვეყნდა ლონდონში ინტერნეტ-ჟურნალში “OpenDemocracy”. გთავაზობთ ავტორის მიერ მოწოდებულ ქართულ ვერსიას.
2011 წლის შემოდგომაზე ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ოპოზიციაში წასულიყო და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის არადემოკრატიულ რეჟიმს დაპირისპირებოდა. საქართველოს მმართველმა პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ ივანიშვილი იმთავითვე შერაცხა “კრემლის პროექტად”. ასეთი ბრალდება კი საქართველოში ძალზე მძიმედ აღიქმება.
ამგვარი ბრალდება ისტორიულ კონტექსტში უნდა იყოს განხილული. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 20 წლის წინ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქართველები ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდნენ პოლიტიკურ ლიდერებს და ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რამდენათ სიმპათიურები იყვნენ ისინი კრემლისათვის. ამის საფუძველზე საქართველოს პირველი ორი პრეზიდენტი განსხვავებულად აღიქმებოდა.
საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ოპოზიცია ახსენებდა იმას, რომ 1970-იან წლებში “კგბ”-ს ზეწოლის ქვეშ მან “მოინანია ანტისაბჭოთა საქმიანობა”. თუმცა, სწორედ მისი პრეზიდენტობისას, არა უბრალოდ დაიძაბა, არამედ არსებითად გაფუჭდა ურთიერთობა რუსეთთან.
მეორე პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს აკრიტიკებდნენ, რომ მან ზვიად გამსახურდიას მთავრობა დაამხო რუსეთის მხარდაჭერით, და მათივე დახმარებით შეინარჩუნა ძალაუფლება, როცა გამსახურდიას შეიარაღებული ძალები ცდილობდნენ კანონიერი ხელისუფლების აღდგენას. იმავდროულად, ედუარდ შევარდნაძეს მოსკოვის რეტროგრადიული ძალები არასოდეს პატიობდნენ იმ წვლილს, რომელიც მან საბჭოთა კავშირის დაშლაში შეიტანა.
გამძაფრებულ დამოკიდებულება იმასთან, თუ რომელი პოლიტიკური ლიდერი იმსახურებს კრემლის სიმპათიას, სულაც არ არის გასაკვირი, თუკი გათვალისწინებთ, რომ თითქმის 200 წლის განმავლობაში საქართველო იყო ჯერ მეფის რუსეთის, შემდეგ კი საბჭოთა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. აქედან გამომდინარე ქართველებისათვის (სავარაუდოდ, ზოგიერთი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნის მოქალაქეთათვისაც) დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და დღემდე აქვს იმას, რომ ქვეყნის ლიდერი არ იყოს “კრემლის პროექტი”. სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნასაც, რომ არცთუ იშვიათად ქართველებისათვის კრემლის გეგმების მხილება ზედმეტად გამწვავებულიც კი არის, რის გამოც საქმე არა იმდენად “კრემლის მზაკვრულ გეგმებთან” არამედ, მის ფანტომთან უფრო გვაქვს.
ქართველ პოლიტიკოსებზე კრემლის ზეგავლენის საკითხი არამარტო თავად ქართველებს აწუხებს, არამედ საქართველოთი და აქ მიმდინარე პროცესებით დაინტერესებულ უცხოელებსაც აღელვებს. როგორც მოსალოდნელი იყო მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისტულ მანქანას ზოგიერთი უცხოელიც აჰყვა და აიტაცა ბიძინა ივანიშვილი კრემლის პროექტად შერაცხვის ჭორი, თუმცა უფრო გონიერი და საქართველოს შიგა საკითხებში უკეთ ჩახედული უცხოელი ექსპერტები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკითხზე უფრო ფრთხილნი არიან და სააკაშვილის ტრადიციულ პროპაგანდას საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდნენ.
არის თუ არა ბარაკ ობამა (ან ნიკოლა სარკოზი) კრემლის პროექტი?
ბარაკ ობამა არის რუსეთთან აშშ-ის ურთიერთობის “გადატვირთვის” იდეის ავტორი, რაც გათვლილი იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. პოსტსაბჭოთა კონტექსტში კითხვა აშშ-ის პრეზიდენტი იყო თუ არა “კრემლის პროექტი” სულაც არ არის მოკლებული საფუძველს.
დღეს, როცა ბატონ ობამას პირველი საპრეზიდენტო ვადა იწურება, ნათელი გახდა, რომ “გადატვირთვის” იდეამ ვერ იმუშავა. ზოგიერთი ექსპერტი იმასაც იძახის, რომ იმუშავა საწინააღმდეგო მიმართულებით – ხელი შეუწყო მოსკოვის არარეალისტური გეოპოლიტიკური ამბიციების ზრდას. კერძოდ, მოსკოვმა ვაშინგტონს ეს ინიციატივა სისუსტეში ჩაუთვალა და კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ანტიდასავლური პოლიტიკა, რაც დიდი ალბათობით მოსალოდნელი იყო კიდეც, თუ კი მხედველობაში მივიღებთ ვლადიმერ პუტინის ანტიდასავლურ ქმედებებს.
რა თქმა უნდა, ბარაკ ობამას “გადატვირთვის” იდეა არ არის კრემლის მიმართ სიმპათიის მაჩვენებელი, თუმცა ეს იდეა მისი და მისი გუნდის გულუბრყვილობაზე უფრო მიუთითებს.
ნიკოლა სარკოზიც იმავე სტილში არის “კრემლის პროექტად” ეჭვმიტანილი ზოგიერთების მიერ საქართველოში. საფრანგეთი იყო ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა 2008 წლის მეორე ნახევარში, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი შეეცადა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შეჩერებასა და გამოსავლის მოძებნას. მან მიაღწია კიდეც გარკვეულ შეთანხმებას დაპირისპირებულ მხარეებს შორის, თუმცა ამ შეთანხმების სრულად შესრულება მოსკოვის მხრიდან (კერძოდ, რუსი სამხედროების გაყვანა კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ საზღვრებამდე) ვერ მოახერხა. უფრო მეტიც ამ შეთანხმების საწინაარმდეგოდ მოსკოვმა ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახემწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. სამწუხაროდ, საფრანგეთის პრეზიდენტი ამ საკითხშიც პასიურ პოზიციაში აღმოჩნდა. ყოველივე ამის შემდეგ, ნიკოლა სარკოზიმ მოსკოვს ვერტმფრენმზიდი “მისტრალი” მიჰყიდა. ხომ შესაძლოა, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც შეფასებულ იქნეს, როგორც კრემლის მიმართ სიმპათიის მქონე.
ის, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები ცდილობენ მოსკოვთან ურთიერთობის დალაგებასა და გაუმჯობესებას, არის თუ არა საკმარისი პირობა იმისა, რომ ეს ლიდერები კრემლის პროექტებად იქნენ შეფასებულნი? აშკარაა, რომ პრობლემა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს ზედაპირულად ჩანს. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ფაქტებით მსჯელობა.
ზღვარი რეალობასა და ფანაზიას შორის?
რა საფუძველი აქვს მიხელ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულონ კრემლის პროექტობაში? ერთადერთი არგუმენტი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მილიარდერი რუსეთში გახდა და რომ მისი ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთში იყო განთავსებული.
განსაკუთრებით კრიტიკულად იქნა შეფასებული ბ-ნი ივანიშვილის ერთპროცენტიანი წილი რუსეთის ენერგო გიგანტ “გაზპრომში”. მართალია, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ამის შესახებ არა მარტო არ წუხდნენ, არამედ სიამოვნებით იღებდნენ რუსეთში ნაშოვნი ფულით გამდიდრებული ბიზნესმენიდან სხვადასხვა შემოწირულობებს, რომელთა ხარჯზეც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოში არაერთი პროექტი განხორციელდა, თანაც ხან საქართველოს მთავრობის, ხანაც პარტია “ნაციონალური მოძრაობის” სახელით. მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაში წასვლა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ის კრემლის პროექტად შერაცხულიყო, და თუ ამ ნაბიჯის გადადგმამდე ივანიშვილის ფულით მხოლოდ პატრიოტული საქმეები კეთდებოდა, ოპოზინიონერი მილიარდერი უკვე ფულს მოსკოვის ინტერესების სასარგებლოდ ხარჯავს თურმე.
მსგავსი არგუმენტები შეიძლება თავად მიხეილ სააკაშვილის წინააღმეგაც შეტრიალდეს. რამდენად თავისუფალია თავად მიხეილ სააკაშვილი კრემლის პროექტად შერაცხვის ბრალდებიდან? ფაქტები, სამწუხაროდ მის სასარგებლოდ არ მეტყველებს. მიხეილ სააკასვილისადმი დაპირისპირებული პოლიტიკოსები ხშირად იხსენებენ, რომ 1989-1900 წლებში საქართველოს მომავალი პრეზიდენტი მსახურობდა სსრკ-ის “კგბ-”ს სასაზღვრო ჯარებში და ამით ხაზს უსვამენ იმის შესაძლებლობას, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში იყო რეალური შესაძლებლობა ახალგაზრდა სააკაშვილს დაეწყო “კგბ”-სთან თანამშრომლობა.
განსაკუთრებით არ უყვარს მიხელ სააკაშვილსა და მის მხარდამჭერებს იმის შეხსენება, თუ რა როლი შეასრულა იგორ ივანოვმა “ვარდების რევოლუციაში”. კერძოდ, 2003 წლის 23 ნოემბერს, როცა დაძაბულობამ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში კულმინაციას მიაღწია, ოპოზიციის მიტინგზე რევოლუციონერთა მხარდასაჭერად თბილისში საგანგებოდ ჩამოფრენილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი გამოჩნდა. მიტინგიდან ის პირდაპირ გაემართა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან შესახვედრად. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა შევარდნაძემ გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ და ამით “ვარდების რევოლუციაც” წარმატებით დაგვირგვინდა.
არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იგორ ივანოვმა, უკვე რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის როლში, 2004 წლის აჭარის რევოლუციაშიც. ის 5 მაისს ჩაფრინდა აჭარის დედაქალაქ ბათუმში, და 6 მაისს გამთენიისას მოსკოვში გაიყოლა აჭარის ავრონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე და მისი ვაჟი გიორგი.
აშკარაა, რომ კრემლი სულაც არ იყო წინააღმდეგი, რომ ედუარდ შევარდნაძის ნაცვლად საქართველოს ლიდერი სწორედ მიხეილ სააკაშვილი გამხდარიყო, თანაც ამაში თავისი წვლილიც შეიტანა.
“ვარდების რევოლუციის” შემდეგ კი მიხელ სააკაშვილმა გზა გაუხსნა რუსულ ინვესტიციებს საქართველოში, რითაც ხელი შეუწყო მოსკოვის მიერ საჯაროდ გაცხადებული “ლიბერალური იმპერიის” ქსელში საქართველოს თანდათანობით ჩართვას. სააკაშვილის მთავრობის ხელშეწყობით რუსული კომპანიების ხელში ღიად გადადიოდა საქართველოს მსხვილი სამრეწველო და ენერგეტიკული საწარმოები, ხოლო კერძო საკუთრებაში მყოფი “გაერთიანებული ქართული ბანკის” ნაციონალიზაცია მოახდინა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ, როცა ამ ბანკის საკონტროლო პაკეტი იყიდა რუსეთის მთავრობის საკუთრებაში მყოფმა “ვნეშტორგბანკმა” (VTB). სააკაშვილის მთავრობას ასევე სურდა ჯერ კიდევ კომუნისტების ეპოქაში აშენებული მაგისტრალური გაზსადენის (რომელიც საქართველოში შემოდის რუსეთიდან და გადის სომხეთში) მიყიდვა “გაზპრომისათვის”, თუმცა ვაშინგტონის ჩარევის შემდეგ, ქართველებისათვის საბედნიეროდ, ეს გარიგება ჩაიშალა.
“ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის ლიდერი ხდება მოსკოვიდან მოწვეული ეთნიკურად ქართველი მილიონერი კახა ბენდუქიძე, რომელიც ფაქტობრივად ასრულებდა ხიდის ფუნქციას რუსულ ბიზნესსა და საქართველოს მთავრობას შორის. ამ დროს მიხელ სააკაშვილს სულაც არ აღელვებდა ის, რომ ბ-ნი ბენდუქიძე თბილიში ჩამოსვლამდე იყო ჰოლდინგ “გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნების” გენერალური დირექტორი. ეს ის ჰოლდინგია, რომელიც მუშაობდა ატომური ენერგეტიკისათვის მოწყობილობათა დამზადებაზე და ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ წარმოების ხელმძღვანელს არ ჰქონოდა კავშირი რუსეთის უშიშროების სამსახურთან. არც იმის გახსენება უყვართ პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერებს, რომ ბ-ნი ბენდუქიძის საქართველოს მთავრობაში დანიშვნის წინ მიხეილ სააკაშვილმა, თავისივე აღიარებით, დაურეკა პრეზიდენტ პუტინს და მასთან შეათანხმა ეს დანიშვნა.
არც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომს შეუშლია ხელი საქართველოში რუსული ინვესტიციების შემოსვლისათვის. სწორედ, ამ ომის შემდეგ აქტიურდება საქართველოში რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანია “ბილაინი”, ხოლო 2011 წელს საქართველოს მთავრობამ რუსულ “ინტერ რაოს” მიჰყიდა ორი ჰიდროსადგური და სამი ახალი ჰიდროსადგურის მშენებლობაზე კი ლიცენზია გასცა.
2012 წლის ზაფხულში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა წარადგინა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი, რომელმაც ორიოდე თვის წინ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ, რადგანაც ფულს სუნი არ სდის, ამიტომ ის მიესალმება რუსულ ინვესტიციებს საქართველოში.
დაბოლოს, აწყობს თუ არა კრემლს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ლიდერად? იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვი უარზეა ოფიციალურად ეკონტაქტოს თბილისს, ეს რუსეთის პრეზიდენტს აძლევს შეუზღუდავ საშუალებას, ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ის აკეთოს, რაც უნდა. არც ისაა შემთხვევითი, რომ მოსკოვმა სამხედრო წვრთნების ჩატარება ჩრდილოეთ კავკასიაში გადაწყვიტა მაშინ, როცა საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამით კრემლი ეხმარება პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მან აპელირება გააკეთოს რუსეთის მიერ საქართველოზე მორიგი თავდასხმის საფრთხეზე და ამით გამოწვეული ნაციონალიზმის გაღვივებით გაზარდოს თავისი მხარდამჭერების რიცხვი საპარლამენტო არჩევნებში.
არის კი ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის? არის ფაქტები. თუმცა არიან ურწმუნონიც, და ეს მათი არჩევანია.