“კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ამ დროისთვის გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვნად აფერხებს Must Carry-ის პრინციპის აღსრულებას” - აცხადებენ კოალიციის “მედიის ადვოკატირებისთვის” წარმომადგენლები.
“კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ამ დროისთვის გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვნად აფერხებს Must Carry-ის პრინციპის აღსრულებას” - აცხადებენ კოალიციის “მედიის ადვოკატირებისთვის” წარმომადგენლები.
მათი თქმით, კომისია კანონის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს, რითაც საკაბელო ოპერატორები და ტელევიზიები შეცდომაში შეჰყავს.
მარეგულირებელი კომისიის განმარტებით, იმისათვის, რომ საკაბელო ოპერატორებმა მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიები სამომხმარებლო პაკეტში განათავსონ და საკუთარ აბონენტებს მათი სიგნალი მიაწოდონ, ამ ტელევკომპანიებმა მათ წერილობით უნდა მიმართონ და სიგნალიც თავად მიაწოდონ.
“მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ერთის მხრივ, ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება (მაგალითად, გარკვეული უნდა იქნას სამაუწყებლო სიხშირე ან თანამგზავრის კოორდინატები, ვიდეო/აუდიო სიგნალის კოდირება, ნაკადის ფორმატი და სხვ.) და მეორეს მხრივ, საკუთარი სამაუწყებლო არხის სიგნალის ტექნიკურად მიტანა საკაბელო ოპერატორების მიერ განსაზღვრულ ჩართვის წერტილამდე, ხოლო საკაბელო ოპერატორმა - ამ მიწოდებული სიგნალის გატარება აბონენტებამდე, სხვაგვარად, საკაბელო ოპერატორისთვის ტექნიკურად შეუძლებელი იქნება სამაუწყებლო არხის საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში განთავსება,” - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
ლევან მიქელაძის ფონდის ხელმძღვანელი ლევან დოლიძე ამბობს, რომ კანონში ამგვარი ვალდებულება არ იკითხება: “კანონში ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ ყველა საკაბელო ოპერატორი ვალდებულია შესაბამისი მაუწყებლის სიგნალი მომსახურების პაკეტში ყოველგვარი მიმართვის გარეშე განათავსოს.”
დოლიძის განმარტებით, კომისია კანონის ფარგლებს გასცდა, როცა საკაბელო ოპერატორებს შეხვედრისას გამოუცხადა, რომ მათ მიმართ “მასთ ქერის” ვალდებულებები მხოლოდ მას შემდეგ გავრცელდება, რაც ტელეკომპანიები წერილობით მიმართავენ და სიგნალს მიაწვდიან.
“ეს არის კანონის არასწორი ინტერპრეტაცია და მნიშვნელოვნად აფერხებს “მასთ ქერის” ეფექტურ შესრულებას და წინასაარჩევნოდ მედიაპლურალიზმის ხელშეწყობას,” - ამბობს დოლიძე.
საკუთარ ვალდებულებებს სხვადასხვაგვარად განმარტავენ “კავკასუსი” და “სილქნეტი”. “კავკასუსTV-ის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი რუსო კაპანაძე “ლიბერალთან” საუბარსი ამბობს, რომ რომ “მე-9 არხმა” მათ წერილობით უკვე მიმართა, “მაესტროსთან” კი ზეპირი შეთანხმება ჰქონდათ და ორივე ეს არხი ქსელში ჩართეს. “პარამეტრები რომც არ მოეწოდებინათ, ეს საჯარო ინფორმაცია, ვებ-გვერდზეცაა განთავსებული და მომართვის გარეშეც ჩავრთავდით, რადგან ეს ჩვენი ვალდებულებაა.”
განსხვავებული პოზიცია აქვს “სილქნეტს.” კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო დარასელმა გუშინ “მაესტროს” ეთერში განაცხადა, რომ ქსელში მხოლოდ იმ ტელევიზიებს ჩართავენ, რომლებიც წერილობითი თხოვნით მიმართავენ.
კოალიციაში აცხადებენ, რომ ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა მართალია, გარკვეულ ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება, მაგრამ ამ ხარჯის გაღებას საკაბელოებს კანონი ავალდებულებს. გაერთიანების წევრები მიიჩნევენ, რომ იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც კანონით დადგენილ ვადაში ტელევიზიებს ქსელში არ გაუშვებენ, შესაბამისი სანქციები უნდა გატარდეს.
კომისიის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების თანახმად სატელიტური მაუწყებლების სიგნალის ტრანზიტი უკვე დაიწყეს “მაგთიკომმა”, კახეთის საკაბელო ოპერატორმა “გორდამ”, “კავკასუსმა”და სხვებმა.
რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ ამ დილის მონაცემებით, კახეთის საკაბელო “გორდას” ჯერ არ დაუწყია “მასთ ქერის” ვალდებულებების განხორციელება, “როგორც ვიცი, “გორდას” თავად აქვს ტექნიკური პრობლემები სტიქიის გამო და სიგნალს ისედაც ვერ აწვდის მოსახლეობას.”
გარდა ამისა, კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ საკაბელოებსა და ტელევიზიებს შორის კომუნიკაცია მართლაც უნდა შედგეს, თუმცა, ამით თვითონ ოპერატორები მეტად უნდა იყვნენ დაინტერესებულნი. “ისინი თავად უნდა ცდილობდნენ პარამეტრების მოძიებას, აქეთ ეკონტაქტებოდნენ ტელევიზიებს, პროცესი პირიქით უნდა მიმდინარეობდეს, რადგან ეს პირველ ყოვლისა საკაბელოების ვალდებულებაა. გაუგებარია, რას ნიშნავს სიგნალის მიწოდებაც, როცა სიგნალი ვრცელდება იმ ზონაში და მისი სიგნალის დაჭერა არანაირ ტექნიკურ პრობლემას არ წარმოადგენს. შესაძლებელია, ზოგ საკაბელოს დასჭირდეს მოდულატორები და ამაზე ხარჯის გაწევა, მაგრამ ესეც მათ ვალდებულებაში შედის და დიდ პრობლემასაც არ წარმოადგენს.”
არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ეროვნული კომისიის მხრიდან განხორციელებულ სხვა დარღვევებზეც საუბრობენ. კანონი “მასთ ქერის” ამოქმედების შესახებ 16 ივლისს შევიდა ძალაში. კომისიას მაუწყებლებისა და ტრანზიტორი კომპანიების სია ერთი კვირის ვადაში უნდა გამოექვეყნებინა. მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე ამბობს, რომ საკაბელო ოპერატორებისა და მაუწყებლების სია კომისიამ მხოლოდ 1 აგვისტოს გამოაქვეყნა და და თუ კომუნიკაცია მართლაც წერილობითი მიმართვების შემდეგ შედგება, პროცესი მინიმუმ 2 კვირას გასტანს და “მასთ ქერის” განხორციელების პერიოდიც შემცირდება.
გამოქვეყნებულ სიაში არსებულ უზუსტობებზე საუბრობს “მეცხრე არხის” გენერალური დირექტორი კახა ბექაური. მისი თქმით, კომისიის მოწოდებულ მისამართებზე რეგისტრირებული კომპანიები ვერ მოიძებნა: “მარეგულირებელი კომისიის მიერ გადაცემული საკაბელო კომპანიების მისამართით ოფიციალური წერილობითი შეტყობინება უკვე დავაგზავნეთ, თუმცა, "DHL"-მა ოფიციალურ მისამართებზე 8 რეგიონული საკაბელო კომპანია ვერ მოძებნა და წერილი ვერ გადასცა.”
გარდა ამისა,კითხვაზე, რამდენი საკაბელო ოპერატორი ფუნქციონირებს ქვეყანაში და რამდენია მათი საერთო აბონენტების რაოდენობა, ეროვნულმა კომისიამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და ლევან მიქელაძის ფონდს განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა. 3 ივლისს საიასთვის გაგზავნილ პასუხში მითთებულია, რომ სულ ქვეყანაში 69 საკაბელო ოპერატორი მოქმედებს, რომელთა აბონენტების საერთო რაოდენობაც 215 ათასია. 3 კვირის შემდეგ კი მიქელაძის ფონდმა იგივე კითხვაზე პასუხად მიიღო, რომ საქართველოს მასშტაბით 113 საკაბელო ოპერატორი ფუნქციონირებს, მათი აბონენტების რაოდენობა კი 196 ათასია. ფონდის ხელმძღვანელის თქმით, ეს ან იმას ნიშნავს, რომ კომისია არ ფლობს დაზუსტებულ მონაცემებს, ან მათი გასაჯაროება არ სურს.
საკაბელო ოპერატორებს საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის მქონე ტელეკომპანიების ქსელში ჩართვის კანონით განსაზღვრული ვადა დღეს, ღამის 12 საათზე ეწურებათ.