Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არაფორმალური განათლების ფორმალური შესაძლებლობები

16 ნოემბერი 2016

არაფორმალური განათლების ცნება პირველად ქართულ კანონმდებლობაში 2005-2007 წლებში განათლების სისტემაში გატარებული რეფორმების შემდგომ გაჩნდა. 2011 წლიდან არსებობს განათლების მინისტრის ბრძანება არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე. მიუხედავად ამისა, აღნიშნული დოკუმენტი უფუნქციოა, ვინაიდან პრაქტიკაში არ გამოიყენება. სპეციალისტების შეფასებით, ამისი მიზეზი უმთავრესად არის ის, რომ დოკუმენტი ბუნდოვანია და დახვეწას საჭიროებს. მასში არ არის კონკრეტულად გაწერილი ის ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობითაც არაფორმალური განათლების აღიარება მოხდებოდა.

რატომაა მნიშვნელოვანი არაფორმალური განათლება

 არაფორმალური განათლება პიროვნებისა და საზოგადოების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, კვლევები აჩვენებს, რომ განათლების 60%-ზე მეტი სწორედ არაფორმალური გზით მიღებულ განათლებაზე მოდის. ამიტომაცაა, რომ განათლების სისტემების მიმდინარე რეფორმები სწორედ არაფორმალური განათლების ელემენტების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხარჯზე ხდება, - ამბობს განათლების სპეციალისტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კონსულტანტი თეა სიფრაშვილი და განმარტავს, რომ საგანმანათლებლო პროგრამებისთვის არჩევითი კომპონენტების დამატება, სტუდენტებისთვის მოქნილი სწავლების ფორმატის შეთავაზება, მათ შორის მეტი აქცენტი დისტანციურ სწავლებაზე, ორიენტირება პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლაზე, სწორედ ის ელემენტებია, რომელიც არაფორმალურ განათლებას ახასიათებს და დღეს უკვე ფართოდ გვხვდება თანამედროვე ფორმალურ განათლებაშიც.

„რაც უფრო ვითარდება საზოგადოება და ეკონომიკა მით უფრო არასაკმარისი ხდება სტანდარტიზებული, ფორმალური განათლება და უპირატესობა ენიჭება ინდივიდუალურ გამოცდილებას. შესაბამისად, თანდათან იმის საჭიროებაც დგება, რომ ასეთი ინდივიდუალური გამოცდილებისა და გამოცდილების საფუძველზე მიღებული კომპეტენციების ფორმალურად დადასტურება შეეძლოს ადამიანს",- ამბობს ის.

ფორმალური განათლება როგორც ფორმის, ისე შინაარსის თვალსაზრისით სტრუქტურირებულია, წინასწარ არის მეტწილად განსაზღვრული პროგრამა, სასწავლო რესურსები და ამ პროგრამის ათვისების დრო. არაფორმალური განათლება კი მთლიანად ინდივიდის სურვილებზეა აგებული,- რა, სად და როგორ შეისწავლოს. თითოეული ადამიანი უფრო და უფრო მეტ ცოდნას იძენს უშუალოდ სამუშაო გამოცდილების, კოლეგებსა და მეგობრებთან ურთიერთობის, ინტერნეტ და ბეჭვდითი რესურსების საშუალებით. თითოეული ტრენინგი, სემინარი, კონფერენცია, სამიტი, სამუშაო შეხვედრა, პროფესიული მოკლევადიანი კურსები კი ზრდის გარკვეულ სფეროში მის კვალიფიკაციას.

თუმცა ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს ჩამოყალიბებული ერთიანი ხედვა თუ რა არის არაფორმალური განათლება. არაა განსაზღვრული დამოუკიდებლად არც არაფორმალური და ინფორმალური განათლება, რომელსაც ხშირად არაოფიციალურ განათლებას უწოდებენ. (ინფორმალურ განათლებას ადამიანი სერიოზული ძალისხმევის გარეშეც იღებს, მაგალითად როცა მშობელი ბავშვს ველოსიპედის ტარებას ასწავლის.) თეა სიფრაშვილის თქმით, ეს ხელისშემშლელია მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის/სწავლების ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვისა და პიროვნული განვითარების  ხელშეწყობისთვის, რაც განათლების სისტემების ერთ-ერთ  ფუნდამენტურ მიზანს წარმოადგენს.

 „ევროპის განათლებისა და ტრენინგების სტრატეგია 2020-სთვის“, ერთ-ერთი ძირითადი ორიენტირი ევროპის ქვეყნებში მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ფორმალურ განათლებასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა არაფორმალურ განათლებას ენიჭება.

„პროფესიულ განათლებაში დღეს არსებული კრიტიკული სიტუაცია, როცა სტუდენტთა უდიდესი ნაწილი არის ზრდასრული უმღლესი განათლების მქონე ადამიანი, რომელიც ერთი მხრივ, ადგილს ართმევს 15-18 წლის ახალგაზრდას, რომელსაც საერთოდ არ აქვს კვალიფიკაცია და მეორე მხრივ, სერიოზულ პრობლემებს უქმნის პროფესიულ განათლებას ადმინისტრირების კუთხით - ხშირი გაცდენებით, სწორედ არაფორმალური განათლების არაეფექტიანობით არის გამოწვეული. ქვეყანაში არ არსებობს ვალიდური მექანიზმები (დაფინანსება, აღიარება და სერტიფიცირება) მოკლევადიანი კურსებისთვის, რომელიც გარკვეული კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისთვის შექმნის კვალიფიკაციის ამაღლებისა თუ პროფესიის შეცვლის საშუალებას ფორმალურ განათლებაში ჩართვის (პროფესიული ტესტირების გავლისა და სრულ საკვალიფიკაციო პროგრამაზე რეგისტრაციის) გარეშე“, - ამბობს ის.

თეა სიფრაშვილის თქმით, საქართველოს, როგორც ასოცირებულ წევრ ქვეყანას, რეკომენდაცია აქვს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობას. ხელშეწყობა გულისხმობს, ერთი მხრივ, არაფორმალური განათლებისთვის საკანონმდებლო სივრცეში ადგილის მიჩენას (ტერმინის განსაზღვრას, ფორმალიზების საშუალებას) ფინანსური და მატერიალური რესურსების არსებობას.

მისი თქმით, იმ რეალობის გათვალისწინებით, როცა საქართველო ასოცირების ფარგლებში ახდენს თავისი კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროპულ საკანონმდებლო სივრცესთან, იზრდება შრომითი მიგრაცია, არაფორმალური განათლების აღიარება კი საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ მრავალრიცხოვანი ნაწილისთვის, რომელთაც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ შრომის ბაზრისთვის საჭირო კომპეტენციები შეიძინეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

როგორია არაფორმალური განათლების აღიარების უცხოური პრაქტიკა

არაფორმალური განათლების აღიარებისათვის ევროპის სხვადასხვა ქვეყანა მეტ-ნაკლებად მსგავს ინსტრუმენტებს იყენებს. ერთი მხრივ არსებობს კვალიფიკაციების ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტული კვალიფიკაციებისთვის მოთხოვნებს და მეორე მხრივ მისი დადასტურების მექანიზმები, - ანუ არსებობს არაფორმალური განათლების აღიარების წესი, რომელიც ადგენს, შეესაბამება თუ არა ადამიანის კვალიფიკაცია იმ მოთხოვნებს, ცოდნასა და უნარს, რასაც კონკრეტული კვალიფიკაციის მქონე ადამიანი უნდა აკმაყოფილებდეს. არსებობს სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორგანიზაციებიც, რომლებიც აღნიშნული მექანიზმების საშუალებით ახდენენ კვალიფიკაციების დადასტურებას (წარდგენილი დოკუმენტების ვალიდურობის შემოწმება ან კომპეტენციების განსაზღვრა გამოცდის საფუძველზე).

„ერასმუს+ საქართველოს“ ეროვნული ოფისის კოორდინატორი ლიკა ღლონტი არაფორმალური განათლების უცხოური პრაქტიკის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ არაფორმალური განათლების აღიარების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრაქტიკა საფრანგეთსა და შვეიცარიაშია, სადაც ეს უმაღლესი განათლების დონეზე ხდება.

მაგალითად, თუკი ადამიანი წლების განმავლობაში განათლების ადმინისტრირების სფეროში მოღვაწეობს, მაგრამ ფორმალურ დონეზე იურიდიული განათლება აქვს მიღებული, შეუძლია განათლების სფეროში თავისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი ინფორმაცია (კვლევებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, გამოქვეყნებული პუბლიკაციები და ა.შ) წარუდგინოს სპეციალურ კომისიას. რომელიც, თავის მხრივ, შეაფასებს, დაინტერესებული პირის ცოდნა და კომპეტენცია შეესაბამება თუ არა იმ ცოდნასა და უნარს, რასაც უნდა ფლობდეს, მაგალითად, მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღების შემთხვევაში. თუკი ეს ორი რამ ერთმანეთთან თანხვედრაშია, მაშინ ხდება მისი არაფორმალური განათლების აღიარება და მაგისტრის ხარისხის მინიჭება.

ფინეთში არაფორმალური განათლების აღიარების საჭიროება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც შრომით ბაზარზე კომპეტენციაზე დაფუძნებული კვალიფიკაციის მოთხოვნა გაჩნდა, ანუ საჭირო გახდა კვალიფიკაციის ოფიციალური დადასტურება. არსებობდა ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა კვალიფიკაცია, მაგრამ არ ჰქონდა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ეკონომიკური სექტორის ფორმალიზებამ კი მათთვის მათი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტის საჭიროება წარმოშვა.

ნორვეგიაში კი არსებობს სპეციალური საკონსულტაციო ცენტრები, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს. ამ ცენტრებში დაინტერესებულ პირს ცენტრის თანამშრომლები აძლევენ „მიმართულებას“, - ერთი მხრივ, ეცნობიან მის კომპეტენციას, ამაზე დაყრდნობით კი აწვდიან ინფორმაციას, თუ კონკრეტული კვალიფიკაციის მისაღებად რა სახის კომპეტენცია აკლია, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მოკლევადიანი ტრენინგის გავლა ან გამოცდის ჩაბარება. რაც მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი მხრივ, იცოდნენ, კონკრეტული კვალიფიკაციის მისაღებად რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ, მეორე მხრივ, სად და როგორ მიიღონ დამატებითი კომპეტენციები იმისთვის, რომ მათი კვალიფიკაცია აღიარონ.

არაფორმალური განათლების მხარდაჭერა

გარდა აღიარებისა, სპეციალისტები სახელმწიფოს მხრიდან არაფორმალური განათლების მხარდაჭერის მექანიზმების საჭიროებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ხელმძღვანელი, ირინა ხანთაძე არაფორმალური განათლების მიღებაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების როლის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, კანონმდებლობა მუნიციპალიტეტებს აძლევს უფლებამოსილებას, მხარი დაუჭირონ არაფორმალურ განათლებას, უფრო აქტიურად ითანამშრომლონ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ან არაფორმალური განათლების სასწავლო ცენტრებთან, თუმცა, მისივე თქმით, არსებობს ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორიც.

„მაგალითად, დღეს მუნიციპალიტეტებს არ შეუძლიათ, გასცენ თანადაფინანსება გრანტის საფუძველზე. კანონი მათ ამის საშუალებას არ აძლევს. შეუძლიათ მხოლოდ შესყიდვა, ან საკუთარი დაწესებულებების სუფსიდირება, რაც ერთ-ერთი შემაფერხებელი გარემოებაა ასეთი თანამშრომლობისთვის. უცნაურია, რომ მუნიციპალიტეტს, რომელიც უფრო ახლოს არის თემთან და უფრო მეტ სამოქალაქო აქტივობას შეიძლება ეწეოდეს საზოგადოებასთან ერთად და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, დღეს ეს უფლება არ გააჩნია“,- ამბობს ირინა ხანთაძე.

გარდა ამისა, ირინა ხანთაძე საუბრობს „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლების“ ცენტრებზე, რომლებიც დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტების ბაზაზე არსებობს. მისი თქმით, აღნიშნული ცენტრების ეფექტიანად საქმიანობის შემთხვევაში, სტუდენტებს, ერთი მხრივ, არაფორმალური განათლების უნივერსიტეტის ბაზაზე მიღების შესაძლებლობა ეძლევათ, მეორე მხრივ, მსგავსი ცენტრების დახმარებით, რეგიონული უნივერსიტეტები შესაძლოა არაფორმალური განათლების კერად იქცეს რეგიონში მცხოვრები ადამიანებისათვის, ვინაიდან დედაქალაქისგან განსხვავებით, არაფორმალურ განათლებაზე მომუშავე ორგანიზაციებზე რეგიონებში ნაკლებად მიუწვდებათ ხელი.

საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის (სიქა) დამფუძნებელი, პავლე თვალიაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ არაფორმალური განათლება სკოლის დონეზეც უნდა წაახალისოს. მისი თქმით, ვინაიდან ფორმალური განათლებაა ის ბაზისი, რომელსაც შემდგომ ეფუძნება არაფორმალური განათლება, მნიშვნელოვანია, რომ სკოლის დონეზეც აქტიურად ხდებოდეს არაფორმალური განათლების მხარდაჭერა. თვალიაშვილი მაგალითად სასკოლო კლუბების პრაქტიკას ასახელებს.

თუმცა, მისივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა ქართულ სკოლებში წახალისებული არ არის. სახელმწიფო მათ არსებობას არ კრძალავს, მაგრამ ინიციატივას არ იჩენს, რომ მსგავსი კლუბების პროექტებისთვის მცირე დაფინანსება გამოყოს.

„შედეგად ვიღებთ იმას, რომ სკოლებში მსგავსი კლუბები დიდი ამერიკული თუ ევროპული პროექტების ფარგლებში არსებობს, თუმცა - ძირითადად დიდ ქალაქებში. პატარა სოფლის სკოლების მოსწავლეები ამ შესაძლებლობას უმეტესად მოკლებულნი არიან“, - ამბობს ის.

რას გეგმავს სახელმწიფო

ირინა ხანთაძე მიიჩნევს, რომ უპირველესად მნიშვნელოვანია, დამტკიცდეს ახალი საკვალიფიკაციო ჩარჩო, რომელშიც უფრო მკაფიოდ იქნება აღწერილი კვალიფიკაციები საფეხურებისა და დონეეების მიხედვით, რასაც შემდგომში უკვე დაეფუძნება არაფორმალური განათლების აღიარების ქმედითი მექანიზმი. ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო არის დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, ასახავს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურის სწავლის შედეგებს. ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო აყალიბებს, თუ რა ცოდნა, უნარი და ღირებულებები უნდა ჰქონდეს პირს შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის, პროფესიული დიპლომისა და დიპლომის მისაღებად.

2015-2016 წლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა არაფორმალური განათლების აღიარების კონცეფცია, არაფორმალური განათლების აღიარების წესის პროექტი და არაფორმალური განათლების აღიარების გზამკვლევი შეიმუშავა.

როგორც ცენტრში „ლიბერალს“ განუცხადეს,  არაფორმალური განათლების აღიარების ახალი წესის დამტკიცებას სჭირდება საკანონმდებლო საფუძველი, რომელზეც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს.

ახალი წესის თანახმად, არაფორმალური განათლების აღიარება შესაძლებელი იქნება პროფესიული განათლების ყველა საფეხურზე და არაფორმალური განათლების აღიარების უფლება, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე ექნებათ დარგობრივ ასოციაციებს, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებებს.

უფრო კონკრეტულად კი, ახალი წესით არაფორმალური განათლების აღიარების პროცესი და პროცედურები 4 ძირითად ეტაპს მოიცავს: იდენტიფიცირება - არაფორმალური განათლების აღიარების საჭიროების, კომპეტენციების, სწავლის შედეგების იდენტიფიცირება; დოკუმენტირება - დოკუმენტების შეგროვება მტკიცებულებებთან ერთად; შეფასება - სწავლის შედეგების შეფასება სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით; სერტიფიცირება - სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურება სერტიფიკატით.

„ახალი წესი არის თანმიმდევრული და ზუსტად აღწერს იმ პროცესებს, რომლის მიხედვითაც, უნდა მოხდეს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება, შეფასება და დადასტურება. ამ წესით აღიარებული არაფორმალური პროფესიული განათლების მტკიცებებითაა გამყარებული“,- აცხადებენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

ცენტრის ინფორმაციით, ახალი წესის დამტკიცებამდე მოხდება არაფორმალური განათლების აღიარების პილოტირება საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულების ორ პროფესიულ სპეციალიზაციაში. პილოტირების შედეგები კი არაფორმალური განათლების აღიარების ახალი წესის პროექტში აისახება. რაც შეეხება ახალი წესის დამტკიცების ვადებს, ცენტრში კონკრეტულ თარიღს არ ასახელებენ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^