Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წინასაარჩევნო ინფრასტრუქტურა

06 აგვისტო 2012

თბილისის მერიამ 2012 წლის ოქტომბერში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მილიონობით ლარის ტენდერები გამოაცხადა. ისეთი სამუშაოების ნაწილი, როგორიცაა გზების, შადრევნების, მოედნების შეკეთება ოქტომბრამდე, საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა დასრულდეს.

გთავაზობთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემიდან  რამდენიმე ტენდერის შესახებ მოძიებულ ინფორმაციას. მათგან ერთ-ერთია ნორიოს ნაგავსაყრელთან მისასვლელი გზის კაპიტალური შეკეთება. გამოცხადებულ ტენდერში  ჯერჯერობით გამარჯვებულის შერჩევის ეტაპი მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორთვენახევში უნდა დაასრულოს, რაც წინასაარჩვენო პერიოდს ემთხვევა. ბიუჯეტს კი, ნაგავსაყრელთან მისასვლელი გზის შეკეთება ორ მილიონ ლარამდე დაუჯდება.

28 სექტემბრამდე გზა შეკეთდება თრიალეთის ქუჩაზე. ბიუჯეტიდან ამისთვისს 827 ათასი ლარი გამოიყო. ხარაძის ქუჩისთვის სარემონტო სამუშაობის ჩატარება კომპანია „ცეკურს“ 640 ათას ლარი დაუჯდება. 

ანდრონიკაშვილის გზის შესაკეთებლად ტენდერი შვიდ ივნისს გამოცხადა. ტენდერში შპს „ვაგი კონსტრაქშენ გრუპმა“ გაიმარჯვა. კომპანია ვალდებულია.

512 ათასი ლარის სანაცვლოდ კაპიტალურად შეაკეთოს ანდრონიკაშვილის ქუჩის პირველი შესახვევი, მოაწყოს ბეტონის ბორდიურები და ტროტუარები. დასრულებული სამუშაოები მერიას სექტემბრის შუა რიცხვებამდე უნდა ჩაბარდეს.

საპარლამენტო არჩევნებამდე გზები შეკეთდება ძევერისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩებზეც, რაც საერთო ჯამში 600 ათას ლარამდე დაჯდება.

გზების გარდა დაგეგმილია სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებაც. 37 ათას ლარად ვარკეთილის ზემო პლატოზე სკვერის სარემონტო სამუშაოების ფარგლებში დამონტაჟდება საქანელები, სასრიალოები. კიდევ ერთი ტენდერით კი ვაკის პარკში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლადაა, რომელიც ბიუჯეტს  30 ათას ლარამდე დაუჯდება.

გარდა ამისა, 2012 წლის ოქტომბრამდე იგეგმება 12 ათას ლარად კანცელარიის, 12800 ლარად ფინანსთა სამინისტროს,  29 700 ლარად მ/ს „რუსთაველი“-ს, მ/ს „ავლაბარი“-ს და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შადრევნების რეაბილიტაცია.

საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებული პროექტებს, ძალიან ხშირად, საჯარო მოხელეები და ამავდროულად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახეები ტელეკამერების თანდასწრებით ხსნიან.  წინასაარჩევნო პერიოდში  ასეთი ფაქტები კვლავ აქტუალურს ხდის შეკითხვას: არის თუ არა ეს პროცესი მმართველი პარტიის მიერ საბიუჯეტო სახსრების საარჩევნო მიზნებით გამოყენება?

ყოველ ჯერზე, როდესაც ეს შეკითხვა ჩნდება,  პასუხი ისაა, რომ ქართული კანონმდებლობა არის ლიბერალური და მოქმედ საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის  უფლებას რთავს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“  2012 წლის პირველი იანვრიდან მარტის ჩათვლით ჩატარებულ წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგის ანგარიშში „სამწუხაროს“ უწოდებს საარჩევნო კოდექსში იმ ნორმების არსებობას, რომელის მიხედვითაც პოლიტიკური თანამდებობის პირებს შეუძლიათ წინასაარჩევნო კამპანია შეუთავსონ მათი სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებას.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, რომლებიც საარჩევნო კოდექსის განხილვის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები, 2011 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტს საარჩევნო გარემოს გაჯანსაღების მიზნით, რეკომენდაციები წარუდგინა. მათ შორის „თანამდებობის პირთა“ წრის ცნების  დავიწროებაც მოხვდა. თუმცა, პირიქით,  პარლამენტმა ცნება უფროო გააფართოვა და თანამდებობის პირთა  ჩამონათვალს გუბერნატორიც მიუმატა.

„მიგვაჩნია, რომ გამგებელი გავა თუ არა შვებულებაში, ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის ის მაინც გამგებელია და ძნელია გაარჩიოს პარტიის წარმომადგენელი ელაპარაკება თუ ხელისუფლების. აქ ფაქტობრივად ხელისუფლებასა და პარტიას შორის ზღვარი იშლება“, - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტების კოორდინატორი ლელა ტალიური.

კოალიცია  ”არჩევნის თავისუფლებისათვის” წარმომადგენელმა დავით ნარმანიამ 2012 წლის ბიუჯეტის ანალიზი გააკეთა და დაასკვნა, რომ „ინფრასტრუქტურული პროექტები კარგი „კოზირია“ ხელისუფლების ხელში, რადგანაც ხილული აქტივი იქმნება, სხვადასხვა ობიექტს  ხელისუფლების წარმომადგენლები ხსნიან  (ხშირად ამ საზეიმო გახსნებს მმართველი პარტიის საარჩევნო კანდიდატები ესწრებიან და   ეს ღონისძიებები, როგორც წესი,  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შუქდება)“.

თბილისის მერიაში ინფრასტრუქტურული პროექტების არჩევნებთან კავშირს უარყოფენ. „ყველაფერი კეთდება კანონის შესაბამისად და პროცესი ძალიან გამჭვირველეა“, - განუცხადეს „ლიბერალს“ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის დეკემბერში ვენეციის კომისიის  საქართველოს ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია საქართველოში მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საშიშროება: „კოდექსის პროექტის დებულებები ბუნდოვანს ხდის ხაზს სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის და არ შეესაბამება ეუთოს ვალდებულებებს.“

 თავის მხრივ, ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტი, ქვეყანას ავალდებულებს, რომ "პოლიტიკური პარტიები უზრუნველყონ აუცილებელი სამართლებრივი გარანტიებით, რათა მათ შორის კონკურენცია წარიმართოს კანონისა და სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან თანასწორი მოპყრობის პირობებში."

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^