2016 წელი იმ ტენდენციების, მოლოდინისა და სტანდარტების წინააღმდეგ მიმართული მძლავრი ამბოხით აღინიშნა, მრავალი ათწლეულის განმავლობაში ნორმად რომ ითვლებოდა ამერიკული დემოკრატიისთვის. ამ მოვლენებს დონალდ ტრამპის რევოლუციად გაიხსენებენ, თუმცა დემოკრატების პრაიმერებში ბერნი სანდერსის მოულოდნელი მიახლოება სასურველ შედეგთან დემოკრატიულ პარტიაში მიმდინარე ასეთივე ამბოხის ნიშნებს შეიცავს. ტრამპს და სანდერსს, მიმზიდველობის მხრივ, ბევრი რამ საერთოც ჰქონდათ:
- ორივე ამერიკის დაღმასვლის აპოკალიფსურ სურათს უხატავდა ამომრჩეველს. სანდერსმა მარტივად განაცხადა: ,,საშუალო კლასი ქრება“. ტრამპი გაცილებით შორს წავიდა: ,,ჩვენს ქვეყანას ფული არ აქვს... არა მგონია, ახლა განვითარების იმ დონეზე ვიყოთ, სხვა ქვეყნები რომ არიან... ვთვლი, რომ ჩვენი ჯარის მდგომარეობა უარესდება.“[1] სხვაგან კი განაცხადა: ,,ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი ახლა ნულს უტოლდება“.[2]
- ორივე იმ დემაგოგად გვევლინებოდა, რომლის მიზანი ყველაზე მახინჯი ვნებების, უპირველეს ყოვლისა - მრისხანების გამოღვიძება იყო. თავისი კამპანიისთვის მომზადებულ ვიდეოებში სანდერსს ყოველთვის შუბლი ჰქონდა შეჭმუხნილი, ტრამპი თავაზიანობის ელემენტარულ წესებს ღალატობდა და ოპონენტებს პირისპირ საუბარშიც კი შეურაცხყოფას აყენებდა (,,ამაზრზენი ქალი“ და სხვა).
- ორივეს ხაზს უსვამდა ელიტებისადმი - ,,ისტებლიშმენტი“ იქნებოდა ეს თუ უოლ სტრიტი - თავიანთ სიძულვილს. ახლა ბევრი ამბობს, რომ ტრამპმა მუშათა კლასის წარმომადგენელი თეთრი მამაკაცების ხმათა მეშვეობით გაიმარჯვა - სოციალური კრიზისით შეჭირვებული ჯგუფის წყალობით, რომლის უსიხარულო ყოფა ნამდვილად უგულებელყოფილი იყო. ტრამპმა მასობრივად მოუპოვა რესპუბლიკურ პარტიას ხმები ამერიკის შუა დასავლეთში, მოსახლეობისაგან დაცლილ თუ ღარიბ ინდუსტრიულ ქალაქებში, დაახლოებით ისეთ არეალში, როგორებიც ზესტაფონი, ჭიათურა, ტყიბული და რუსთავია. თუმცა ტრამპსაც და სანდერსსაც გაცილებით ფართო მხარდაჭერა ჰქონდათ. საარჩევნო რუკა ცხადჰყოფს, რომ დიდი ქალაქების, მათი შემოგარენისა და უმცირესობებით დასახლებული არეალების გამოკლებით, ორივემ მოახერხა კლინტონის წინააღმდეგ ქვეყნის განწყობა. ტრამპმა ეს განსაკუთრებით კარგად მოახერხა, თუმცა დიდად არც სანდერსი ჩამორჩენია, რადგან ,,გოიმები“ იმათ აუჯანყდნენ, ვისაც თავი მათზე აღმატებული ეგონა. შეიძლება ითქვას, რომ 2016 წელს ამერიკაში კლასობრივმა კონფლიქტმა თავი ვეღარ დამალა და ღიად იფეთქა.
- ბევრი ქართველის მსგავსად, პოლიტიკური პარტიებისადმი ზიზღით ორივე კანდიდატს თავი მოჰქონდა. სანდერსი, რომლის სოციალისტობა ყველას კარგად მოეხსენება, სენატში დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად იყო წარმოდგენილი. ტრამპმა პარტიული სიმპათიები შვიდჯერ იცვალა, თან არ მახსენდება, ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვინმეს ასე გაეხლიჩოს საკუთარი პარტია. „ნიუ-იორკ ტაიმსში“ დაიწერა კიდეც, სინამდვილეში ტრამპი, ე.წ. მესამე პარტიის კანდიდატია, რომელიც კენჭს რესპუბლიკელების სიით იყრისო. ან სულაც სატელევიზიო ვარსკვლავია: ერთ დროს ხომ ნამდვილად იყო.
- ტრამპიცა და სანდერსიც ,,იზოლაციონისტები“ არიან, რომლებიც დანარჩენ მსოფლიოსთან ამერიკის მჭიდრო კავშირებს ემტერებიან. შემთხვევითი არაა, რომ ტრამპის ყველაზე გახმაურებული სამომავლო პროექტი ამერიკისა და მექსიკის გამყოფი კედლის აშენებაა; კედლის, რომელიც თავად ტრამპმა ბარბაროსებისაგან თავის დასაცავად აშენებულ ჩინეთის დიდ კედელს შეადარა. ტრამპმა, რომელსაც რესპექტაბელობის გაშარჟების უტყუარი ალღო აქვს, ხელახლა ამოქექა სლოგანი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ - ჰიტლერთან და იაპონურ იმპერიალიზმთან ბრძოლაში ჩაბმის მოწინააღმდეგე ამერიკელების დევიზი.
- დაბოლოს, ორივე, ტრამპიცა და სანდერსიც, პრაიმერებში საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის იდეას უპირისპირდებოდნენ. ეს ორნი ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ თავისუფალი ვაჭრობა ამერიკის მრეწველობას ვნებს, ხოლო ამერიკელების სამუშაოს უცხოელებს უგდებს ხელში. სანდერსის ვებსაიტზე, მაგალითად, ეწერა: „თუ კორპორაციულ ამერიკას უნდა, რომ მისი პროდუქცია ვიყიდოთ, საკუთარი პროდუქცია ამ ქვეყანაში აწარმოოს და არა ჩინეთში ან სხვა რომელიმე იაფ მუშახელიან ქვეყანაში. [3] აქამდე თავისუფალი ვაჭრობა თავისუფალი ბაზრის ის ელემენტი იყო, რომლის აუცილებლობას მემარცხეენებიცა და მემარჯვენეებიც, დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც ათწლეულობის განმავლობაში ერთნაირად იზიარებდნენ. თავისუფალ ბაზარზე წრეგადასული თავდასხმები 2016 წელს გაგრძელდა. ამან რესპუბლიკურ პარტიასაც დარია ხელი და მას შემდეგ მის იდენტობას იყენებს: ეს უპრეცედენტო, უცნაური მოვლენაა, რომელიც საშინელებათა ფილმის „სხეულების გამტაცებლების“ რეალობას ემსგავსება.
ნაციონალიზმის აღზევება
ობამას მმართველობის „მკაცრ“ წლებში ამერიკულ ნაციონალიზმს ტაბუ ედო. საგარეო პოლიტიკის სფეროში ობამას ყველაზე დამახასიათებელი თვისება მადამბლავებელი მერყეობა იყო; სიმტკიცის მომენტებს საკუთარი თავისადმი შიში ცვლიდა, როგორც სირიაში წარმოებული ქიმიური ომის წინააღმდეგ გაბრძოლებისას; ან მაშინ, როდესაც იგი ამერიკელთა შეცდომებისთვის ბოდიშს იხდიდა - მუსლიმებისადმი მიმართული ქაიროს გამოსვლა გაიხსენეთ, ან ირანიდან კუბამდე, ამერიკის ყველა მტერთან შერიგების მცდელობა. ამ ფონზე ტრამპი ამერიკელების უფლებებისა და ინტერესების დაცვას მოითხოვდა. მაგრამ ნაციონალიზმი ახლა იმ რწმენის ფონზე განიცდის აღორძინებას, რომ ამერიკის ძლევამოსილება მხოლოდ ვნებს მსოფლიო ვითარებას. ტრამპიცა და სანდერსიც იზიარებენ 60-იანი წლებისთვის ნიშნეულ მოსაზრებას, რომ ამერიკა მსოფლიოს პრობლემების გადაჭრას ვერ უწყობს ხელს, პირიქით, თავადაა დიდი პრობლემა. ტრამპის სიტყვებია:
„რა მოხდებოდა, რომ ჩვენს პრეზიდენტებს, ჩვეულებრივად, პლაჟებზე ევლოთ... ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ხომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა, ვიდრე ახლა, უზარმაზარი მსხვერპლის, ნგრევის - და იცით? - ფულის ხარჯვის პირობებში. ეს უბრალოდ დაუჯერებელია.“ [4]
სანდერსის ვებსაიტმა ორჯერ გაიმეორა აპოკალიფსური მოსაზრება, რომ
,,პრეზიდენტ ბუშის ერთადერთი მისია, რომელიც [ერაყში] განხორციელდა, მთელი რეგიონის დანგრევა იყო.“[5]
ობამას პასიურობამ და ხშირმა უკანდახევებმა იმის განცდა გააჩინა, თითქოს ამერიკა სუსტია და უსუსური. ჰოდა, ახლა ამერიკული ნაციონალიზმი იზოლაციონიზმისა და საკუთარ თავზე კონცენტრირების ფორმით ბრუნდება.
ტრამპი ამომრჩეველს არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლით იზიდავდა - იმიგრაციასთან - უფრო ფართო გაგებით, ბრექსიტის მომხრეების მსგავსად. მას სურდა, შეერთებულ შტატებში მუსლიმების შედინებისთვის მოეღო ბოლო, რადგან ეს მუსლიმები, შესაძლოა, ტერორისტები გამომდგარიყვნენ.
ტრამპს განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერა ჰქონდა იმ ამერიკელებს შორის, ვისაც ეს „მისი“ საკითხები აფიქრებდა, მაგრამ გამარჯვებით კი იმათი წყალობითაც გაიმარჯვა, ვისი შეხედულებებიც ამ პრობლემების შესახებ ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ფლორიდაში, ნიუ-იორკსა და ინდიანას პრაიმერებში, მაგალითად, ტრამპმა ის ამომრჩეველიც გადაიბირა ან მოხიბლა, ვისაც სჯეროდა, რომ არალეგალურ იმიგრანტებს კანონიერი სტატუსის მოპოვების შანსი უნდა ჰქონოდათ. უცნაურია მართლაც. ტრამპის გამარჯვების მიზეზი კომუნიკაციის მისებრი მანერაც აღმონჩდა და მისი პოზიციაც. ის იმათი რჩეული კანდიდატი იყო, ვისაც „მარტივი კაცი“ სჭირდებოდა, სიმართლეს რომ „ფქვავს“. ვირჯინიაში ტრამპს პრემიერის ამომრჩევლების 72% ერგო, ოჰაიოსა და ტექსასში - 78%, ინდიანის შტატში - სულაც გასაოცარი 87%.
პოლიტიკური კორექტულობა
ეს ერთი ფაქტორი, როგორც ჩანს, უგულებელყოფილი დარჩა. ტრამპის თავაწყვეტილი იერიშები და უცენზურო მეტყველება გულზე მალამოდ ედებოდათ გულწრფელობას მოწყურებულ ამერიკელებს, „სწორი“ ქცევისა და მეტყველების იმ მხუთველი კოდექსისგან შეწუხებულ ადამიანებს, „პოლიტიკური კორექტულობა“ რომ ჰქვია. მართლა არსებობს თუ არა ისლამსა და ტერორიზმს შორის რაღაც ძირეული კავშირი? ამერიკელებს საჯაროდ არ შეუძლიათ ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემა, ამ დროს კი თითქმის ყველა მოქალაქე თვლის, რომ არსებობს. ყველა, ვინც დასავლეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების აქტი განახორციელა, სალაფიტი, ანუ ვაჰაბიტი მუსლიმი იყო. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ამაზე ლაპარაკის გზა და ხერხი, თან ისე, რომ მუსლიმების, ჩვენი თანამემამულეებისა და თანამოქალაქეების დემონიზებას არ შევუწყოთ ხელი. მაგრამ მუსლიმებს, როგორც ჯგუფს, რომელიც შევიწროების შესაძლო ობიექტია, ამ გულახდილი დისკუსიისგან ზემოთ აღნიშნული კოდექსი იცავს. ეს კოდექსი განსაკუთრებით არცხვენს თეთრ მამაკაცებს, რომლებსაც თავის მოკატუნების ან იმიტირების ნიჭი არ აღმოაჩნდათ, ამიტომაც მოიპოვა მათი ხმები ტრამპმა - კაცმა, რომელიც „სიმართლეს ფქვავს“. თანდათანობით, აუჩქარებლად, პოლიტიკური კორექტულობის ამ კოდექსმა ისე იმძლავრა, რომ თვალსა და ხელს შუა მოედო საგამომცემლო სფეროს, ჟურნალ-გაზეთებს, ტელევიზიებს, მთავრობას - ზოგადად, მთელ ჩვენს საჯარო სივრცეს. მას გაუმაძღრობა შეეყარა: დაუსრულებლად ზრდის თავის მოთხოვნებს, ისე, რომ ახლა უნივერსიტეტების პროფესორები შიშს ჰყავს ატანილი, შეცდომა არ მოუვიდეთ და უნებლიეთ „მიკროაგრესია“ არ აგრძნობინონ სენსიტიურ სექსუალურ, რასობრივ თუ გენდერულ ჯგუფებს. „მიკროაგრესიის’’ ერთი ასეთ მაგალითად ერთ-ერთი ამერიკული უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის დეკანის ნახატების გამოფენა იქცა. აღმოჩნდა, რომ თურმე გამოფენას შეეძლო, ქალებისათვის სამეცნიერო კარიერისაკენ სწრაფვაში ხელი შეეშალა. არის მართლაც რაღაც ძალზე უცნაური და მახინჯი ამ ამბავში. ოდესღაც ქალებს ბევრ პროფესიაზე არ მიუწვდებოდათ ხელი. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ამ აკრძალვების ბოლომდე აღმოსაფხვრელი ნაბიჯები გადაიდგას, ახლა რეალობის მიჩქმალვას, ორუელის „მეხსიერების ხვრელში“ ჩაგდებას ამჯობინებენ. სწორად ამნაირმა ინტელექტუალურმა და ზნეობრივმა გადახრებმა შვა ჩუმი მრისხანება, რომელიც ტრამპმა ცეცხლად აქცია.
[1] ,,ნიუ-იორკ ტაიმსის“ 2016 წლის 26 მარტის სტატიაში „დონალდ ტრამპი საგარეო პოლიტიკის შესახებ თავის მოსაზრებებს გამოთქვამს“ მოტანილი სტენოგრაფიული ჩანაწერი.
[2] იხ. დონალდ ტრამპის ,, უოშინგტონ პოსტის“ რედაქციისათვის მიცემული ინტერვიუს სრული ტექსტი. 2016 წლის 22 მარტი.
[4] „ნიუ-იორკ ტაიმსის“ 2016 წლის 26 მარტის სტატიაში „დონალდ ტრამპი საგარეო პოლიტიკის შესახებ თავის მოსაზრებებს გამოთქვამს“ მოტანილი სტენოგრაფიული ჩანაწერი.
[5] იხ. berniesanders.com/Issues/war-and peace; ასევე - berniesanders.com/Issues/war-should-be-the-last-option