ლიტერატურული კამპანია ''პატარა ისტორიები'' თემაზე ''რას ვისურვებდი თითოეული ბავშვისთვის'' იმართება გაეროს ბავშვთა ფონდის 70 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში.
საქართველოდან ლიტერატურულ კამპანიაში ჩართულნი არიან პაატა შამუგია, ირაკლი კაკაბაძე, დავით გაბუნია, შოთა იათაშვილი, ნესტან კვინიკაძე, გიორგილობჟანიძე, ვასილ გულეური, დიანა ანფიმიადი, გიორგი კეკელიძე, სალომემაკარიძე, რატი ამაღლობელი, ლია ლიქოკელი, ლელა სამნიაშვილი, გაგა ნახუცრიშვილი, დათო ქარდავა, ნინო სადღობელაშვილი, ზაზა კოშკაძე, ლელა ცუცქირიძე, მარიამ წიკლაური , ტორესა მოსი, ნატო ინგოროყვა...
ლიბერალი გთავაზობთ უკვე გამოქვეყნებულ ისტორიებს:
ნესტან კვინიკაძის პატარა ისტორია:
''ერთ წიგნში ამოკითხული ეს წინადადება მეხსიერებიდან ვერ ამოვშალე: მეორე მსოფლიო ომის დროს, დასახვრეტთა რიგში მდგარმა დედამ, რომელსაც ქმარი და სამი შვილი ახლდა, გერმანელ ჯარისკაცს სთხოვა, - გემუდარებით, ბავშვებს ისე ესროლეთ, რომ იმ წამსვე მოკვდნენ. არ იტანჯონო…
დედა, შვილებისთვის საუკეთესოს ირჩევდა.
მთავარი მაინც ისაა, რომ ბავშვებს არ კლავდნენ. ბავშვები არ კვდებოდნენ. სხვა დანარჩენს ვისწავლით, თავს ძალას დავატანთ და გვეცოდინება: შენიშვნის მიცემის დროს, უფროსი უნდა დაიკუზოს ბავშვის სიმაღლეზე და ამის შემდეგ მიმართოს მას; ხშირად შევაქოთ ბავშვები და განათლების მიღების საშუალება მივცეთ მათ; ყურადღებით წავიკითხოთ წამლის ანოტაციები; ვისწავლოთ და ვასწავლოთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლება და სიყვარულია.''
პაატა შამუგიას პატარა ისტორია:
''- მთვარეს ხელით შეეხები?
- ვერა.
- მე შევეხები!..
- შენც ვერ შეეხები. ძაააააან შორსაა.
- გურჯაანზე შორსაა?
- გურჯაანზე შორსაა.
- დიდი რომ გავიზრდები, მაღალი ვიქნები და ადვილად მივწვდები.
- აი, როგორ აგიხსნა... საკუთარ იდაყვზე კოცნა როგორც ვერ ხერხდება, ისეა ეგეც. უფრო რთულადაც კი.
- მე შემიძლია საკუთარ იდაყვზე კოცნა. აი...
- ჰოო... მაგრამ მაინც ვერ იზამ, ვერ შეეხები. და ეგ სად ისწავლე? იდაყვზე კოცნა...
- არ მისწავლია, სულ ვიცოდი.
- ყოჩაღ. მაგრამ მთვარეს მაინც ვერ შეეხები.
- აი, ნახავ, გავიზრდები და შევეხები.
ამ დიალოგში ერთი სიტყვაც არაა გამოგონილი. ეს ჩემი მეგობრის და მისი პატარა შვილის საუბრის ფრაგმენტია. ბავშვებს ვუსურვებ, მისდიონ თავიანთ წარმოსახვებს - ეგ ყველაზე საიმედო მეგზურია.''
ირაკლი კაკაბაძის პატარა ისტორია:
''ინდირიე
მე ინდირა მქვია,
დედაჩემის სახელი.
იმას ბებიაჩემმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის სახელი დაარქვა, ისეთივე დიდი და სახელოვანი უნდოდა ჰყოლოდა.
დედაჩემი დაბადებისთანავე დამემშვიდობა.
იმ კაცმა მანამდე მიატოვა დედაჩემი, სანამ მე გავჩნდებოდი.
ბებია მყავდა, მაგრამ ისიც დედაჩემთან წავიდა.
მთელს სოფელს ესმოდა ბებიაჩემის ხმა,
ინდირიეეეეეე, გეყოფა თამაში, მოდი, პური ჭამეო!
ექოებს გადაჰქონდათ მთებიდან მთებზე, ტყიდან ტყეზე, ყანიდან ყანაზე, კორდიდან კორდზე ჩემი სახელი, ინდირიეეეეეეე!
ბოლოს მითხრა, შენი დარდი არ მომასვენებს, კუბოს ფიცარს ამოვამტვრევ, მიწიდანაც ამოვძვრებიო.
ხუთი წელია აქ ვარ, სამტრედიის ბავშვთა სახლში.
აქ დეპეშას მეძახიან მასწავლებლები, რადგან ყოველდღე წერილებს ვწერ.
წერილებს ვწერ და ქარს ვატან, იქნებ ვინმემ იპოვოს, წაიკითხოს და მომძებნოს.
სულ იმის მოლოდინში ვარ, რომ ვიღაც ისევ დამიძახებს.
დამიძახებს და წამიყვანს.
ინდირიეეეეეეე!''
ვასილ გულეურის პატარა ისტორია:
''გინახავთ, როგორ ტირის შიშისგან ბავშვი? რა თქმა უნდა, ნანახი გექნებათ - იქნებ, თქვენც შეგიშინებიათ, როცა რაღაცის გამო ხმამაღლა დაუყვირებთ...
გინახავთ, ომის საშინელებისგან მეტყველებადაკარგული ბავშვის გაფართოებული თვალები? რა თქმა უნდა, ნანახი გექნებათ - ჩვენს გვერდით თუ არა, ტელეეკრანიდან, ინტერნეტიდან მაინც...
გინახავთ, შიმშილისგან ან ავადმყოფობისგან დაუძლურებული ბავშვის მოცახცახე ხელი? რა თქმა უნდა, ნანახი გექნებათ - ისინი ხომ ყველა ქვეყანაში ბევრნი არიან...
მე ვისურვებ, რომ არსად ტიროდნენ ბავშვები შიშისგან და ჩაგვრისგან, არსად იხოცებოდნენ ბავშვები ომისგან და ძალადობისგან, არსად შიმშილობდნენ ბავშვები და თითოეულის ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, სიცოცხლეზე ვზრუნავდეთ ჩვენ, უფროსები, რომლებსაც ხშირად გვავიწყდება, რომ ოდესღაც ჩვენც ბავშვები ვიყავით!''
დათო გაბუნიას პატარა ისტორია:
''რას ნიშნავს მაინც აკვიატება! დიკენსის "დევიდ კოპერფილდი" ყდაშემოხეული მქონდა ბავშვობაში (მრავალჯერ წაკითხვისგან), სულ ზეპირად ვიცოდი, სულ მეტირებოდა და მაინც თავიდან ვკითხულობდი. გავიდა რამდენიმე წელი, კაი დიდი ვიყავი უკვე და ერთი ჩემი უმცროსი მეგობარი, რომელიც მაშინ შეუდგა წიგნის კითხვას, მიზიარებს აღფრთოვანებას, როგორ მოსწონს კლარა პეგოტი. გავშრი. გამაცია. მთელი ამდენი წელი, ამდენჯერ წაკითხულ წიგნში ვერ შევამჩნიე, რომ თურმე ამ გვარს არასწორად ვკითხულობდი. "პეტოგი" D მახსოვს, როგორ შემრცხვა, გავწითლდი. ჩემი მეგობარი ვერ მიხვდა, რა დამემართა, არადა, მე სამყარო დამენგრა თავზე, მთელი ბავშვობა ტყუილში მიცხოვრია. ახლა, როცა ვინმე დიკენსზე ჩამოაგდებს სიტყვას, მე ისევ პეგოტი-პეტოგი მახსენდება და მეცინება, მაგრამ თან მრცხვენია. ეს წიგნი არასოდეს არ დამანებებს თავს, ძალიანაც რომ მინდოდეს. ან რატომ უნდა მინდოდეს, კარგი წიგნია. რომ დავბერდები, ხელახლა წავიკითხავ, ოღონდ, ამჯერად იმ პატიოსანი ქალის გვარი არ შემეშლება. ჰოდა, ყველა ბავშვს - რაც შეიძლება მეტი შეცდომა.''
გიორგი ლობჟანიძის პატარა ისტორია:
''როცა პატარა ვიყავი და მშობლებიც ჯერ კიდევ მყავდა, ერთ-ერთ ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლში შეხვედრა მომიწყვეს. შეხვედრისას ერთმა იქაურმა გოგონამ მოულოდნელი შეკითხვა დამისვა: შენ იცხოვრებდი ჩვენნაირ სახლში? შეხვედრაზე უფროსი და მახლდა და დღემდე მახსოვს მისი დაძაბული და აფორიაქებული მზერა, ვიდრე იმ გოგონას პასუხი გავეცი: რატომაც არა! რითია თქვენი სახლი ცუდი! ერთმანეთი ხომ გყავთ და მთავარი ეს არის-მეთქი. იმ შეხვედრიდან სულ ცოტა ხანში ყველაფერი ისე აეწყო, რომ უდედმამოდ დავრჩი და ჩემზე ზრუნვა, ძირითადად, სწორედ იმ ჩემს უფროს დას მოუწია, შეხვედრიდან წამოსულს რომ მკოცნიდა და ტიროდა: რა კარგი ბიჭი ხარ, ჩემო გულიანო, რომ იმ ბავშვს გული არ მოუკალიო.
ყველა ბავშვისათვის იმას ვისურვებ, რასაც ჩემივე შვილებისთვის. სულაც არ არის ეს პათეტიკური ნათქვამი. ყველა ბავშვი, სულ მცირე, იმას იმსახურებს, რომ გვერდით ჰყავდეს დედა და მამა, არ შიოდეს, არ სციოდეს, ჰქონდეს ჰარმონიული განვითარების საშუალება. ვწერ ამას და თვალწინ მიდგანან ბავშვები ახლო აღმოსავლეთიდან, ბავშვები, რომლებსაც ომმა წააართვა ყველაფერი, ბავშვები, რომლებიც დიდების ამბიციებს შეეწირნენ... და რამდენი ბავშვი... სწორედ ამიტომ მინდოდა, სულ პატარაობიდანვე მესწავლებინა ჩემი შვილებისათვის, რომ არასოდეს დავიწყებოდათ: როცა თვითონ ჭამდნენ, სადღაც მათ თანატოლს შიოდა, სულერთია, მსოფლიოს რომელ კუთხეში და ამით ჩემი შვილების დაკომპლექსება კი არ მსურდა, მინდოდა მათში თანალმობის, სოლიდარობის განცდაც გამეღვივებინა დაჩაგრულისადმი და მადლიერების შეგრძნებაც სამყაროსა თუ ღმერთისადმი...
დაბოლოს, თუ მაინც მოხდა არასასურველი და ვინმე დარჩა ობლად, ისე, როგორც მე ცამეტი წლის ასაკში, მაშინ ვუსურვებ, ყველას ჰყავდეს გვერდით ჩემი დებივით თავგანწირული უფროსი და-ძმები...''
დიანა ანფიმიადის პატარა ისტორია:
''ბიჭი კლასში იყო, ქართულის გაკვეთილზე, ძალიან უნდოდა მაგიდის ქვეშ ჯდომა, ანდა კლასში იმ რიტმით სიარული, როგორც მასწავლებელი ტექსტს კითხულობდა, ან ფანჯარაში გადახედვა, იქნებ გარეთ მანქანები ათვალიეროს და ყოველი ლურჯი მანქანა გულში დათვალოს, მერე ფეხისგულებზე ჭიანჭველები დაესივნენ და ფეხსაცმლის გახდა მოუნდა, მერე ძალიან დააინტერესა წინ მჯდარი გოგონას ქურთუკმა, რაღაცნაირი, ხაოიანი ნაჭერი იყო, ნეტავ როგორია? მერე სიმღერა მოუნდა, მერე ფანჯრის დაორთქლილ მინაზე თავისი, დედამისის და მამამისის სახელების დაწერა.
მერე რიგ-რიგობით ყველაფერი გააკეთა, რაც სურდა, უხმაუროდ არ გამოვიდოდა, შენიშვნაც მიიღო, მაგრამ არავის უჩხუბია. შუალედებში მასწავლებლის ხმასაც უსმენდა, ხმა ჰქონდა ტკბილი და ნოტიო, შოკოლადიანი რძესავით, თვალები-თბილი, თუ გაბედავდა და თვალებში შეხედავდა, ბიჭს არ უყვარდა თვალებში ყურება. სამაგიეროდ, უყვარდა ყველაფერი, რასაც ისმენდა და კლასელებთან ერთად რთულ სავარჯიშოებზე პასუხის გაცემა.
დღეს ეს ბიჭი დიდია, ძალიან ჭკვიანი და ფიქრიანი, ჭიანჭველები უკან მოიტოვა, მასწავლებლის თვალები - ისევ ახსოვს.
მისით ყველა ამაყობს.
შედეგიანი ინკლუზიური განათლების სისტემა ყველა ბავშვს, ვისაც ეს სჭირდება!''
ჯიმშერ რეხვიაშვილის პატარა ისტორია
''ბავშვი დაიბადა.
ბავშვმა დაინახა დედა, მამა, მზე, ღრუბელი, წვიმა, ცისარტყელა და გაიღიმა.
ბავშვს უხარია, რომ თენდება, ღამდება და ისევ თენდება დაუსრულებლად.
ბავშვის დღე შედგება თამაშისგან, ბევრი თამაშისგან, სკოლაში სიარულისგან, მეცადინეობისგან და ისევ თამაშისგან.
ბავშვით ხარობენ დედა, მამა, ნათესავები, მასწავლებლები...
ბავშვად ვერავინ დარჩება, ყველა გაიზრდება.
ბავშვო, მალე დიდი იქნები, მაგრამ არასოდეს დაივიწყო, რომ ბავშვი იყავი და ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ბავშვების ცხოვრების აღწერაში არ იყოს ადგილი ისეთი სიტყვებისთვის, როგორებიცაა: ომი, შიმშილი, ობლობა, სიცივე, უწიგნურობა, ჩაგვრა.''
ლელა სამნიაშვილის პატარა ისტორია:
''საკლასო ოთახის კედელი გაახსენდა. სხვადასხვა ფორმის წვერებიანი, სერიოზული კაცები გადმოყურებდნენ. მასწავლებლები ამბობდნენ, რომ მთელი ქვეყანა ამ კაცების მხრებზე იდგა. მერე ქვეყანა აირია და ის პორტრეტები იგივე მასწავლებლებლებმა ჩამოხსნეს. გოგონა აღარ იყო დარწმუნებული, რომ მასწავლებლებს ყველაფრის სჯეროდათ, რასაც ამბობდნენ. სჯობს კედელი ბავშვების ნახატებისთვის დატოვონ, - გაიფიქრა. ბავშვებს სჯერათ იმისი, რასაც ხატავენ.''