Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საბჭოთა ნაგავსაყრელები – დაკონსერვებული პრობლემა

07 აგვისტო 2012

როგორ უნდა დაიხუროს ძველი ნაგავსაყრელები სანიტარულად და სტანდარტების დაცვით?

90-იანი წლების ბოლოს, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში წერილი შევიდა. „საქართველოს რკინიგზა“ სამინისტროს  გერმანიიდან ნარჩენების შემოტანის ნებართვას სთხოვდა. გერმანია საკუთარ რკინიგზას აახლებდა,  რეკონსქტრუქციის ნარჩენების განთავსება კი ე.წ. განვითარებული ევროპული ქვეყნისთვის ძვირადღირებული თავსატეხი იყო.

რისთვის უნდა დასჭირვებოდა ე.წ. განვითარებად საქართველოს გერმანული რკინიგზის ნაყარი?  რელსებს შორის ჩაშენებული ხის განძელი ქვანახშირის ზეთითაა გაჟღენთილი და საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის  – კანის ავთვისებიან სიმსივნეს იწვევს.   

გარემოს დაცვის სამინისტროში  დაფიქრდნენ. რა სარგებელს მოუტანდა ქვეყანას გერმანული რკინიგზის განძელები გარდა იმისა, რომ თითოეულ ტონა საშიშ ნაგავში, საქართველო ფულს მიიღებდა.

გადაწყდა, რომ ნარჩენები საქართველოს უფრო მეტ ზიანს მოუტანდა,  ვიდრე სარგებელს. ამიტომ, სამინისტრომ გერმანელი “კლიენტი” უარით გაისტუმრა.

საკუთარი საშიში ნარჩენების სხვა ქვეყანაში გატანა განვითარებულ ქვეყნების პრაქტიკაა. მოდელი ასე მუშაობს: ქვეყნები, რომლებიც პროდუქციას დიდი რაოდენობით აწარმოებენ, ცდილობენ, რომ ნარჩენები საკუთარ საზღვრებს გარეთ გადაამისამართონ. როგორც წესი, განვითარებული ქვეყნების ნარჩენები გეზს განვითარებად ქვეყნებისკენ იღებს.   

მაშინ გარემოს დაცვის სამინისტრომ უარი თქვა “ფასიანი ნაგვის” მიღებაზე. მაგრამ დღემდე საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად რჩება საბჭოთა დროს შექმნილი ნაგავსაყრელები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ნახმარი პამპერსები, ძველი ქოლგები, ტელეფონები, ფეხსაცმლები - ქალაქ რუსთავთან “გაშენებული” აღლუჯას დახურული ნაგავსაყრელი სავსეა სხვადასხვა სახის ყოველდღიური გამოყენების ნივთებით. 5 ჰექტარ ტერიტორიას ცისფერი ბოლი ასდის და სუნი შედარებით ასატანი მხოლოდ პირბადის აფარების შემდეგ ხდება. 

უკვე ორი წელია, რაც ეს ნაგავსაყრელი ოფიციალურად დახურულია. დახურვა ნიშნავს, რომ იქ უკვე ნაგავი აღარ შეაქვთ. თუმცა, ასეთი სახით დახურვა არ ნიშნავს, რომ ის გარემოსთვის უსაფრთხო არაა.

2011 წელს “გარემო და უსაფრთხოების (ENVSEC) ინიციატივის მიერ მომზადებულ კვლევაში „GEO-ქალაქები თბილისი,“ ნათქვამია: მიუხედავად იმისა, რომ იქ ნაგავი არ შეაქვთ, თბილისის ორი დიდი – გლდანისა და იაღლუჯას ნაგავსაყრელები, საერთო ფართობით 13 ჰექტარი – დღემდე რჩება მიწისქვეშა წყლის, ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურების  წყაროდ.

„მავნე ნივთიერებების გამოყოფა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებს უქმნის თბილისის, რუსთავისა და მიმდებარე დასახლების მოსახლეობას. გარდა ამისა, ორგანული მასალების ბუნებრივი ხრწნის გამო, ნაგავსაყრელები გამოყოფს სათბურის ეფექტის მქონე აირებს, როგორიცაა ნახშირორჟანგი და მეთანი“, – ნათქვამია კვლევაში.

„ხშირად ამ ნარჩენებით იკვებებიან შინაური და გარეული ცხოველები და ფრინველები, თევზები, რაც მათ მოწამვლას ან დაავადებას, ან მათ ქსოვილებში არასასურველ ნივთიერებათა დაგროვებას იწვევს“, – წერია გასულ წელს გამოქვეყნებულ სხვა ნარკვევში, სადაც ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“  ნარჩენების მართვის პრობლემები მიმოიხილა.

„ხშირად ამ ნარჩენებით იკვებებიან შინაური და გარეული ცხოველები და ფრინველები, თევზები, რაც მათ მოწამვლას ან დაავადებას, ან მათ ქსოვილებში არასასურველ ნივთიერებათა დაგროვებას იწვევს“, – წერია გასულ წელს გამოქვეყნებულ სხვა ნარკვევში, სადაც ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“  ნარჩენების მართვის პრობლემები მიმოიხილა.

„მავნე ნივთიერებების გამოყოფა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებს უქმნის თბილისის, რუსთავისა და მიმდებარე დასახლების მოსახლეობას. გარდა ამისა, ორგანული მასალების ბუნებრივი ხრწნის გამო, ნაგავსაყრელები გამოყოფს სათბურის ეფექტის მქონე აირებს, როგორიცაა ნახშირორჟანგი და მეთანი“, – ნათქვამია კვლევაში.

„ხშირად ამ ნარჩენებით იკვებებიან შინაური და გარეული ცხოველები და ფრინველები, თევზები, რაც მათ მოწამვლას ან დაავადებას, ან მათ ქსოვილებში არასასურველი ნივთიერებათა დაგროვებას იწვევს“, – წერია გასულ წელს გამოქვეყნებულ ნარკვევში, სადაც ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“  ნარჩენების მართვის პრობლემები მომოიხილა.

საქართველოში დღეს 63 ოფიციალურად აღრიცხული ნაგავსაყრელია. ამათგან, არც ერთს არ გააჩნია დაბინძურებული ჩაჟონილი წყლების შეგროვების და გაწმენდის სისტემა ან წყალგაუმტარი ფუძე, რომელიც მიწისქვეშა წყლებს დაბინძურებული წყლების ჩაჟონვისგან დაიცავდა. სოფლებში კი, სადაც ნაგვის მდინარესთან ახლოს ან თვით მდინარეში ჩაყრა ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ყოველდღიური ნარჩენი ზედაპირული წყლების მუდმივ დაბინძურებას გარდაუვალს ხდის.

საქართველოში ყველა ნაგავსაყრელი საბჭოთა დროსაა მოწყობილი. საბჭოთა კავშირის დროს ნაგავსაყრელისთვის ტერიტორიას  აღმასრულებელი საბჭოები ირჩევნენ. ალვერდ ჩანქსელიანი, გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი  ამბობს, რომ ნაგავსაყრელების მოწყობის მოთხოვნები არსებობდა, მაგრამ არ სრულდებოდა.  

„როგორც წესი, ხელს დაადებდნენ და გადაწყვეტილი იყო: ის იყო ნაგავსაყრელის ტერიტორია.  უმეტეს შემთხვევაში, ტერიტორია შემოღობილიც არ იყო. ასე შეიქმნა თითქმის ყველა ნაგავსაყრელი, რომელიც დღეს ქვეყანაში მოქმედებს“, – ამბობს ჩანქსელიანი. – „არც ერთი მათგანი არ არის სანიტარული ნაგავსაყრელი, პირიქით,  ანტისანიტარიის კერებია.“

როგორ უნდა დაიხუროს ძველი ნაგავსაყრელები სანიტარულად და სტანდარტების დაცვით?

2007 წელს, პარლამენტმა მიიღო კანონი „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“, რომლის მიხედვით ძველი ნაგავსაყრელების ოპერატორებს 2010 წლის 1 იანვრამდე უნდა ჩაეტარებინათ ნაგავსაყრელების ეკოლოგიური აუდიტი და შესაბამისი ზომები მიეღოთ გარემოს მომავალი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, არც ერთ ნაგავსაყრელს ეს ღონისძიება დღემდე არ ჩაუტარებია.

დღეს თბილისის ორი დიდი ნაგავსაყრელის სანიტარულად დახურვის კონკრეტული გეგმა არ არსებობს. თბილისში აშენდა ახალი, სანიტარულად გამართული, ლილოს ნაგავსაყრელი, ძველების საკითხი კი ღიად დარჩა.

ძველი ნაგავსაყრელების დახურვას სხვადასხვა ეტაპები აქვს. ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ნიადაგსა და ნაგავს შორის წყალგაუმტარი ფენის ჩადგმაა. ეს პროცედურა რომ ჩატარდეს, ძველი ნაგავი უნდა ამოიღონ, დროებით სხვაგან გადაიტანონ,  წყალგაუმტარი ფენა ჩადგან და ნაგავი ისევ იქ დააბრუნონ. ნაგვის ტრანსპორტირება დიდ ხარჯებს მოითხოვს.

 „ფულის მოძიება  ყველაზე დიდი პრობლემაა“, – ამბობს ქეთი გუჯარაიძე, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი და ნარჩენების შესახებ ნარკვევის ავტორი.  

მყარი ნარჩენების მართვა პლანეტის გამოწვევებს შორის ერთ-ერთი მთავარია. ცივილიზებული ადამიანის მომხმარებლური ჩვევებიც უფრო მეტი ნარჩენის წარმოებისკენ უბიძგებს.  პატარა, ლამაზი დიზაინის ელექტრონული მოწყობილობებისადმი მოთხოვნა იზრდება. „ეფლის“ მიერ წარმოებული აიფონის ან სხვა ტექნიკის ნაწილებად დაშლა და სხვა წარმოებაში ხელახლა გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია. მოხმარების ან გაფუჭების შემდეგ, ისინი არსებული სახით  ნაგავში მიდის.

„ადამიანი ნარჩენის გენერატორია. უზარმაზარი რაოდენობის ნარჩენის უმრავლესობა ისეთი ქიმიური წესითაა წარმოებული, რომ მისი დაშლა შეუძლებელია“, – ამბობს პროფესორი მარკუს ვულფი. – „ბუნება კი თვითონ შლის მის მიერ წარმოებულ ნარჩენს: რომელიმე მწერი თუ კვდება, მას ჭიანჭველები ჭამენ და მისგან არაფერი რჩება.“

ადამიანის მიერ წარმოებული, ანუ ანთროპოგენური ნარჩენი სწორედ ამით განსხვავდება ბუნების მიერ წარმოებული ნარჩენისგან – ის საშიში და ძნელად დასაშლელია.

ეკონომიკურად განვითარებულ თუ განვითარების გზაზე მყოფ მწარმოებელ ქვეყნებს სულ უფრო და უფრო მეტი ნაგავი რჩებათ. გაეროს მიერ 2012 წლის ივლისს გამოცემულ ანგარიშში GEO-5  http://www.unep.org/geo/geo5.asp ამბობს, რომ 2035 წლისთვის, ნარჩენები დაახლოებით 60–84 პროცენტით გაიზრდება 2003 წელთან შედარებით.  

ანგარიში GEO-5 ასევე გამოყოფს პრობლემებს, რაც პოსტსაბჭოურ ქვეყნებს ნარჩენების მართვის თვალსაზრისით აქვთ. ანგარიში ამბობს, რომ ნარჩენების მართვის გეგმის და გადამუშავების სისტემის არარსებობამ ქვეყნები იქამდე მიიყვანა, რომ საშიში ინდუსტრიული ნარჩენების მუნიციპალური ნარჩენებისგან გამოყოფის სისტემა არ არსებობს. ამის გამო, ბევრ დახურულ ნაგავსაყრელზე საშიში მყარი ნარჩენი დღესაცაა დასაწყობებული ისე, რომ მათი იქ არსებობა არავინ იცის. ხშირად დაბინძურების წყაროს პოვნაც რთულდება.  

უნგრეთს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის საშიში ნაგავსაყრელების დაკონსერვების წარმატებული გამოცდილება აქვს.  საშიში ნაგავსაყრელი უნგრეთს იარაღის ძველი ქარხნის წარმოებისგან დარჩა.

უნგრეთის იარაღის საიდუმლო ქარხანა „ნიტროკემია“ 1921 წელს აშენდა. უნგრეთის მაშინდელი მთავრობა, საკუთარი უსაფრთხოებითვის, პატიმრების უფასო შრომის გამოყენებით, დიდი რაოდენობით თოფისწამალს აწარმოებდა.  1960 წელს ქარხნის პროფილი გაფართოვდა და ქიმიური ნივთიერებების წარმოებაც დაემატა.  საშიში ნარჩენები, რომელიც ასეთ წარმოებას სულ ახლავს,  არასანიტარულ ნაგავსაყრელებზე თავსდებოდა. წლების შემდეგ, ნიადაგი და წყალი ვერცხლისწყლით მოიწამლა. ახლოს მცხოვრები მოსახლეობა შეწუხდა.

გაისმა კითხვა: რა უნდა მოეხერხებინა ქვეყნას წარსულიდან მიღებული მთის სიმაღლე ნაგავსაყრელისთვის?

საჭირო თანხის მოძიების შემდეგ,  22 ათასი ტონა საშიში ნარჩენი დროებით სხვაგან გადაიტანეს, ძველ ადგილზე წყალგაუმტარი შრე ჩაფინეს, ნაგავი ისევ ძველ ადგილზე ჩაყარეს,  ზემოთ კი მიწა მოაყარეს. ვერცხლისწყლით ნაჯერი სითხე, რომელიც ნაგავსაყრელიდან ამოტუმბეს, იქვე პატარა ავზში მოაგროვეს. ავზის დამცავი შრის წყალობით, საშიში სითხე მიწაში უკვე არ ატანს.

შედეგად უნგრეთის ერთ-ერთ გარეუბანში,  ბალატონის ტბასთან, ყოფილი ნაგავსაყრელის  გორაკია. ტერიტორიას არც კი ეტყობა, რომ აქ ერთ დროს საშიში ნაგავსაყრელი იყო და სუნთქვა არ შეიძლებოდა. ყოფილი ქარხნის გარემოსდაცვითი სერვისის უფროსს, გერგლი კოვს, გარემოსდაცვითი პოლიტიკის სტუდნეტები გორაკზე აჰყავს. 

„ახლა ჩვენ კარგად დაკონსერვებულ ნაგავზე ვდგავართ“, – ამბობს ის.

ყოფილ ნაგავსაყრელზე ბალახია ამოსული. კოვსის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ დაკონსერვება წარმატებით დასრულდა. სარეკულტივაციო სამუშაოები დღესაც გრძელდება.

საქართველოში ძველი ნაგავსაყრელების სწორად დაკონსერვების კონკრეტული სტრატეგიული გეგმა არ არსებობს.

2003 წელს, კანონპროექტი განსახილველად პარლამენტსაც გადაეცა, მაგრამ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, კანონი ხელახლა გამოიწვიეს. ბოლო დროს, გარემოს დაცვის სამინისტრომ, ჩარჩო-კანონის დასახვეწად, ევროკავშირის ტვინინგის პროექტი მოიზიდა. 2012 წლის 1 ივლისს პროექტი ოფიციალურად დაიწყო და 2014 წელს დასრულდება.

20 თვის შემდეგ კი, როცა ევროკავშირის ტვინინგის  პროექტი დასრულდება, საქართველოს მყარი ნარჩენების შესახებ ჩარჩო-კანონი დაწერილი ექნება, რის შემდეგაც ის პარლამენტში შევა განსახილველად.   

 „ამ კანონს მთელი სამინისტრო იმედით უყურებს, ბევრი რამ უნდა შეცვალოს კარგისკენ“, – ამბობს ეკატერინე იმერლიშვილი, გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველოს უფროსი.

მისი თქმით, ძველი ნაგავსაყრელების დაკონსერვების საკითხი ჩარჩო-კანონში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^