Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომის პირველი მსხვერპლი - სიმართლე

08 აგვისტო 2012

ფრაგმენტული, სეგმენტური, პოლიტიზებული და გაფილტრული ჟურნალისტიკა

2008 წლის აგვისტოს ომი დაწყებისთანავე ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო სააგენტოების, მედიაკორპორაციების, პრესისა თუ ტელევიზიების ჯგუფები აქტიურად მუშაობდნენ. ცხელი წერტილიდან ინფორმაცია მთელი მსოფლიოს მიმართულებით ვრცელდებოდა…

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ხანმოკლე ომს სამი ჟურნალისტის სიცოცხლე შეეწირა.  10 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან ტელეკომპანია „ალანიას“ ჟურნალისტი გიგა ჩიხლაძე და ფოტოგრაფი ალექსანდრე კლიმჩუკი დაიღუპნენ. 12 აგვისტოს კი, ჰოლანდიელი ტელეოპერატორი სტან სტორიმანსი გორში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა.

„When war starts, the first casualty is truth“ – „ომის პირველი მსხვერპლი სიმართლეა“. ამ ცნობილი გამოთქმის სამიზნედ მედია ექსპერტები ხშირად ომის რეპორტიორებს უთითებენ.

რამდენად პროფესიონალურად აშუქებდა აგვისტოს ომს ქართული მედია? რა იყო მისი ყველაზე თვალსაჩინო შეცდომები? განიცდიდა თუ არა ჟურნალისტთა ნაწილი ხელისუფლების ზეწოლად? ამ და სხვა კითხვებზე პასუხების მისაღებად “ლიბერალი” რამდენიმე ჟურნალისტს ესაუბრა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ ომის გაშუქების დროს ქართულ მედიას თავისი ფუნქციის შესრულება დაავიწყდა: “მედიასაშუალებათა ნაწილი პროპაგანდისტულ ომში ჩაერთო, ნაწილს კი ე.წ. “სახელმწიფოებრივი აზროვნება” აღმოაჩნდა და იმგვარ ინფორმაციას გადასცემდა, როგორსაც ხალხს მთავრობა სთავაზობდა”.

ზვიად ქორიძე იმ კადრებს იხსენებს, როდესაც ტელეკომპანია “რუსთავი-2” ინფორმაციას ავრცელებდა, თითქოს ქართული არმია ცხინვალის 70%-ს აკონტროლებდა, დანარჩენ 30%-ში კი გაწმენდითი ოპერაციები მიმდინარეობდა: “თამარაშენში ხალხი სუფრებს შლიდა და აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ საჭირო იყო ტერიტორიას გასცლოდნენ, სხვათა შორის, ყველაზე დიდი სამოქალაქო მსხვერპლი სწორედ ამ სოფელშია”.

ზვიად ქორიძის აზრით, ქართულ მედიას ომის დროს კრიტიკული კითხვები არ დაუსვამს - “ჩვენ დაგვემართა ის, რაც პოსტტოტალიტარული ქვეყნების ჟურნალისტიკას ახასიათებს.”

ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე არა მხოლოდ კონფლიქტის მიმდინარეობისას, არამედ შეტაკებების დასრულების შემდგომ პერიოდსაც იხსენებს და ამბობს, რომ დაღუპული ჯარისკაცების და ტყვედჩავარდნილთა შესახებ შეზღუდული ინფორმაცია გადაიცემოდა.

ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი აგვისტოს ომს თავად აშუქებდა. მისი აზრით, ქართული მედია ინფორმაციას სეგმენტურად და ფრაგმენტულად გადმოსცემდა და ყოველთვის ერთ თემაზე პოზიციონირებდა: 

“მედია პროპაგანდაში იყო ჩართული, ერთი მიზეზი ის იყო, რომ ტელემედია კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, მეორე მხრივ კი პრობლემას თვითკონტროლი ქმნიდა, რომელიც პატრიოტული მოტივებით იყო გამოწვეული. ხელისუფლების, სახელმწიფოს და მოქალაქეების პოზიციას ჟურნალისტები ერთ მთლიან პოზიციად აღიქვამდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ომის დროს კრიტიკული მედია არ არსებობდა”.

ნინო ჟიჟილაშვილის თქმით “რეპორტაჟები, რომელიც ქართველმა ჟურნალისტებმა პერფორმანსებად აქციეს, მიზნად მოსახლეობაში ჰეროიკული თუ პატრიოტული მოტივების გაღვიძებას ისახავდა. ეს არ იყო ჟურნალისტების საქმე, მათ მთავარი გამორჩათ, ვერ მოახერხეს მოქალაქეების იმ დოზით ინფორმირება,  რომ რეალობა სწორად აღექვათ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ 300-ზე მეტი მშვიადობიანი მოქალაქე აგვისტოს მოვლენებს ერთადერთი რამის გამო შეეწირა, - მათ საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, ეს ხალხი სახლებში დარჩა,  და ტელევიზორებს უყურებდნენ”.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსნები გადმოსცემდნენ, მედიის მიერ გადაუმოწმებლად, ფაქტების სახით ვრცელდებოდა. “ჟურნალისტებმა ხელისუფლების მიერ ნაკარნახევი ინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში ისე გაავრცელეს, თითქოს ყველაფერი სიმართლეს შეესაბამებოდა”.

ჟიჟილაშვილი მიიჩნევს, რომ ომისდროინდელ რეპორტაჟებში მოქალაქეებს ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ჟურნალისტი იხსენებს, რომ კონფლიქტის შედეგად დევნილი მოსახლეობა გაზეთის ფურცლებსა თუ ტელეეთერებში მხოლოდ 12 აგვისტოს გამოჩნდა, თუმცა მანამდე ბაღებსა თუ სკოლებში ასახლებნენ და მათი მდგომარეობა არავის აღუწერია”.

პატრიოტიზმი თუ პროფესიონალიზმი? ამ დილემას ჟიჟილაშვილი პროფესიონალიზმის უკანასკნელის სასარგებლოდ წყვეტს:”მართალია, რთული შესასრულებელია, მაგრამ ჟურნალისტმა სიმართლის თქმის ისეთი გზები უნდა გამონახოს, რომ არც ერთ მხარეს არ ავნოს”.

გაზეთ “რეზონანსის” რედაქტორი ლაშა ტუღუში ომის დღეებში გორში იმყოფებოდა და ჟურნალისტების მუშაობის პირობები კარგად ახსოვს. შესაბამისად, უჭირს თქვას, იყო თუ არა ქართული მედია ობიექტური. ტუღუში აცნობიერებს, რომ ომს თავისი კანონები აქვს, რაც, ხშირად სახელმწიფო საიდუმლოების შენახვას გულისხმობს. თუმცა, რედაქტორი ფიქრობს, რომ ჟურნალისტმა გარკვეული ინფორმაციის გასაიდუმლოებით, მოქალაქეებს ზიანი არ უნდა მიაყენოს: ”პროპაგანდა ომის განუყოფელი ნაწილია, სახელმწიფო საკუთარი ინტერესების გასატარებლად ნებისმიერ ხერხს მიმართავს. მაგრამ ჩემი დაკვირვებით, აგვისტოს ომის დროს ჟურნალისტები ძირითადად იმას გადმოსცემდნენ, რასაც ხედავდნენ.

"ბევრი ჟურნალისტი ვნახე, ვინც ამბობდა, რომ თუ ყველაფერი ცუდად გაგრძელდებოდა, პროფესიას გვერდზე გადადებდნენ და ხელში იარაღას აიღებდნენ” - ლაშა ტუღუშის აზრით, ასეთი შეხედულების ჟურნალისტმა ჯობია, პროფესია შეიცვალოს. 

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ ია ანთაძეს აინტერესებს, ომის დროს ხელისუფლებამ რატომ არ გამოსცა სპეციალური საკანონმდებლო აქტი, რომლითაც მედიის თავისუფლებას გარკვეულწილად შეზღუდავდა:“ ამის უფლებას მათ კანონი აძლევდათ, თუმცა არ გააკეთეს. ეს იმას ადასტურებს, რომ მედია ისედაც კონტროლის ქვეშ იყო და ხელისუფლებას სპეციალური დაცვის მექანიზმების შემოღებისთვის არც უზრუნია. ყველაფერი, რაც გადიოდა, უკვე ისედაც გაფილტრული იყო”. 

ია ანთაძის აზრით, რეპორტაჟების უმეტესობა პოლიტიზებული იყო და ჟურნალისტების დიდი ნაწილი ომში ჩართულ მხარეს წარმოადგენდა: ”და ამის გამო არანაირ უხერხულობას არ გრძნობდნენ”.

ჟურნალისტის თქმით, ეს რეპორტაჟები შეიძლება იმის საილუსტრაციოდ გამოიყენო, თუ როგორ არ უნდა გაშუქდეს ომი. 

ანთაძე პროფესიონალიზმზეც საუბრობს: ”მათ არ იცოდნენ, სახიფათო ზონებში როგორ ემოქმედათ, ჩვენ ვუყურებდით კადრებს, სადაც ვხედვადით, რომ ჟურნალისტების მანქანები ცეცხლის ქვეშ შედიოდნენ და რეპორტიორი ადგილზე წყვეტდა, რა უნდა გაეკეთებინდა. ქართული მედიის წარმომადგენლებმა ომის ჟურნალისტიკაში მოქმედი წესები არ იცოდნენ. ეს წესები არსებობს და მათ შესახებ ომის შემდეგ სხვადასხვა შეხვედრასა თუ ტრენინგზე ბევრი გვისაუბრია”.

ჟურნალისტი კონკრეტულ მაგალითებს იხსენებს. ის ფიქრობს, რომ  “რუსთავი-2”-ის კორესპონდენტის თენგო გოგოტიშვილის რეპორტაჟები მაყურებელში უარყოფით ემოციასა და აგრესიას ნერგავდა: ”ეს ჟურნალისტის საქმე არაა. მან ამბავი ისე უნდა აღწეროს, როგორც არის და ომშიც ისევე მოიქცეს, როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში”.

ია ანთაძის აზრით, ის, ვისაც ომის ჟურნალისტიკაში ცოტა რამ გაეგება, ადვილად მიხვდებოდა, რომ აგვისტოს ომი ქართულმა მედიამ ორიანზე გააშუქა.

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^